Home რუბრიკები საზოგადოება ვასერმანების სვანეთში მოგზაურობის ბილწი ინტერპრეტაცია

ვასერმანების სვანეთში მოგზაურობის ბილწი ინტერპრეტაცია

1015

არა მარტო  სვანეთი, არამედ ყველა მორწმუნე ქართველი აღაშფოთა ერთერთი გაზეთის 17 მარტის ნომერში დაბეჭდილმა წერილმა სვანეთზე და მართლმადიდებელ სიწმინდეებზე. დიდმარხვის პერიოდში შენდობას ვითხოვთ ზედმეტი აღელვებისა და მრისხანებისთვის, მაგრამ, ამ ხატმებრძოლებსა და წარმართებს თუ ღირსეული პასუხი არ გავეცით, მერე სინანული გვიანი იქნება. ზემოაღნიშნულ სტატიაში ნათქვამია, რომ . . მწერალმა ქარუმიძემ ამერიკელ ცოლქმარ ვასერმანებს დააბრალა უშგულის წმ. ლაშარის ეზოში ანტიმართლმადიდებელი და სატანისტური რიტუალების ფირსა და ფოტოზე აღბეჭდვა.

 

2003 წლის ზაფხულში საქართველოში ჩამობრძანდნენ და-ძმა ვასერმანები, რომელთა მშობლებს თურმე 1926 წელს უმოგზაურიათ საქართველოში. იმ პერიოდში ვასერმანებს მასპინძლობდა სახელოვანი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ნიკოლაძე, რომელმაც სტუმრები მხლებლებთან ერთად სამეგრელოს გავლით, ენგურის ხეობის გაყოლებით აიყვანა სვანეთში. როგორც ცნობილია, იმ პერიოდში სვანეთში ასასვლელი გზა არ არსებობდა, გარდა ვიწრო ქარაფებზე გამავალი ბილიკისა, სტუმრებმა ცხენების მეშვეობით განვლეს მთელი ენგურის ხეობა ჯვარიდან უშგულამდე. მთელი ეს მოგზაურობა ცოლ-ქმარმა ვასერმანებმა ფირსა და ფოტოზე აღბეჭდეს. ამ მასალაზე ასახულია იმდროინდელი სვანეთის ყოფა-ცხოვრება, კულტურა, რწმენა და ხუროთმოძღვრება. ხსენებული მასალა საქართველოში ჩამოიტანეს ვასერმანების შვილებმა 2003 წლის ზაფხულში. ამ მასალის პრეზენტაცია მოეწყო საერთაშორისო ნავთობსადენის კომპანიაში, რომელიც განთავსებული იყო თბილისში, დღევანდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობაში. მსგავსი სიბინძურე, რომელსაც ქარუმიძე თხზავს, ამ მასალაში არსად ჩანს. პირიქით, შესანიშნავად არის გადმოცემული სვანეთის სიწმინდეები (ჯვრები, ხატები, ეკლესიები), ეთნოგრაფია და საბრძოლო დანიშნულების ციხეკოშკები, მათ შორის, კარგად შენახული თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები.

ეგრეთ წოდებულ «ვარდების რევოლუციამდე» ვმუშაობდი საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად და აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის პროგრამის ხელმძღვანელად. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ჩხეიძის ბრძანებით, დამევალა სტუმრების უსაფრთხოდ წაყვანა სვანეთში.

ცოლქმარ ვასერმანების ანდერძის თანახმად, მათ შვილებს აუცილებლად უნდა ენახათ და მოევლოთ სვანეთის სიწმინდეები და ღირსშესანიშნაობები. სასაზღვრო შვეულმფრენის მეშვეობით სტუმრებმა დაათვალიერეს ქვემო და ზემო სვანეთი. სვანებმაც კეთილად მიიღეს და თბილად უმასპინძლეს სტუმრებს. ფეხით მოიარეს მთელი უშგული, ლამარიას ეკლესიიდან მერყმულამდე, ასევე მოიარეს მესტია; ემოციებს ვერ მალავდნენ ნანახით გაოგნებული ამერიკელი სტუმრები, ამას ხედავდა .. მწერალი ქარუმიძე, რომელიც სხვებთან ერთად ახლდა სტუმრებს. გასაკვირია, შემდგომ რა დავალება მიიღო ამ პიროვნებამ ეშმაკის მსახურებისგან, ასე ბილწად რომ გადმოსცემს თავის ნაცოდვილარ წიგნში ჩვიდმეტსაუკუნოვან ქართულ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას.

ვასერმანებმა მშობლების მიერ 1926 წელს გადაღებული კინო და ფოტომასალა გადასცეს მესტიის მუზეუმს, ნავთობსადენის კომპანიას და ერთი ეგზემპლარი ამ მასალისა მეც მაჩუქეს. სამწუხაროა, არ ვიცი, და-ძმა ვასერმანები ცოცხლები არიან თუ არა, რადგან 2003 წელს ძმა 76 წლის იყო, ხოლო და _ 80-ის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქარუმიძის «შემოქმედებით» აღშფოთებულნი დარჩებოდნენ.

საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ ეფერებოდნენ სვანეთის თითოეულ ძეგლს, კოშკი იქნებოდა თუ ეკლესია და ამას პირად საუბრებშიც აღნიშნავდნენ.

ქარუმიძის მიერ შეთხზული ისტორია, სატანური რიტუალის გადაღების თაობაზე, აბსურდი რომაა, ისიც ადასტურებს, რომ ამერიკელ სტუმრებს, თუ მათმა მშობლებმა ამგვარი რამ ნახეს, მსგავსი არაფერი უკითხავთ. რა თქმა უნდა, მსგავსი არც არაფერი ყოფილა. ორივე თაობის ვასერმანებმა, მშობლებმაც და შვილებმაც, დიდი კმაყოფილებით დატოვეს საქართველო.

ვანო ხვიბლიანი,

სასაზღვრო ძალების პოლკოვნიკი

 

1 COMMENT

  1. ამ ქარუმიანს შური და ბოღმა დაუგროვდა, ის თავის ნამდვილ გვარს ვერ ამხელს და ეს იწვევს გვარგადაკეთებულ სიბინძურეებში ასეთ აგრესიას, შურს, სიძულვილს!
    -ალბათ ყველასთვის გასაგებია, რომ ამით მან საკუთარი შინაგანი სიბილწე წარმოაჩინა!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here