Home რუბრიკები საზოგადოება მადლობელი ვართ თქვენი, ბატონო ფრიდონ თოდუა!

მადლობელი ვართ თქვენი, ბატონო ფრიდონ თოდუა!

2076

XIX საუკუნის ექიმის პატიოსნება და თანალმობა და XXI საუკუნის მეცნიერის მრავალმხრივი განსწავლულობა _ ორიოდ შტრიხით ასე შეიძლება აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დახასიათება.


ექიმი, მკურნალი, რომელიც მაშინ ჩამოვიდა საქართველოში, როცა აქ განვითარებული კატაკლიზმების მიზეზით ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი დანგრევის პირას იყო მისული, ბუნდოვანი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს პერსპექტივა და სოციალური საკითხების, მათ შორის, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისთვის არავის ეცალა.

ჩამოვიდა მოსკოვიდან, სადაც არა მარტო სამედიცინო-აკადემიურ წრეებში, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელებს შორისაც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა და, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფიის დამფუძნებელს, ბრწყინვალე კარიერა ელოდა.

ჩამოვიდა 21 თანამემამულე ექიმთან ერთად, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, იმ არეულ დროში მხარში ამოდგომოდნენ სამშობლოს და დარჩა მხოლოდ იგი _ ერთადერთი.

დარჩა, როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ისეთი სამედიცინო კვლევითი ცენტრი დააარსა, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ისეთი სამკურნალო კომპლექსი შექმნა, რომელიც, საერთო აღიარებით, სანიმუშოა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც კი. სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც ამ ინსტიტუტში დასაქმებულ ექიმებს საერთაშორისო კონფერენციებზე გააქვთ, თემატიკის აქტუალობითა და საყურადღებო დასკვნებით გამოირჩევა ყოველთვის.

მაგრამ მთავარი საქმე, რომელსაც ბატონი ფრიდონი და პროფესიონალ ექიმთა მისი კოლექტივი ემსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა: უზუსტესი დიაგნოზის დადგენიდან პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე. განსაკუთრებით ხახზგასასმელია, რომ მკურნალობა თოდუას კლინიკაში, სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან შედარებით, გაცილებით იაფი უჯდება პაციენტს, რაც ჩვენს შეჭირვებულ ყოფაში ფრიად მნიშვნელოვანია.

საინტერესოა ისიც, რომ უახლესი სამედიცინო აპარატურა, რომლითაც თოდუას კლინიკაა აღჭურვილი, ინსტიტუტს საკუთარი სახსრებით აქვს შეძენილი. ბატონ ფრიდონს დახმარებისთვის ხელგაწვდილს არასოდეს მიუმართავს არც ერთი ხელისუფლებისთვის, თორემ მისი მდგომარეობის კაცს უარს არავინ ეტყოდა.

ფრიდონ თოდუას ბუნებაში აქვს გაჭირვებული ადამიანისთვის ხელის გაწვდენა, დახმარების აღმოჩენა, ამიტომაც უამრავი ადამიანია მისი მადლიერი.

ინსტიტუტის დირექტორის მისაღებში ყოველთვის რიგი დგას, რიგი მადლიერი პაციენტების და იმათი, ვინც მისი პირადი ჩარევისა და დახმარების იმედად არის.

ბიბლიური “ითხოვეთ და მოგეცემათო”, აქ მატერიალურად არის განხორციელებული.

9 იანვარს ბატონი ფრიდონ თოდუა 71 წლის გახდა. არ იყო ეს მრგვალი თარიღი, მაგრამ მადლობის სათქმელად მაინცდამაინც იუბილეს ხომ არ უნდა ველოდოთ?! მით უფრო, რომ მადლობის თქმის მეტი სხვა საშუალება არაფერი გვაქვს.

მადლობის მთქმელი არ გამოგლეოდეთ, ბატონო ფრიდონ!

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here