Home რუბრიკები საზოგადოება პროფესორი გაბიანი სამართალს ეძებს!

პროფესორი გაბიანი სამართალს ეძებს!

706

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სამართლისა და სოციოლოგიის დოქტორს, პროფესორ ანზორ გაბიანის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარდგენილ საკმაოდ დიდი მოცულობის მამხილებელ მასალებზე (ჩემი მომცრო მონოგრაფია სათაურით «საქართველოში ველური კაპიტალიზმის «ყვავილობის» სათავეებთან» გამოიცა 2012 წელს და ორი, აგრეთვე, მამხილებელი შინაარსის მოზრდილი წერილი, გამოქვეყნდა გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» მიმდინარე წელს) იუსტიციის სამინისტროს პასუხს (რომელიც მივიღე 2013 წლის 10 ივლისს საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის, ქალბატონ მადონა ღიბრაძის ხელმოწერით) მოკლედ შეიძლება ასე ვუპასუხოთ:

 

სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მადონა ღიბრაძე თავის მოკლე, ლაკონურ პასუხში მიუთითებს, რომ «თქვენი განცხადება არის ზოგადი შინაარსის მქონე და მასში არ არის მითითებული პროკურატურის მუშაკების რაიმე კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თაობაზე… ამიტომ გთხოვთ, კონკრეტულად მიუთითოთ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ და მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე».

კეთილი და პატიოსანი. მე ქალბატონ მადონა ღიბრაძის თაოსნობაზე მადლობის მეტი რა მეთქმის, როდესაც იგი გამოთქვამს მზადყოფნას, დასაჯოს ამ საქმეში დამნაშავე პროკურორები, თუ ამის შესახებ ექნება დამატებითი ინფორმაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ზემოაღნიშნული წიგნის შესავალ ნაწილში, სადაც მოცემულია ჩემ მიერ დაწერილი მოკლე განცხადება თქვენსა და ბატონ არჩილ კბილაშვილის სახელზე, პირველივე სტრიქონებში მითითებულია ამ უმძიმეს და უსაზიზღრეს დანაშაულში მთავარი დამნაშავე _ ბატონ მიხეილ სააკაშვილის ნაცელიტა, აგრეთვე, იმდროინდელი გენერალური პროკურორი თუ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და პროკურატურის რიგი სხვა თანამდებობის პირებისა, აგრეთვე, კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებისა, რომელთაც ამ თითქმის ათიოდე წლის წინ მოახდინეს ჩვენ წინააღმდეგ ბრალდების უნიჭო და უსუსური ფაბრიკაცია.

მაგრამ ქალბატონ მადონა ღიბრაძეს ეგებ ჰგონია, რომ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი უკანონობის გამო უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც, სამწუხაროდ, არ შეეფერება სინამდვილეს, ამიტომ, კიდევაც რომ იქნას წარმოდგენილი ეპიზოდები, რომელთა ჩადენაშიც ისინი დამნაშავენი არიან, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამას არ ექნება სათანადო შედეგი მანამ, სანამ არ აღიძრება სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი მიუძღვით არარსებული დანაშაულის პროვოცირებაში.

როგორც ჩანს, ქალბატონი მადონა ღიბრაძე დიდად არის დაკავებული თავისი რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებით, ამიტომ ვერ მოიცალა, დაკვირვებით წაეკითხა ჩემ მიერ წიგნის ფორმით წარმოდგენილი განცხადებაბრალდება, ხშირ შემთხვევაში იმის მითითებით, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლების მიხედვით უნდა მომხდარიყო ჩვენ წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩამდენ დამნაშავეთა დასჯა იმ დანაშაულებრივ ეპოპეაში, რომელიც, უკვე ათი წელია, გრძელდება და, თუ კარგად დავაკვირდებით დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელთა უკან ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, ევროკავშირის სტრუქტურები და, რაც მთავარია, აშშის მოქმედი ელჩი დგანან და სრულიად აშკარად საქმე იქითკენ მიჰყავთ, რომ თუ არა მასობრივი სახალხო მღელვარება, საქართველოს ნაცელიტა, რომელსაც ნაცშპანასაც უწოდებენ, არა მარტო მშრალად ამოვა უბინძურესი წყლიდან, არამედ ჩვენს თავზე ახალ უბედურებებსაც დაატრიალებს.

სხვათა შორის, ბატონ ბიძინასა და მის ზოგიერთ თანამებრძოლს, მაგალითად, თქვენ და ბატონ არჩილ კბილაშვილს, მე და ჩემი თანამოაზრეები, მიუხედავად შექმნილი საკმაოდ კრიზისული ვითარებისა, და თქვენი ძალისხმევის არასაკმარისი ეფექტურობისა, უსამართლობასთან სერიოზულ მებრძოლებად მიგიჩნევთ, მაგრამ ეს იმას სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ვერ ვაცნობიერებდეთ იმ მეტად ნეგატიურ ტენდენციებს, კერძოდ, უპატიებელ დათმობებს ნაცბანდის ოდიოზურ წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც ძალუძთ, ეს დათმობები ბოროტად გამოიყენონ და დიდი ვნება მიაყენონ მთელ თქვენს კოალიციას, პირადად თქვენ და, რაც მთავარია, ბატონ ბიძინას, თითოეულ ჩვენგანს, ანუ საქართველოს მოსახლეობას.

ამას მე, ანზორ გაბიანი, მთელი პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რადგან თითქმის ოთხი ათეული წლის წინ გავხდი პირველი კავკასიაში და ერთ-ერთი პირველთაგანი მაშინდელ სსრ კავშირში მეცნიერებათა დოქტორი ემპირიულ სოციოლოგიაში და თანაც მის ისეთ დარგში, რომელსაც, როგორც თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, ნორმიდან გადახრილი ქცევის სოციოლოგია, ხოლო შინაურობაში დამნაშავეობის ან, გნებავთ, კრიმინალური სოციოლოგია ჰქვია; და ვარ ავტორი რიგი ისეთი უნიკალური გამოკვლევებისა და პუბლიკაციებისა, რომელთაც, უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს, რომელთა მეტი ნაწილი მავან და მავან მიზეზთა გამო გასაიდუმლოებული იყო და მათ შედეგებს ეცნობოდა მხოლოდ პარტიული და საბჭოთა, სამეცნიერო, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ეგრეტ წოდებული ელიტარული ნაწილი. სწორედ ეს მაძლევს დღეს უფლებას, გავკადნიერდე და ვთქვა, რომ მეცნიერების ამ დარგის მიღწევათა შესახებ თუნდაც ყველაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა ამ ჩვენს, ვითომდა ყოვლად გაურკვეველ სოციალ-პოლიტიკურ ვითარებაში, ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა არა მარტო მმართველი კოალიციის, არამედ მის თანამოაზრეთა ფართო წრისთვის, პირველ რიგში კი თქვენთვის, ქალბატონო თეა და ბატონო არჩილ!..

რაც შეეხება ქალბატონ მადონა ღიბრაძის შენიშვნას, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილ მასალებს კონკრეტულობა აკლია, მართალია, ამ შენიშვნას მხოლოდ ნაწილობრივ ვიღებ, მაგრამ ამ მოკლე გამოხმაურებაში შევეცდები, შეძლებისდაგვარად სრულად დავასახელო იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, რომელთაც ამა თუ იმ სახით ბრალი მიუძღვით ამ «საუკუნის დანაშაულში» და დამნაშავეთა მფარველობაში, რასაც საქართველოს მოსახლეობის ფართო მასებისთვის კარგად ცნობილი კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრ «თეთრი ქალაქის», უფრო სწორად მისი ნარჩენების, რომელიც თბილისში კარგად არის ცნობილი სავაჭრო სახლ «კიდობანის» სახელწოდებით, განადგურებასა და ბოროტმოქმედთა მფარველობაში პირდაპირ მიუძღვით ბრალი.

ესენია:

საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი (რომელიც კბილებით უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი ელიტის რიგ ოდიოზურ წარმომადგენლებს, რომელთაგანაც პუბლიკაციის მოცულობის შეზღუდულობის გამო მხოლოდ ერთს _ აშშ-ის მოქმედ ელჩს დავასახელებდი) მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელზეც დღემდე საერთაშორისო ძებნაც არ არის გამოცხადებული, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა შპს «თეთრი ქალაქის» განადგურებისა და მისი ქონების ხელში ჩაგდების ოპერაციას, აგრეთვე, მისი რამდენიმე მოადგილე და ქ. თბილისის იმჟამინდელი პროკურორი, აგრეთვე, მთაწმინდა-კრწანისის აწ უკვე გარდაცვლილი პროკურორი და მისი ხელქვეითების არც თუ მთლად მცირე რაოდენობის წარმომადგენლები და ა.შ.

ქ. თბილისის რაიონული თუ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც სრულიად უსაფუძვლოდ გასცეს შპს «თეთრი ქალაქის» და მის ტერიტორიაზე მოქმედი რამდენიმე შპს-ს დაწიოკების, აგრეთვე, შპს «თეთრი ქალაქის» მაშინდელი დირექტორის _ თამაზ ბაქანიძის, საქმეთა მმართველის გია მეტრეველის, აგრეთვე, ჩემი _ ანუ შპს «თეთრი ქალაქის» გენერალური დირექტორის _ ანზორ გაბიანის დაპატიმრების სანქციები. მათგან ორმა ციხეში, წინასწარი პატიმრობის საკნებში, სრული ცხრა თვე გაატარეს, მე კი ტანმა მიგრძნო და მიმალვა მოვახერხე, მაგრამ საერთო ჯამში მიმალვაში 15 ხანგრძლივი თვე გავატარე სრულიად უსაფუძვლოდ, რისი დამტკიცებაც ყველაზე მეტი _ 30 წუთის განმავლობაში შემიძლია, თუ ამაზე თქვენი ნება და უშუალო მონაწილეობა იქნება. სხვათა შორის, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ ისხდნენ ციხეში, აგრეთვე, დირექტორი თამაზ ბაქანიძე და საქმეთა მმართველი გია მეტრეველი.

რაც შეეხება იმ სამარცხვინო ეპოპეას, ანუ ტრაგიკომედიას, რომელიც ჩვენ მიმართ საკმაოდ მძიმე რეპრესიების გატარებით დამთავრდა _ პირადად მე ყველაფერთან ერთად სრულიად უკანონოდ «დამაწესეს» 210 ათასი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჩამოგვართვეს წილები, რომელთა გამოსყიდვა აუქციონზე 1 მილიონი ლარი დაგვიჯდა, აგრეთვე, დაგვაკისრეს 1 მილიონის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულიად უსაფუძვლოდ.

რაც შეეხება ამის შემდგომ ეპოპეას, რომელიც 2006 წლიდან დღემდე გრძელდება და ბოლო არ უჩანს, დიდი კრიმინალური ისტორიაა მრავალი მოქმედი პირით და შემსრულებლით, და იგი, საუბედუროდ, ბოლოს, ალბათ, ამ, საქართველოში ყველაზე მოწინავე კულტურულ-ეკონომიკური ცენტრის სრული განადგურებით და ნაძირალა ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული კოლეგა-ბიზნესმენების და, გნებავთ, ბიზნესვუმენების მიერ ნაწილ-ნაწილ მითვისებით დამთავრდება, თუ თქვენ არ დაუსვამთ წერტილს.

დასასრულ, მსურს გამოვთქვა ჩემი ოპტიმისტური აზრი, რომ, თუ მთავარი პროკურატურის, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს ძველი, ეგრეტ წოდებულ ნაციონალურ მოძრაობასთან წილნაყარი თანამშრომლები ათი წლის თავზე მაინც კვლავ თავის მომკვდარუნების ტაქტიკას მიმართავენ, იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად დიდი გადატვირთულობისა, თქვენ, ქალბატონო თეა, რამენაირად გამოძებნით 30 წუთს, რათა ერთობლივად გადავხედოთ არსებულ მასალებს და დავაყენოთ საშველი ამ საქმეს.

ანზორ გაბიანი,

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სამართლისა და სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here