პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამა წლის 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების საგარეო ურთიერთობებში განხორციელება. შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს“.
კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.
„მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც, მისი აზრით, ნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნეზე დასაბუთებულია, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით… საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ვინ ჩამოიყვანა ის საქართველოში? შეუერთდება თუ არა ის დესტრუქციულ ძალებს, რათა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს, და შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება “სოლიდარობა მშვიდობასთვის” წევრი მიხეილ ჟღენტი.
_ საქართველოს პრეზიდენტმა დემარში მოაწყო, ქალმა, რომელიც სააკაშვილმა ჩამოიყვანა და რისთვის ჩამოიყვანა, არავინ იცოდა არც მაშინ და არც მას შემდეგ… ქალმა, რომელმაც თავის დროზე დედაქალაქის მერობაზე უარი განაცხადა და მხოლოდ პრეზიდენტობას დათანხმდა… როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი “ტროას ცხენია”?
_ სალომე ზურაბიშვილი, 32 წელიწადია, აშშ-ის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელია საქართველოში, იგივე შეიძლება ითქვას კოაბიტაციის შედეგად “ოცნებაში” პორტირებული “ნაცმოძრაობის” “ჩინოვნიკებზე”, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ ამ ხელისუფლებაშიც…
როგორც სააკაშვილს ჩამოაყვანინეს ე.წ. ქალბატონი ზურაბიშვილი, ასევე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აიძულეს, ზურაბიშვილი პრეზიდენტად დაესვა, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა კიდეც. ანალოგიური რამ მოხდა გიორგი მარგველაშვილის მიმართაც. ეს ორი პრეზიდენტი თვალი და ყური იყო კოლექტიური დასავლეთისთვის. საქართველოში აშკარაა კოლონიური მმართველობის მოდელი, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ინიშნებიან მაღალ თანამდებობაზე, მეტიც, მმართველ თანამდებობებზე. ამით დასავლეთის კონტროლი ძლიერდება დროებით ოკუპირებულ ქვეყნებზე.
ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილიც, რომელმაც უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც იყო, და აშშ-ის სხვა კოლონიის, უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი გახდა. ვფიქრობ, ამით ბევრი რამ ნათელია. არც საქართველო და არც უკრაინა დასავლეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული არ არის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია…
რაც შეეხება ქალაქის მერობაზე ზურაბიშვილის მიერ უარის თქმას, ეს სრულიად გასაგებია, რადგან ამ ქალბატონის მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოს ინტესებისათვის ბრძოლა და შრომა. მისი ამოცანაა, ემსახუროს პატრონს და შეასრულოს დაკვეთები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ პასუხობს ქართველი ხალხის ინტერესებს.
_ დღეს ყველა ვხედავთ, რომ საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, ზურაბიშვილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ერთ–ერთი მონაწილეა?
_ დიახ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება ფინიშის სწორზეა. თითქმის დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები და ახლა სრული მობილიზაციაა საჭირო. უნდა ამოქმედდეს ყველა ნაღმი, რათა საბოლოოდ დაარტყან ხელისუფლებას.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისე არ მიმდინარეობს, როგორც დასავლეთს სურდა. ისინი დაიღალნენ უკრაინით და ახლა ახალი “გასართობი” სჭირდებათ, ახალი ცხელი წერტილი რუსეთის საზღვრებთან. მათთვის, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა საქართველოს ომში ჩაბმა, მაგრამ აშშ–ს ყოველთვის აქვს სხვა გეგმა და სალომე ზურაბიშვილიც ახალი გეგმის ნაწილი შეიძლება გახდეს.
ახლა მთავარია, საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევა, რათა დაიწყოს “მაიდანი”. დასავლეთი იმისთვისაც არის მზად, რომ სამოქალაქო ომი გაჩაღდეს საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ აშშ მიდის რეგიონიდან და, ტრადიციულად, ქაოსი და ცეცხლში გახვეული ქვეყანა უნდა დატოვონ. ზურაბიშვილს არაფერი აქვს დასაკარგი, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში უზრუნველყოფენ მის ევაკუაციას საფრანგეთში და მერე თუნდაც ქვა–ქვაზე ნუ დარჩენილა აქ. მესმის, მძიმე პროგნოზია, მაგრამ, ვინც აშშ–ის ზნე და ჩვევა იცის, ალბათ, დაუშვებს პროცესების ასეთ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
_ ზურაბიშვილმა კარგად იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, გაეკეთებინა ის, რაც ჩაიფიქრა… რისი ან ვისი იმედით გააკეთა ეს?
_ დიახ, ზურაბიშვილმა იცოდა, რასაც აკეთებდა. ის საერთაშორისო დონის გამოცდილი მოხელეა, ბევრ ქვეყანაში ნამუშევარი, და ზუსტად იცოდა, რაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. მას არაერთხელ უთხრეს უარი ვიზიტზე, მაგრამ სწორედ ახლა წავიდა ევროპაში და შეგნებულად დაძაბა ვითარება.
ქალბატონ პრეზიდენტს დასავლეთის იმედი აქვს, იმის, ვინც აქ გამოგზავნა 2004 წელს და ვის დავალებებსაც ასრულებს დღემდე…
მოდი, კიდევ ერთხელ ვთქვათ: 1992 წლიდან საქართველოს ყველა ხელისუფალი ასრულებდა სხვის, ანუ აშშ–ისა და კოლექტიური დასავლეთის დავალებებს და ყველას თავისი პატრონის იმედი ჰქონდა. დღეს სააკაშვილი საავადმყოფოს პალატაში რომ არის და არა ციხეში, ესეც დასავლეთის ზეწოლის შედეგია. “რევოლუციით” გადაყენებული შევარდნაძე მშვიდად რომ ცხოვრობდა და ბუზი ვერ აუფრინეს, დასტურია იმისა, რომ საქართველო იმართება არა თბილისიდან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან; უფრო დამამცირებელი კი ის არის, რომ საქართველოს ამერიკის ელჩები მართავენ…
_ დადგა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რომელიც, ალბათ, მიუღწეველია ამჟამინდელ პარლამენტში, რადგან ამისთვის 100 ხმაა საჭირო, ამდენი მხარდამჭერი დეპუტატი კი “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს. რას მოიმოქმედებს საქართველოში დაბრუნებული ზურაბიშვილი _ შეიწყალებს ოდესის ყოფილ გუბერნატორ სააკაშვილს?
_ სააკაშვილის შეწყალება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოში რევოლუციური მუხტის ასაწევად. ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული სცენარია. საქართველოს პრეზიდენტის მთავრობის დაუკითხავად გამგზავრებაც ამ გეგმის ნაწილია. ეს იყო დასავლეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელუკუღმა გაწნილი სილა. თუმცა იმის ფონზე, რასაც უკრაინის ხელისუფლება გვაკადრებს და ჩვენც დედის რძესავით ვირგებთ, ზურაბაშვილის მოქმედება ლოგიკურად აიხსნება…
ერთს ვერ ვხვდები _ “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა როგორ წამოეგო ამ ანკესს თუ დაავალეს, წამოეგეო?! წინასწარ ჩავარდნილი საკითხის გამოტანა ძალიან აზარალებს ისედაც “სლავა უკრაინე”-სა და უკრაინული დროშების ვერამკრძალავ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, “ოცნება” კარგავს არამხოლოდ რეიტინგს, არამედ, რაც ყველაზე კატასტროფულია მისთვის, საქართველოს მოსახლეობის პატივისცემას.
_ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ პარლამენტმა ვერ შეძლო იმპიჩმენტის ორგანიზება?
_ იმპიჩმენტის პროცედურა დიდ დროს მოითხოვს და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამის თქმა შემიძლია: თუ “ოცნება” არ იქნება თანმიმდევრული, კატასტროფის წინაშე დააყენებს საკუთარ თავს და, რაც მთავარია, ქვეყანას!
იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ ლიბერალური ოპოზიცია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ პროცესიდან. ის კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს ხელისუფლების უუნარობაზე და გადავა დაცინვაზე, რომელიც გინებაზე უარესია. ასე რომ, “ოცნება” ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მოდი, განვიხილოთ ასეთი ვარიანტიც, რომელზეც არა მხოლოდ მე ვფიქრობ: “ოცნება” აგროვებს იმ 100 დეპუტატს და უკვე, როდესაც იმპიჩმენტამდე 2 კვირა დარჩა, მადამ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს. მერე ჯდება თვითმფინავში და ყველასათვის ცნობილი ჟესტით დაგვემშვიდობება… რატომაც არა?!
_ მძიმე შემოდგომას გვპირდებიან, ფიქრობთ, რომ მთავრობის მეთაური და “ქართული ოცნება” თავს გაართმევენ პრობლემებს და მოსალოდნელ საფრთხეებს აგვარიდებენ?
_ შემოდგომა მძიმე, ცხელი და მოულოდნელობით იქნება აღსავსე. მსგავსი საერთაშორისო თუ შიდა დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. დღევანდელობას ნუ შევადარებთ 1990-იანებს, რადგან იმხანად წასასვლელად გამზადებული კომუნისტური პარტია არ იდგა საფრთხის წინაშე. კომუნისტებსა და მათ შვილებს გარანტირებული ჰქონდათ ხელშეუხებლობაც და მომავალიც, ალბათ, იმიტომ, რომ პარტიული ელიტის 70% ეროვნულ მოძრაობას ხელისუფლების სათავეში მოსვლაში ეხმარებოდა.
დღეს 31 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდვები ტრიალებს ქვეყანაში. არც ერთმა ხელისუფალმა არ დასაჯა წინამორბედი, ყველა ერთმანეთს აფარებდა ხელს და ეს წყენა და ბოღმა პიკს აღწევს… დღევანდელი ლიბერალები ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან მათ იმ ახალ რეალობაში, რომელშიც მსოფლიო შედის, ადგილი აღარ აქვთ და ამას კარგად აცნობიერებენ. რაც შეეხება “ოცნებას”, უფრო ზუსტად, მის კონსერვატიულ ნაწილს, მხოლოდ ერთი შანსი აქვს _ გამოვიდნენ ხალხში და დაუფარავად თქვან, რაც ხდება, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ, აიღონ ხალხის ნდობის მანდატი. სავარაუდოდ, სხვა შანსი აღარ ექნებათ… იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორმაგი სტანდარტები და “ლავირება” ამ ქვეყანას საბოლოოდ გაანადგურებს, ხოლო მერე ძალიან ძნელი იქნება მტყუან-მართლის გარჩევა…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი