Home რუბრიკები პოლიტიკა «მიშიაკით» მოწამლულები

«მიშიაკით» მოწამლულები

1064

სამედიცინო ლაბორატორიებში ექსპერიმენტებს, ძირითადად, ბოცვრებსა და ვირთხებზე ატარებენ და, თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, შემდეგ მას ადამიანებზე ცდიან.

 

საქართველოს მოსახლეობას ლაბორატორიის ცხოველებად გადაქცევა ამერიკამ მოუნდომა. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ამერიკელთა პროექტი _ მიხეილ სააკაშვილი, ჩვენზე ცხრა წლის განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს და მისი უკვდავი ფრაზა, ქართველი მოსახლეობის ფსიქოლოგია უნდა შევცვალო და გავასუფთაოო, მთავარი მინიშნება იყო იმისა, რას აპირებდა და როგორ აპირებდა ძველი ხელისუფლება. «მიშიაკმა» მოქმედება 2003 წელს დაიწყო და 2005 წლისთვის საწამლავის დოზა ისე გაიზარდა, რომ ექსპერიმენტს არა მხოლოდ ვირთხები, მოსახლეობაც ეწირებოდა; ეწირებოდა ყველგან _ ქუჩაში, ციხეშიისეთ დაცულ ადგილებშიც კი, როგორიცაა, მაგალითად, შავნაბადას რეზიდენცია. საშველი არ ჩანდა. ქართველი ხალხი მშვიდად ითმენდა ექსპერიმენტს და პრინციპი, მე არ მეხებიან, ე. ი. არა უშავს, დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ კი ყველას შეეხენ, დიდი თუ მცირე დოზით ყველამ დააგემოვნა «მიშიაკი» და განადგურების საფრთხეც ყველამ თვალნათლივ დაინახა. გარდა საწამლავისა, მსხვერპლს დანატრებულ პითონებსაც არაერთხელ მიუგდეს ჩვენი საზოგადოების წევრები საჯიჯგნად და ისინიც ჭამდნენ, ყლაპავდნენ, ინელებდნენ…

რეალურად, ყველამ იცოდა, რა და როგორ ხდებოდა, ისიც გათვლილი იყო, რა გველოდა, მაგრამ 9 წლის შემდეგ «მიშიაკს» შენახვის ვადა გაუვიდა და ამერიკელებმა უკან გაიხმეს. ვეჭვობ, რომ მათ ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, «მიშიაკი» უფრო დახვეწეს, უფრო მომწამვლელი გახადეს და გემოც სხვანაირი, უფრო არომატული მისცეს, მოქმედების ვადა 9 წელზე ხანგრძლივი რომ ჰქონდეს

როგორც ჩანს, საქართველოზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გარკვეულწილად გაამართლა და ახლა «მიშიაკის» მოქმედების არეალის გაზრდა გადაწყდა. შესაბამისად, საწამლავი გადაისროლეს უკრაინიაში, სადაც მის გასასაღებლად ძალიან კარგი გარემოა შექმნილი და «მიშიაკმაც» მოქმედება უკვე დაიწყო. მართალია, ქართველი მოსახლეობა თავგამოდებით გაყვირის, ეგ «მიშიაკი» მომაკვდინებელიაო, მაგრამ ისე ჩანს, ამ საწამლავს უკრაინაშიც ისევე ჰყავს მომხრეები, როგორც თავის დროზე ჩვენთან ჰყავდა. თანაც, თუ 2003 წელს ჩვენთან «მიშიაკის» გამომყენებლები გამოუცდელნი იყვნენ, ახლა დახელოვნებულნი არიან _ მკვლელობისთვის საჭირო დოზა ზუსტად იციან და ძველ შეცდომებს ნაკლებად დაუშვებენ. ისე როგორ იქნებოდა, «მიშიაკი» ამხელა ქვეყანას მარტო მორეოდა და ამიტომაც, მალე უკრაინაში საწამლავის ისეთი სახეობების გამოჩენას ელიან, როგორიცაა «დათა» (დათა ახალაია) და «ჰარი პოტერი» (ზურაბ ადეიშვილი). კულუარული მკვლელობების დიდოსტატებს მოიერიშე და ოჯახების განადგურებაში დახელოვნებული «ჩმორიც» დაემატება და ნელნელა დაიწყება იმ უკრაინული დემოკრატიის შენება, რომელიც ამ ქვეყანას ტერიტორიებს ეტაპობრივად დააკარგვინებს, მოსახლეობას სიღარიბის ზღვრამდე მიიყვანს, ციხეებს გაავსებს და ქუჩაში «შემთხვევით» დაცხრილული ხალხის რაოდენობას გაზრდის.

წესითა და რიგით, თუ უკრაინელთა ბედი გვაღელვებს, ახლა ბოლო ხმაზე უნდა ვყვიროდეთ, რომ «მიშიაკი» მომაკვდინებელია და ახლოს არ გაეკარონ, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მშვიდად ვაკვირდებით, როგორი მცირე დოზებითა და დახვეწილად შეჰყავთ საწამლავი უკრაინის ვენებში. ევროპა და ამერიკა კი «მიშიაკს» სატელევიზიო ეთერსაც უთმობს, ტაშსაც უკრავს და მიმქრალ «დემოკრატიის შუქურას» სულს უბერავს, რათა მისი არსებობა ისევ იგრძნონ, ისევ იცნონ და ისევ აღიარონ.

რა შედეგი ექნება ამას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვიტყვით, _ «მიშიაკი» ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მისი მიღება უცილობელ სიკვდილს იწვევს.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here