Home რუბრიკები პოლიტიკა პოლ კრეიგ რობერტსი: თუ რუსები არ გაიღვიძებენ, ისტორიის კუთვნილებად იქცევიან!

პოლ კრეიგ რობერტსი: თუ რუსები არ გაიღვიძებენ, ისტორიის კუთვნილებად იქცევიან!

576

აშშის ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე, ცნობილი ეკონომისტი და პუბლიცისტი უკრაინული სასაკლაოს სავარაუდო შედეგებზე საუბრობს. პოლ კრეიგის სტატია «რუსეთი დარტყმის ქვეშ» მის ოფიციალურ ინტერნეტგვერდ Paulckaigroberts.org ზე გამოქვეყნდა.

 

ჩემს რამდენიმე სტატიაში უკვე ავხსენი, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ისთვის წინააღმდეგობას წარმოადგენდა. სსრკ-ის დაშლამ ხელ-ფეხი გაუხსნა აშშ-ის ნეოკონსერვატიულ წინსვლას მსოფლიოში ჰეგემონიისკენ. ნეოკონსერვატიული დღის წესრიგის შემზღუდველები მხოლოდ რუსეთი პუტინთან ერთად, ჩინეთი და ირანი არიან. ატომური რაკეტები და სამხედრო ტექნოლოგიები _ ეს ყველაფერი რუსეთს ძლიერ სამხედრო წინაღობად აქცევს აშშ-ის ჰეგემონიისთვის. რუსეთის გასანეიტრალებლად ვაშინგტონმა რეიგანისა და გორბაჩოვის შეთანხმება დაარღვია, ნატო ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიებზე გააფართოვა და ახლა განზრახული აქვს, ნატოში შეიყვანოს თვით რუსეთის ყოფილი ნაწილები _ საქართველო და უკრაინა. ვაშინგტონმა დაარღვია ხელშეკრულება, რომელიც კრძალავდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და რაკეტსაწინააღმდეგო ბაზები რუსეთის საზღვარზე განალაგა. ვაშინგტონმა უღალატა თავის ატომურ სამხედრო დოქტრინას, რათა საკუთარი თავისთვის მიეცა უფლება, პირველმა მიაყენოს ატომური დარტყმა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთის ღირსების დასამცირებლად და ვაშინგტონისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დასათრგუნავად.

რუსეთის მთავრობა (აგრეთვე, უკრაინის მთავრობაც) უგუნურად იქცევა, როდესაც თავის ქვეყანაში მუშაობის უფლებას აძლევს უამრავ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლებიც აშშდან ფინანსდება. ესენი არიან ვაშინგტონის აგენტები, რომლებიც ამოფარებულნი არიან სახელწოდებებს «უფლებადამცველი ორგანიზაცია», «დემოკრატიის მშენებლობა» და . .

Pussy  Pior-ის აქციები არის ოპერაცია, რომელიც მიმართულია პუტინისა და რუსეთის ცუდად წარმოსაჩენად. თვითონ ქალები კი გამოიყენეს და მოატყუეს.

სოჭის ოლიმპიადაზე დასავლური მედიასაშუალებების თავდასხმა პუტინისა და რუსეთის სასაცილოდ აგდებისა და დემონიზაციის პროცესის ნაწილია.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ პუტინსა და რუსეთს აეკრძალოთ წარმატებისკენ სწრაფვის გამოვლენა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს დიპლომატია, სპორტი თუ ადამიანის უფლებები. ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები _ ეს არის პროპაგანდის სამინისტრო, რომელიც ემსახურება მთავრობას და კორპორაციებს. ისინი ეხმარებიან ვაშინგტონს, რუსეთი ლაფში ამოსვაროს. სტივენ ფ. კოენი ზუსტად აღწერს, რომ ამერიკული მასმედია ყველაფერს, რაც რუსეთში ხდება, აშუქებს, როგორც «პოლიტიკურად წაქეზებული და არაპროფესიონალური სამარცხვინო მოვლენების ბობოქარ ნაკადს».

როგორც «ცივი ომის» გადმონაშთი, ამერიკული მასმედია ინარჩუნებს თავისუფალი პრესის სახეს, თითქოს მისი ნდობა შეიძლებოდეს. სინამდვილეში, ინტერნეტსაიტების გამოკლებით, ამერიკაში არ არსებობს თავისუფალი პრესა. კლინტონის რეჟიმის ბოლო პერიოდში აშშ-ის მთავრობამ უფლება მისცა 5 მსხვილ კორპორაციას, დაემქვემდებარებინა სხვადასხვა თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალება. ამ უზარმაზარი მეგაკომპანიების ღირებულება დამოკიდებულია მაუწყებლობის ფედერალურ ლიცენზიებზე.

ამრიგად, მასმედია ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხში ვერ გაბედავს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლას. გარდა ამისა, მედიაკორპორაციებს, უკვე დიდი ხანია, ჟურნალისტები კი არა, სარეკლამო მენეჯერები და ყოფილი სახელმწიფო მოხელეები მართავენ, რომლებიც უყურებენ არა ფაქტებს, არამედ რეკლამიდან შემოსულ თანხებსა და სახელისუფლო «წყაროებთან» დაშვების შესაძლებლობას.

ვაშინგტონი მასმედიას ამერიკელი ხალხის რუსეთთან კონფრონტაციისთვის მოსამზადებლად იყენებს და იმისთვის, რომ რუსი და მსოფლიოს სხვა ხალხები პუტინის წინააღმდეგ განაწყოს.

ვაშინგტონისთვის სასურველი იქნებოდა, რუსეთს გაცილებით სუსტი და გაცილებით თვინიერი ლიდერი ჰყოლოდა, ვიდრე პუტინია.

რუსთაგან ბევრია მიმნდობი ადამიანი. მათ გამოსცადეს კომუნისტების მმართველობა, კრახისგან გამოწვეული ქაოსი და გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ამერიკა საუკეთესო ადგილია, მსოფლიოსთვის სამაგალითო ქვეყანა, რომლისაც უნდა გწამდეს და რომელსაც უნდა ენდობოდე. ეს იდიოტური მრწამსი, რომელიც იმ დროს გამოვლინდა დასავლეთ უკარინაში, როდესაც აშშ ცდილობს ამ ქვეყნის დესტაბილიზაციას და მის ხელში ჩასაგდებად ემზადება, მნიშვნელოვანი იარაღია, რომელსაც აშშ იყენებს რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით.

ზოგი რუსი მიუტევებს ვაშინგტონს ანტირუსულ რიტორიკას და ამას იმით ხსნის, რომ ეს რიტორიკა «ცივი ომისდროინდელი» ძველი სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. «ძველი სტერეოტიპები» _ ეს არის ყურადღებით გადასატანი მანევრი, რომელიც თესავს დაბნეულობას. ვაშინგტონი რუსეთს უმიზნებს. რუსეთი დარტყმის ქვეშაა და, თუ რუსები ამას ვერ მიხვდებიან, ისტორიის კუთვნილებად იქცევიან.

ბევრ რუსს «გადამრთველ ღილაკზე სძინავს». მათ გაღვიძებას «იზბორსკის კლუბი» (ექსპერტთა გაერთიანება _ რედ.) ცდილობს. 2014 წლის 12 თებერვალს რუსულ ყოველკვირეულ «ზავტრაში» გამოქვეყნებულ სტატიაში სტრატეგიისა და სამხედრო ექსპერტები გვაფრთხილებდნენ: დასავლეთი საპტროტესტო გამოსვლებს იმისთვის იყენებს, რომ უკრაინას გააუქმებინოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრებაზე უარის შესახებ. შედეგად, ამან შექმნა სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია ფაშისტური გადატრიალების მოწყობა. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ძმათამკვლელი ომი უკრაინაში და გახდეს სერიოზული სტრატეგიული საფრთხე რუსეთისთვის.

ექტსპერტთა დასკვნით, თუკი ასეთი გადატრიალება მოხდება, რუსეთისთვის შედეგები იქნება შემდეგი:

_ სევასტოპოლის, როგორც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის, დაკარგვა;

_ სამხრეთ და აღმოსავლეთი უკრაინიდან წარმოშობით რუსი დევნილების იძულებითი ნაკადი;

_ კიევში, დნეპროპეტროვსკსა და ხარკოვში, სადაც რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის შეკვეთებს ასრულებენ, საწარმოო სიმძლავრეების დაკარგვა;

_ რუსულენოვანი მოსახლეობის დათრგუნვა იძულებითი უკრაინიზაციით;

_ ნატოს ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნა უკრაინაში, მათ შორის, ყირიმში; ტერორისტების საწვრთნელი ცენტრების შექმნა, რომელთა სამიზნეც იქნება კავკასია, ვოლგისპირეთი და, შესაძლოა, ციმბირი;

_ რუსეთის ქალაქებში არარუსი ეროვნების წარმომადგენელთა აქციები კიევის ხელმძღვანელობით.

რუსი სტრატეგები მიდიან დასკვნამდე, რომ «სიტუაციას, რომელიც იკვეთება უკრაინაში, შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს რუსეთისთვის».

რა უნდა გაკეთდეს? აქ სტრატეგიის ექსპერტები, რომლებმაც სწორად გააანალიზეს სიტუაცია, ფართო საინფორმაციო კამპანიისკენ მოუწოდებენ, რათა გამოააშკარაონ გადატრიალების ხასიათი. ისინი, აგრეთვე, მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ მიმართოს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს და უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად მოიწვიოს კონფერენცია რუსეთის, უკრაინის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე მხარე მხარს არ დაუჭერს ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოყენებას უკრაინის სუვერენიტეტის დარეგულირების საქმეში, ექსპერტები რუსეთის ხელისუფლებას ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობენ. არგუმენტად კი იშველიებენ კენედისა და ხრუშჩოვის მოლაპარაკებას, რომელიც 1962 წელს კუბის სარაკეტო კრიზისის პერიოდში გაიმართა.

მაგრამ ეს განუხორციელებელი ოცნებაა. ექსპერტები ილუზიების ტყვეობაში მოექცნენ. ვაშინგტონი თვითონ არის დამნაშავე უკრაინის კრიზისში და განზრახული აქვს, უკრაინაში გადატრიალება მოაწყოს სწორედ იმ მიზეზთა გამო, რომლებიც ექსპერტებმა ჩამოთვალეს.

ეს არის რუსეთის დესტაბილიზაციისა და აშშ-ის მხრიდან სირიასა და ერაყზე თავდასხმის თავიდან აცილების პუტინის წარმატებული დიპლომატიის უარყოფის გეგმა.

თუკი ვაშინგტონი შეძლებს უკრაინაში გადატრიალების მოწყობას, რუსეთი, როგორც წინაღობა აშშის ჰეგემონიისა მსოფლიოზე, ლიკვიდირებული იქნება. რჩება მხოლოდ ჩინეთი.

ვეჭვობდი, რომ უკრაინა დუღილის წერტილამდე სწორედ იმ მომენტში მივიდოდა, როდესაც პუტინი და რუსეთი სოჭის ოლიმპიადით იქნებოდნენ დაკავებულნი. ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი სერიოზული სტრატეგიული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

რა რეალური ვარიანტები არსებობს რუსეთისთვის? ნებისმიერ შემთხვევაში ვაშინგტონის მხრიდან რამე კეთილი ნების იდეა უნდა გამოირიცხოს.

შესაძლოა, რუსეთმა ამერიკული სცენარით იმუშაოს. თუ რუსეთს ჰყავს უპილოტო თვითმფრინავები, შეეძლო ისე გამოეყენებინა, როგორც ამას ვაშინგტონი აკეთებდა ამერიკის მიერ დაფინანსებული საპროტესტო აქციების ლიდერების დასახოცად. ან რუსეთს შეუძლია გაგზავნოს სპეცრაზმი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი აგენტების გასანადგურებლად. თუკი ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის დესტაბილიზაციისთვის მხარდაჭერას, მაშინ რუსეთს შეუძლია შეუწყვიტოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის მარიონეტები არიან.

გარდა ამისა, რუსეთის ჯარს შეუძლია, დაიკავოს დასავლეთი უკრაინა, ვიდრე არ გაფორმდება ხელშეკრულება უკრაინის გაყოფის შესახებ, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში ერთიანი რუსეთის ნაწილი იყო.

ცხადია, რომ აღმოსავლეთი უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთი ურჩევნია ევროკავშირს. ისიც შესაძლებელია, რომ დასავლეთ უკრაინის საკმაოდ ტვინგამორეცხილი პერსონაჟები, შეწყვეტენ დორბლის ყრას და მიხვდებიან, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ხელში ყოფნით უკრაინა ისევე გაიძარცვება, როგორც საბერძნეთი და ლატვია.

მე აღვწერე ყველაზე ნაკლებად სახიფათო შედეგები კრიზისისა, რომელსაც ქმნიან ვაშინგტონი და მისი უგუნური მარიონეტი ქვეყნები. ყველაზე ცუდი შესაძლო შედეგი კი ომია. თუ რუსები გულხელს დაიკრეფენ, სიტუაცია მათთვის აუტანელი გახდება. და რადგან უკრაინა ნატოს წევრობისა და რუსი მოსახლეობის დათრგუნვისკენ მიილტვის, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ან თავს უნდა დაესხას უკრაინას და დაამხოს უცხო რეჟიმი, ან დანებდეს ამერიკელებს.

შედეგი თავხედური სტრატეგიული საფრთხისა, რომელთან შეჯახებისკენაც რუსეთს უბიძგებს ამერიკა, არის ატომური ომი.

ნეოკონსერვატიული ვიქტორია ნულანდი ზის სახელმწიფო დეპარტამენტში და სიხარულით არჩევს უკრაინის ახალი მთავრობის წევრებს. გაცნობიერებული აქვს მას ატომური ომის დაწყების რისკი უკრაინისა და რუსეთის საშინაო საქმეებში ვაშინგტონის ჩარევის გამო? იციან კი პრეზიდენტმა ობამამ და აშშ-ის კონგრესმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შესახებ, რომელმაც შეიძლება არმაგედონი გამოიწვიოს?

უდარდელი ამერიკელები ყურადღებას არ აქცევენ და აზრზე არ არიან, რომ ერთი მუჭა ნეოკონსერვატიული იდეოლოგები მსოფლიოს განადგურებისკენ უბიძგებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here