Home რუბრიკები პოლიტიკა ლალი მოროშკინა: სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება სააკაშვილის მონაწილეობით, რომელიც...

ლალი მოროშკინა: სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება სააკაშვილის მონაწილეობით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული

721

ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გვესაუბრება:


_ 2012 წლის 19 სექტემბერს ადვოკატ ლალი აფციაურთან ერთად მოვახერხე 5000-კაციანი ბუნტის შეჩერება, რომელიც მომწიფებული იყო გლდანის საპყრობილეში ე. წ. ციხის კადრების გასაჯაროების შემდეგ. ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომელმა გურამ დოლიძემ მთხოვა, საპყრობილეში შევსულიყავი, ჩემი ავტორიტეტით მესარგებლა და შემეჩერებინა ეს ბუნტი, რათა სისხლისღვრა თავიდან აგვეცილებინა. შემდეგ ვიმუშავეთ საკითხზე, რომ გამოცხადებულიყო საყოველთაო ამნისტია, მოხსნილიყო შეკრებითობის პრინციპი და ერთი ჯამი ლობიოს ქურდობის გამო ადამიანისთვის 30-წლიანი პატიმრობა აღარ მიესაჯათ. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ვიამაყებ იმით, რომ შეკრებითობის პრინციპის წინააღმდეგ ბრძოლაში ვმონაწილეობდი. იმჟამინდელი ლეღვის ფოთოლი გიორგი ტუღუში (ყოფილი სახალხო დამცველი _ ნ. მ.) კი დღეს ამბობს, საქართველომ კვლავ უნდა გაზარდოს მსჯავრდადებულთა რაოდენობა და ციხეები უნდა გაივსოსო.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ მოაგვარეს ყოფილი პატიმრების პრობლემა, ვერ უზრუნველყვეს ისინი სამუშაო ადგილებით, ამიტომაც მივიღეთ მძიმე კრიმინოგენური ფონი. პირადად ვარ მომსწრე, როგორ ბრუნდებოდნენ ციხეში ამნისტიით გაშვებული ადამიანები და ამბობდნენ, სად წავიდეთ, არც გზის ფული გვაქვს და არც სახლიო. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ვერ მოახერხა რესურსების მობილიზება ამ პრობლემის დასაძლევად. ვერც ე. წ. უდოს (პირობით ვადამდე გათავისუფლების) კომისიამ იმუშავა კარგად და ვერც შეწყალების კომისიამ. მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში შეიწყალა პედოფილები, ყაჩაღები, მკვლელობისთვის ნასამართლევი ადამიანები და ამას წინ ვერ აღუდგნენ კომისიის წევრები, რასაც ქალბატონი ლენე თევდორაძეც ადასტურებს. ამასთანავე, სააკაშვილის მიერ შეწყალებულებს ისეთებიც გამოჰყვნენ საპყრობილიდან, რომლებიც სისტემიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოსულიყვნენ. ისინი გათავისუფლების პირველივე დღიდანვე ელოდნენ სააკაშვილის ძალიან ცუდი დავალებების შესრულებას, რაც დღეს ხდება. 10-დან 8 დანაშაული სწორედ სააკაშვილის დაკვეთით შესრულდა. პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც სააკაშვილისგან დაკვეთა  მიიღეს, და პროკურატურას სიამოვნებით გადავცემ მათ გვარებს.

სხვათა შორის, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია «ნაცმოძრაობის» წევრების მიერ ჩადენილ შავ საქმეებზე.

 გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს უდოს კომისიის მიერ გაშვებული პატიმრების სია, რათა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, გავარკვიოთ, ვის ეკუთვნოდა შეწყალება და ვის _ არა. ამით ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი.

ამას წინათ თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ გაუთავისუფლებია ადამიანი, რომელმაც ბოლო კვირებში ჩაიდინა მკვლელობა. ალეკომ ისიც თქვა და ვეთანხმები, რომ რამდენიმე მძიმე დამნაშავე პრეზიდენტის შეწყალების კომისიამ არ შეიწყალა, მაგრამ უდოს კომისიამ გაათავისუფლა, ამიტომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც უდოს კომისიის გადაწყვეტილებებში მონაწილეობდა. დღევანდელი მთავრობა იმით უნდა განსხვავდებოდეს სააკაშვილის მთავრობისგან, რომ კანონის წინაშე პასუხი ყველას აგებინოს და თავისი წევრებიც დასაჯოს. ამ მხრივ პირველი ტესტი უდოს კომისიის მიერ შეწყალებული მძიმე დამნაშავეების სიების გამომზეურება იქნება, ეს საზოგადოებას გაანალიზების საშუალებას მოგვცემს _ დასაჯოს თუ არა სასამართლომ სახელმწიფო პირები. ეს კარგი მაგალითი იქნება იმისათვის, რომ არავინ არასდროს ისარგებლოს უდოს კომისიის ხიბლით და შესაწყალებელთა სიაში არ შეიყვანოს საშიში დამნაშავეები.

_ ვინ არიან უდოს კომისიის წევრები?

_ ეს საჯარო ინფორმაციაა და დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია  მოიპოვოს.

_ საზოგადოება შეშფოთებულია ქვეყანაში კრიმინოგენური ფონის დამძიმებით

_ როდესაც საზოგადოება ამბობს, რომ აღშფოთებულია კრიმინალური შემთხვევების რაოდენობის მატების გამო, ამით, საჩოგბურთო ტერმინი რომ გამოვიყენო, კარგ «სატოპკეს» აძლევს ხელისუფლებას, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა, პირიქით, ცუდად მოიქცა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების მოთხოვნა მასობრივი რეიდებით დაეკმაყოფილებინათ, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ დანაშაული არ გაზრდილა. თუ ასე განაგრძობს დღევანდელი ხელისუფლება და სათანადოდ არ გამოეხმაურება ხალხის მოთხოვნას, ცუდად დაამთავრებს. კარგად გვახსოვს, სადამდე მიიყვანა სააკაშვილის ხელისფლება ხალხის მოთხოვნების იგნორირებამ. ამიტომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ვურჩევ, შექმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელშიც შევა ჯანდაცვის, სასჯელაღსრულებისა და განათლების სამინისტროები და დაიწყებენ პრევენციული ზომების გატარებას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პიარი. ეს რომ სცოდნოდათ, მყისიერად მიხვდებოდნენ, რომ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა და პრევენციულ ზომებს უმტკივნეულოდ გაატარებდნენ. დღეს ხელისუფლება ერთიანი არ არის. არც პიარი აქვს, რაც კახა კალაძემაც აღიარა. სააკაშვილი კი კარგი პიარტექნოლოგია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ლობისტები კარგად ვერ მუშაობენ და შედეგსაც მალე ვიწვნევთ. ვიცი, რომ სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში სააკაშვილის მონაწილეობით უნდა გაიმართოს ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. ვიდრე ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ დავა იქამდე, რომ აუცილებელია, გაკეთდეს ლობისტური კომპანიები და საქმეში პიარტექნოლოგები ჩაერთონ, რათა სახელმწიფო კარგად წარმოჩინდეს, სააკაშვილი ყოველთვის მოუგებს საგარეო თამაშს ჩვენს ხელისუფლებას. და ვიდრე ჩვენი ხელისუფლება არ მოაგვარებს საგარეო პრობლემებს, სააკაშვილს ვერ დააპატიმრებენ. 

  ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here