Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჩალაბაშვილი: რა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი _ მამათმავლების აღლუმი?!

თემურ ჩალაბაშვილი: რა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი _ მამათმავლების აღლუმი?!

696

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

_ ბატონო თემურ, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ცდილობდნენ, მათი ხელისუფლება ხალხის თვალში ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მემკვიდრედ წარმოეჩინათ. მეტიც, იმის ხაზგასასმელად, რომ თურმე «ვარდოსანთა» გუნდი 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პირუთვნელი გამგრძელებელია, 19 აპრილის აქციაზე ისიც განაცხადეს, რომ მალე ახალ განმათავისუფლებელ ტალღას ააგორებენ. თქვენი აზრით, რაში სჭირდებოდა თავის დროზე ან სჭირდება დღეს სააკაშვილს პირველი პრეზიდენტის სახელით მანიპულირება და, ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულება მისცა ჩვენი ქვეყნის განვითარებას ბოლო 9 წლის მანძილზე გატარებულმა პოლიტიკამ?

_ ზვიადის სახელს თავის დროზე ბევრი ამოეფარა, ბევრმა მოითბო ხელი და მერე ეს ყველაფერი მაინც დროებითი აღმოჩნდა. ხალხი რაღაც მომენტში შეიძლება მოატყუო, მაგრამ ისტორიას ვერ მოატყუებ. გარკვეული პერიოდის შემდეგ შავი და თეთრი აშკარად ჩანს. რაც შეეხება ამ 9 წელს, ჩემთვის, როგორც მაფიქრალი კაცისთვის, ძალიან რთული სათქმელია, სად ვიყავით, რა ვაკეთეთ და რას ვემსახურეთ ამდენი ხანი. საერთოდ, ასეთი რთული დრო გვიდგას _ ერთი წელი რამდენიმე წელი მგონია. მიკვირს, როგორ გადავრჩით დღემდე ან რა შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენს ეროვნულ ენერგიას; მომავალში კიდევ რა ელის ამ გასაცოდავებულ ქვეყანას, კაცმა არ იცის…

_ მომავალში გველის არჩევნები და მძაფრი პოლიტიკური ციებცხელება, რომელიც, ალბათ, საბოლოოდ დაასრულებს სააკაშვილის მმართველობას.

_ არ ვიცი, ეს არჩევნები რას დაასრულებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ხალხის მიერ მინიჭებული კანონიერი უფლებები, დღეს ბევრი არაფერი შეუძლიათ. ჩემდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, ასე მგონია, რომ ისევ «ნაციონალები» განაგებენ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, განაგებენ თუ არა, ამ ძიძგილ-ძიძგილში სული წავიდა და ვერ გავიგე, რა ხდება; დღეს, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობას ვუყურებთ ჩვენ. განსაკუთრებით ბოლო თვეებმა ნათლად გვიჩვენა ეს.

_ 8 თვე გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან და ერთადერთი დანაპირები, რომელსაც «ქართული ოცნება» მეტნაკლებად ზუსტად ასრულებს, სამართლიანობის აღდგენაა. «ნაცმოძრაობის» მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ საქმეები აღიძრა. ზოგი მათგანი დააკავეს, ზოგი კი გირაოთი გათავისუფლდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად კეთდება ეს ყველაფერი? საზოგადოებაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მართლმსაჯულება მეტისმეტად ნელა მოქმედებს.

_ მე, პოეტმა კაცმა, როგორ ვთქვა, რომ ვიღაც დასაჭერი იყო, მაგრამ ამ 9 წლის მანძილზე რა ხდებოდა ქვეყანაში, ხომ ყველამ ვიცით?! ამაზე ხომ თვალს ვერ დავხუჭავთ?! კარგი, ვთქვათ, ამერიკას ან ევროპას გავუწიეთ ანგარიში და ზოგიერთი თანამდებობის პირი ხელუხლებელი დავტოვეთ, იმ ასობით და ათასობით მოქალაქეს რა პასუხი გავცეთ, რომლებიც  სააკაშვილის რეჟიმმა გააუბედურა?! ეს ისეთი საკითხია, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მარტივად ამას ვერ გადაწყვეტს. აქ კონკრეტულ პიროვნებებზე არ არის საუბარი, მთლიანად სისტემაა დასაჭერი და გასასამართლებელი; სხვანაირი დასაწყისი მე ვერც წარმომედგინა, «ქართული ოცნება» იმას აკეთებს, რასაც საზოგადოება ითხოვდა მისგან. რაც შეეხება კითხვას, რომ პროცესები მეტისმეტად იწელება, ეს შთაბეჭდილება ყველას რჩება და, ალბათ, სწორიცაა. ხალხი დაიღალა. აღარ შეუძლიათ მეტი ადამიანებს. 20 წელია, ვიღაცის მარიონეტები ვართ. ყოველდღე ერთი და იგივე ისმის _ ეს დაიჭირეს, ის გამოუშვეს, იმან ამდენი გადაიხადა და პირობითი შეუფარდეს… აღარ მინდა უკვე ამის მოსმენა.

_ გასაგებია, რომ პროცესების გაწელვა საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ, მეორე მხრივ, პროკურატურას ძალიან ბევრი საქმე აქვს ერთდროულად გამოსაძიებელი. ამას ხომ დრო სჭირდება?

_ იმას კი არ ვამბობ, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, იმ საშინელი კადრების შემდეგ, რომელიც ტელევიზიით ვიხილეთ და ახლა კიდევ სამეგრელოში რომ აღმოაჩინეს, ამის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც რია-რიას და კატათაგვობანას თამაშს არ უნდა დაემსგავსოს. თუ იმდენად დარწმუნებული ხარ ვიღაცის ბრალეულობაში, რომ ამას საჯაროდ იძახი, მაშინ დაიჭირე და, რაც სათქმელი გაქვს, სასამართლოში თქვი. თუ არადა, კიდევ ვიმეორებ, ეს ტელეშოუები საზოგადოებას ნერვებს უშლის. დავიღალე, უკვე ოჯახში შესვლა აღარ მინდა. მე სულ სხვა რამეზე უნდა მეფიქრა და სულ სხვა საქმე უნდა მეკეთებინა, მაგრამ ამის საფიქრალს ვინ მიტოვებს. ახლა მთლად ანგელოზებად ყველა ნუ გამოდის ამ ხელისუფლებაშიც, ვითომ არაფერი საერთო «ნაციონალურ მოძრაობასთან» არ ჰქონიათ. სააკაშვილის უახლოესი მეგობრები იქაჩებიან დღეს მის წინააღმდეგ და პატიოსნებაზე დებენ თავს. ამას რომ ვხედავ, გული მისკდება…

_ «ქართულ ოცნებაში მყოფ ხალხს გულისხმობთ?

_ რასაკვირველია. «ქართული ოცნება» რა, ისეთი წმინდა საცრითაა გაცრილი, რომ იქ არავინ არ არის შეპარული?! უამრავი ვინმეა, რომელიც გულს მირევს. არ მინდა ახლა სახელები და გვარები, გამგები გაიგებს, ვისაც ვგულისხმობ.

_ ამასწინათ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის სულ რამდენიმე დღეში წავა პოლიტიკიდან და ხელისუფლებას საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილს დაუტოვებს. რა აზრის ხართ ამაზე?

_ რამდენი ჰყავს ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი, ერთი მაინტერესებს. ვინ არიან და რა ხალხია, ჩვენ ხომ ვიცით?! ბიძინა ივანიშვილს დარჩა გაძვალტყავებული საქართველო და უამრავი ადამიანი მოსარჯულებელი, რომლებიც «ქართულ ოცნებაში» შევიდნენ მხოლოდ ადგილების დასაკავებლად. სხვა, აბა, შინაგანი მრწამსი ნუთუ ასე უცებ შეიცვალა რესპუბლიკელებში და საერთოდ ვინმეში?! ვინ დაიჯერებს ამას?!

_ რესპუბლიკელები ახსენეთ და 17 მაისის მოვლენების შემდეგ მათმა ერთერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული მენტალიტეტი არის ერთგვარი სახადივით და ჩვენ ის უნდა მოვიხადოთ. როგორ გაიგეთ თქვენ ეს განცხადება?

_ რა გაგება უნდა მაგას? კაცმა პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ერი უნდა გადაგვარდეს. იმავეს არ გვეუბნებიან ჩვენი ე. წ. დასავლელი პარტნიორებიც?! აგერ ნატოს გენერალურმა მდივანმა რა განცხადებები გააკეთა ამასწინათ, _ დააკმაყოფილებთ ამა და ამ სტანდარტებს, მიგიღებთ თუ არა და თავში ქვა გიხლიათო. ხომ ხვდებით, ეს რას ნიშნავს, მათნაირი უნდა გახდე, მათი ქუდი უნდა დაიხურო, წინააღმდეგ შემთხვევაში არავის უნდიხარ.

_ ჩვენი ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა, რომ საქართველო ბუნებრივად ამ გეოპოლიტიკურ ოჯახს ეკუთვნის.

_ ჰოდა ვეკითხები მათ, რა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი: მამათმავლების აღლუმი?! გარყვნილება და აღვირახსნილობა?! ღვთისა და ეკლესიის გმობა?! ამან მოიყვანა საქართველო დღემდე?! იცით რა, არც ასეთი ნატო მინდა და არც ასეთი ეკატერინე. სული თუ არ მიჰყვა ქართველ ერს იქ, საითაც ისწრაფვის, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მომავალში სად აღმოვჩნდებით. სწორად გამიგეთ, მე ის კი არ მედარდება, გეიპარადი როგორ ჩატარდება, მე ის მედარდება, რომ ამას უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდება. ესაა უბედურება, თორემ იმათ აღარაფერი ეშველებათ _ გინდა პარადი ჩაუტარე და გინდა მტკვარში გადაყარე.

_ იმის მიუხედავად, რომ გვეგონა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ნაცმოძრაობისდროინდელი ანტიმართლმადიდებლური კამპანია შენელდებოდა, დღესდღეობით ის ერთიორად უფრო მძაფრია. როგორ ფიქრობთ, რა ძალები დგას რეალურად ამის უკან?

_ ჯერ ერთი ნუ დაგვავიწყდება, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ისევ არსებობს და თანაც ის გარკვეული ფორმით ხელისუფლებაშია წარმოდგენილი. მეორეც, თვითონ «ქართულ ოცნებაში» უამრავი ისეთი სუბიექტებია, რომლებსაც წინა ხელისუფლებაზე არანაკლებ აძლევს ხელს და სჭირდება ეკლესიის დისკრედიტება. რატომ, რისთვის, გასაგებია, _ იმისთვის, რომ ერს სულიერი საყრდენი გამოაცალონ. ამაზე მილიონები იხარჯებოდა თავის დროზე და დღესაც, ალბათ, იგივე ხდება. სახადიაო ქართული მენტალიტეტი, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. როცა განათლების მინისტრის მოადგილედ ასეთი კაცი გყავს, იქ დამთავრებულია ყველაფერი. რა უნდა მაგას განათლების სამინისტროში! ეროვნულ პრიზმაში თუ არაა გატარებული ადამიანის სულიერება, ამხელა თანამდებობაზე ვინ მოგვცა მისი წამოსმის უფლება?! მაგან თვითონ მოიხადოს ის სახადი, რომელიც სჭირს და იქნებ გონება ცოტათი მაინც გაუნათდეს, მიხვდეს, რა სისულელეებს ლაპარაკობს.

_ არამარტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მთლიანად დასავლეთი გვამუნათებს, განსხვავებული კატეგორიის ადამიანებისადმი ტოლერანტულები უნდა იყოთო.

_ ასე იწყება ყოველგვარი სიბინძურისა და გარყვნილების შემოპარება ერის სულიერებაში. ჯერ შემწყნარებლობისკენ მოგიწოდებენ, თავს გახვევენ ლამაზად შეფუთულ ათასგვარ სისაძაგლეს, მერე კი, როცა მომძლავრდებიან, ამ ყველაფერს მოწოდების კი არა, ძალადობის ხასიათი აქვს. ნახეთ, საფრანგეთში რა მოხდა? ხალხი გააგიჟეს, ისეთი კანონები მიიღეს. ერთმა ფრანგმა მწერალმა პროტესტის ნიშნად თავიც მოიკლა. ფრანგი რომ სამშობლოს სიყვარულს ასწავლის ქართველს, ეს არაა პატარა ამბავი. ჩვენ რწმენის გადამრჩენი ქვეყანა ვართ _ მართლმადიდებლობის. როცა ვეხებით ასეთ თემებს, იმდენად მეშლება ნერვები, არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს. მინდა, მჯეროდეს, რომ უფალი მაინც არ გაწირავს მრავალჭირნახულ საქართველოს.

_ რაც შეეხება «ქართული ოცნების» პრეზიდენტობის კანდიდატს, ბევრის აზრით, რომ გიორგი მარგველაშვილი უკონკურენტოა. თქვენი აზრით, რამდენად შეეფერება ის უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას?

_ არ ვიცნობ ამ ადამიანს პირადად, მაგრამ იმის ფონზე, რასაც ვისმენ და ვხედავ, მისი გამოსვლებიდან, მსჯელობიდან, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ აბსოლუტურად შეუფერებელია პრეზიდენტის პოსტისთვის. შეიძლება სწორედ ამიტომ წარადგინეს… ჩემი აზრით, პრეზიდენტი ცოტა სხვანაირი პიროვნება უნდა იყოს, სხვა მენტალობისა და შეხედულებების…

_ კერძოდ?

_ ძნელია კონკრეტული კრიტერიუმებით საუბარი, ქვეყნის პირველ პირს ბევრი რამ მოეთხოვება, მაგრამ მათ შორის ერთი მაინც მთავარია _ რომელ პოლიტიკურ გუნდსაც უნდა წარმოადგენდეს ის, ეროვნული სულისკვეთება უნდა ჰქონდეს. მე ამას «ოცნების» კანდიდატში ვერ ვხედავ და ეს მაწუხებს.

_ ეროვნულობა რაში უნდა გამოიხატებოდეს?

_ სწორად გამიგეთ, ტაშფანდური და დროშის ფრიალი არ არის ყველაფერი,  ვინც ამას ვერ იაზრებს, მას რა უნდა ხელისუფლებაში?! მე პირადად ასეთ სამშობლოში ცხოვრებას იმ პარიზელი მწერლის ბედი მირჩევნია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here