Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ეშინია დაკითხვის მიხეილ სააკაშვილს?

რატომ ეშინია დაკითხვის მიხეილ სააკაშვილს?

535

წილი ნაყარია, რუბიკონი კი _ გადალახული. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. ბევრ მოქალაქეს, რომელთა შორის იყვნენ როგორც ახალი, ისე ძველი ხელისუფლების მომხრეები, არ სჯეროდა, რომ ეს საერთოდ მოხდებოდა, რადგან სააკაშვილისთვის არაფორმალური იმუნიტეტის მინიჭების კონსპიროლოგიურ და, როგორც აღმოჩნდა, არაკორექტულ ვერსიას იზიარებდა. თუმცა მოსახდენი მოხდა და, შესაბამისად, გაჩნდა თემა, რომელიც საქართველოს საინფორმაციო სივრცეში თვეების განმავლობაში ერთერთ მთავარ ადგილს დაიკავებს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ის საზოგადოებრივ აზრზე და ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე?

 

დასაკითხი უნდა დაიკითხოს

ვინაიდან მსგავს შემთხვევებში მნიშვნელოვანია თითოეული ნიუნსი, მთავარი პროკურატურის განცხადება, სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, ალბათ, სრულად უნდა მოვიყვანოთ: «საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: . ალანიას, ალ. ღაჭავას, . ბიბილურიძისა და . აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ, ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას . სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას . სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:

2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია «იმედში» შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი . პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და . პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;

2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე;

2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ისა და ტელეკომპანია «მზის» კანონიერი მესაკუთრეებისთვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

2009 წლის 20 მაისს .. «მუხროვანის ამბოხებისთვის» ძებნილი პირების: კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, . კრიალაშვილის ლიკვიდაციის, . ამირიძისა და . ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;

2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს «აგრომეტის» (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე;

2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით, თავისი ბიძის _ . ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს «ბეზეკზე» უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე;

2012 წლის თებერვალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისთვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.

2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით «ქართუ» ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე», – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ზოგადად, დემოკრატიულ ან თუნდაც ზომიერად არადემოკრატიულ ქვეყნებში მოწმის სახით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა სავსებით ნორმალურ მოვლენად აღიქმება და აჟიოტაჟს არ იწვევს. მაგრამ იმ პროპაგანდისტული (და არსებითად ანტისამართლებრივი) სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმი წლების განმავლობაში ნერგავდა, ნებისმიერი შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, თუნდაც საქმე მოწმის სახით დაკითხვას ეხებოდეს, ქართული საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც თითქმის გარდაუვალი დასჯის პრელუდია. სავარაუდოდ, სწორედ აქედან გამომდინარეობდა «ნაცმოძრაობის» ლიდერების ძალზე ნერვული, ზოგიერთ შემთხვევაში კი აშკარად ისტერიული რეაქცია პროკურატურის განცხადებაზე _ ისინი საუბრობდნენ ისე, თითქოს სააკაშვილს უკვე მიუსაჯეს ხუთი სამუდამო პატიმრობა მიმოწერის უფლების გარეშე. პარტიის ოფიციალურ განცხადებაში სააკაშვილის შესაძლო დაკითხვა შეფასდა როგორც «ფაქტობრივი დევნის დაწყება».

ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკურია _ თუ ამდენ მაღალჩინოსანს საკმაოდ მძიმე ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, მათი ხელმძღვანელის, ხელისუფლების პირველი პირის დაკითხვა სავსებით ბუნებრივად გამოიყურება. აგრეთვე, ყველასთვის ცხადია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და, თუ გამოძიების პროცესში დადგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამოქალაქეების მოკვლის და წამების ბრძანებებს გასცემდა ან საბიუჯეტო ფულს იპარავდა, ის ამისთვის უნდა გასამართლდეს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთობას ყოფილ პირველ პირთან მაინც გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს _ ის მოითხოვს იუველირულ სიზუსტეს ნორმების დაცვის თვალსაზრისით და, ნებისმიერ შემთხვევაში, განხილული იქნება პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც სააკაშვილის გულშემატკივრების, ისე მისი მოწინააღმდეგეების მიერ, ამიტომ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნიუანსი დამატებით დაკვირვებას საჭიროებს.

როგორ მოიქცევა დასავლეთი?

«ნაციონალების» მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში «მაიდანს» მოაწყობენ, სერიოზულ განხილვას, ალბათ, არ ექვემდებარება, რადგან ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო, გადატრიალების მოწყობაზე ორიენტირებული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ისინი უბრალოდ გაისრისებიან, თანაც არა იმდენად სახელმწიფო მანქანის, რამდენადაც მათზე გამწარებული მოქალაქეების მიერ. «ნაციონალების» რესურსები არასაკმარისია სამოქალაქო დაპირისპირების ან თუნდაც დაძაბულობის პროვოცირებისთვის. იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებაში გადატრიალებით დაბრუნდნენ, დასავლეთმა არა მხოლოდ უნდა აუკრძალოს ხელისუფლებას «ნაცმაიდანის» წინააღმდეგ პოლიციის გამოყენება (როგორც ეს იანუკოვიჩის შემთხვევაში მოხდა), არამედ აიძულოს, შეაკავოს ის მოქალაქეები, რომელნიც მის დასარბევად დაირაზმებიან. ასეთი ტიპის ჩარევას და ხელისუფლებაში ესოდენ არაპოპულარული ძალის დაბრუნების ხელშეწყობას საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრად ანტიდასავლურ პოზიციებზე გადასვლა და ქვეყნის თორმეტბალიანი დესტაბილიზაცია მოჰყვება, რომლითაც (თუ სიტუაციას დასავლელი პოლიტიკოსების თვალით შევხედავთ) შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა და სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიფართოვოს. მართალია, ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ «ახალი ცივი ომის» კონტექსტში ვაშინგტონს საქართველოს სათავეში შეიძლება ისევ რუსეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ძალა დასჭირდეს (ეს ფრიად სათუოა), მაგრამ «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნება გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას მოითხოვს და სერიოზულ რისკებს უკავშირდება. ასე რომ, მისი ხელშეწყობა ვაშინგტონის მხრიდან ძალზე საეჭვოა. ამიტომ სააკაშვილის მუქარები საქართველოში დაბრუნებასთან და «პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან» მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ალბათ, მხოლოდ უძლურების გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. თუმცა იმ ფაქტიდან, რომ «ნაციონალური რევანში» დღეს გამორიცხულია, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ მასზე მეოცნებე ძალები ქვეყანაში სიტუაციის არევას არ შეეცდებიან.

ამასთანავე (თუ ბრალის წარდგენის ჰიპოთეტურ სცენარს განვიხილავთ), როდესაც საუბარია ათ ეპიზოდზე (შეიძლება სხვაც დაემატოს; მაგალითად, სააკაშვილს შეიძლება დაუსვან კითხვები 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურის ჩამონათვალში არ არის), არ არსებობს გარანტია, რომ რომელიმე ან რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით, პროკურატურას არ აქვს შემონახული «ჯოკერი» _ გამანადგურებელი მტკიცებულება, რომელიც «ნაცმოძრაობის» ბელადის ბრალეულობას დაადასტურებს, იქნება ეს ვიდეოჩანაწერი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენება. ვიდრე სააკაშვილის პარტნიორები დასავლეთში არ დარწმუნდებიან, რომ მსგავსი «ჯოკერი» არ არსებობს, ისინი ფიგურანტის ადვოკატირების პროცესში სიფრთხილეს გამოავლენენ და უკან დასახევ გზას არ მოიჭრიან. ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთი ისეთი ტიპის განცხადებებზე შორს წავიდეს, როგორიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გაავრცელა: «შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქემის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის ფიგურირებით ლეგიტიმურ ეჭვს აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების, განსაკუთრებით, როდესაც სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. როგორც თებერვალში ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ითქვა, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მმართველებს, საქართველოს ენერგია მიმართონ მომავალზე, ძლიერ ეკონომიკაზე, მართლმსაჯულების შემდგომ რეფორმირებაზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესზე».

კიდევ ერთი მითი, რომელიც სააკაშვილის დაკითხვას და შესაძლო დაპატიმრებას უკავშირდება, ისაა, რომ ამის გამო «ევროასოცირებასთან» ან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიძლება პრობლემები შეექმნას. საინტერესოა, რომ მის გავრცელებას ხელს უწყობენ არა მხოლოდ «ნაციონალები», არამედ რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილიც. ამ თეორიის ფარგლებში, სააკაშვილი ელენე მშვენიერის მსგავს პერსონაჟად გვევლინება, რომლის გამო შეიძლება ტროას ომი დაიწყოს და სხვა გეოპოლიტიკური ხასიათის ძვრები მოხდეს. აქ, ქვეტექსტში, ალბათ, ისიც იგულისხმება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ არ მოახდინა წინასწარი ზონდირება დასავლეთში (რაც ნაკლებად სავარაუდოა) და სააკაშვილის დაკავებას ყოველგვარი კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე აპირებს. სერიოზული მსჯელობა ამაზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა საზოგადოების უმრავლესობის პასუხი დასავლეთის შესაძლო ჩარევაზე, სავარაუდოდ, შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: «თუ დასავლეთი ხელს აფარებს დამნაშავეებს, ასეთი დასავლეთი არ გვჭირდება», ვინაიდან არავინ და არაფერი, არც ერთ სიტუაციაში არ შეიძლება იქნას დაყენებული კანონზე და მისი უზენაესობის პრინციპზე მაღლა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმის არ იყო, «კანონზე მაღლა არავინ დგას» (და არავითარი «მაგრამ», რომელიც განცხადებაში ამ ფრაზის შემდეგ ჩაიწერა). ხოლო თუ ვინმე დასავლეთში უბრალოდ ეძებს საბაბს იმისთვის, რომ გაამართლოს საკუთარი უძლურება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წინ წაწიოს, ეს სულ სხვა საქმეა, თორემ არანაირი კავშირი სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასა და ხსენებულ ინტეგრაციას შორის არ არსებობს.

ცხადია, თუ გამომძიებლები სააკაშვილის წამებას დაიწყებენ ან (მაგალითად) ექიმის მიერ გამოწერილი აბების დალევის საშუალებას არ მისცემენ, მსოფლიო სავსებით სამართლიანად აღშფოთდება და ოფიციალურ თბილისზე ზეწოლას მოახდენს. მაგრამ, თუ ყველა ნორმა დაცული იქნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც გადამწყვეტ სტადიაში შევიდა უაღრესად პრაგმატული და ცინიკური პროცესი _ გავლენის სფეროების გადანაწილება, ვინმე სააკაშვილის გამო სერიოზულ გართულებაზე წავიდეს. მეტიც, თუ ეს მათი ინტერესებისთვის სასარგებლო იქნება, ზოგიერთმა უცხოელმა პარტნიორმა სააკაშვილი შეიძლება არათუ დაკითხოს და დააპატიმროს, არამედ მისგან ფიტულიც დაამზადოს (ცხადია, მსგავსი ექსცესები არავის სჭირდება და პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონიერების კალაპოტს არ უნდა გასცდეს).

ისევ შენი თავითაო

დღეს საკმაოდ პოპულარულია ფრაზა «ცხოვრება დიდ სუპერმარკეტს ჰგავს. აიღე, რაც გინდა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ გასასვლელში სალარო დგას» და მან «ნაცმოძრაობისთვის» მთლიანობაში და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს. რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, ყველაფერს ამქვეყნად თავისი ფასი აქვს და (ბიუჯეტში ხელის სავარაუდო ფათურს და ქონების მითვისებას თავი რომც დავანებოთ) ადამიანების მოკვლა, წამება და ამდენი ოჯახის გაუბედურება უკვალოდ ვერ ჩაივლიდა; ამას სააკაშვილის რეჟიმს არავინ აპატიებს.

მიუხედავად იმისა, რა განვითარება ექნება ამ ისტორიას, პროკურატურამ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა. იმის დაფიქსირება, რომ წარსულში მაღალი თანამდებობის დაკავების ფაქტიდან ხელშეუხებლობა არ გამომდინარეობს, როგორც მინიმუმი, დააფიქრებს ჩინოვნიკებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შესაძლო შედეგებზე და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულების აღმოფხვრას. თუ მოქალაქეები დაიჯერებენ, რომ დაუსჯელობის სინდრომის დამარცხება შესაძლებელია, ეს ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის. 

რაოდენ უცნაურად უნდა გაიჟღეროს, ამ ცვლილებებთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის შემდგომი ბედი მეორეხარისხოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შაბათს მან, ფაქტობრივად, უარი თქვა პროკურატურაში გამოცხადებაზე, მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს, საქართველოში ჩამოფრინდეს და დაკითხვაზე მივიდეს ან, როგორც მინიმუმი, დისტანციურ (სკაიპით) დაკითხვას დათანხმდეს, რადგან უარი მას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. კითხვა «თუ უდანაშაულო ხარ, რისი გეშინიაამ კონტექსტში სავსებით ბუნებრივად დაიბადება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ის, ვინც კარგად იცნობს სააკაშვილს და იცის, რა გავლენას ახდენს მის ქცევაზე შიში და პრობლემებისგან გაქცევის სურვილი, სავარაუდოდ, მივა დასკვნამდე, რომ ახლა ფიგურანტისთვის პრიორიტეტულია დისტანცირება (თუნდაც წარმოსახვითი) საფრთხისგან, ხოლო პოლიტიკური და საიმიჯო ნიუანსები ნაკლებად ანაღვლებს.

გამოცხადდება თუ არა სააკაშვილზე ძებნა? მოითხოვს თუ არა ის თავშესაფარს რომელიმე უცხო ქვეყანაში? ეს კითხვები მალე, სავარაუდოდ, აქტუალური გახდება და იურისტებს მსჯელობისთვის საკმარისზე მეტი საბაბი მიეცემათ. მიხეილ სააკაშვილს, დიდი ალბათობით, წინ ელოდება ნერვიულობა, მუდმივი გაქცევა საკუთარი წარსულისგან და დამთრგუნველ შიშში ცხოვრება შესაძლო დაპატიმრების გამო, რაც მისი პოლიტიკური კარიერის ფრიად სევდიანი, მაგრამ, ამავე დროს, ალბათ, ძალზე ლოგიკური ფინალი გახდება.

დიმიტრი მონიავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here