Home რუბრიკები პოლიტიკა ჭიკაიძის ფაქტორი, ანუ როდის უნდა მოვიდეს ადამიანი პოლიტიკაში

ჭიკაიძის ფაქტორი, ანუ როდის უნდა მოვიდეს ადამიანი პოლიტიკაში

588

ვიხსენებ და, მგონი, ასეა: საქართველოს ისეთი მშვიდი გენერალური პროკურორი, როგორიც არჩილ კბილაშვილი იყო, არ ჰყოლია. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ კბილაშვილი ჯერ ადვოკატი იყო და მერე გახდა მთავარი ბრალმდებელი, მაგრამ ფაქტია: მისი სიმშვიდე ვერ თუ არ იგუეს და ახლა კბილაშვილი სამოქალაქო სექტორშია. სხვისი რა გითხრათ, მაგრამ პირადად ჩემთვის ბატონი არჩილი იმ ფრაზასთან ასოცირდება, რომელიც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თქვა.

 

«პოლიტიკაში მაშინ უნდა მოვიდეს ადამიანი, როდესაც მისი, გნებავთ, ადრეფიზიოლოგიური სექსუალური ლტოლვის ასაკი გადალახულია», _ განაცხადა იმხანად კბილაშვილმა და ვინ იგულისხმა, შეხსენებაც არ უნდა გჭირდებოდეთ, მაგრამ…

შემდეგ იყო, ახალმა ხელისუფლებამ «ადრეფიზიოლოგიური სექსუალური ლტოლვის ასაკგადაულახავი» ადამიანები ისევ რომ დააწინაურა და ვერ გეტყვით, ამის ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ კბილაშვილი წავიდა.

ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ჩვენს რეალობაში ალექსანდრე ჭიკაიძე გახლავთ, თანაც როგორი მინისტრი _ შინაგან საქმეთა სამინისტრო აბარია და, თუ ასევე ახალგაზრდა პრემიერს ვენდობით, საქმეს კარგად უძღვება. ეს ყველაფერი კი კარგია (ერთი შეხედვით), მაგრამ ხანდახან ჭიკაიძეს ბავშვური ონავრობით ისეთი ფრაზები ეპარება, თავის დროზე ბრეჟნევს რომ ეპარებოდა (იმასაც ასაკის გამო).

იმას მოგახსენებთ, რომ ნატოს წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს საქართველოში დამცავი საბრძოლო სისტემების განთავსება. ეს რეალურად ნატოს სამხედრო ბაზა იქნება და ეს მაშინ, როცა საქართველო ნატოს წევრი არ არის და ამ ალიანსს მაპს დღემდე ეხვეწება. ჰოდა, ჭიკაიძემ, როცა ჰკითხეს, რას იტყვით ამაზეო, ამაყად მიუგო: ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი, ნატო თავად გადაწყვეტს, სად რა დადგასო…

ახლა მოიცა! რას ჰქვია, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის?! ალიანსის წევრი არ ვართ, ნატოსთან, თანამშრომლობის გარდა, არაფერი გვაკავშირებს და რა გამოდის _ იმასაც კი არ გვკითხავენ, საბრძოლო რაკეტები საქართველოში როგორ და სად დაიდგას? ანუ რეალურად ქვეყნის ბატონ-პატრონი ნატოა და ერთ დღესაც აქ საბრძოლო ტექნიკის დაყენება კი არა, თავის ჯარისკაცებისთვის ფეშენებელური ბორდელის გახსნა რომ მოინდომოს, არაფერი უნდა ვთქვათ?!

ეს განცხადება ორღობის ჭორიკანას რომ გაეკეთებინა, ეგებ არაფერი გვეთქვა, მაგრამ, როცა ამას შს მინისტრი ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მთავრობის პოზიციაა.

სხვათა შორის, სტრატეგიული თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყანასთან გვაკავშირებს და მათ შორის ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანელები და სომხებიც არიან. ახლა ილჰამ ალიევმა რომ მოინდომოს და სადმე, მარნეული-გარდაბნის გზაგასაყარზე სამხედრო რაკეტები დააყენოს, თანაც ისე, რომ არაფერი გვკითხოს, რა უნდა ვქნათ? თუ ნატო არაფერს გვეკითხება, რატომ უნდა გვკითხოს აზერბაიჯანმა?! რატომ არ უნდა გაბრაზდეს ამ განცხადებაზე რუსეთი და რატომ არ უნდა ახსნას ჩრდილოელმა მეზობელმა მარტივად ის, რომ თავადაც არაფერი გვკითხა, როცა სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში სამხედრო ბაზები გააკეთა?! ისე, ჭიკაიძეს, შესაძლოა, ასაკი არ უწყობს ხელს, მაგრამ იმ წლებს თუ გადახედავს, როცა ჯერ ბავშვი იყო, ნატო კი მუდმივ დახმარებას გვპირდებოდა, ნახავს, რომ მუდმივი დახმარება მუდმივ იმედგაცრუებაში იყო გადაზრდილი და ახლაც ასეა. თუ 2008 წლის ომის დროს შემოტანილ წყალსა და პამპერსებს არ ჩავთვლით, ჩვენთვის ამ ორგანიზაციას არც არაფერი გაუკეთებია და მოქმედებს ასეთი პრინციპით: «ჩემს ჯიბეში კანფეტია, ასე ტკბილად დამიბერდი». იმ კანფეტს კი ობი მოეკიდა და ისე აყროლდა, ჯიბისკენ ხელის წაღებაც კი არავის სურს.

დავით მინდიაშვილი

P.S. «პოლიტიკაში მაშინ უნდა მოვიდეს ადამიანი, როდესაც მისი, გნებავთ, ადრეფიზიოლოგიური სექსუალური ლტოლვის ასაკი გადალახულია!» _ აი, ამ განცხადებით დამამახსოვრდა კბილაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here