Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: არ ვენდობი ივანიშვილს და ვფიქრობ, რომ ის ტყუის, _ მან...

თემურ ქორიძე: არ ვენდობი ივანიშვილს და ვფიქრობ, რომ ის ტყუის, _ მან ყველაფერი იცოდა!

753

აწ უკვე ბრჭყალებში და ბრჭყალებს გარეთ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების წინაშე თავისი ბოლო გამოსვლისას კიდევ ერთხელ «გაგვაოცა». საზოგადოებაში ხშირად სვამენ შეკითხვას _ ვინ არის დღეს ბიძინა ივანიშვილი და რა ფუნქცია აკისრია მას? საქართველოს იდეოლოგიური და ინტელექტუალური პატრიარქი? ამ შეკითხვებზე პასუხისთვის «საქართველო და მსოფლიომ» ეროვნული მთავრობის ყოფილ წევრს, ფილოლოგ თემურ ქორიძეს მიმართა.

 

_ საზოგადოება ინტერესით ადევნებს თვალყურს თავისი ერთადერთი მილიარდერი შვილის ყოველ მოძრაობას, რაც გასაკვირი სულაც არაა, თუმცა სასურველი იქნებოდა, ასეთივე თუ არა, ცოტა ნაკლები ყურადღება მაინც გამოეჩინა ქართველი საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის მიმართ.

რამდენიმე დღეა, ერთ პიროვნებაზე ვფიქრობ. თქვენი გაზეთი 12 თებერვალს გამოდის, 11 თებერვალს ბაჩანა ბრეგვაძის დაბადების დღეა. ბაჩანა ბრეგვაძე მოკრძალებული ადამიანია, მაგრამ, ვისაც წიგნი წაგვიკითხავს და წარმოდგენა გვაქვს კულტურულსაგანმანათლებლო, ინტელექტუალურ ცხოვრებაზე, აღფრთოვანებით ვაცნობიერებთ იმას, რომ საქართველოში ბაჩანა ბრეგვაძე მოღვაწეობს.

საქართველო ჭკვიანი კაცების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა, კრიზისი გვქონია, მაგრამ იყვნენ ერის კაცებიც და ინტელექტუალებიც.

არ ვეთანხმები ივანიშვილს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა «ქირავნობაა», არ ვეთანხმები ივანიშვილს, რომ მთავარი პრობლემა ჟურნალისტიკაში არსებული კრიზისია, ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა, რომ ყურს არ ვუგდებთ ბაჩანა ბრეგვაძისნაირ ადამიანებს. სამწუხაროა, რომ ახლა ბატონი ბაჩანას ხსენება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიხდება და ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ პარალელი გავავლო. ეს დიდი ტრაგედიაა ქართული საზოგადოებისა. სასოწარკვეთაში ვარდები იმის გამო, რომ საზოგადოების ინტერესი ასეა მოწყობილი. მხოლოდ მცირედნი, მაგრამ ღირსეულნი ეზიარებიან მაღალ ფასეულობებს. ამ აზრს ბიბლიაში ვკითხულობთ: «არა მისცეთ მარგალიტი ღორთა». მარგალიტებზე საუბარი მათ მცირერიცხოვან მფლობელებს დავუტოვოთ, ხოლო ფულსა და «ქირავნობაზე» ივანიშვილებმა და მისმა თანამზრახველებმა იზრუნონ.

მცირედი შესავალი გავაკეთე, ვიცი, ჩემი თანამოაზრეები ხართ, თქვენი კოლექტივი ჩემს განწყობას გაიზიარებს.

იმ შეპირაპირებაში, რომელიც გადავწყვიტე, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით გამეკეთებინა, მთელი შუქჩრდილები ირეკლება, ერთი მხრივ, ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის პიროვნება და მისი შემოქმედება და, მეორე მხრივ, ის უბადრუკი ღირებულება, რომელიც მხოლოდ შვიდი მილიარდით განისაზღვრება.

ახლა დავუბრუნდეთ «მოქალაქეს». არავის მიუქცევია ყურადღება, ერთი ახალგაზრდა კაცის გარდა, მისი სახელია ლევან ლორთქიფანიძე, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ «მოქალაქის» ეტიმოლოგია დაკავშირებულია ფრანგულ «ბურჟუასთან».

საზოგადოების ნაწილი, ივანიშვილის გამოჩენას ელოდება, რაც კარგი ნამდვილად არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების სიკეთეზე არ მიგვანიშნებს…

სამწუხაროდ, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, თავისი, ჩვენთვის უცნობი კოლეგების დახმარებით, შეგვასწავლოს «ქირავნობა», ეს მან რამდენიმეჯერ გაიმეორა. ჩემს ყურთასმენას სასიამოვნოდ არ ხვდება მუდმივად ქირაობაზე, ვაჭრობაზე, ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი, იმიტომ, რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების ნორმალური ფორმა დაქირავებაა. ასეთ დროს მახსენდება ოთარაანთ ქვრივის რეაქცია მოჯამაგირეობაზე. ივანიშვილი გვასწავლის, როგორ დავიქირავოთ ხელისუფლება, როგორ შევუკვეთოთ და შევასრულებინოთ ყველაფერი, მაგრამ გადავხედოთ უახლოეს წარსულს. ივანიშვილი იყო მთავარი დამქირავებელი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების, აღმოჩნდა, რომ ხელი მოეცარა, როგორც დამქირავებელს. მესმის, შესაძლებელია, ის დღეს ცდილობს, რომ გამოისყიდოს საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მართალია, ცდილობს იმასაც, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და ხშირად გვთავაზობს წარმოუდგენელ სიცრუეს. წაგიკითხავთ ციტატებს მისი ნათქვამიდან: «ინფორმაციას მხოლოდ სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან ვიღებდი, ამ პერიოდში ტელევიზორს პრაქტიკულად არ ვუყურებდი, ამიტომ გვიან შევიტყვე, რომ დემოკრატიის ნაცვლად ავტოკრატიას აშენებდნენ», «მე ვერაფერს ვხვდებოდი…»

დააკვირდით, ადამიანი ტელევიზორს არ უყურებდა და ინფორმაციას იღებდა ვანოსგან და მიშასგან. მისი ეს ნათქვამი სცილდება მოაზროვნის ნათქვამს, უფრო მეტიც: ავადმყოფურ მიდრეკილებაზე მეტყველებს.

 ამ წერილშივე შენიშნავს, რომ «ხალხი, როგორც ჩანს, მათგან ძალიან იტანჯებოდა და ყველაფერს ხვდებოდა». ანუ აღმოჩნდა, რომ დამქირავებელი, რომელიც საზოგადოებას ჭკუის დამრიგებლად მოევლინა, გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგარა, ვიდრე ის საზოგადოება, რომლიის «გასანათლებლადაც» იღვწის.

მისი მეორე ინტერვიუდან კი ნათლად ჩანს, რომ ის ცრუობს: «მერაბიშვილი «რუსთავი 2»- რომ ახსენებს, მე შემომხედოს თვალებში. ბევრი რამ ხომ ჩემს თვალწინ გაკეთდა, ვიცი, როგორ სთხოვეს ქიბარ ხალვაშს «რუთავი 2»-ის ყიდვა». გამოდის, რომ მას თვალები 2007 წელს კი არ აეხილა, როგორც ამბობს, მანამდე არანაკლებ მძიმე მოვლენა მის თვალწინ ხდებოდა.

მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ივანიშვილის ნათქვამს კრიტიკულად მივუდგეთ, იმიტომ, რომ არა ერთხელ ამ ადამიანს, როგორც დამქირავებელს, ხელი მოეცარა, მისი სანდოობა დიდი კითხვის ქვეშ დგას. მოდი, კარგად გავაანალიზოთ მისი ყოველი ნათქვამი და მერე ვთქვათ «ვაშა», რადგან ივანიშვილისთვის ყველაფერი ისევ ისე კარგად იქნება, როგორც 2003 წლიდან 2007 წლამდე იყო, ჩვენთვის კი ყველაფერი ცუდად იქნება. ივანიშვილს ცოცხალი თავით ვერავინ ათქმევინებს ერთ გადახრილ სიტყვასაც კი არსებულ ხელისუფლებაზე, რაც ცალკე თემა და პარადოქსია «ქირავნობაზე». ეს ადამიანები მისი ხელდასმულები არიან და ბევრი მათგანი, როგორც თავად ხშირად ამბობს, მისი ხელისბიჭი იყო, პირდაპირი გაგებით, ამას ჰქვია «გარსონ».

ივანიშვილის პრინციპია «ჯობია მოვკვდე, ვიდრე ჭეშმარიტება შევიმეცნო, ვიდრე სიმართლეს თვალებში ჩავხედო».

_ კაცობრიობამ გამოიარა მატრიარქატი, პატრიარქატიახლა ოლიგარქატი დაგვიდგა, ჩვენ ამ წყობას არ ვიცნობთ

_ მე მაინც იმ პრესკონფერენციის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. თქვენს კითხაზე პასუხს მერე გაგცემთ.

ბატონმა ბიძინამ თქვა, იუმორით შევხედოთ «ნაცმოძრაობის» ქმედებებსო. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებენ მის ამ ნათქვამს მგლოვიარე დედები, გაუბედურებული ოჯახები. დადგებიან კი ისინი იუმორის ხასიათზე, როდესაც ჯალათების სახეები კვლავ გამოჩნდება?

რაც შეეხება «ოლიგარქატს», ასეთი სისტემა ძალიან იშვიათად გამიგონია. მგონი, ჰაიტზე იყო, როდესაც ჩავიდა შეძლებული ადამიანი და ჩაუდგა სათავეში. როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ შეძლებული ადამიანები ხელისუფლებაში არ მიდიან. არსებობს დაუწერელი კანონი, შეძლებულთა ფენა ხელისუფლებაში არ მიდის. ივანიშვილს სინდისის ქენჯნა დაეწყო, რადგან ქართველი ერის შეცდომაში შეყვანაში დიდი წვლილი მიუძღვის _ მან სააკაშვილი მოიყვანა. მან შეგნებული თუ შეუგნებელი დანაშაული უნდა გამოისყიდოს.

როგორ შეიძლება შეხვდე სააკაშვილს და ვერ მიხვდე, ვინ არის, თანაც თუ მას მერაბიშვილიც ახლავს. რა ლიბრი უნდა გადაგეფაროს თვალებზე, რომ ვერ მიხვდე, ეს ორი ადამიანი რას წარმოადგენს.

არ ვენდობი ივანიშვილს და ვფიქრობ, რომ ის ტყუის, მან ყველაფერი იცოდა და, თუ მართალს ამბობს, მითუმეტეს, მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, რომ მის არც ერთ სიტყვას არ ენდოს. ამ კაცს ანალიზის უნარი არ გააჩნია.

_ ბატონო თემურ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ყოფილი პრემიერი? მერე რა, ერთი ყოფილი ციხეში ზის. არასამთავრობოს თავმჯდომარე? ასეთი ათასობით არის

_ ბიძინა ივანიშვილი არის დიდი ფულის პატრონი. ვერასოდეს გავიგებთ,  ეს ფული როგორ იშოვა. როკფელერის სიტყვები მახსოვს: «ნურავინ მკითხავს, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, დანარჩენზე ვილაპარაკოთ». როდესაც ადამიანს დიდი ფული აქვს, მას უკვე ძალაუფლებაც უნდა, მაგრამ სენეკას გაცილებით მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილს, მაგრამ ძალაუფლებაზე არ უოცნებია. ჩარლზ ფინი, არის ასეთი ადამიანი, დადის მეტროთი, უკეთია 15-დოლარიანი საათი, ცხოვრობს პატარა სახლში, მისი შვილები უბრალო სამსახურებში არიან. ის მილიარდერია. როგორ გაიგეს? აფრიკაში, ყველაზე გაჭირვებულ უბნებში დაუსრულებლად წლების განმავლობაში მიდიოდა დახმარება, რომელიც, არავინ იცოდა, საიდან იყო. დაიწყეს ძიება და ამ ადამიანს მიადგნენ. «კეთილ საქმეში, ყველაზე მშვენიერი მისი დამალვის სურვილია». ბატონი ბიძინა კი წერს: «მე ხომ ქვეყანას ოცი წლის განმავლობაში ვეხმარებოდი. ამას როგორ დამალავის თავად «ღაღადებს» თავის ღვაწლზე. ბატონი ბიძინა ჩვეულებრივი მილიარდერია, მისი მიზანი, რომ აღზარდოს, გაწვრთნას, ასწავლოს, ბოროტი ამბიციაა. ის ცუდადაც მეტყველებს. არ ვიცი, რომელი ენა იცის, ამბობს, რომ რუსული დამავიწყდაო, ინგლისურზეც პრეტენზია არ აქვს და ქართულადაც რას ამბობს, არ გვესმის, მაგრამ შეგვიძლია მივუხვდეთ.

ივანიშვილს ეცოტავება პრეზიდენტობა, პრემიერობა; მინისტრობა ხომ საერთოდ რა მოსატანია, მას სურს, იყოს მოძღვართმოძღვარი. მინდა იცოდეთ, რომ სულმოკლე ადამიანს მილიარდები თავხედობის უფლებას აძლევს.

ივანიშვილს, გარდა იმისა, რომ სურს, «ქირავნობა» გვასწავლოს, უნდა, თქვენ, ჟურნალისტებს, გასწავლოთ, არ იცრუოთ. როგორი თავხედი უნდა იყო ადამიანი, მიზნად დაისახო ის, რაც ჩვენმა შემქმნელმა იესომ 2 ათასი წლის წინ გვითხრა: «არა იცრუო». მისგან ვერ ვისწავლეთ, თან ის მილიარდელი კი არ იყო ბიძინასავით, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ივანიშვილს კი ჰგონია, რომ მას მეტი შეუძლია. როგორი ამპარტავნებაა!!! ამიტომაც არის, რომ ყველა ეპატარავება, იტყვის «ც» ნაწილაკს და მორჩა _ «პატრიარქიც ადამიანია და ისიც ცდება». ამას  იმიტომ აკეთებს, რომ ჰგონია, თავად ხელეწიფება. ეს პიროვნება თავის თვალშია გადიდკაცებული. ხშირად ამბობს: «მე ნიჭიერი ვარ», «ყველაფერი ვიცი», «ყველას ვაკონტროლებ», ამის მიღმა კი დიდი სიცარიელეა, სულმდაბალი ადამიანი. ის უსმენდა მერაბიშვილს და სააკაშვილს და ამისთვის ბოდიშსაც არ იხდის, არ აღიარებს, რომ უფლება აღარ აქვს, რაიმეს სათავეში ჩაუდგეს. ის ვერ გამოდგება საზოგადოების მასწავლებლად, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებს ვურჩევ, რომლებიც ბიძინას გვერდით არიან, არ მისცენ თავს უფლება, რომ რაიმე გვასწავლონ. აი, მაგალითად, ბაჩანა ბრეგვაძეს საერთოდ არ სჭირდება მათი სწავლება.

გავიხსენოთ არაკი, ლომმა კატას რომ უთხრა, ჩემს შვილს ხეზე ცოცვა რატომ არ ასწავლეო. ჰოდა, ბიძინამაც, ჯობია, თავის ხელისბიჭებს, «გარსონებს», ასწავლოს მილიონების შოვნა, ჩვენ კი მისგან არაფერი გვჭირდება.

ჩვენ რომ იმაზე გვეფიქრა, რაზეც ბიძინა ფიქრობს, არ გვექნებოდა ბრწყინვალედ თარგმნილი ნეტარი ავგუსტინე, არ გვექნებოდა პლატონის დიალოგები, პასკალი, არ გვექნებოდა ახალ ქართულ ენაზე თარგმნილი ბიბლია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. რას მიედ მოედებით !გონს მოდით საქართველო იღუპება ! სააკაშვილი უტებს ყველა ბერკეტებით. მტრებს ნუ ახარებთ. ხალხს ნუ აბოლებთ.

  2. ბოლომდე აღარ წამიკითხავს… იმაზე მსჯელობა, რომ რახან ივანიშვილმა თქვა, ინფორმაციას ტელევიზიიდან კი არა, სააკაშვილიდან ვღებულობდიო და ამ დროს თურმე ის ჩუმ-ჩუმად მაინც უყურებდა ტელევიზორს… – ძალიან არასერიოზული მგონია… ბატონ თემურს უფრო ლოგიკური არგუმენტები მოჰყავდა ხოლმე, ეხლა რა ეტაკა?!…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here