Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაცემები და საცემები”- აწი, წუგზარმენ წიკლაური ჩაკ ნორისის ნაცვლად ჯეკი ჩანად მოიხსენიეთ!

“ნაცემები და საცემები”- აწი, წუგზარმენ წიკლაური ჩაკ ნორისის ნაცვლად ჯეკი ჩანად მოიხსენიეთ!

599

მას შემდეგ, რაც წინა ნომერში (იხ. «საქართველო და მსოფლიო», #12. 2-8 აპრილი, 2014 .) სტატია დავწერე, ამიკლო წუგზარმენმა _ აქაოდა, მე ბავშვობაში ჩაკ ნორისი არ მომწონდა, ჯეკი ჩანის ფანი ვიყავი და ჯეკი ჩანი დამიძახეო. აქეთ მე გავვოცდი, ჯეკი ჩანი ჩინელიამეთქი და ასე მიპასუხა, _ ისე ვარ უმრავლესობას დანატრებული, «კაკ რაზ» ჩინელი მინდაო. ეს «კაკ რაზ» ოკუპანტების ენაზე როგორ გაგეპარამეთქი და გაეცინა, იმდენი რამე მეპარება, ამას ვინ უყურებსო.

 

მოკლედ, პატივცემულო მკითხველო, მომავალში წუგზარმენ წიკლაური ჩაკ ნორისის ნაცვლად ჯეკი ჩანად მოიხსენიეთ, თვითონ მთხოვა და უხერხულია, ნაცემ კაცს კიდევ წიხლს ხომ არ მივაყოლებ?! თან ისიც კარგია, თავად რომ ხვდება, «ნაციონალური მოძრაობა» ჩინურ ტექნიკასავით რომ არის _ მოხმარების ვადა გაუვიდა და დაჭეჭყილი ელემენტებითღა მუშაობს.

ეს აკაკიაკო მინაშვილი გადამრევს! გამოვიდა იმ დღეს ტელეეთერში და განაცხადა: მე არ მახსენდება, ჩვენი ხელისუფლება რომელიმე ოჯახს თუ დევნიდა, თქვენ კი ახალაიებს დევნითო. ჯერ ვიფიქრე, მთვრალია-მეთქი, მაგრამ მაგას რას შეამჩნევ თვალებზე, ფოთის ჭაობის ბაყაყივით (იმ ბაყაყივით, რომლის ექსპორტითაც სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკის აყვავებას გვპირდებოდა) სულ დაქაჩული აქვს. მერე კიდევ _ თუ სიმთვრალის პათოლოგია ასეთ ტყუილებში გამოიხატება, მაშინ _ ჰო. ისე, რაღა ტყუილებში, «ნაციონალური ხელისუფლება» ოჯახებს მართლა არ დევნიდა, უბრალოდ, ანადგურებდა და მაგალითისთვის აფრასიძეებისა და გირგვლიანის დასახელებაც კმარა

აქეთ კობა დავითაშვილი მახსენდება, ოჯახი მორგში რომ ეძებდა და იქით კიდევ _ ვალერი გელაშვილი, ვისი გადარჩენის იმედიც არავის ჰქონდა _ ორივეს ცემა ისე შეირჩინეს «ნაცებმა», როგორც დაგიბარებიათ, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა _ «ნაციონალების» საგმირო საქმეებში სასტიკად ცემის არაერთი ფაქტი ფიგურირებს. ჩვენც იმ მცირე სიას მივყვეთ, რომელთა შესახებაც თითქოს არაფერია ცნობილი, თუმცა ყოველი კონკრეტული ფაქტის უკან სასტიკად ნაცემი ადამიანები დგანან და არა ისეთები, კარტოფილის სროლაზე რომ გარბიან.

9 აპრილი, 2009 წელი

ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით 2009 წლის აქციების მიმდინარეობის დროს გამოირჩეოდა. სააკაშვილი მოგებული საპრეზიდენტო არჩევნებით ტკბებოდა და სწორედ ამ დროს… 2009 წლის 9 აპრილს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თავს დაესხნენ გია ყარყარაშვილის ავტომანქანას, სცემეს მის მძღოლს და წაართვეს ვიდეოკამერა, მაგრამ მომხდარის გამოძიებით თავი არავის შეუწუხებია. შს მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, ყარყარაშვილს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, მომხდარი ინციდენტიც არ დასტურდებაო. უნდა ვივარაუდოთ, რომ მძღოლმა თვითდაზიანება მიიყენა და თან ისე, რომ ორი კვირა სიარული უჭირდა.

ერთი დღის შემდეგ, 10 აპრილს, მოძრაობა «რატომ?»-ის წევრებს: ირაკლი ხუხუნეიშვილს, ლაშა კოპალიანს, ოთარ ჭელიძეს, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეს ნიღბიანები მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ელექტროშოკით იყვნენ შეიარაღებულნი და მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იმავე დღეს, 21 საათზე, სპორტის აკადემიის სტუდენტები მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მიემართებოდნენ თავისუფლების მოედნისკენ. ოლეგ სიმონიანსა და ვოვა სტეფანოვს გზა გადაუჭრა ჯიპმა, ავტომანქანიდან გადმოვიდა 6 პიროვნება, რომლებმაც ხელკეტებით სცემეს მათ.

იმავე დღეს მეტროპოლიტენის სადგურ «ავლაბართან» დავით ახალაძეს ნიღბიანმა პირებმა მანქანა დაუმტვრიეს და მანქანაში მჯდომი ერთ-ერთი მგზავრი ფიზიკურად შეურაცხყვეს.

და ეს ყველაფერი _ ერთ დღეში! სად იყო ამ დროს ბატონი წუგზარმენი? _ პარლამენტში! და რას აკეთებდა? ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტუტუცობდა და სულაც არ ანაღვლებდა, მისი ხელისუფლების ზონდერები რიგით მოქალაქეებზე რომ ნადირობდნენ. მაშინ არ იქნევდა პარლამენტის ტრიბუნიდან თითს არც წიკლაური და არც წარბაგიორგი. ეგ, ხომ იცით, რომელია? კანდელაკი გიორგი, რამდენიმე წლის წინათ კოკა გუნცაძემ ტელეეთერში «პადლეცური» რომ აარტყა.

ერთ ძალიან საინტერესო დეტალს მოგიყვებით: 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეებს ჯინსებსა და შავ ქურთუკებში გამოწყობილი ადამიანები რომ არბევდნენ, ხომ გახსოვთ?! ეგ დათა ახალაიას ბიჭები იყვნენ და მათ რიგებში თვითონ  დათაც გახლდათ. სწორედ ამ დარბევის ერთერთმა მონაწილემ გვითხრა, დათა ქაშუეთის ეკლესიასთან 80 წლამდე ასაკის ქალს დაეწია და ორჯერ ისეთი ჩაარტყა, კინაღამ მოკლაო. ვიღაცებმა სცადს, დათასთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ მან ბოლო ხმაზე იყვირა, რას აკეთებთ, მტერია და მტერს ასე უნდა მოექცეო.

ამ ლოგიკას თუ მივყვებით, «ნაციონალებზე» დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია და არც ჰყავს (მომავალზე ნუ დავდებთ თავს _ არავინ იცის, რა მოგველის). წიკლაური და მისი მეგობრები, კარგა ხანია, აანონსებენ, დღეს თუ არა ხვალ ქუჩაში გამოსვლებს დავიწყებთო და საინტერესოა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მათი აქცია ისევე რომ დაარბიოს, როგორც 7 ნოემბერსა და 26 მაისს დაარბია «ნაციონალურმა მოძრაობამ» მომიტინგეები, რას იტყვიან, პოლიციამ ძალას არ გადააჭარბაო? თუ ევროპასა და ამერიკაში კარდაკარ ივლიან და დაშავებულ ადგილებს ისე გაუშიშვლებენ ევროპელებს, როგორც თავის დროზე ია ფარულავა გაშიშვლდა ვენახში?!

ამიტომ, როცა «ნაციონალები» გადაწყვეტენ, წიკლაურის ცემაზე ხმაური ატეხონ და ევროპელებსა თუ ამერიკელებს საკუთარ ჩაგვრაზე ესაუბრონ, ისიც გაიხსენონ, როგორ უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ რიგით ადამიანებს ქუჩაში და მიხვდებიან, რომ წუგზარმენი აშკარად გადარჩენილია.

P.S. ბოცო, კიდევ რომ დამირეკავ, იქნებ სააკაშვილის ნომერი ჩამაწერინო, რაღაც მომენატრა და მოვიკითხავ ოჯახიანად.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ვენაცვალე იმ კაცებს რომლებიც ნოშიკოსავით მოიკცევიან და არ დაივიცყებენ რომ კართველი კაცები არიან.ამატ მეტი ეკუტვნით დგედაღამ უნდა სცემო რომ ისევ არ გაუჩნდეთ მთავრობაში მოსვლის სურვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here