Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო სადღობელაშვილი: სააკაშვილი, СNN-იდან BBС-ში კი არა, სასამართლოდან სასამართლოში უნდა დარბოდეს

ლადო სადღობელაშვილი: სააკაშვილი, СNN-იდან BBС-ში კი არა, სასამართლოდან სასამართლოში უნდა დარბოდეს

1120

არასამთავრობო ორგანიზაციის «მამული, ენა, სარწმუნება» ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, სამი წელია, საფრანგეთში ემიგრაციაში იმყოფება, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს და თვალსაზრისს ხმამაღლა გამოხატავს. ლადო სადღობელაშვილს საფრანგეთში დავუკავშირდით. ის სამშობლოში დაბრუნებასა და ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს.

 

_ ახალმა ხელისუფლებამაც არ გაამართლა. უმოქმედო რომ არის, საფრანგეთიდანაც კარგად ვხედავ. ყველაზე დიდი უმაქნისი კი საპარლამენტო უმრავლესობაა. მას უამრავი ჩავარდნა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განავლობაში. ხელისუფლებაში არიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ «ნაციონალური მოძრაობის» რეანიმაციას. ეს სუბიექტები კი რესპუბლიკელები არიან. ცოტა ხნის წინ თვალი გადავავლე ჩემს განაჩენს, რომელიც 2010 წელს არის გამოტანილი. სწორედ იმ წელს ლგბტ-ს მხარდასაჭერად სასამართლოში მიჩივლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ _ საიამ, კერძოდ, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა _ გიორგი გოცირიძემ და თამარ კორძაიამ. კორძაია, რომელიც 4 წლის წინ საიაში მუშაობდა, დღეს პარლამენტში ზის. რა უნდა ვიფიქრო, როდესაც ცხადად ჩანს, რომ საია ყველანაირად ცდილობს, «ქართულ ოცნებას» ხელი შეუშალოს და ხელი შეუწყოს «ნაციონალურ მოძრაობას»? რესპუბლიკური პარტია კი მფარველობს და კვებავს საიას, ამიტომაც შეყარეს პარლამენტში კორძაია და მისთანები. ხომ ყველაფერი ნათელია? საია იცავს «ნაცებს», საიას კი იცავს და კვებავს რესპუბლიკური პარტია. ეს ხომ გარიგებაა?

თუნდაც ამის გამო მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლებისადმი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის არაპროფესიონალიზმზე. დღევანდელ პარლამენტართა უმრავლესობას კანონების არსი არ ესმის, შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილნი.

_ ვის გულისხმობთ?

_ რა დასახელება სჭირდება? მსახიობს, სპორტსმენს და რეჟისორს რომ პარლამენტში არაფერი ესაქმება, ეს ჩემგან უნდა ესწავლებოდეთ? ისეთებს, წლების წინათ ნარკოტიკების მოხმარებისთვის რომ იყვნენ დაკავებულები, დღეს პარლამენტში რა უნდათ?

ან ფინანსთა სამინისტროში რა ხდება? ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული და გაუბედურებული ადამიანი ცხოვრობს, ფინანსთა მინისტრი ყოველდღიურად რესტორნებში ათასებს რატომ ხარჯავს? ცნობილია, რომ ნოდარ ხადური შეხვედრებს მართავს რესტორნებში. შეხვედრა გამიგია კაბინეტში და არა _ რესტორანში. თონეში რომ ციკნებს აწვევინებს, ამაზე მთელი თბილისი ლაპარაკობს. ეს სასაცილო კი არა, ამორალურობაა. «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოსვლამდე სამართლანობის აღდგენაზე ლაპარაკობდა და მუშტებს იქნევდა. ერთი ფაქტი მაინც გამახსენეთ, რომელ სფეროში აღდგა სამართალი. არ არის რთული იმის მიხვედრა, რატომ არაფერი გააკეთეს ამ მხრივ. ეს ყველაფერი რესპუბლიკელების ოინებია. ამ ხელისუფლებაში ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილი მომწონს. ალბათ, ყველას ახსოვს ის ფარული ჩანაწერი, რომელშიც ღარიბაშვილი თინა ხიდაშელს აგინებს. ამ ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ არც პრემიერს ეხატება გულზე რესპუბლიკელები.

_ თუმცა რესპუბლიკელები ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებს იკავებენ

_ ეს იმიტომ, რომ საქართველოს საკადრო დეფიციტი აქვს. დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც აღმოიფხვრება. იმედი მაქვს, მომდევნო არჩევნებზე ბევრ რამეს ფარდა აეხდება და კოალიცია გაიცხრილება. რაც შეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი დიდებული აფერისტი აღმოჩნდა. მისი დაპირებებიდან ერთიც არ შესრულებულა. მხოლოდ ის გააკეთა, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვა ციხიდან, თუმცა მათ ნაწილს ნასამართლეობა არ მოუხსნა, ნაწილს კი პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიანიჭა. ამიტომაც ვუწოდებ ივანიშვილს გადამგდებს, მატყუარასა და აფერისტს. ბიძინა ივანიშვილი დაპირებებით მოვიდა, მაგრამ არაფერი შეასრულა, შემდეგ გაიპარა და თავისი ხელქვეთები, რომელთა უმრავლესობაც პოლიტიკური სანაგვიდან ამოიყვანა, ჩვენ შემოგვაჩეჩა. არადა, ივანიშვილი, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, გაიძახოდა, სააკაშვილს და მის ამალას გავასამართლებო. როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი რაღაც ხრიკებით გადააგორა, _ ევროპა ვერ გაგვიგებს, თუ სააკაშვლს არ მივცემთ ხელისუფლებიდან მშვიდად წასლის საშუალებასო.

სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს სააკაშვილი, რომელიც კრიმინალური ბანდფორმირების შეფია, თავისუფლად დგას კიევის მეიდანზე და თავისუფლად დანავარდობს აქეთიქით. სააკაშვილი, CNN-დან BBC-ში კი არა, სასამართლოდან სასამართლოში უნდა დარბოდეს. ივანიშვილი სამსახურებსა და კარგ ცხოვრებას გვპირდებოდა, რეალურად კი მივიღეთ უმუშევრობა, უსამართლობა და უამრავი სისაძაგლე.

 ყველაზე დიდი საშინელება კი არის ის, რომ თურმე ადეიშვილი უნდა დაჰკითხონ «სკაიპით». არადა, ვიცოდი, რომ ამ ადამიანზე ძებნა იყო გამოცხადებული. ხალხნო, სად ვცხოვრობთ, ვის ხელში ვართ და რა უბედურება გველის წინ, იქნებ ამაზე დავფიქრდეთ! სამი წელი გავატარე საფრანგეთში, სულ არ მსიამოვნებს აქ ცხოვრება. ახლა უკვე ვიბარგები და 3 კვირაში სამშობლოში დავბრუნდები, თუმცა არ მსურს, რომ ისევ მახინჯ სისტემაში ვიცხოვრო.

_ ლადო, ერთერთი პირველი იყავი, ვინც ლგბტ საზოგადოებას საჯაროდ დაუპირისპირდა. ახლა რას აპირებთ?

_ ეს ყველაფერი 2010 წლის მარტში დაიწყო, როდესაც შევიტყვე, რომ თბილისში იგეგმებოდა გეიაღლუმის ჩატარება გიგი უგულავასა და მისი გუნდის თაოსნობით. უგულავას გუნდი კი დღევანდელ «ტაბულა ტივის» შეადგენს. სწორედ ჩერგოლეიშვილი და უგულავა იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორები. იმხანად ჩერგოლეიშვილი თავის ჟურნალ «ტაბულაში» გვერდებს უთმობდა გეების დაცვას და პროპაგანდას. ეს ინფორმაცია რომ გავავრცელე, თბილისს ცეცხლივით მოედო და ხალხი დაირაზმა, ამიტომ გეიაღლუმის ჩაარება ბათუმში გადაწყვიტეს. ეს ინფორმაციაც მე გავავრცელე და ბათუმში სამღვდელოება დაირაზმა. 17 მაისამდე 2-3 თვით ადრე იწყებენ გეებიის დაცვაზე საუბარს. ბოკერიებს, ჩერგოლეიშვილებსა და მათნაირებს, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების დარდი კი არა, გრანტების დარდი აქვთ, რომელთაც უხვად იჯიბავენ.

კი, ბატონო, ვიცი, რომ არის და იქნება ლგბტ საზოგადოება საქართველოში და ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მათი არსებობის პროპაგანდას ყოველთვის შევეწინააღმდეგები. სამი წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონეს და ამ თემის პოპულარიზაციას ფრანგებიც კი ერიდებიან. ისინი მახინჯ სისტემას ებრძვიან და მათ წინააღმდეგ გამოსვლებიც კი დაიწყო. ფრანგები ვერ იტანენ ლგბტ პოპულარიზაციას და ქართველები ავიტანთ? მაგრამ არსებობს ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოში სურთ ამის დამკვიდრება, რომ საქართველოს სარწმუნოებას და მენტალობას ძირი გამოუთხაროს. 17 მაისი ახლოვდება და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ დღეს დაგეგმილი ლგბტ ღონისძიება აღკვეთოს, რადგან რუსთაველზე გეების გასეირნება ქართველთა 99 პროცენტს აღიზიანებს. ხელისუფლების ვალია, მხოლოდ იმ ერთი პროცენტის კი არა, 99 პროცენტის უფლებები დაიცვას.

რაც მთავარია, ამ ყველაფერს პროპაგანდა არ უნდა გაუწიოს ტელევიზიებმა. რა თქმა უნდა, ამ დღეს გამოვლენ გეებისა და ლესბოსელების დამცველი, კარგად დაფინანსებული ორგანიზაციები, იქნება პროვოკაციაც, შეიძლება ვიღაცას თავში რაღაც მოხვდეს, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება. ამიტომ ლგბტ-ს დამცველებს ვაფრთხილებ, შეელიონ გრანტებს და გონს მოეგონ, თორემ ძალიან მალე ქარიშხალს მიიღებენ! ამ მხრივ, სიტუაცია ყველაზე კარგად პუტინმა მოაგვარა.  უნაკლო კანონი მიიღო. მან არათუ ერთსქესიანთა ქორწინება, არამედ გეების პროპაგანდაც კი აკრძალა და მინდა, რომ ეს ვალდებულება ჩვენმა ხელისუფლებამაც დაიკისროს _ ლგბტ საზოგადოების მოქმედების აგიტაცია- პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღებაზე იფიქროს და არა ბუსუსიან თუ უბუსუსო პრეზერვატივებზე.

_ ცოტა ხნის წინათ კოკო გამსახურდიას დაუპირისპირდით, რა იყო ამის მიზეზი?

_ ის ამბობდა, კონსერვატორი ვარო, რაზეც დავწერე, რომ კოკო გამსახურდია კონსერვატორი კი არა, ჩვეულებრივი ლიბერასტია, რომელიც თანამდებობის გამო ჩუმად არის და იდეებს თმობსმეთქი.

ამის გამო მან სოციალური ქსელის საშუალებით გეი მიწოდა და უნიჭო ლექსი მომიძღვნა.  შემდეგ რაღაცები დამაბრალა, თითქოს გია მაისაშვილის პარტიიდან გამომაგდეს და მან მიმიღო. მის პარტიაში მართლაც ვმუშაობდი პრესმდივნად. იქ მას შემდეგ მივედი, რაც მაისაშვილის პარტია დაიხურა. კოკოს კარგად ვიცნობ და მინდა, ამ ადამიანს ნიღაბი ჩამოვხსნა _ კოკო და მისნაირები, სააკაშვილით დაწყებული, რიგითი კოკოებით დამთავრებული, პიარს ეროვნულობის იარლიყითა და რუსების ლანძღვით იკეთებენ.

სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში რუსებს დედას აგინებდა. ეს ყველაფერი ახალი თაობის ტვინში ჩაიბეჭდა და რუსეთს უპირობო აგრესორად აღიქვამს, მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ ხვდებიან ახალგაზრდები, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, დიდი ქვეყანა, რომლის ბაზრის გარეშეც საქართველოს არსებობა ძალიან გაუჭირდება. ჩვენმა ხელისუფლებებმა კი რუსეთი მტრად გადაგვკიდეს. სადარბაზოს მეზობელს კარს რომ მიუხურავ და სამი კვარტლის იქით მცხოვრებს დაუწყებ მეზობლობას, ისეა ჩვენი საქმე.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. იქნებ მოთმინება გამოიჩინოთ.აკი წერთ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლებაო.ამის შანსი ივანიშვილმა მოგვცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here