Home ახალი ამბები საქართველო 2023 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მეხუთე კოლონა იდგა!

2023 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მეხუთე კოლონა იდგა!

405
9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მეხუთე კოლონა იდგა!

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს დღე წმიდათაწმიდაა ყველა ქართველისთვის. 34 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყვავილებით ხელში მიდიოდა პარლამენტის შენობასთან და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდა. წელს ეს ტრადიცია დაირღვა… 2023 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ მომიტინგეები, აქცია გამართეს… განსხვავება 1989 წლის 9 აპრილსა და ამჟამინდელ 9 აპრილს შორის იყო ის, რომ იმხანად იქ ეროვნული სულისკვეთების ადამიანები იდგნენ, ახლა _ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები.

2023 წლისა და 1989 წლის 9 აპრილს შორის განსხვავებაზე გვესაუბრებიან ეროვნული მოძრაობის წევრები: ფისო ნავროზაშვილი და ზურაბ კვარაცხელია.

ფისო ნავროზაშვილი: ზვიად გამსახურდიას მონობა არ სურდა, მეგობრობას კი რუსეთსაც სთავაზობდა და აშშ-საც

_ 1989 წლის 9 აპრილს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე იდექით მოთხოვნით “თავისუფლება საქართელოს! ძირს საბჭოთა კავშირის იმპერია!”. დღეს, 34 წლის შემდეგ, ანალოგიური ლოზუნგით იდგნენ რუსთაველზე… რას იტყვით ნაციონალების აქციაზე, რომელიც 9 აპრილს გაიმართა?

  _ „თავისუფლება საქართველოს, ძირს საბჭოთა კავშირის იმპერია!” _ ეს იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა 1989 წელს.

  ჩვენს წინამძღოლებს _ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას _ გამოვლილი ჰქონდათ მოწამეობრივი ცხოვრება, ციხე, ფსიქიატრიული კლინიკა, გადასახლება… ჰქონდათ მრავალმხრივი ცოდნა, იყვნენ ეკლესიურები, მხოლოდ ამიტომ გაჰყვა მათ ქართველი ერი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. იმხანად მოხდა ჩვენი სულიერი აღზრდა, ამაღლება. საქართველომ მიიხედა ღმერთისკენ, ხმამაღლა წარმოვთქვით „მამაო ჩვენო”. ლიდერებმა გაგვახსენეს, რომ ძველი კულტურისა და ცივილიზაციის ერი ვართ.      ჩვენი ბრძოლა იყო მშვიდობიანი, აქციებზე გვიერთდებოდნენ საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსულები. საოცარი სიყვარული სუფევდა. ბატონი ზვიადი მოგვიწოდებდა, პატივი გვეცა სამართალდამცველებისთვის, რადგან ისინიც ჩვენი შვილები იყვნენ. 9 აპრილის მიტინგის დარბევისას ძალოვნებიც ხალხთან დადგნენ. მათ უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. მაღალი იდეალისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ ჩვენ უკეთესები გაგვხადა. საქართველოზე “ნაცმოძრაობის” წუხილს ვინ დაიჯერებს? ქცევა, საუბარი, ბილწსიტყვაობა _ ყველაფერი ანტიქართულია. მოძალადეები ვინმეს ძალადობაზე რომ გაჰყვირიან უტიფრად, ამაზრზენია.

მათ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ სსრკ-ის იმპერია და რუსეთის ფედერაცია. გარდა ამისა, რუსეთი აკონტროლებს მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და, დანარჩენ საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის ელჩი რომ თითს გვიქნევს და ყურს გვიწევს, ეს რატომ არ აწუხებთ?

_ 34 წელიწადი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ბევრი ქარტეხილი გამოიარა საქართველომ. ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ, ვინ იყო ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, თუ გავიხსენებთ ზვიად გამსახურდიას ცნობილ სიტყვებს: მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან…”

  _ 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე საქართველოს (არა მხოლოდ) მტრები არიან მსოფლიოს გლობალისტური ძალები! “რეფორმა”, “რევოლუცია”, “გარდაქმნა” და ა.შ. _ ეს ყველაფერი მათი ხელწერაა. ისინი სასტიკად უსწორდებიან ერებს, რომლებსაც დამოუკიდებლობა სურთ. უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ გორბაჩოვი და შევარდნაძე მათი ნების აღმსრულებელი ლაქიები იყვნენ, რისთვისაც დასაჩუქრდნენ კიდეც. 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ გორბაჩოვს ნობელის პრემია მიანიჭეს მშვიდობის დარგში. ამით დასავლეთმა ფსევდოდემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა. გლობალისტების გეგმაში არ შედიოდა საბჭოთა კავშირის დაშლა _ თვალის ასახვევად იმპერიის სახეცვლილებას გეგმავდნენ. ზვიად გამსახურდიასთვის ეს მიუღებელი იყო, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მას დინების წინააღმდეგ მცურავი უწოდა. ზვიადმა უპასუხა “მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან”-ო და ეს იყო მისი იარაღით დამხობისკენ ბიძგი. ზვიადი “მკვდარ თევზებში” გულისხმობდა მონობას შეგუებულ კოლაბორაციონისტულ ძალებს. გლობალისტები ებრძვიან ეროვნულობას, ერის კაცებს, სარწმუნოებას. ნახეთ, როგორ დევნიან მართლმადიდებლობას უკრაინაში ან მუსლიმანებს _ პალესტინაში. სამწუხაროდ, ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში.

_ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნა დიდი პროვოკაციის მსხვერპლი იყო?

_ 1989 წლის 9 აპრილს საქართველო პროვოკაციის მსხვერპლი არ ყოფილა. მართალია, აქციები დაიწყო აფხაზეთში ქართველი ბიჭების პროვოკაციულად დახოცვის გამო, რათა გამოეწვიათ ქართველებისა და აფხაზების კონფლიქტი, როგორც ეს დღემდეა ყარაბაღში, მაგრამ ზვიადმა და მერაბმა შეაჩერეს აღელვებული ხალხი და გვიხსნეს ეთნოკონფლიქტისგან. შემდეგ აქციაზე მოითხოვეს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელიც კონსტიტუციაში ეწერა. საერთოდ, ნებისმიერი მოთხოვნა ითვალისწინებდა კონსტიტუციის ფარგლებს და კანონიერი იყო.

ასე რომ, 9 აპრილი უდიდესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, როგორც მერაბ კოსტავამ თქვა: “ქართველი, ასე ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული წარდგა ღვთის წინაშე!” სანთლებით, სიმღერით, ლოცვით დაამარცხა საბჭოთა იმპერია. 9 აპრილის ტრაგედიამ მოიტანა ნანატრი დამოუკიდებლობა. მსხვერპლი იყო. გმირები დაგვეღუპნენ. განა დიდგორში, ბასიანში, შამქორში, ასპინძაში არ დახოცილან? გამარჯვება ხომ თავგანწირვის გარეშე არ მოდის?!

_ დღეს მსოფლიო იცვლება, ისე, როგორც იცვლებოდა 90-იანი წლების ბოლოს ან შეიძლება მეტადაც… ხომ არ ფიქრობთ, რომ ისე აღარ უნდა მოვიქცეთ, როგორც 90-იან წლებში, როცა ყველა აგური მოვიხვედრეთ თავში?

_ არ ვფიქრობ, რომ „ყველა აგური მოვიხვედრეთ თავში”. ჩვენ ვიბრძოდით. ვიბრძოდით სიტყვით, მხილებით, მშვიდობიანად და ამან შედეგიც გამოიღო! ბრიტანეთის იჟამინდელმა პრემიერმინისტრმა მარაგრეტ ტეტჩერმა თქვა: “ზვიად გამსახურდია 100 წლით წინ იხედება. ევროპის ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა ასეთი პრეზიდენტი”. ზვიად გამსახურდიას ვერავინ მოატყუებდა. მონობა არ სურდა, მეგობრობას კი რუსეთსაც სთავაზობდა და აშშ-საც.

ჩვენ კაცობრიობის მტრებმა დაგვსაჯეს სამშობლოს სიყვარულისთვის, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისთვის. არავინ დაიჯეროს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდა. 200-მდე ნაძირალა, თუნდაც იარაღიანი, ქვეყანას ვერ მოერეოდა, ვერ დაამხობდა ეროვნულ ხელისუფლებას. ეს კრიმინალები ნიღბად აიფარეს გარეშე მტრებმა. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, ვეღარ გავუძლებთ.

_ როგორც ეროვნული მოძრაობის უხუცესი წევრი, რას იტყვით იმ საქართველოზე, რომელიც დღეს გვაქვს, იმ საქართველოზე, რომელმაც 34 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა ლოზუნგით “ძირს რუსეთის იმპერია!” ასეთი ახალგაზრდებისთვის, ასეთი პოლიტიკოსებისთვის ასეთი საქართველოსთვის იბრძოდით?

_ ჩვენ არ გვიბრძოლია ასეთი საქართველოსთვის. ქრისტიანული მცნებები: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა,” „არ იმრუშო”, არა ცილი სწამო” და სხვ., ჩაანცვლეს “ბავშვის უფლებებით”, „უსაფრთხო სექსით”, „გეი აღლუმებით”, ტრანსგენდერებით… „დააბრალე, რომც გამართლდეს, მაინც ნახევრად დამნაშავე იქნება…” და ა.შ. ჩვენ იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ერთი იმპერიიდან გათავისუფლებულები სხვა იმპერიას „ჩავხუტებოდით”. სადღაა “მამული, ენა, სარწმუნოება”? მაგრამ, მაინც იმედიანად ვარ. ეს 34 წელი ღვთისგან მოგვეცა: ყველაფერი დაფარული უნდა გაცხადდეს. უნდა გამოჩნდეს, ვინ ვინაა… საქართველოს თავისი მისია აქვს.

ბატონი ზვიადი ბრძანებს: „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა”. ახლა ჩვენ ჯვარცმულები ვართ, მაგრამ მჯერა, ახლოსაა აღდგომაც და ამაღლებაც.

ზურაბ კვარაცხელია: ზვიად გამსახურდია არ გახლდათ კომუნისტი, მაგრამ არც კაპიტალიზმის აპოლოგეტი ყოფილა

_ მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, მოგილოცოთ 9 აპრილი. ვულოცავ ნამდვილ ეროვნულ მოძრაობას, რადგან ეს დღე ჩვენი ერისათვის მაინც ასოცირდება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეასთან. აქვე გულწრფელად ვიტყვი, რომ 9 აპრილის თემა მტკივნეულია ჩემთვის. ყოველთვის მიჭირს ამ თემაზე არათუ საუბარი, ფიქრიც კი. ბევრჯერ თქმულა და მეც ვფიქრობ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ღამე ნამდვილად იყო მისტერიული. ეს იყო ტრაგედიის ღამე, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ჰეროიკული ღამეც. დარდად მომყვება ისიც, რომ იმ ღამეს მე განგების ნებით არ აღმოვჩნდი იქ. იმ ღამეს გაცხადდა ჩვენი ერის მარადიული სწრაფვა თავისუფლებისკენ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ 1991 წლის 9 აპრილს, იმ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიამ გამოხატა ქართველი ერის უდიდესი ნაწილის ნება და, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გამოაცხადა. ამით ზვიად გამსახურდიამ აღასრულა 1989 წლის 9 აპრილის ავბედით ღამეს მოწამეობრივად დაღუპულთა ნებაც. ამით მან ზვარაკად შეწირული პატრიოტების სულებიც გაახარა და აზეიმა. ზვიად გამსახურდიამ ტრაგედია უდიდეს ზეიმად გარდასახა და ამაშიც არის მისტერია.

მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდია დაიბადა და გაიზარდა ეროვნული ცნობიერების მქონე კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას, ოჯახში. ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ მისი ოცნება ქართულ ტრადიციებსა და მართლმადიდებლობაზე ორიენტირებული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-აღორძინება იყო. მოხდა ისე, რომ უდიდესი ძალისხმევითა და, ცხადია, განგების ნებითაც, ზვიადი გახდა ეროვნული მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერი. ზვიადისა და მისი იდეური მომხრეების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის სსრკ-ში მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ხელი. შესაძლებელი შეიქნა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაც, რომლის შედეგების მიხედვით, ქართველი ერის უდიდესმა უმრავლესობამ ისურვა, ჰქონოდა დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფო, რასაც ლოგიკურად მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დეკლარირებაც. აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოები მსოფლიოში ძალიან ცოტა რომ არის, ცხადია, ზვიად გამსახურდიასაც მშვენივრად მოეხსენებოდა, მაგრამ მას სურდა ისეთი საქართველო, რომელიც არ იქნებოდა მონურად დამოკიდებული ვინმეზე. ეს იყო მისი საკრალური მიზანი და მისი პიროვნული ტრაგედიაც, რადგან განვითარებულმა პროცესებმა წარმოაჩინა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებს ეროვნული საქართველო არ სურდათ, უწინარესად კი, ეს არ სურდა აშშ-ს. ამაზე მეტყველებს აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში-უფროსის, სიტყვები: “გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს”. ის უკვდავი ფრაზაც _ “მდინარებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან” _ სწორედ ბუშისთვის განკუთვნილი პასუხი იყო. სამწუხაროდ, რუსეთის იმჟამინდელ მარიონეტულ ხელისუფლებასთანაც ვერ მოხერხდა ურთიერთობის პოზიტიურად განვითარება. არადა, თავდაპირველად თითქოს სასიკეთო პირი უჩანდა ყველაფერს. გავიხსენოთ ელცინისა და გამსახურდიას შეხვედრა ყაზბეგში და ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ.

ცხადია, ზვიად გამსახურდია არ გახლდათ კომუნისტი, მაგრამ არც კაპიტალიზმის აპოლოგეტი ყოფილა.

მახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როგორ კიცხავდნენ მას ე. წ. ოპოზიციონერები იმის გამო, რომ არ სურდა საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობების ლიკვიდაცია; უნამუსოდ აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ სურდა, სოცალისტური და კაპიტალისტური სისტემებიდან გამოყენებულიყო ყველაფერი კარგი, ანუ მომხდარიყო ამ ორი სისტემის შერწყმა. მახსოვს, ლამის კომუნისტობასაც კი აბრალებდნენ მას უტიფარი დემოკრატები თუ ყოფილი კომუნისტები. შემდეგ კი გარედან წაქეზებულ-მხარდაჭერილმა ე.წ. დემოკრატიულმა ოპოზიციამ და ბანდიტურმა დაჯგუფებებმა 1991 წლის 22 დეკემბერს მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებაზე. დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის აღმართზე შემდგარ საქართველოს თავს დაატეხეს არნახული უბედურება.

_ 1989 წლის 9 აპრილს დიდი პროვოკაციის მსხვერპლი იყო საქართველო?

_ ტრაგედიაა, რომ იმ ავადმოსაგონარი დღის შემდეგ საქართველო, ფაქტობრივად, იქცა ტიპურ კოლონიურ კვაზისახელმწიფოდ.

მე ასე ვიტყვი: გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დასაწყისის ეროვნული მოძრაობა ნამდვილად არ ყოფილა გულუბრყვილო მამულიშვილთა მოძრაობა. იყვნენ მიტმასნილებიც, მაგრამ ამ მოძრაობის ძირითად ბირთვს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული არსებული გეოპოლიტიკური რეალიების სირთულეები. სხვა საკითხია, რომ ეს მოძრაობა გარკვეულწილად რომანტიკული შეფერილობის იყო, მაგრამ იმ პერიოდში ნამდვილად გამოვხატავდით ჩვენი ხალხის მისწრაფებას, აღგვედგინა ეროვნულ-ტრადიციულ და მართლმადიდებლურ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

ვფიქრობდით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიო იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ის სინამდვილეში აღმოჩნდა; მსოფლიო პოლიტიკის მამებიც შედარებით წესიერი, ნამუსიანი გვეგონა. გვწამდა, რომ ამ ცისქვეშეთში ნამდვილად შეიძლებოდა, კაცობრიობას ბედნიერად ეცხოვრა. გვწამდა, რომ ჩვენს სამართლიან მისწრაფებას ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, ე.წ. თავისუფალი სამყაროც, მისთვის ჩვეული პრაგმატიზმისა თუ ორმაგი სტანდარტების მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს, ანგარიშს გაუწევდა და მხარს დაუჭერდა. გვწამდა, რომ დიდი თუ პატარა ერების თავისუფლად და ჰარმონიულად თანაცხოვრებაც ნამდვილად იყო შესაძლებელი. ჩვენი ერის მეტისმეტი იმპულსურობა კი ნაკლებად გვქონდა გათვალისწინებული. არ განვავრცობ თემას, მაგრამ, ჩვენი ეროვნული და პატრიოტული გრძნობებით მზაკვრულად რომ მანიპულირებდა ე. წ. თავისუფალი სამყარო, დღეს ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ახალმა ეროვნულმა მოძრაობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს წარსულის შეცდომები.

_ როგორც ეროვნული მოძრაობის წევრი, რას იტყვით იმ საქართველოზე, რომელმაც 34 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა ლოზუნგით “ძირს რუსეთის იმპერია!”

_ მგონია, რომ რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგე ბრბოს სულისკვეთებას არაფერი ჰქონდა საერთო 9 აპრილის სულისკვეთებასთან. გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის მიზანი, როგორც აღვნიშნე, დამოუკიდებელი და ეროვნულ-ტრადიციულ და მართლმადიდებლურ ფასეულობებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აღორძინება თუ იყო, ესენი 9 აპრილის ტრაგედიითა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით მხოლოდ სპეკულირებენ. ესაა მეხუთე კოლონა. მეტსაც გეტყვით: დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ანალოგიურ საქმიანობას ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობაც. იგივე შეიძლება ითქვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზეც.

დიახ, ჩვენს ქვეყანაში შეუფერხებლად მოქმედებს ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც დაუფარავად ებრძვის მართლმადიდებლურ და ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებს. ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის ლოზუნგით მანიაკურად ცდილობენ აღვირახსნილობისა და სოდომისტური სიმახინჯის კულტივირებას. ისინი ეწევიან ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების ბოდვითი იდეების აგიტაცია-პროპაგანდას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ანგარებით თუ უგუნურების გამო უცხო ქვეყნების აგენტურადაა ქცეული.

როგორც ვიცი, რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე იდგა 1989 წლის 9 აპრილის აქციის ზოგიერთი მონაწილეც. ამის გამო მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან უნამუსო სპეკულანტები და გადაგვარებულები. მათ საერთო არაფერი აქვთ ნამდვილ ეროვნულ მოძრაობასთან და, თუ ვინმე მაინც ფიქრობს, რომ ისინი ეროვნულები არიან, მე ასე ვეტყოდი: როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ეროვნული მოძრაობის წევრი და ქვეყნის პატრიოტი, აუცილებელია, გვესმოდეს ისიც, რომ ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს უკომპრომისოდ და დაუღალავად იცავდე ეროვნულ-ტრადიციულ და მართლმადიდებლურ ფასეულობებს. ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, არ აწარმოო სამშობლოში გლობალისტური იდეოლოგიის პროპაგანდა-აგიტაცია.

ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, შეურყევლად იდგე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე.…ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, ზესახელმწიფოების მხრიდან უაღრესად რთული გეოპოლიტიკური თამაშების პერიოდში გამოავლინო სტრატეგიული აზროვნების მაქსიმალური უნარი და მინიმალური დანაკარგებით შეეცადო სამშობლოს ჩიხიდან გამოყვანას. ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, მეტაფორულად რომ ვთქვა, გლობალიზაციის ცუნამის შემოტევისას აუცილებლად გაამაგრო ჯებირები და შეეცადო დამატებითი დამცავი მექანიზმების კონსტრუირებასაც.

ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, იყო უაღრესად ბრძენი, პრაგმატული, რადგან ცარიელი პატრიოტული სულისკვეთება ნამდვილად არ არის საკმარისი.

ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, როცა არსებობს დილემა ცუდსა და უარესს შორის, აირჩიო უფრო მისაღები ვარიანტი და არ გაწირო ერი შენი და სამშობლო შენი დასაღუპავად. ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს ნებისმიერი შენი მოქმედება დაუქვემდებარო მხოლოდ სამშობლოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეროვნული მოძრაობის წევრობა ნიშნავს, სულმნათი მერაბ კოსტავას სიტყვებით რომ ვთქვა, “გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა შენში და არა შენი თავი ეროვნულ მოძრაობაში”. დიახ, დღეს ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს გრანდიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები. ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, რომ აშშ მსოფლიო ჰეგემონის პოზიციას თანდათანობით კარგავს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო უკვე არის მრავალპოლუსიანი. ყოველ შემთხვევაში ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ამის მთავარი მამოძრავებლები არიან რუსეთი და ჩინეთი. ამაში აქტიურად მონაწილეობს ირანი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, საამიროები, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, ეროვნულ-ტრადიციული და ლიბერალური ფასულობების ურთიერთშეუთავსებლობა, ურთიერთმიუღებლობაცაა. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ლიბერალური აღვირახსნილობის ჭაობში მოხვედრა. ჩვენ უნდა უარვყოთ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებიდან სატანისტური ფასეულობების ჩვენ თავზე მოხვევის ყოველგვარი მცდელობა. წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს აღსადგენი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ, რუსოფობიით კი არა, რუსეთთან ურთიერთკომპრომისებითა და ურთიერთინტერესების თანხვედრითაა შესაძლებელი ჩვენი სამშობლოს გამთლიანებაც, გადარჩენაც და აღორძინებაც.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here