Home რუბრიკები საზოგადოება ციხეებში სუბარდაკია

ციხეებში სუბარდაკია

638

საქართველოს პრემიერმინისტრი საჯაროდ კი ამბობს ხოლმე, მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ვარ და არც ერთ მინისტრთან პრეტენზია არ მაქვსო, მაგრამ ცხადია, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის მუშაობით კმაყოფილი ვერ იქნება.

 

მიზეზი ყველასთვის ნათელია _ კვირა არ გავა, რომელიმე დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა არ დაიწყოს. ამასთანავებოლო ხანს მსჯავრდებულები არასათანადო მოპყრობაზეც აპელირებენ. და მაინც, რა ხდება ციხეებში, სადაც არსებული ვითარება ბევრისთვის დღემდე იდუმალებით არის მოცული? ამ სტატიის მომზადებამდე გეგუთის, ქსნის, რუსთავისა და მეექვსე დაწესებულების, . . კრიტის პატიმრებს ვესაუბრეთ და შევეცადეთ, დაგვეხატა სურათი, რომელიც რეალობასთან ძალიან მიახლოებულია.

გეგუთის ციხის პატიმრებმა უკვე მერამდენედ დაიწყეს მასობრივი შიმშილობა. ამჯერად მიზეზი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფის, დიმიტრი დარბაისელის ქმედებაა. მართალია, პატიმრებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, დარბაისელი დაწესებულებაში შემოვიდა და ახალაიას პერიოდის დაბრუნებით დაგვემუქრაო, მაგრამ ეს ამბავი ძნელადდასაჯერებელია. სამაგიეროდ, ის არის სარწმუნო, რომ დარბაისელმა პატიმრებს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდა და რეჟიმი ყველა დაწესებულებაში გაამკაცრა, რომელსაც უკმაყოფილება მოჰყვა. ყველაზე დიდი ხმაური კი ჯინსების აკრძალვამ გამოიწვია. ვერ გეტყვით, რა მოსაზრებით, მაგრამ ზონებსა და ციხეებში ჯინსის შეგზავნა ძველი ხელისუფლების დროსაც აკრძალული იყო და პატიმრებს ზამთარ-ზაფხულ ე. წ. სპორტულებით უწევდათ ყოფნა. ხელისუფლების ცვლილების შეედეგ ჯინსები დაუშვეს, ახლა კი ისევ აიკრძალა.

«მიზეზი მარტივია: ზამთარში ვიყინებით და ჯინსი ყველას გვინდა. ვთხოვთ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომ ჯინსის შემოგზავნის უფლება მოგვცენ. ისინი კი სანაცვლოდ თანამშრომლობას, ანუ სხვა პატიმრების «ჩაშვებას» გვთხოვენ და უკმაყოფილებაც იწყება. ყველაფერი კი კარცერით სრულდება. ზუსტად ასე იქცეოდა წინა ხელისუფლებაც. ვინმემ აგვიხსნას, რა გახდა ეს ჯინსი?! სხვათა შორის, ცემატყეპა ნელნელა, მაგრამ საფუძვლიანად დაიწყესთუ ვინმე კარცერში შემოელახებათ, სხვა ზონაში მიჰყავთ, ჩვენ რომ არ გავიგოთ პატიმრის გალახვის ამბავი», _ გვითხრა გეგუთის დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა.

კვირის ბოლოს გეგუთში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პატიმრებს სპეცრაზმის შეყვანით დაემუქრნენ, თანაც ტელეფონები გაუთიშეს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს მშობლებთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა.

ტელეფონების თემა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც სუბარი, უბრალოდ, ვერ აგვარებს.

«ვითომ რა ქნეს, ტელეფონები რომ გაგვითიშეს? ზონაში მობილური ბევრს აქვს და მარტივად დავრეკეთ. თითო ტელეფონის შემოტანა 2000 ლარი ღირს და ეს ყველამ კარგად იცის. ამ თანხას დაწესებულების უფროსს ვუხდით. რა, არ იციან, რომ ტელეფონები გვაქვს? არ უყენიათ ამომცნობი აპარატები, რომ აქედან ზარი გადის? ან ზონიდან ზონაში რომ ვლაპარაკობთ მობილურებით, არ იციან? თავიანთი ჭკუით, მაგრები არიან, ჩვენს საუბრებს უსმენენ, აქაოდა, რამე თუ წამოსცდათ, გავიგებთო. ჯერ ერთი, არაფერი წამოგვცდება და მეორეც, როგორ უნდა ახსნან ზონაზე ათეულობით მობილურის არსებობა? მაშინ სუბარმა ყველა დაწესებულების შეფი უნდა გაწიროს და თქვას, რომ სისტემამ კრახი განიცადა, ამას კი არ იზამს. დაგვიჯერეთ, რომ სხვაზე ნაკლებად არ ვიცით კანონები», _ ესეც გეგუთის პატიმრის სიტყვებია.

მობილური ტელეფონების არსებობა ე. წ. ბლატატა (კაი ბიჭები) პატიმრებს აძლევთ ხელს, მაგრამ ტელეფონის აპარატები რიგითი პატიმრებისთვის ნამდვილი სატანჯველია. საქმე ის არის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში . . თამაშები დაიწყო, რის შედეგადაც არაერთი პატიმარი ზარალდება. მართალია, «მაყურებლების» მოთხოვნით, თანხა 3 ათას ლარს არ აჭარბებს, მაგრამ როგორი გადასახდელია თუნდაც ეს 3 ათასი ლარი, თავად განსაჯეთ.

«თითქოს თამაშს არავინ გაძალებს, მაგრამ ეს _ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი თამაშს გვაძალებენ და ყველამ იცის, რა შედეგით დასრულდება. კარტი, ზარი… _ ყველაფერს თამაშობენ. მერე მობილურს მოგცემენ და ახლობელს ურეკავ, _ სადაც გინდა და როგორც გინდა, 3 ათასი მიშოვეო. ადმინისტრაციამ იცის, ძალიან კარგად იცის, რაც ხდება, მაგრამ არაფერს აკეთებს», _ გვითხრა რუსთავის მე-17 დაწესებულების ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა.

სხვათა შორის, ახლა აღარავინ ახსენებს, რატომ დაიხურა რეალურად რუსთავის მე-16 დაწესებულება. ადმინისტრაცია იმდენად ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, რომ მთლიანი ზონის დაშლა და პატიმრების გადანაწილება გადაწყვიტა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზონის დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა სპეციალური საძებნი საშუალებებით ორი ტომარა მობილური ტელეფონები გაიტანეს.

«გარდა იმისა, რომ აქედან ადმინისტრაცია ამკაცრებს რეჟიმს და იქედან მაყურებლები გვავიწროებენ, ხელისუფლება რეალურად აღარ ზრუნავს ჩემზე. ამოგვადინეს ყელში, _ ამდენი კაცი გავუშვით, მეტი რა გინდათო?! სხვა თუ გავიდა, ამით მე რამე მეშველა? ეკა ბესელია შეგვპირდა, თითოეულის საქმეს განვიხილავთ და ამისთვის ორ კვირაში სპეციალური კომისია შეიქმნებაო. ორი კი არა, რვა კვირა გავიდა და არავის მოუკითხავს. ახლა ბესელია კიდევ ორ კვირას ითხოვს. არჩევნებამდე უნდათ მშვიდად მისვლა, მერე კი, სულ ცოტა, ორი წლით დაგვივიწყებენ.

 გაჩუმებას აღარ ვაპირებთ, სულერთია, სპეცრაზმი შემოვა თუ არა, ადმინისტრაცია და მაყურებლები სპეცრაზმზე უარეს დღეში გვაგდებენ. გარეთ ჩვენი ახლობლები ყოველდღიურად ფულის საშოვნელად დარბიან და, თუ ვერ იშოვიან, თავის მოკვლა სჯობს», _ ესეც გეგუთიდან გვითხრეს.

მოკლედ, დღეს რეალობა ასეთია: ხელისუფლება პატიმართა მიმართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა. თუ მანამდე ციხეში მოხვედრილ ადამიანს ადმინისტრაცია სასტიკად უსწორდებოდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მსჯავრდებულებმა არნახული თავისუფლება იგრძნეს. მთავრობა მიხვდა, რომ ასე არ შეიძლებოდა და მოშვებული რეჟიმის მოჭერა გადაწყვიტა, თუმცა პატიმრებმა დათმობა არ ისურვეს. ამიტომ კარგად აპრობირებულ მეთოდს მიმართეს და საქმეში «მაყურებლები» ჩართეს. მათ კი, თავის მხრივ, სრული ავტონომია მოითხოვეს და მიიღეს კიდეც. შედეგად, დღეს რიგითი პატიმარი ყველა მხრიდან იჩაგრება და საშველიც არსაიდან ჩანს. ისიც გვითხრეს, თუ სიტუაცია მალე არ შეიცვალა, სასჯელაღსრულების სისტემაში არნახულ და გაუგონარ პროტესტს ელოდეთო.

დავით მინდიაშვილი

P.S. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 თებერვალს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ხელფეხდასერილი 3 პატიმარი გადაიყვანეს, სხვა პატიმრები კი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოშია მათავსეს. შეგახსენებთ, რომ გეგუთის კოლონიაში 800-მდე პატიმარი, უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობს.

 

1 COMMENT

  1. გარეთ რა ხდება ნახეთ ნაც-ოცნების ხელში და თქვენ სამართლიან ცხოვრებას ციხეში ელით? სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს! ორთავა გველვეშაპი ნაც-ოცნება იმ მეთოდებით აგრდძელებს ცხოვრებას რა მეთოდებით აქამდე ცხოვრობდა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here