Home რუბრიკები პოლიტიკა რა კომპრომატები აქვს ადეიშვილს ივანიშვილზე?

რა კომპრომატები აქვს ადეიშვილს ივანიშვილზე?

695

ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა, იქით «ქართული ოცნება» ინტერესჯგუფებად არის დაყოფილი, რაც ნელნელა იკვეთება, და ივანიშვილის წასვლისთვის ემზადება. როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა, რომელი ჯგუფის მხარეს გადაიხრება სასწორი პრემიერის წასვლის შემდეგ? მაინც რა დინებებია მმართველ კოალიციაში? ვინ იქნება საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი? _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» «ქართული დასის» ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა:

 

_ ივანიშვილის წასვლის შემდეგ «ქართული ოცნების» ვერც ერთი შიდა ჯგუფი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ მოტყუებით. ეს ერთი. მეორეც _ ერთი წელია, ეს ჯგუფები ვერ იყოფენ ვერც ფულს და ვერც გავლენას, მთელი ეს პერიოდი მოანდომეს ერთმანეთის მიმართ ინტრიგებს, შიდა დაპირისპირებებსა და მერკანტილურ ინტერესებს.

ეს პარლამენტი დაკომპლექტებულია საშოვარსგადაგებული თოჯინებით, ივანიშვილის მარიონეტებით, რომლებისთვისაც ივანიშვილი კერპია; გასუქდნენ ხალხის ხარჯზე და ამის გამო ძალიან ცუდ სიტუაციაშია «ქართული ოცნების» ზოგიერთი პატიოსანი წარმომადგენელი. პირდაპირ გეტყვით: «ქართული ოცნების» დიდმა ნაწილმა თავი შეირცხვინა ამომრჩევლის წინაშე და ამაზე პასუხისმგებლობა, უპირველესად, პრემიერმინისტრს ეკისრება. და ამას თუ დაემატება ის, რომ პრემიერმინისტრი გადადგება, მაშინ გადამდგარმა პრემიერმინისტრმა კი არ უნდა დანიშნოს ახალი პრემიერი (რაც არსად ხდება, უბრალოდ, სირცხვილია, ამას რომ ამბობს ივანიშვილი), არამედ ახალი პრემიერი ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა დანიშნოს. ვერ გავიგე, რა იურიდიული უფლება აქვს, რომ ამბობს, დაგიტოვებთ კარგ პრემიერსო. უგანდაში ან სადმე ჩამორჩენილ ქვეყანაში ვართ? სად გინახავთ, რომ გადამდგარ პრემიერს ახალი პრემიერი დაენიშნოს?! ივანიშვილი რა, უფლისწულია, იმპერატორია, ფარაონია თუ რად წარმოუდგენია საკუთარი თავი? საერთოდ, ივანიშვილი ცხოვრობს წარმოსახვით სამყაროში და ასეთი წარმოსახვებით შორს ნამდვილად ვერ წავა.

_ თქვენი ინფორმაციით, ვის დატოვებას აპირებს პრემიერად?

_ ეჭვი მაქვს, რომ კვირიკაშვილის დატოვებას აპირებს. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ძალიან წესიერი კაცია. წესიერება და პატიოსნება აუცილებელი კია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყნის ლიდერი გახდე. ამას სხვა დამსახურებებიც სჭირდება. იცით, რამდენი წესიერი კაცია თბილისში და თავის საქმის მცოდნეც რამდენია? არ მგონია, მისმა გუნდმა ის აღიაროს, აუცილებლად დაუპირისპირდება მას. ისინი ძალაუფლებისა და გავლენის გამო დაუპირისპირდებიან, ჩვენ კი _ პრინციპის გამო, რადგან ჩვენთვის დატოვებაა მიუღებელი.

_ უსუფაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიცია სხვა შინაარსითა და ფორმით იარსებებსო, იარსებებს კი კოალიცია თუ დაიშლებარესპუბლიკელები დარჩებიან მონოლითად თუ გაიყოფიან? ამბობენ, რესპუბლიკელებში ორი ჯგუფია _ იმერლიშვილისა და უსუფაშვილისო..

_ მინდა გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, უსუფაშვილმა რა თქვა, არც მათი ფორმები და შიდა ინტრიგები მაინტერესებს. ცალსახად შემიძლია გითხრათ, _ ივანიშვილი რომ წავა, რესპუბლიკელები ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას, ღიად გეუბნებით. დიახ, ჩვენ ამ მძლავრ საპროტესტო ტალღას ჩავუდგებით სათავეში და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც ახალ პრემიერს დანიშნავს და ეს იქნება ხალხის მიერ არჩეული პრემიერი და არა შემოპარებული. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს აქციების ფონზე და ვგეგმავთ, ივანიშვილს შევთავაზოთ ამ პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტა. ჩავატაროთ არჩევნები და მერე შეუძლია გადადგეს. ეს არის ცივილური გზა და, თუ არ უნდა, მიიღებს საპროტესტო აქციებს ამ მოთხოვნით, რომელიც ასევე დემოკრატიული გზაა. საერთოდაც ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა რა ეგონა, პონჩიკების ჭამა?

_ ეს მას ჰკითხეთგავრცელებული ინფორმაციით, ალასანია დატოვებს კოალიციას, ამაზე რას იტყვით

_ არ ვიცი, ეგ ალასანიას უნდა ჰკითხოთ.

_ ანუ მმართველ კოალიციაში რა დინებებია, პოლიტიკოსმა ბაღათურიამ არ იცის?

_ ყველაფერი ვიცით, მაგრამ, როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ესენი ვინც არიან. ესენი არიან კარიერაზე და პირად ინტერესებზე ორიენტირებული ხალხი, სპეკულანტები. არსებობს პოლიტიკური ეტიკეტი, მე მათ საშინაო საქმეებში ვცდილობ არ ჩავერიო, მე ვუპირისპირდები მათ საზოგადო საქმეს. და აქ რა ხდება? წართმეული ქონება დაუბრუნეს ვინმეს? არა და არც დაუბრუნებენ, თუ არ გამოგლიჯე ხელიდან. ივანიშვილი, ხომ ხედავთ, «ნაციონალურ მოძრაობას» ათეთრებს, ღიად ლაპარაკობს _ ყველას ხომ არ დავიჭერთო…

_ ადეიშვილს ასე რომ აქებს, რაშია საქმე, ხომ არ იგეგმება ადეიშვილთან ერთად «ნაცების» ახალი ჯგუფის გადასვლა ოცნებაში?

_ ეს იყო არა მარტო საზოგადოების, არამედ საკუთარი დაპირებებისა და  გამონათქვამების უპატივცემულობა, რადგან ადრე სულ სხვა რამეს ამბობდა. პირდაპირ ჩანს, რომ გვატყუებდა! რა უნდა ვთქვა ამაზე? დაავიწყდა, რომ ადეიშვილი ბანდის ერთერთი ლიდერია? თუ რამე ბოროტება მომხდარა ქვეყანაში, ყველაფრის დამგეგმავი და განმახორციელებელი სწორედ ადეიშვილი იყო. და მარტო ის კი არ თქვა, რომ ნიჭიერიაო, ნიჭიერი შეიძლება ნაძირალაც იყოს, ისიც თქვა, რომ პატიოსანი კაცი იყო, კორუმპირებული არ იყო, პირველი თაობის მობილურით დადიოდა და «ციკლოვკა» არ ჰქონდა პარკეტზეო. კარგით რა, ერთერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ჩვენ ქონების ჩამორთმევაზე ვლაპარაკობდით, ქონების ჩამორთმევა ბიზნესმენისთვის, სოფელ დიღომში მცხოვრები თუ წყნეთში მცხოვრები გლეხისთვის სულ პროკურატურამ განახორციელა ადეიშვილის სქემებით. გამოდის, ივანიშვილს პირადი წყენა ჰქონდა სააკაშვილის, რაღაც ვერ გაიყვეს, რადგან, თუ ადეიშვილიც მოსწონს, ასე გამოდის, არა?! 

_ კომპრომატები ხომ არ აქვს ადეიშვილს?

_ შესაძლოა, გამორიცხული არ არის. ივანიშვილზე, ალბათ, არა. ადეიშვილს ექნება კომპრომატები მის გუნდზე, იმდენი ჩანაწერები ვისზე კეთდებოდა, ოპოზიციაზე ხომ? და, რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერები გატანილია ქვეყნიდან, ამიტომ მოვითხოვე, ყველა ჩანაწერი გამოექვეყნებინათ. თუ გამოქვეყნდებოდა, იქნებოდა ლუსტრაცია. შევიკრიბებოდით პოლიტიკური სპექტრი და ვეტყოდით მათ – შენ ან მიდიხარ პოლიტიკიდან, ან მე ამას ვაქვეყნებ. ლუსტრაცია ასე ხდება, აბა, როგორ! და არ გააკეთეს ეს, ე. ი. თვითონ მათ ეხებოდა ეს.

_ დაბოლოს, აცხადებთ, ივანიშვილი ხალხის პრობლემებს ხუხაშვილის ყურებით ისმენს და უსუფაშვილის თვალებით ხედავსო, რატომ თვლით ასე?

_ ესენი ივანიშვილის უახლოესი ადამიანები არიან, მათ ივანიშვილთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ. აი, სხვებისთვის კი დაკავშირება პრობლემაა.  პარლამენტის წევრები და მინისტრები თვეობით ცდილობენ მასთან შეხვედრას, საქმე აქვთ და ვერ ხვდებიან. დიახ, ივანიშვილი არ ხვდება მათ, რატომ? ღირსად არ თვლის, მაგრამ ეს ორი ადამიანი _ უსუფაშვილი და ხუხაშვილი ამას ახერხებს. რატომ ესენი? ესენი ივანიშვილს იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც მას უნდა. და ეს დროებითია, მერე სხვას ამოიჩემებს.

_ არადა, ითქვა, ხუხაშვილი ჩაძირულიაო, არ ჩააჩოჩეს?

_ არა, რას ამბობთ, ხუხაშვილი ისევ «დიდი ხუხაა», ისევ წყვეტს საკადრო და ეკონომიკურ პოლიტიკას. ხუხა წყვეტს, სად რა უნდა აშენდეს, რკინიგზაზე რა უნდა გაკეთდეს და რა არა; ასევეა ენერგეტიკული საკითხებშიც. ერთი სიტყვით, სტრატეგიულ საკითხებს ეს კაცი წყვეტს, პოლიტიკურ საკითხებს კი _ უსუფაშვილი. და რომ კითხულობდნენ, რატომ მოსწონს ივანიშვილს რესპუბლიკელებიო, იმიტომ, რომ რესპუბლიკელების ცნობიერება აქვს. ეს არის და ეს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ბატონო ჯონდი! თქვენ და თქვენნაირი ადამიანები უნდა იყოს პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც თორემ წასულია ჩვენი ქვეყნის საქმე. ეს კარიერისტები გამოხრავენ ამ საქართველოს სიმდიდრეს, შიმშილში ამოხდიან გლეხებსა და მუშებს სულს, ასეთ კანონებს ღებულობენ, ხოლო ვაიინტელიგენცია, რომელიც ივანიშვილის ფულებითაა დაპურებული ხმას არასოდეს არ ამოიღებს, რადგან ეშინიათ საარსებო წყაროს დაკარგვის. მაგარიხარ ჯონდი, მაგრამ მგონია მარტო ხარ.

  2. პარლამენტში რომ მოხვედრილიყავი-მაშინაც ასე ილაპარაკებდი ???
    ახლა..
    არავინ მოგწონს!!!
    ალბათ, ფიქრობ რომ ქვეყანას -ყველაზე უკეთ შენ მართავდი!!!
    განა ასე არაა ???
    კარგი,
    ვთქვათ, "ოცნება"ფულისმაძიებელთა პარტიაა…
    ამაში, ალბათ, ბევრი დაგეთანხმება,მითუმეტეს მათი
    "გაკეთებული" საქმეების შემდეგ…მაგრამ ..შენ ????
    შენ თვითონ -ნუთუ, ასეთ ანგელოზად გინდა რომ დაგინახოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here