Home რუბრიკები პოლიტიკა The National Interest: ვაშინგტონმა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებები საბოლოოდ უნდა ჩაკლას

The National Interest: ვაშინგტონმა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებები საბოლოოდ უნდა ჩაკლას

600

«ნატოს ქართული კოშმარი», _ ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Natonal  Interest  დუგ ბენდოუს სტატიას საქართველონატოს ურთიერთობებზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბოროტების იმპერია აღარ არსებობს, საბჭოთა კავშირი, კარგა ხანია, დაიშალა, ვარშავის პაქტი ისტორიის ნაგავსაყრელზეა, ევროპა ამერიკაზე მდიდარია და საინტერესოა, რატომ ითხოვს დღემდე შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას?

 

«მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროპისკენ. ივნისში კი ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ეწვია, სადაც აღნიშნა _ საქართველო ნატოს უახლოვდება, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო და, როცა ეს რეფორმები შესრულდება, ნატო იძულებული იქნება, შეასრულოს დანაპირები, რომ საქართველო ალიანასის წევრი გახდეს», _ წერს დუგ ბენდოუ და დასძენს, რომ ვაშინგტონმა უნდა შეაჩეროს ეს პროცესი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად შეიქმნა, ამერიკამ კი სისტემა ომის იარების შეხორცების შემდეგაც შეინარჩუნა.

«1970-იანი წლებისთვის ალიანსის გამართლება შეწყდა. ბოროტების იმპერია ბოროტადაც დარჩა და იმპერიადაც, თუმცა საბჭოთა ნომენკლატურა მცირე ინტერსს იჩენდა, სამხედრო აგრესიაში ჩართულობით რისკის ქვეშ დაეყენებინათ პრივილეგიები. საბჭოთა კავშირის დაშლამ კი ნატო მტრის გარეშე დატოვა», _ წერს დუგ ბენდოუ და აღნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში ალიანსის დაბნეული მომხრეები ახალი მისიების ძიებაში იყვნენ.

სტატიის ავტორი წერს, რომ ნატომ ახალი ვალდებულებების აღება გადაწყვიტა _ ალიანსი საბრძოლველად ომებს ეძებდა. ავღანეთში, ბოსნიაში, კოსოვოსა და ლიბიაში დროდადრო მიმდინარე კონფლიქტებში ნატოს პრესტიჟული სოციალური კლუბის როლი ჰქონდა, რომელიც ამ კლუბში აღმოსავლეთ ევროპის ახალ გათავისუფლებულ და შექმნილ სახელმწიფოებს იწვევდა.

დუგ ბენდოუ ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ალიანსის გენერალური მდივნის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ის მიზანია, რომელსაც ყველა იზიარებს და თუ საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ნატოში დაიდებს ბინას.

«ეს უგუნური იდეაა. საქართველო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რჩება. მნიშვნელობა არ აქვს, მოაწესრიგებს თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემას და გააძლიერებს თუ არა სამხედრო ძალებს. ვაშინგტონმა არ უნდა დადოს თბილისის დაცვის პირობა. სამწუხაროდ, საქართველო ცუდ სამეზობლოშია. ჯერ რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ შთანთქმულმა თბილისმა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. თუმცა, ცუდი ურთიერთობები გაგრძელდა და 2008 წელს ომმა იფეთქა. მანამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების იმედად, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანდებოდა, სააკაშვილის მთავრობამ სროლა დაიწყო. დასავლელი ლიდერები უფრო ფრთხილად მოეკიდნენ საქართველოს ალიანსურ პერსპექტივებს, თუმცა კონფლიქტიდან ერთი თვის შემდეგ, ნატოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა კვლავაც ღიაა და ალიანსის 26-ვე წევრი თანახმაა, რომ საქართველო ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდეს», _ აღნიშნავს დუგ ბენდოუ და დასძენს, რომ ეს სულისკვეთება უფრო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იდენტიფიცირდებოდა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ნატოსკენ სვლას.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ავღანეთში ქართული შეიარაღებული ჯარების რიცხვის გაზრდა გადაწყვიტა.

«მაგრამ მოკავშირეობის შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ ავღანეთში სამხედროების კონტრიბუციას რაიმე კავშირი აქვს ნატოს წევრობასთან. სინამდვილეში, თბილისი ბევრს ვერაფერს იგებს ავღანეთში არაკომპეტენტური, არაეფექტიანი, არაკეთილსინდისიერი ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით», _ აღნიშნავს სტატიის ავტორი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს უახლოესი მიზანი ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და შემდგომში ალიანსში გაწევრიანებაა. ის ჯარისკაცები კი, რომლებიც ახლა ავღანეთში იბრძვიან, ყველაზე მეტად უწყობენ ამას ხელს.

«სინამდვილეში კი ის ჯარისკაცები სიცოცხლეს თავიანთი ხელისუფლების მიზნებისთვის წირავენ. მაისის შემდეგ განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა, საერთო ჯამში კი სულ 29 ჯარისკაცია დაღუპული. მიუხედავად ამისა, ქართველი ჯარისკაცები კვლავაც პაიკებად დარჩებიან თავიანთი მთავრობის ძალიან დიდ პოლიტიკურ თამაშში», _ აღნიშნავს დუგ ბენდოუ.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ვიდრე თბილისისთვის ნატოს წევრობას აზრი აქვს, ამერიკისთვის ეს ცუდი გარიგება იქნება და ვაშინგტონისთვის ამერიკის უსაფრთხოება ალიანსის მიზანზე წინ უნდა იყოს.

«რა თქმა უნდა, ალიანსის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ამერიკის მუქარა, ჩაერიოს კონფლიქტში, შეაჩერებს რუსეთს. მაგრამ, ისტორიას უამრავი მაგალითი აქვს, როცა შეჩერება ვერ მოხერხდა. ამერიკელ დამგეგმავებს არასდროს უფიქრიათ ბევრი კავკასიაზე. განსხვავებით ამისგან, მოსკოვი ისე შეშფოთებული რჩება საზღვრის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო პატივისცემაზე, როგორც არასდროს», – აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ნატოს ფორმალური უსაფრთხოების გარანტიები გაამხნევებს საქართველოს, ნაკლები პასუხისმგებლობით იმოქმედოს და რომ თბილისმა უკვე გაიღო მსხვერპლი _ ტერიტორიული უსაფრთხოება _ ნატოს წევრობის სანაცვლოდ.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ 2008 წელს ამერიკული მხარდაჭერის იმედით, საქართველოს მთავრობამ სულელურად პროვოცირებული ომი წამოიწყო მოსკოვთან და ამონარიდი მოჰყავს გერმანული გამოცემა «შპიგელიდან», რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა არავის გაფრთხილებას უგდო ყური და ქართულმა რაკეტებმა ცხინვალის დაბომბვა დაიწყეს.

«საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით კიდევ უფრო სავარაუდოა ომის დაწყება. ვაშინგტონმა საბოლოოდ და მკაცრად უნდა ჩაკლას საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებები. რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ევროპელების დამოუკიდებელ ქმედებას, თუ მათ სჯერათ, რომ თბილისის დაცვით მიღებული სარგებელი გაწეულ დანახარჯებად ღირს. მაგრამ, ვაშინგტონმა უარი უნდა უთხრას კავკასიაში ომის წამოწყების შესაძლებლობას», _ წერს დუგ ბენდოუ.

 

1 COMMENT

  1. საქართველოს არ ჭირდება ნატო , არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანების წევრობა. საქართველო უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო ,დაამყაროს კარგი მეზობლური ურთიერთობები ახლო თუ შორეულ სახელმწიფოებთან .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here