Home რუბრიკები საზოგადოება სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა

სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა

331
სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა

რამდენიმე დღეც და მართლმადიდებლური სამყარო იზეიმებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. კვლავ იქნება მოწოდებები კოვიდპანდემიის გამო ტაძარში მისვლისგან თავის შეკავების, მაგრამ ჭეშმარიტი მორწმუნეები ამ საშინელების მარწუხებიდან თავის დასაღწევად სწორედ ტაძარში ლოცვაში ხედავენ გამოსავალს; რამეთუ მხოლოდ რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას.

კვირას ბზობაა. ეს დღე ერთერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლისა. ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებულია _ ზეიმით შესვლა ოქროს კარიბჭიდან. იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს და ამოქოლილია. როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ, როცა უფალი ამ კარიბჭით ქალაქში შევიდა, მთელი იერუსალიმი შეიძრა და გამოეფინა მის შესახვედრად. ერთხმად ადიდებდნენ იესო ქრისტეს; ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არც ერთი მეფისა და არც ერთი კეისრისთვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს, არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა ფერხთით, რომელზეც უფალი იჯდა.

ბზის ტოტები, რომლებიც ამ დღეს ყველას მიგვაქვს შინ, ნიშანია იმისა, რომ ჩვენც სიხარულით ვხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, თუ კი მოვინდომებთ და გულში მხოლოდ რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარული გვექნება.

საინტერესოა ერთი ნიუანსი:

მაშინ, როცა მთელი ერი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამიოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა. იგი თავისთავს კი არა, ამ ხალხს დასტიროდა, რადგან მან ნათელი, რომელიც მის შორის იყო, ვერ იხილა და ღვთისგან ბოძებული მადლი და წყალობა უარყო.

მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4).

შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, .. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.

საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. თქვენ, ალბათ, შემეპასუხებით, მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა, არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი _ მარადიული, ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ. შესაძლებელია, მდიდრულმა სახლკარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს.

თქვენ შემეკითხებით, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით _ პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება.

მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ, განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული.

მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.

მე შევსთხოვ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ ის რწმენა და სიყვარული, რომლითაც მან ჩვენი კურთხეული ერი დააჯილდოვა, არ დავკარგოთ, შევსთხოვ, რომ მთელ ქვეყანასა და მთელ საქართველოს ბედნიერი აღდგომა გაუთენოს (უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 1 მაისი, 1983 წ.).

სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა

აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ჩვენი პატრიარქი გვირჩევს, რომ, ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულის წირვა შესრულდება, ხუთშაბათს იქნება ზეთის კურთხევა, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც იშვიათად, წელიწადში ერთხელ სრულდება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, იგი სულისა და ხორცის საცხოვნებელია, რადგან ადამიანს ის ცოდვები ეპატიება, რომელთა თქმაც აღსარებაში დაავიწყდა. ზეთის ცხების შემდეგ ათ საათზე დაიწყება წირვა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ საიდუმლო სერობას ვახსენებთ. ამ დღეს უფალმა ზიარება დააწესა და თავისი მოციქულები პირველად აზიარა. ამიტომ თქვენც შეეცადეთ, რომ უზიარებელი არ დარჩეთ. წირვის შემდეგ ფერხთბანა შესრულდება.

ხუთშაბათს საღამოს იქნება ცისკარი, რომელზეც 12 ვნების სახარება წაიკითხება. პარასკევს დილას ჟამნობა დაიწყება, ხოლო 2 საათზე _ გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს დილას წირვა შესრულდება, ხოლო შუაღამეზე კი _ შუაღამიანი და სააღდგომო ლიტანიობა.

ღმერთმა ბედნიერი და სიხარულის მომტანი აღდგომა გაუთენოს სრულიად საქართველოს, ამინ!

ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს

უცხოელი მამები ჩვენს პატრიარქზე

* მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი:

“უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ჰყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს… წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას”.

* მამა ამბროსი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი:

“ვფიქრობ, რომ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქ ილია II- სახით ყველა დროის ერთერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება”.

* მამა კალინიკე, ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელმონაზონი:

“საქართველოს ეკლესიას გამორჩეული მწყემსმთავარი ჰყავს და თავმდაბალი და მოღვაწე მღვდელმთავრები. მე საქართველოს პატრიარქი გავიცანი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას. ჩვენი დელეგაციის ყველა წევრმა დაინახა, რომ ქართველ ხალხს გულწრფელად უყვარს თავისი პატრიარქი”.

* დიმიტრი კუვერტალოვი, სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი (რუსეთი):

უწმიდესი ილია საოცრებაა მის მხრებზე დგას მთელი საქართველოს ეკლესია… მარტო ის რად ღირს, რომ მან ეს თუნდაც მცირე _ 15-20 წუთი ჩვენთვის გამოძებნა, თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე მიდიოდა და ძალიან ეჩქარებოდა… ეს ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, ოღონდ რით დავიმსახურეთ, არ ვიცი… მასში იგრძნობა უნიკალური გონიერება, ისიც, თუ როგორ იცავს და ცვლის ადამიანს მადლი ღვთისა, მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანური სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს, ყურადღებიანი მზერა, თითოეულისთვის მოახერხა ყურადღების დათმობა, მოსიყვარულე სიტყვის თქმა… ჯგუფის თითოეულ წევრს მოეფერა უწმიდესი, ეს წარმოუდგენელია… შთაბეჭდილება ენით აუწერელია… ეს განსაკუთრებული უნარი და ნიჭია, რომ ყველასთვის შეძლო ყურადღების მიქცევა… ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი… სხვა სიტყვები არა მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია… ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!”

* ჰენრიკ პაპროცკი, დეკანოზი (პოლონეთი):

“უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს პირველად 1995 წელს შევხვდი, როდესაც საქართველოში წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შესახებ ფილმის გადასაღებად ჩამოვედი;

უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძვნია, რომ ეს არ არის უბრალოდ, ადამინი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია…”

* მღვდელმონაზონი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი:

“საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მიუმადლებია მათთვის უფალსამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ…”

სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქის _ ილია II-ის ქადაგებებიდან:

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: “ღმერთი სიყვარული არს” და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა.

* * *

მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს _ მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

* * *

მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: “მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!

* * *

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: “ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი”.

* * *

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდან.

* * *

გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

* * *

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

* * *

სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას.

* * *

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება _ სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.

* * *

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: “უფალი მეფობს”. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე.

* * *

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *

დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის… მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.

ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.

* * *

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი…

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here