“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის”, _ მოთქვამდა რუსეთში საქართველოსთვის კალამ და ხმალშემართული დავით გურამიშვილი, საქართველოდან კი სიმონ ჩიქოვანი ანუგეშებდა: “შენ რუსი შეგხვდა ნამდვილი, ვახტანგს რომ შეხვდა, ის არა”. მეც ბედმა გამიღიმა და გასული წლის 21 დეკემბერს კარგი რუსი შემახვედრა ბედმა _ მიშას რომ შეხვდა, ის არა. ეს კარგი რუსი პოსტსაბჭოთა სივრცესა და მსოფლიო ჟურნალისტურ წრეებში ჟურნალისტიკის მეტრად აღიარებული მაქსიმ შევჩენკოა.
მაქსიმ შევჩენკომ ფართოდ გახელილი თვალებით დაათვალიერა ჩემ მიერ დაარსებული მე-20 საუკუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი _ ალაყაფის კარით დაწყებული, ლავრენტი ბერიას უბის წიგნაკით დამთავრებული. სანამ მუზეუმში შევიდოდით, სტუმრის ყურადღება ეზოს სკვერში მდგარმა სტალინის უნიკალურმა ქანდაკებამ მიიპყრო და მიახლოებისთანავე წარმოთქვა მოქანდაკის გვარი _ ტომსკი. სტუმარმა დაწვრილებით იცოდა ძეგლის ისტორია. მუზეუმით აღფრთოვანება სტუმარს მოსკოვამდე გაჰყვა და იქ საქვეყნოდ განაცხადა საქართველოსა და ქართული ოჯახის შესახებ.
მე-20 საუკუნის შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ძირითად დარბაზში სტალინთან დაკავშირებული მასალები და ნივთებია გამოფენილი, რომელთა სანახავადაც, შევჩენკოს მიერ საქვეყნოდ (ინტერნეტით) წარდგენის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, მოენახულებინა აღნიშნული მუზეუმი; 1000-ზე მეტმა მომხმარებელმა კი პირადი აზრი გამოთქვა საქართველოსა და სტალინის თბილისურ მუზეუმზე. 27 უარყოფითი პოსტიდან, 18 საშუალო სიძულვილის ენაზე იყო დაწერილი (ძირითადად, ჩეჩნური და ინგუშური გვარებით), 5 კი _ მშობლიური საქართველოდან მწარე სიძულვილის ფონზე. მთავარი კი იყო ის, რომ ამ გამოხმაურებებში სოციალური ქსელების რუს მომხმარებელთა უმრავლესობა განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებდა საქართველოსა და ქართველ ხალხს, ბევრი მათგანი კი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დღევანდელი დაძაბული ურთიერთობა არ არის კარგი, როგორც ქართველი, ასევე რუსი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული მოსაზრებებიც, გაუაზრებელი წინადადებებიც, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი მოსაზრების ავტორთა უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ.
შემდგომ დაიწყო ქართული მედიის წარმომადგენელთა ისტერიკაც, რომლებმაც ჟურნალისტ შევჩენკოს ვიზიტში აღმოაჩინეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიც _ საზღვრის უკანანო გადმოკვეთით დაწყებული, ურთულესი კონსპიროლოგიური კომბინაციებით დამთავრებული. პირველობას ამ ინფორმაციების გავრცელებაში ერთმანეთს არ უთმობდნენ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები და, რაც მთავარია, ამ ინფორმაციულ ნიაღვარში უაპელაციოდ გამრიეს მეც და ჩემ მიერ ზემოხსენებული ვიზიტიც _ აქაოდა, შევჩენკო გრიშა ონიანის მიერ დაარსებულ სტალინის მუზეუმს სტუმრობდაო. აი, ესეც შენი მეხუთე კოლონა!
ახლა, როდესაც ამ ამბავმა ჩაიარა და თითქოს ემოციებიც დაცხრა, ვფიქრობ, დადგა დრო, ვუპასუხო ამ უსუსური ბრალდებებისა და საინფორმაციო ტალახის ავტორებს, რომ ჩემ მიერ დაარსებული ცენტრი არა მხოლოდ სტალინის მუზეუმია (სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, კიდევ კარგი, არსებობს გორში), არამედ ეს არის ცენტრი, რომლის მიზანია, მეცნიერულად შეისწავლოს ის საუკუნე, რომელზეც გალაკტიონი წერდა: “სხვა მეოცე საუკუნე არასოდეს არ ყოფილა”, დიახ, შეისწავლოს XX საუკუნე, როგორც უდიდესი ტექნიკური, ეკონომიკური თუ კულტურული პროგრესის, ხალხთა შორის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითისა და ამ ხალხებს შორის ქართველებისა და საქართველოს განსაკუთრებული როლის საუკუნე; და, თუ XX საუკუნეზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორ შეიძლება, ეს საუკუნე წარმოვიდგინოთ სტალინის გარეშე, რომელიც სათავეში ედგა კაცობრიობის ყველა იმ უდიდეს მიღწევას, რომლებიც გასული საუკუნის ისტორიის კუთვნილება არიან და, რამდენიც უნდა ეცადონ მისი ისტორიიდან ამოშლა, არათუ ამოშლიან, მომავალში კიდევ უფრო ფართო აღიარებას ჰპოვებს მსოფლიო ხალხებს შორის. აი, სწორედ ასე უნდა განვიხილოთ შევჩენკოს ვიზიტი ამ სამეცნიერო ცენტრში. მიმაჩნია, რომ ეს არ იყო ვიწრო ინტერესების შეხვედრა, რადგან XX საუკუნისა და სტალინის ფენომენის შესწავლა ისეთივე აქტუალურია რუსი ხალხისთვის, როგორც ამერიკელი, ინგლისელი, ჩინელი და ბევრი სხვა ხალხისთვის (მაგ.: წიგნების გამოცემა, სტალინის ძეგლების დადგმა, მისი ხსოვნის უკვდავყოფა).
ვითარება ამ მხრივ საქართველოში
ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა ანტირუსულმა და ანტისტალინურმა ისტერიკამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მისი ავტორები და შემოქმედნი (ვაიჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ნულპროცენტიანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური პარტიები, მათ აყოლილი ე.წ. ლიბერალური ინტელიგენციის ხელმოცარული წარმომადგენლები) ვერ ვხდებიან, როგორ შეჰყავთ ჩიხში ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სიდუხჭირის დაძლევა, ქვეყნის წინაშე მდგომი მთელი რიგი კულტურული თუ სოციალური პრობლემების მოგვარება.
ანტირუსული ისტერიკით შეპყრობილმა ამ აგრესიულმა უმცირესობამ იმდენი მოახერხა, რომ დააშინა ობიექტურად მოაზროვნე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ხოლო კონფორმისტული პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც სულ ახლო წარსულში ჯერ კიდევ ცდილობდა, ხმა ამოეღო უაზრო ანტირუსული რიტორიკისა თუ სამაჩაბლოსთან (ანუ საკუთარი ქვეყნის საზღვართან) შარვლების ჩახდის სამარცხვინო აქციის წინააღმდეგ, ახლა უნისონში გაჰყვირის, _ რუსეთი ოკუპანტიაო, და ხმას არავინ იღებს _ საიდან იღებდა სათავეს ეს ოკუპაცია, როგორ ხდებოდა წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება და რა შედეგები შეიძლება მას მოჰყოლოდა. ამ სტატიაში არ მაქვს მიზნად დასახული, დაწვრილებით ავხსნა ყველა შედეგი, რომლებიც უკვე მოჰყვა ამ უაზრო ქმედებებს. მე ახლა ვცდილობ, თქვენი ყურადღება იმ საკითხებს მივაპყრო, რომლებიც ამ წუთებშიც ვითარდება და კიდევ უფრო გვაშორებს იმ რეალობას, რომელსაც ფხიზელი თვალით შეხედვა სჭირდება.
ანტირუსული ისტერიკის გამღვივებლები, სამწუხაროდ, ერთეულები არ არიან. ისინი საკმაოდ მომრავლდნენ და აღწევენ კიდეც “შედეგს”, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთ გამორჩეულ პერსონაზე შევჩერდები, სხვებს კი შემდგომისთვის შემოვინახავ.
გიგა ბოკერია _ პერსონაჟი, რომელიც, თითქმის 30 წელია, ქართულ პოლიტიკაშია _ 1990-იანი წლებიდან დღემდე. ვერ ვიტყვით, რაიმე კონკრეტული გაკეთებული საქმით გამოეჩინოს თავი (იყო პარლამენტშიც, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, უშიშროების საბჭოშიც) ან ვინმეს ახსოვდეს მის მიერ გადაწყვეტილი პრობლემა. სამაგიეროდ, დაგვამახსოვრა თავი ანტიზვიადისტური აქტიურობით, მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა თუ მრევლის მიმართ კრიტიკითა და რადიკალური ქმედებებით.
ასე იყო შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში, ასეა ახლაც, ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ. თუმცა ყოველთვის ისმოდა კითხვა: ვინ არის ბოკერია და ვისი მანდატით მოქმედებს? აღსანიშნავია, რომ მისთვის ასეთი უფლება არც ქართველ ხალხს მიუცია და არც ამომრჩეველს, რაც ნათლად დაადასტურა 2020 წლის არჩევნებმა, როდესაც დამოუკიდებლად იყარა კენჭი და ფოთის, სენაკისა და ხობის მოსახლეობის მხოლოდ 6-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მან მეორე ტურშიც ვერ შეძლო გადასვლა და აი, ახლა ეს, პრაქტიკულად, ნულოვანი მხარდამჭერის მქონე პირი, ყოველდღე მოძღვრავს ქართველ ხალხს ე.წ. ოპოზიციური ტელეეთერებიდან, ამუნათებს ოპოზიციას და, როგორც ამბობენ, მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებითა და რევოლუციით იმუქრება, თუკი არ დაინიშნება ახალი არჩევნები.
კი მაგრამ, ვისი მანდატით მოქმედებს ბოკერია? მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ თავის ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის _ ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორის. თუმცა, როგორც ირკვევა, ჟურნალი “ტაბულა,” კარგა ხანია, აღარ გამოდის.
ვეკითხები იმ ტელეჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცოლ–ქმარს ასეთი სიხშირით იწვევენ გადაცემებში: არასდროს დაფიქრებულხართ, რომ მათი რიტორიკა მობეზრდა ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს (იხილეთ არჩევნების შედეგი)? ვეკითხები “ევროპული საქართველოს” წევრებს: წინასაარჩევნოდ თქვენს ბანერებს სამი კაცის _ ბოკერიას, უგულავასა და ბაქრაძის _ ფოტოები ამშვენებდა. მართლა გგონიათ ისინი ისეთი ავტორიტებები, რომ პარტიას ამომრჩეველთა ხმებს მოუტანდნენ და გამარჯვებისკენ წაიყვანდნენ? როგორც ჩანს, ამ პარტიის დანარჩენი წევრები ზემოაღნიშნულ ტრიოზე უარესები არიან. ან როცა კიდევ დაინიშნება არჩევნები, გგონიათ, ბოკერია უკეთეს შედეგებს მიიღებს თავისთვის ან თქვენთვის?
ბოკერიასა და ყველას, ვინც ბოლო ოც წელზე მეტია, ქართულ პოლიტიკაში წყალს ნაყავს, უნდა ესმოდეთ, რომ მათი დრო დამთავრდა, მათი პოლიტიკური გზა მცდარია. ვიცი, იტყვიან, _ რუსულ გზას “აწვებაო”. არა, ბატონებო, მხოლოდ რუსულ გზაზე არ არის საუბარი. როდესაც პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ ანტირუსული რიტორიკა გაქვს და სხვა არაფერი, სჯობს, წახვიდე და გზა სხვა თაობას დაუთმო. ისინი უკეთ გაერკვევიან, რა არის დღეს პრიორიტეტი საქართველოსთვის, მით უმეტეს, იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც არათუ 20 წლის განმავლობაში, არამედ ყოველდღიურად იცვლება ჩვენ თვალწინ.
და აი, ახალი თავზარდამცემი ცნობა _ 2 იანვარს, ბედობის დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა გააძლიერა ოკუპირებული მიწების რკინის სალტეში მოქცევა, რათა ბოლო მოეღოს “მცოცავ ოკუპაციას” და ქვეყნიდან ადამიანების გატაცებას (და არა საზღვრის დარღვევას). ჩვენ გვახსოვს, რიმ საზღვრის დარღვევა სახელმწიფო ღალატად ითვლებოდა. ოკუპირებულ ბერლინში, სადაც საზღვრის ხშირი დარღვევის გამო გამყოფი კედელი აშენდა, კედელზე გადასვლის, ე. ი. საზღვრის დარღვევის მომენტში 870 კაცი დახვრიტეს, როგორც დემოკრატიული გერმანიის, ისე ფედერაციული გერმანიის მესაზღვრეებმა. ჩვენი “პატრიოტი” ახალგაზრდები შარვლის ჩახდითა და უკანალის მიშვერით “აშინებენ” ატომური იარაღის უზარმაზარი არსენალის მქონე ზემძლავრი სახელმწიფოს მესაზღვრეებს და ალბათ, ზღვარგადასული თავხედობის საპასუხოდ გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან სადერმაკაციო ხაზის გავლება, რათა საზღვრის დარღვევა უმაღლესი სასჯელით იყოს შეფასებული. აბა, ლიბერალებო, მალე დაიწყება საზღვრის დემარკაცია და მოამზადეთ უკანალები საზღვარზე მისაშვერად და იცოდეთ, რომ საზღვარი უფრო მოგვიახლოვდება არა როგორც “მცოცავი”, არამედ გამყარებული კონსტიტუციურად და სამართლებრივად. აი, ეს არის თქვენი და თქვენი დასავლელი “მხსნელ-დამცველების” 30-წლიანი მცდელობის შედეგი.
რაც შეეხება ჩვენს ახლო მეზობელს _ აზერბეიჯანს, ყველამ დავინახეთ, რა სარგებელი მოუტანა მას დიდ სახელმწიფოსთან ადამიანურ ენაზე საუბარმა.
საქართველო და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა
რა რჩება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად მას შემდეგ, რაც თავისუფლება მოვიპოვეთ? რა თქმა უნდა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. რა გზები არსებობს ამისთვის? ზემოხსენებულ პოლიტიკოსებისა და მათი თანამოაზრეების მიდგომა, ბოლო ორი ათეული წელია, ასეთია: გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან (ეს წარმატებით შევძელით). ყველა, ვინც ეცდება, ჩვენი ტერიტორიული პრობლემის მოგვარების საქმეში რუსეთის რაიმე როლზე სიტყვა დაძრას, მტრად გამოვაცხადოთ და მუდმივად ვუკიჟინოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენი მშველელი და პატრონი მხოლოდ დასავლური სტრუქტურებია (მხედველობაში მაქვს ხან ნატო, ხან ევროკავშირი და ა. შ.).
ვინც პოლიტიკაში ოდნავ მაინც ჩახედულია, იცის, რომ დასავლური სტრუქტურების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ამ დიდი პრობლემის მოგვარების საქმეში, მაგრამ მხოლოდ მათი მეშვეობით და თანაც ისე, რომ რუსეთს სულ წითელი ნაჭერი ვუფრიალოთ ცხვირწინ, პუტინს ხუილო ვეძახოთ და უშვერი სიტყვებით ვლანძღოთ, საქმე არ გამოვა. განა წლების განმავლობში სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გვახსენებენ, რომ საჭიროა(!) დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა?! მაგრამ რჩევა რჩევად რჩებოდა და პრაგმატული პოლიტიკის ნაცვლად ახალი რადიკალური მოწოდებები გვესმოდა. ახლა კი მათთვის, ვისაც ამ რჩევების არ სჯერა.
რამდენიმე თვის წინათ დასრულდა წლების განმავლობაში გაჭიანურებული სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტი და დასრულდა იგი აზერბაიჯანის გამარჯვებით. მაინტერესებს, რა დასკვნები გამოიტანეს აქედან ქართველმა პოლიტიკოსებმა ან, საერთოდ, თუ უფიქრიათ 11 იანვარს გაფორმებულ იმ სამმხრივი (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) ხელშეკრულების შედეგებზე სამხრეთ კავკასიაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან საქართველოზე? ვეჭვობ, რომ ამ საკითხზე ჯერ არავის უფიქრია. ქართული პოლიტიკური ბომონდი და ქართული მედია “გაცილებით მნიშვნელოვანი” საქმით არიან დაკავებულნი _ შევა თუ არა პარლამენტში ალექსანდრე ელისაშვილის პარტიიდან ორი კაცი, ხოლო “გირჩის” განაყოფიდან (ჯერ “გირჩი” რა არის და მერე მისი განაყოფი?!) სამი კაცი და მერე რა მოხდება. რას შეცვლის ეს ქართულ პოლიტიკაში? ღირს კი ამდენი დროის დაკარგვა უაზრო ამბებზე? ან სატელევიზიო დროს რატომ ვკარგავთ, ან მაყურებლის ნერვებს რატომ არ ვუფრთხილდებით?
დავუბრუნდეთ ძირითად თემას _ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დასრულების შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები (ამ ტერიტორიიდან მას 1 მლ.ნ-ზე მეტი დევნილი ჰყავდა), თურქეთმა საფუძველი ჩაუყარა შორსმიმავალ გეგმებს (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ) და, რაც მთავარია, რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში სერიოზულად გაიძლიერა სამხედრო პოზიციები:
1.აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიყვანა 2000 სამხედრო მოსამსახურე;
2.შეიყვანა უახლესი სამხედრო ტექნიკა;
3.დაიკავა და აკონტროლებს ყველა ძირითად კვანძს: 1 _ ლაჩინის დერეფანს, 2 _ ნახიჩევანისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელ დერეფანს და ზოლს ირანის საზღვრის გასწვრივ (უახლოეს პერსპექტივაში).
დავუმატოთ ამას სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში, განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზა 4000 სამხედრო მოსამსახურითა და 49-წლიანი ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა 2044 წელს ეწურება. ბაზა, რომელიც აღჭურვილია ჩ-300 სარაკეტო კომპლექსებით, “მიგ-29” გამანადგურებლებითა და არაერთი ვერტმფრენით.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს განლაგებული ჰყავს 10 000 სამხედრო მოსამსახურე. დიახ, საქართველოში, აფხაზეთში, განლაგებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა 5 000 კაცით; სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) კი _ მე-4 ბაზა, ასევე 5 000 სამხედროთი. ამ წლების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩატარებული აქვს 130-ზე მეტი წვრთნა და ამ ბაზების მოდერნიზაციასა და სასაზღვრო პუნქტების გაძლიერებაზე დახარჯული აქვს 73.5 მლნ დოლარი აფხაზეთში, ხოლო 800 მლნ დოლარი _ ცხინვალის რეგიონში (რადიო “თავისუფლების” 2020 წლის 13 ნოემბრის გადაცემის მონაცემები).
ახლა დავსვათ კითხვა _ რას უპირისპირებს ამას ქართული პოლიტიკური სპექტრი? იქნებ კარასინი–აბაშიძის ან პრაღის, ჟენევისა თუ განმუხურის შეხვედრებს, ან წლების განმავლობაში საქართველოში განთავსებული ეუთოს, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგებს, რომლებიც წლიდან წლამდე იმით მთავრდება, რომ საზღვრები ხან ერთ ადგილზე გადმოიწევს, ხან _ მეორეზე?
ვიცი, მეტყვიან, ეს ფაქტორებიც რომ არ იყოს, სხვა რა გზა გვაქვსო? ასე იყო აზერბაიჯანის შემთხვევაშიც და იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ეს წარმატება, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, მართლა თურქეთის ხარჯზე მოხდა. ყველაფერი, რაც ვერ გადაწყდა 30 წლის განმავლობაში, მოგვარდა მხოლოდ რუსეთისა და აზერბაიჯანის ჭკვიანი ხელისუფლების ერთობლივი ქმედებით _ ინტერესთა თანხვედრითა და ურთიერთკომპრომისით (არც აზერბაიჯანს უნდა აძლევდეს ხელს რუსეთის ჯარი თავის ტერიტორიაზე, სულ ცოტა, ათი წლით, მაგრამ დიდი პოლიტიკა ისე არ კეთდება, ჩვენთან როგორც წარმოუდგენიათ).
რა ეკონომიკური ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ზემოხსენებულ ვითარებას? თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ მიიყვანს რკინიგზას აქამდე არსებული ვიწრო დერეფნით ნახიჩევანის (ანუ აზერბაიჯანის) რაიონამდე. თურქეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც 1992 წელს გაიხსნა, ახლა რკინიგზის ხიდითაც გაფართოვდება და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ტვირთების ნაკადის გადანაწილება შეიძლება მოხდეს ამ მიმართულებით (დავხედოთ რუკას). სწორედ ეს შეიძლება შეიქნეს ამჟამად საქართველოზე გამავალი ტვირთების შემცირების საფუძველიც, ხოლო სრულად რომ ამოქმედდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც, ადვილი გამოსაცნობი არის, როგორ შეუმცირდება ტვირთბრუნვა ფოთისა და ბათუმის პორტებს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვარაუდია, მაგრამ ფაქტია, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ არც ამ მხრივ მუშაობს. ამიტომ საკითხი, გაიხსნას თუ არა აფხაზეთთან რკინიგზა, ახალ რეალობაშია განსახილველი და ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც არც ჩვენს სუვერენიტეტს დააზიანებს და არც ახალ რეალობას შეიყვანს ჩიხში.
გრიგოლ ონიანი
(გაგძელება შემდეგ ნომერში)