Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ დაეხმარნენ საქართველოს პირველი პირების მეუღლეები ინვალიდ ბავშვს

რატომ არ დაეხმარნენ საქართველოს პირველი პირების მეუღლეები ინვალიდ ბავშვს

რამდენიმე დღის წინათ საქართველომ ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიწას მიაბარა. ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობაზე სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს, თუმცა მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ისტორიკოსები შეაფასებენ. რედაქციაში გვეწვია ადამიანი, რომელმაც თავისი გულისტკივილის შესახებ მოგვითხრო. გოგიტა მურცხვალაძე ბათუმელია, ჰყავს უნარშეზღუდული შვილი, რომლის შველა თავის დროზე ბატონ ედუარდ შევარდნაძესა და მის მეუღლეს, ქალბატონ ნანულის შეეძლოთ, დაჰპირდნენ კიდეც, მაგრამ არაფერი გააკეთეს. იმ დროიდან მოყოლებული ავადმყოფი ბავშვის მამამ ბევრი ტანჯვა-წვალება გამოირა…


_ თქვენთან მოსვლა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ატეხილმა ამბავმა გადამაწყვეტინა. ამ პიროვნებას ისე წარმოაჩენენ, გეგონება, მართლა ქვეყნის აღმშენებელი იყო. არადა, რაც ჩემმა ოჯახმა მისგან ტანჯვა-წამება გამოიარა, რომ აღვწერო, გაზეთის ერთი ნომერი არ ეყოფა…

რამდენიმე წლის წინათ ედუარდ შევარდნაძესა და მის მეუღლეს ვუჩიოდი კიდეც _ პროკურატურაში მქონდა განცხადება შეტანილი, უჩა ნანუაშვილი იყო ჩემი ადვოკატი, მაგრამ ვერაფერს გავხდი, რადგან პირველი ქალბატონების თემა ტაბუდადებულია.

ედუარდ შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის, მასზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, ცუდიც და, ალბათ, კარგიც, მაგრამ ტყუილს, რომელსაც ის და მისი მეუღლე ჩემს ავადმყოფ შვილთან დაკავშირებით მეუბნებოდნენ, ვერასოდეს დავივიწყებ.

 ჩემი შვილი ჯაბა მშობიარობის შემდგომმა ტრამვამ ინვალიდად აქცია. ერთ დღეს ძალიან თბილი წერილი მივწერე შევარდნაძეს და ჩემი შვილის მდგომარეობაც ავუხსენი. ეს იყო პერიოდი, როდესაც გერმანიაში შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. შევარდნაძემ მიპასუხა, გერმანიიდან რომ დავბრუნდები, აუცილებლად დაგეხმარები და ბავშვს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაგაყვანინებო. სულმოუთქმელად ველოდი მის დაბრუნებას. როგორც კი პრესით შევიტყვე მისი ჩამოსვლის შესახებ, თავი შევახსენე და იცით, რა მიპასუხა? _ საშუალება არ მაქვს და ვერ დაგეხმარებიო. მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, ანალოგიურად მოიქცა მისი მეუღლეც.

ვიდრე ედუარდ შევარდნაძეს წერილს მივწერდი, ქალბატონ ნანულის ვთხოვე დახმარება. მისი სადაქალოს წევრმა ჟურნალისტებმა წინასწარ მადლობის წერილიც კი დამაწერინეს, მაგრამ პასუხი მაშინაც იგივე იყო: «საშუალება არ მაქვს და ვერ დაგეხმარებით!», ბათუმიდან ჩამოვდიოდი ავადმყოფ ბავშვთან ერთად და ასეთი პასუხით მისტუმრებდნენ.

შევარდნაძის გარშემო საუბრები სულ იქნება, მაგრამ ძალიან გავბრაზდი, როდესაც ერთერთ თოქშოუში მანანა და სოფო შევარდნაძეები დიდი ზარზეიმით ჰყავდათ მიწვეული. მესმის, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან, მაგრამ კეკლუცობის უფლება ნამდვილად არ აქვთ.

_ გასაგებია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემდეგ მთავრობა ორჯერ შეიცვალა და არავინ დაგეხმარათ?

_ ეჰ, რამდენი აქცია მაქვს ჩატარებული სანდრა რულოვსის წინააღმდეგ… შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც ჩემნაირი გაჭირვებული მშობლები ვიკრიბებოდით და აქციებს ვმართავდით, რაღაცას მაინც გადმოგვიგდებდნენ ხოლმე, სააკაშვილის პერიოდში კი, შუაზეც რომ გაფხრეწილიყავი, მაინც არ დაგეხმარებოდნენ, რადგან სანდრას გარემოცვას ყველაფერი მონოპოლიზებული ჰქონდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ისე გამამწარა, საპროტესტო აქცია მოვაწყვე და თბილისიდან ბათუმამდე ფეხით ჩავედი. გარდა ამისა, ამერიკის საელჩოს წინ ინვალიდი ბავშვების მშობლებმა ხუთდღიანი აქცია გავმართეთ და ყურადღების მიქცევა შევძელით.

მწარედ მომატყუეს ქრისტიან-დემოკრატებმაც. ვთხოვე საქველმოქმედო აქცია დაეფინანსებინათ, დამპირდნენ და ბოლო წუთამდე მატყუებდნენ. ნაცნობობით შევძელი, კონცერტი «პოსლეზე» ჩამეტარებინა, მაგრამ ჟურნალისტები რომ მოვიდნენ, უცბად, საიდანღაც ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ზაზა კარსანიძე გამოჩნდა და კამერების წინ განაცხდა, ეს ღონისძიება ჩვენი დაფინანსებული და ორგანიზებულიაო, თურმე ჩასაფრებული ყოფილა და ჟურნალისტების გამოჩენას ელოდა. კინაღამ ჭკუიდან გადავდექი.

_ დღეს რა ვითარებაა, ამჟამინდელი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?

_ წელიწად-ნახევარია, რაც სოფელ აჭარისწყლის ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვრის, მამა თეიმურაზის ლოცვა- კურთხევით შეიქმნა ფონდი, რომლის მიზანია, აჭარის მასშტაბით უნარშეზღუდული ბავშვების მოძიება, გაერთიანება, დახმარება და მათი უფლებების დაცვა. ფონდის ორგანიზებით ტარდება საქველმოქედო საღამოები,  საშუალება გვეძლევა, ოჯახებს დავეხმაროთ და სურსათი მივაწოდოთ.

ამა წლის თებერვალში საქველმოქმედო საღამო მოვაწყვეთ. ვიდრე საღამო გაიმართებოდა, შევეცადე, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარ ქალბატონს, მაკა ჩიჩუას, დავკავშირებოდი მისი ახლობლების მეშვეობით, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი სიმაღლეზე უცბად რომ ადის, თავბრუ ეხვევამაკა ჩიჩუასგან პასუხი ვერ მივიღე. ერთხელ კანცელარიაშიც მივედი და იქაურ თანამშრომლებს ვთხოვე, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლესთან დაკავშირებაში დამხმარებოდნენ. მათ კი მიპასუხეს: სად ცხოვრობს ქალბატონი ნუნუკა, არ ვიცით, არც ის ვიცით, ტელეფონი თუ აქვსო, ანუ დამცინესქვეყნის პირველ ქალბატონებთან იმიტომ მივდივარ, რომ წესია ასეთი _ ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში საქველმოქმედო ღონისძიებები მათი პატრონაჟით ხორციელდება.

მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს: ცოტა ფხიზლად იყავით, საქართველოში ამ საქმეს ისევ სანდრა რულოვსი ხელმძღვანელობს! არადა, მას ამის უფლება ნამდვილად არ აქვს. საქმე, რომელშიც მე დახმარებას ვითხოვ, ზემოთ ჩამოთვლილი ქალბატონების პრეროგატივაა. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან ჩემს ავადმყოფ შვილს სულში ჩააფურთხა

_ რა ჰქნა ამისთანა?

_ შევარდნაძის ოჯახზე რომ ვიყავი გამწარებული და ჩვენი ამბავი პრესის საშუალებით შუქდებოდა, თურმე სანდრა თვალყურს ადევნებდა. ერთ მშვენიერ დღეს დამიბარა, მივედი კიდეც. ამ უცხოელ ქალს მშვენიერი დახვედრა და საუბარი შეეძლო. გულახდილი საუბრისას სანდრამ მითხრა, თუ მიშა გაიმარჯვებს, პირველი, ვინც საზღვარგარეთ გაემგზავრება, თქვენი შვილი იქნებაო. მაგრამ, როგორც კი მიშა პრეზიდენტი გახდა, მაშინვე მოუცლელობა მოიმიზეზა. ვრეკავდი ყველასთან, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ერთ დღესაც მოვკიდე ბავშვს ხელი და სანდრა რულოვსს სახლთან ჩავუსაფრდი. თან მქონდა ბენზინი და სანთებელა. მალე გამოჩნდა, მანქანიდან რომ გადმოდიოდა, დავუძახე, შემომხედა და განმიცხადა, შენთვის არ მცალიაოროგორც კი ეს სიტყვები მითხრა, რაც წლების განმავლობაში ბოღმა მქონდა დაგროვებული, გადმოვანთხიე _ ყველას ვაგინე, ვინც მის საქართველოში ჩამოსვლას შეუწყო ხელი, ცოცხალი და მკვდარი არ დავუტოვეამ საქციელს ვინ შემარჩენდა და დაცვა ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ მაშინვე ბენზინსა და სანთებელას დავავლე ხელიმოკლედ, მეც გადავრჩი, ჩემი შვილიც და სანდრაც.

აი, ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვარ 1995 წლიდან. დღემდე არც ერთი პირველი ქალბატონი არ დაგვხმარებიაჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სული გამიმწარეს, მაგალითად, ლევან ვარშალომიძე, ლადო ჭიპაშვილი, ალექსანდრე კვიტაშვილი, მაგრამ ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ცოლშვილისთვის საავადმყოფოში ცხელი კერძები მიჰქონდათ. დღეს ჩემი ცხოვრების ეს უმძიმესი დღეები ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გამახსენა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here