როდესაც პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ ანტირუსული რიტორიკა გაქვს და სხვა არაფერი, სჯობს, წახვიდე და გზა სხვას დაუთმო
(პოლიტიკური ექსკურსის გაგრძელება)
დასაწყისი იხ. #1, 2021 წ.
სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდე, მინდა, მკითხველის ყურადღება მივაპყრო ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს.
დონალდ რეიფილდი _ ერთ-ერთი დიდი ლიტერატურათმცოდნე, დიდი ბრიტანელი მწერალი, ისტორიკოსი, ადამიანთა და მცირე ეროვნებათა უფლებების შეუდარებელი დამცველი და უისტორიო ხალხის ისტორიის შემქმნელი _ მოსკოვის ლიტერატურულ საზოგადოებასა და ინტელიგენციას აცნობდა მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ისტორიას, როგორც ამ ერისა და ამ ხალხის წარმომადგენელი და აბორიგენი. ჩემი გაოცება იმან გამოიწვია, რომ ეს შესანიშნავი ინგლისელი მწერალი და მკვლევარი გაკვირვებას ვერ მალავს, რომ ქართველებმა თავიანთი ისტორია შუა საუკუნეების პერიოდის უფრო დაწვრილებით და უტყუარად იციან, ვიდრე თავიანთი თანამედროვე ისტორია, რომელშიც ცხოვრობენ. ჟურნალისტთან საუბარში მან განაცხადა, რომ XI-XII საუკუნეების საქართველოს ისტორიას შეადარებ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, ხოლო თანამედროვე ისტორია ბურუსშია გახვეული. დონალდ რეიფილდმა, როგორც უცხოელმა მწერალმა და მკვლევარმა, თავისი ამ შეფასებებით დღეს ცხადყო მიზეზები იმ ტრაგედიისა, რომელმაც შეძრა არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ რუსეთისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოაზროვნე ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც კარგად იცნობს ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.
დონალდ რეიფილდს რამდენიმეჯერ ჰყავს დამოწმებული აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რათა უფრო სანდო გახადოს თავისი მოძიებული მასალა ისტორიის ფოლიანტებში. ფეოდალური ხანის საქართველო იმიტომ უსწრებს თავისი კულტურითა და ტრადიციებით ატომური ეპოქის საქართველოს, რომ ფეოდალური ხანის ისტორიის ფალსიფიკატორები “ცეცხლზე დაწვა” და ქურიდან გადმოსულმა ფოლადმა სამარადისო დიდების შარავანდედით შემოსა პატრონყმობის ეპოქა ლეგენდარული დავითის, თამარის, შოთას თაოსნობით. ბედნიერია ეპოქა და ადამიანები, როდესაც მათ ღვაწლს შემსწავლელი და დამწერი ეყოლება, მაგრამ მძიმეა ხვედრი უსახელოდ წასული ადამიანებისა, რადგან ერთი ადამიანისთვის დიდია ისტორიის ყველა მოვლენის ერთნაირად აღწერა. სწორედ ეს დაგვანახვა ნისლიანი ალბიონიდან მოსულმა დიდმა მწერალმა. მადლობა მას!
დავუბრუნდეთ თემას _ “უსტალინოდ დარჩენილი საქართველო”.
საქართველოს სერიოზული ჟამთააღმწერელი რომ ჰყავდეს და ქვეყნის ისტორია მოვლენების კვალდაკვალ იწერებოდეს, მომავალში მკვლევარს საშუალება ექნება, მსგავსება იპოვოს საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიასა (1990 წლიდან დღემდე) და მენშევიკური მთავრობის 19181-1921 წწ. მოღვაწეობას შორის.
უსუსური მენშევიკური მთავრობა, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობის არათუ ნიჭი, მონახაზიც არ ჰქონდა, დაჟინებით გაიძახოდა, თუ ჭიათურის მარგანეცის საბადოსა და კარიერებს უცხოელებს დავუთმობთ, საქართველოს მეტი არაფერი დასჭირდება ბიუჯეტის იმ დეფიციტის შესავსებად, რომელმაც 75%-ს მიაღწიაო. მთავრობის უშედეგო მცდელობით, მარგანეცით მიზანს რომ ვერ მიაღწია, მსგავსად 1990-იანი წლების საქართველოს მთავრობისა, მარგანეცს ბორჯომის წყალიც მიუმატეს, მაგრამ ფონს ვერც ამით გავიდნენ. ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, მთავრობამ გადაწყვიტა, შემოეყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანა საქართველოში, რომელიც თავს დაადგამდა რესპუბლიკის დეფოლტიდან გამოყვანის საქმეს.
* მენშევიკურმა მთავრობამ, მსგავსად გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს მთავრობისა და აშშ-თან შეთანხმებისა, რუსეთთან სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი და სტრატეგიულ პარტნიორად აშშ გამოაცხადა.
* მენშევიკურმა მთავრობამ იმხანად ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოში გერმანიის საოკუპაციო ჯარი მოიწვია, რომელიც საქართველოში 1918 წლის 28 მაისს განლაგდა, და დაიდო ხელშეკრულება “წინასწარი შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის”.
ამავე წლის ზაფხულში ბერლინში ჩასულ საქართველოს დელეგაციას გერმანიის საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ ისინი საქართველოს განიხილავენ, როგორც კოლონიას, და ისიც განაცხადეს, რომ გეოგრაფიულად შორს რომ არ იყოს, საქართველოსთვის უფრო მართებული იქნებოდა გერმანიის ფედერაციაში შესვლა, მაგრამ, რადგან ეს არ ხერხდებოდა, სამინისტროს გამონახული ჰქონდა შესაბამისი სტატუსი _ “შორეული კოლონია”.
საქართველოს დელეგაციის წევრის კითხვას _ როგორ გესახებათ მომავალში გერმანიის წარმომადგენლის მდგომარეობა საქართველოში? _ ასე უპასუხეს:
_ ფორმით ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური წარმომადგენლობა იქნება, არსებითად კი შეიძლება უახლოვდებოდეს ინგლისის რეზიდენტს დამოუკიდებელ ჰინდურ სახელმწიფოსთან.
გენერალი კრეს ფონ კრესენშტაინი, ფაქტობრივად, ასრულებდა რეზიდენტის მსგავს ქმედებას საქართველოში და დაუფარავად ერეოდა “დამოუკიდებელი საქართველოს” საშინაო საქმეებში. მაგალითად, იგი ძალიან შეწუხებული იყო, გორის მაზრის მემამულეებმა რომ ვერ შეძლეს 1917 წლის ღალის აკრეფა, რისთვისაც გენერალმა ბრძანა, შეექმნათ კომისია შემდეგი შემადგენლობით: “ორი კაცი მემამულეებიდან, ორი მთავრობიდან და ერთი გერმანიიდან (თავმჯდომარე)” და განესაზღვრათ, რამდენია ასაღები ღალა. შემდეგ “გერმანიის სპეციალურმა რაზმმა უნდა გაუწიოს დახმარება კომისიას ღალის აკრეფაში”.
გერმანელებმა ერთპიროვნულად დაიწყეს ჭიათურის მარგანეცის საბადოს მართვა, რომელზეც უნდა აშენებულიყო საქართველო-გერმანიის ურთიერთობა, რომლის მიხედვით საქართველო უუფლებო აქციონერი იქნებოდა. დაიდო კაბალური ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც დღე-დღეზე უნდა მომხდარიყო. მარიამ ღვთისმშობლის “წილხვედრ” ქვეყანას საბოლოო გაქრობა არ ეწერა და 1918 წელს პირველ მსოფლიო ომში კაიზერული გერმანიის დამარცხებამ და გერმანიაში პოლიტიკურმა გადატრიალებამ გერმანიას საქართველოდან ფეხი ამოაკვეთინა, მაგრამ მტერს რა გამოლევს?! იმავე დღეს გერმანია ინგლისმა ჩაანაცვლა და საქართველოში ინგლისის საოკუპაციო ჯარი შემოვიდა. ბრიტანეთის მთავარსარდალმა ამიერკავკასიაში, გენერალმა ჯორჯ მილნმა 1919 წლის 2 მარტს ოფიციალურად განაცხადა, _ ინგლისის ჯარებმა ამიერკავკასიის ოკუპაცია შეძლესო. ინგლისელები სულ მალე იტალიელებმა ჩაანაცვლეს, იტალიელები _ ფრანგებმა…
საქართველოზე ოდითგანვე გადიოდა საქარავნო გზები და თბილისი ყოველთვის იყო ამიერკავკასიის ცენტრი. საქართველოს გავლით იმართებოდა და რეგულირდებოდა ვაჭრობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის ხალხები უმოწყალოდ ხოცავდნენ და ჟლეტდნენ ერთმანეთს, ეს ხელს არ უშლიდა დატვირთული აქლემების ქარავანს ტვირთების გადატანაში და არასოდეს ცარიელდებოდა თბილისის ქარვასლები უცხოელი ვაჭრებისგან.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საქართველოში გამარჯვებულმა დროებითმა მენშევიკურმა მთავრობამ, სომხეთში _ დაშნაკებმა, ხოლო აზერეიჯანში _ მუსავატებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს და გააძლიერეს ურთიერთთავდასხმა და ხოცვა-ჟლეტა. საკავშირო მთავრობამ კავკასიაში და სხვა განაპირა მრავალეროვან რეგიონებში მართვის ორიგინალური მეთოდი შემოიღო: “დამოუკიდებელი” სახელმწიფოების ფედერაციული მართვა.
ქართველ უკლონისტებს არ სურდათ ფედერაციის გავლით საბჭოთა კავშირში შესვლა. მათ სურდათ, ჰქონოდათ ზღვაზე გასასვლელი ბათუმისა და ფოთის პორტების სახით და რკინიგზის კვანძი თბილიში, ამ სატრანსპორტო კვანძების გარეშეც არ შეეძლოთ არსებობა ბაქოსა და ერევანს, ამიტომ უარყვეს ფედერაციაში გაერთიანება, კავშირი გაწყვიტეს რუსეთთან და პირი იბრუნეს ევროპისკენ.
გერმანელების, ინგლისელების, იტალიელების, ფრანგებისა და სხვების მონაცვლეობით შემოსვლამ სამი წლის განმავლობაში სრულიად მოშალა საქართველოში როგორც ეკონომიკა, ისე სახელმწიფოს მართვის ორგანოები. ოხრად დარჩა პორტები და სარკინიგზო კვანძები. საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცა. ბიუჯეტი თანდათან მცირდებოდა და დეფიციტი კატასტროფულად იზრდებოდა. არსაიდან იყო სესხის მიღების იმედი. 1920 წლის ოქტომბრის ეკონომიკურ თათბირზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა: “თუ აქამდე ჩვენ ვამბობდით, რომ მივექანებით კატასტროფისკენ, დღეს უკვე მივედით კატასტროფამდე”.
თუ ქართულ ზღაპრებს გვერდზე გადავდებთ და მარო მაყაშვილის გმირობაზე არ ავაგებთ საქართველოს მომავალს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმხანად ბოლშევიკების შემოსვლა კავკასიაში არამხოლოდ ხალხის, არამედ ტერიტორიის გადარჩენაც იყო კატასტროფისგან. სწრაფმა აღმავლობამ და რკინის ხელმა წესრიგი დაამყარა და სახელმწიფო დაადგა განვითარების სტრატეგიულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტერი შეეცადა მისი განვითარების შეჩერებას.
სამწლიანი ნგრევის შემდეგ ათი წელიწადი დასჭირდა ქვეყანას, სისხლითა და ბრძოლით დალაგებულიყო და 1929 წელს დადგა დიადი გარდატეხის წელი. არამხოლოდ მზიურმა საქართველომ, არამედ დედამიწის 1/6-მა იხილა ბრძოლისა და შრომის ფონზე გიგანტური ნახტომი და გაპარტახებული რუსეთის იმპერია 1923-დან 1953 წლამდე ზესახელმწიფოდ იქცა.
1953-დან 1991 წლამდე ქვეყანა ინერციით განაგრძობდა არათუ განვითარებასა და აღმშენებლობას, რამედ სუნთქვას და რეანიმაციის პირობებში იმყოფებოდა. 1991 წელს სოციალიზმის განადგურების შემდეგ გავიდა 30 წელი და ქვეყანა სრულ უძრაობასა და ჭაობაში აღმოჩნდა. ოკეანეებში ერთმანეთს ეჯახებოდა ტვირთებითა და ადამიანებით სავსე ხომალდები, ჰაერში ნადგურდებოდა საჰაერო ლაინერები, ფეთქდებოდა ატომური ელექტროსადგურები, ჯართში ბარდებოდა ზესაიდუმლო წყალქვეშა ატომური ხომალდები, იყიდებოდა უძვირფასესი წიაღისეულის საბადოები, უკიდეგანო ხოდაბუნები, რასაც ადამიანთა სინდისიც ემატებოდა.
ბოიკოტი გამოვუცხადეთ რუსეთიდან შემოსულ სხვადასხვა სასურსათო თუ სამრეწველო საქონელს. ათასობით ვაგონი დაუცლელი იდგა საქართველოს რკინიგზებზე, საწყობებიდან თუ საკოლმეურნეო მინდვრებიდან განუკითხავად ეზიდებოდნენ სახელმწიფო დოვლათს, დანადგარ მოწყობილობებს, საქონელს. 10 წელიწადია, შავ ბაზარზე იყიდება დაშლილი სსრ კავშირის შავი თუ ფერადი მეტალი, დაზგა-დანადგარები და სხვა მოწყობილობები.
საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალებს ასცდა მილიონობით ტონა ტვირთის გადატანის მოვალეობა. სულ მალე ჩვენს საზღვაო პორტებს აღარ დაეკისრება საექსპორტო ტვირთების მომსახურება; საქართველო აღარ იქნება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი დერეფანი. რუსეთმა, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და შავი ზღვის სხვა ქვეყნებმა, სხვადასხვა გზა გამონახეს სატრანსპორტო მიმოსვლისთვის. აღარავის სჭირდება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, სხვა გზით შეიქნა შესაძლებელი ამ უზარმაზარი შემოსავლის წყაროს გამოყენება.რუსეთის დაკარგვით საქართველომ დაკარგა მაღალპროდუქტიული ძროხა, რომელიც საუკუნეები კვებავდა მცირე რესურსების მქონე საქართველოს.
2020 წელს მსოფლიოში განვითარებული მწვავე პანდემიურ ფონზე არავისთვის საეჭვო არ არის ის გარემოება, რომ უახლოეს წლებში, პანდემიის დაძლევის პირობებშიც კი, მას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, რომლის გადალახვა, შესაძლოა, უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე თვით პანდემიის.
ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, უფრო დაზარალდება ისეთი პატარა და მყიფე ეკონომიკის ქვეყნები, როგორიცაა საქართველო. არადა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიამდე მწვავედ იდგა ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა:
* უმუშევრობის მაღალი დონე;
* სიღარიბე;
* საშუალო ხელფასის დაბალი დონე;
* ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემები და მასთან დაკავშირებული კორუფციული ფონი;
* სოფლის მეურნეობის სექტორის განუვითარებულობა და მისი საკმაოდ დაბალი წილი მთლიან შიდა პროდუქტში;
* განათლების სისტემის წარმოჩენა და მცირე ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში;
* ჯანმრთელობის სისტემაში არსებული პრობლემები, რომლებიც ნათლად გამოჩნდა კოვიდთაან ბრძოლის დროს;
* საპენსიო უზრუნველყოფის დაბალი დონე და ხანდაზმული ადამიანების გაუსაძლის პირობებში ყოფნა;
* წლიდან წლამდე საქართველოდან მიგრაციის მაღალი ტემპები, განსაკუთრებით მთიანი რეგიონებიდან;
* ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში არავითარი პროგრესი, რაც ასევე მოითხოვს დევნილთათვის სერიოზული საბიუჯეტო ხარჯების მობილიზაციას.
ამ სიის გაგრძელება, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი წერილის მიზანი, ეკონომიკური ანალიზი კი არა, იმაში გარკვევა უფროა, ასეთი მძიმე ეკონომიკური აწმყოთი და უფრო მძიმე მომავლით გვაქვს კი ჩვენ უფლება, კარგად არ გავაანალიზოთ, რას გვაძლევს რუსეთთან ასეთი მწვავე დაპირისპირება და კარგია ეს ჩვენი ქვეყნისთვის თუ ცუდი. იქნებ ვინმემ ურჩიოს ანტირუსული რიტორიკის ავტორებს, საკმაოდ გაცვეთილი ლოზუნგი რომ შემორჩათ არსენალში, თავისუფლება თუ გინდათ, ქამრები შემოიჭირეთო, მივიდნენ ელიავას ბაზრობაზე და კარგად დააკვირდნენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსულ, ერთ დროს ყველაფრით უზრუნველყოფილ თანამემამულეებს, და იქნებ შეამჩნიონ კიდეც, რომ მათ ქამრები, დიდი ხანია, ბოლო ნიშნულზე აქვთ შეკრული. ისინი ისე აღამ-ათენებენ, შეიძლება, ერთი ლუკმაც ვერ მიიტანონ ოჯახში, მაგრამ არ იზამენ ამას ჩვენი ე.წ. ლიბერალური, ახალგამოჩეკილი თაობის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ თვითონ არასდროს უფიქრიათ არც ქამრების შემოჭერაზე და არც თავიანთი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრების დათმობაზე. მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის უნდათ მათ პოლიტიკაც, ჟურნალისტიკაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ, რაც უფრო მწვავე იქნება ანტირუსული რიტორიკა, მით მეტ ქულებს დააგროვებენ ისინი თავიანთი პოლიტკიური პატრონების წინაშე.
ყველას კარგად გვახსოვს, ბოლო წლებში საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს რესტორანში შესვლისას იქ დამხვდურები უსვამდნენ კითხვას _ გვითხარით, რუსეთი უკუპანტია თუ არაო? და თუ კითხვაზე პასუხს არ მიიღებდნენ, მაშინ არ მოემსახურებოდნენ; ან, საერთოდ, დიდი ასოებით იყო ეს ტექსტი შესასვლელთან გაკრული. საბოლოოდ, მივიღეთ (პანდემიაცაა ამაში, რა თქმა უნდა, დამნაშავე) დაცარიელებული საოჯახო სასტუმროები ქობულეთსა და მესტიაში, კახეთსა თუ ბათუმში და ათასობით სამაუშაოდაკარგული ადამიანი, რომელთა სასოწარკვეთას საზღვარი არ აქვს…
დასკვნისთვის
მათ გასაგონად, ვისაც პოლიტიკაში ან ჩვეულებრივ ყოფაში თავი ვერ დაუღწევია შავ-თეთრი აზროვნებისგან და საკითხს მხოლოდ ასე უყურებს _ კარგია თუ ცუდი რუსეთი? აი, პუტინის ბრალია ყველაფერი, თორემ ჩვენ არც აფხაზეთს დავკარგავდით და არც სამაჩაბლოს. ასე პრიმიტიულად მოაზროვნეთა გასაგონად მარტივი პასუხი არსებობს _ დიდ ქვეყნებს ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ თავიანთი ინტერესები და ისინი ვერასოდეს ვერ იქნებიან ალტრუისტები. ვისაც ჰგონია, რომ პრობლემა პუტინშია, მას უნდა ახსოვდეს, რომ, სულ რაღაც, 3 ათეული წლის წინათ გვიწოდა ჩვენ მცირე იმპერია მსოფლიოში ისეთმა აღიარებულმა რუსმა ლიბერალმა, როგორიც იყო ანდრეი სახაროვი, ხოლო თანამედროვე რუსი ოპოზიციონერების _ ნავალნისა და ნემცოვის (ღმერთმა ნათელში ამყოფოს) აზრები საქართველოზე, ვფიქრობ, პუტინის ქმედებებზე უფრო მკვეთრია, რადგან მათი ინტერესები მათ ქვეყანას ეხება. ასე რომ, დასკვნისთვის შეიძლება შემოგთავაზოთ: ყველა ის რუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი თუ მეცნიერი, რომლებსაც ობიექტურობის (კიდევ კარგი, რომ ასეთები არსებობენ) ნიშანწყალი ეტყობათ, დიდი პატივით უნდა მივიღოთ; შევეცადოთ, გამოვიყენოთ სახალხო დიპლომატია თუ ოფიციალური არხები, რათა ბევრ შემთხვევაში ჩვენ მიერ გაუაზრებელი მოქმედებებით მიღებულმა შედეგმა უარეს მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს.
აი, სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემ მიერ რუსი გავლენიანი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს, მასპინძლობა და თქვენც გირჩევთ, ეძებოთ, მოიწვიოთ, უმასპინძლოთ და აუხსნათ მათ, რა არის ჩვენი მიზნები ამ ახალ რეალობაში; ჩამოიბერტყეთ ზედმეტი ამბიციები და სწორად დავანახვოთ მათ ჩვენი საჭიროების აუცილებლობაც, მანამდე კი კვლავ განვაგრძობ XX საუკუნის კვლევას და ჩემს ცენტრში მომსვლელ ყველა დამთვალიერებელსა თუ დაინტერესებულ პირს ფაქტებით ავუხსნი, რომ სწორედ საქართველოსთვის იყო ეს პერიოდი ერთ–ერთი წარმატებული. სწორედ ამ ეპოქაში მიაღწია საქართველომ შედეგებს ეკონომიკაში, ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში თუ სპორტში. მე კონკრეტული ფაქტებით დავარწმუნებ მნახველებს, როგორი საინჟინრო კადრები გამოიზარდა იმხანად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და თბილისის საავიაციო ქარხანაში, რომ ჩვენი მეცნიერების _ ილია ვეკუასა და ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილისა თუ ეგნატე ფიფიას სახელები შორს იყო გაცდენილი საქართველოს საზღვრებს და მათ მსოფლიო აღიარებდა.
ავუხსნი იმასაც, ამ წლებში როგორ დავანგრიეთ მეცნიერების დიდი ტაძარი _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ჯეროვანი, ამ მხრივ, არაფერი გაგვიკეთებია. მომსვლელებისათვის მომზადებული მაქვს მასალები (რადგან ამ თაობამ მართლა არ იცის) საუკუნის ისეთი კორიფეების შემოქმედებაზე ქართულ ლიტერატურაში, როგორებიც იყვნენ გალაკტიონი, ირაკლი აბაშიძე, გოგლა ლეონიძე, ოთარ ჭილაძე და მრავალი სხვა. რათა კარგად იცოდნენ, რომ ქართველი მწერლობა არ არის ლაშა ბუღაძე და ერეკლე დეისაძე. მე დოკუმენტური ვიდეო თუ ფოტომასალების არქივზე დაყრდნობით ვაჩვენებ მათ ქართული თეატრის ისეთ გრანდებს, როგორებიც იყვენენ აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე და მრავალი სხვა. მათ უნდა იცოდნენ ეს, რათა თეატრზე წარმოდგენა მხოლოდ დუტათი არ ჰქონდეთ. ასეა მხატვრობაშიც, ასეა მუსიკაშიც.
რაც მთავარია, ჩემ მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო–კვლევის ცენტრში ისინი დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით დარწმუნდებიან, რომ ქართველი ხალხის ამ წარმატების თავიდათავი იყო სტალინი და მისი ქართველობა. აი, რატომ ეთმობა მთავარი ადგილი ჩემს ცენტრში სტალინის ფენომენის შესწავლას, სიამოვნებით გავაცნობ მათ სტალინის მოღვაწეობაზე ჩემ მიერ გამოცემულ ექვსტომეულს და ვურჩევ, იკითხონ გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” და ჩემი საავტორო გვერდი, რათა კარგად ჩასწვდნენ სიმართლეს, ვინაიდან სიმართლეა მთავარი, რომელიც ასე აკლია ახლანდელ დროებას.
გრიგოლ ონიანი
ბატონო გრიგოლ, გთხოვთ მოგვაწოდოთ სამეცნიერო ცენტრის მისამართი!