Home რუბრიკები პოლიტიკა გურგენიალური სიყალბე!!!

გურგენიალური სიყალბე!!!

696

ამასწინათ საზოგადოებამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი შემზარავი კადრები იხილა. დაახლობით ათწუთიანი მასალა, რომელშიც დეტალურად ჩანს, როგორ იცლება სისხლისგან რეჟიმის მიერ ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდა, მართლაც უმძიმესი სანახავი აღმოჩნდა. ცალკე საკითხია, ცივილიზებულ ქვეყანაში ნორმალური მედია რამდენად გაუშვებდა ასეთ კადრებს ეთერში ან, თუ გაუშვებდა, როგორ და რა ფორმით, მაგრამ ხალხის დაზაფვრას ნაჩვევი სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიები ეთიკასთან ამჯერადაც მწყრალად აღმოჩნდნენ (გასაკვირი, ალბათ, არცაა, რადგან იმიტირებული ქრონიკის ავტორებს, 7 ნოემბრის, 26 მაისის შემოქმედებს სისხლი და სიკვდილი, ბუნებრივია, არ ზარავთ. მაყურებლის დამოკიდებულებაც, როცა რეიტინგზეა საუბარი, ფეხებზე ჰკიდიათ).

 

ვიდეომასალა 19 თებერვალს ქალაქის პროკურატურაში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მიიტანა. ამის შესახებ მან პროკურატურაშივე კადრების ტელევიზიით გაშვების შემდეგ თვითონ განაცხადა. მისი თქმით, ის არ ენდობა მიმდინარე გამოძიებას, არც პირადად არჩილ კბილაშვილს, ამიტომ აუცილებლად ჩათვალა, ფირი მედიისთვის მიეწოდებინა. ფირცხალავამ ისიც აღნიშნა, რომ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით პატრულის თანამშრომლებს ცრუ ჩვენებები აქვთ მიცემული. მეტიც, მან შესაბამისი უწყებები მის წინააღმდეგ საქმის შეთითხვნაში დაადანაშაულა.  ბრალდებულმა დაკითხულთა მიმართ ზეწოლაზეც მიანიშნა და თავი ამთავითვე მსხვერპლად წარმოაჩინა. ამით იმ მეტად მძიმე კადრების გავრცელებასაც ერთგვარი ახსნა მოუძებნა (ყოველ შემთხვევაში სცადა). თუმცა ძნელი სათქმელია, ცხრა წლის შემდეგ მასალის გამომმზიურებელს რა ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონოდა. ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რამეს მიაღწია თუ არა, მაგრამ გამოძიება რომ თავდაყირა დააყენა, ფაქტია (იქნებ მიზანიც ეს იყო). ყოველ შემთხვევაში, პროცესი გაიწელა, იქამდე მაინც, სანამ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

კადრების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მთელი ინტერნეტ და მედიასივრცე რობაქიძის საქმის გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულის, გურამ, იგივე გურგენ, დონაძის, განცხადებით აჭრელდა. «მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე, _ ასე იუწყებოდა შს სამინისრტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი «უსამართლობაზე» გამარჯვებას. _ ცხრა წელია, მკვლელი ვარ, ცხრა წელი მიმქონდა იარაღები. ჩადექით ჩემს მდგომარეობაში რომელიმე, აბა, და ითმინეთ».

ძნელია, ამის გამგონეს კითხვა არ გაგიჩნდეს: კი, მაგრამ, ბატონო გურგენ, თუ ეს კადრები მოიპოვებოდა, ცხრა წელი რატომ ითმენდით ამ საშინელებას?! პრინციპში, ამას კბილაშვილის ჩაფრებიც გკითხავენ, რაც შეეხება რამის დამტკიცება-არდამტკიცებას, მივყვეთ თანმიმდევრულად, რაში დაგვარწმუნა გავრცელებულმა ვიდეომასალამ ან რაში ვერა. ფირცხალავა და დონაძე ერთხმად აღნიშნავენ, რომ კადრები დაუმონტაჟებელია, შესაბამისად _ უწყვეტიც (თუმცა მოგვიანებით ფირცხალავამ «ჩვენება» შეცვალა და განაცხადა, რომ მასალაში წყვეტები არის). რაში სჭირდებათ ამის ხაზგასმა, გასაგებია, მაგრამ მონტაჟის სპეციალისტები საპირისპიროს ამბობენ. კადრებს მუდმივად გასდევს ინტერშუმი, რაც, შესაძლოა, სწორედ იმის საიმიტაციოდ გაკეთდა, რომ თითქოს მასალა უწყვეტია. ამასთან, კადრების ცვლასთან ერთად ხმა რჩება უცვლელი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მასალაში არის რამდენიმე ეპიზოდი, როცა კონკრეტული კადრის ხმა გადასულია წინაზე. ასევე, ერთ-ერთ მომენტში, როცა ოპერატორი მობრუნებას აპირებს, კადრი აშკარად წყდება და შემდეგ სხვა კადრით ალოგიკურად გრძელდება. სპეციალისტების აზრით, ეს შეიძლება იყოს დაპაუზება ან კამერის გამორთვა, მაგრამ ამ დროს რაღაც მონაკვეთი რომ დაკარგულია, უდავოა. (წყვეტის ინტერვალს, ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს) ამას ადასტურებს ის მასალაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მასში ერთ-ერთი დაკავებული პოლიციის თანამშრომლებს სთხოვს, შეამოწმონ, ბუტა რობაქიძე ცოცხალია თუ არა, თუმცა ეს მონაკვეთი, რომელიც რამდენიმე წამი გრძელდება, ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებში არ მოხვედრილა. რაც შეეხება გასროლის მომენტს, ამ დროს იარაღი აღმართულია მაღლა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ტყვია ძირს დაწოლილ ადამიანს მოხვედროდა. ამასთან დაკავშირებით წინა კვირას დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის აუდიო და ვიდეოჩანაწერების ექსპერტ-ფონოსკოპისტმა მარიკა ტიკლიკაშვილმაც ისაუბრა საგანგებო პრესკონფერეციაზე. მისი განმარტებით, მონტაჟი ვლინდება მასალის მეთერთმეტე წამზეც, რა დროსაც კადრი გაჭრილია და იცვლება. ვიდეომასალა კითხვებს აჩენს ფსიქოლოგიური კუთხითაც. იმავე დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, არაადეკვატურია პოლიციელების ქცევა გასროლისას. მათ გამონათქვამებში კი აშკარაა, რომ კამერაზე მუშაობენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არაპროფესიონალი თვალისთვის ეს ვიდეო, შეიძლება ითქვას, უტყუარი მტკიცებულებაა. მათთვის კი, ვისაც ხმის და კადრის სინქრონზე თუნდაც მცირე წარმოდგენა აქვთ, ცხადია, რომ ის, რაც გასულ კვირას ტელევიზიით ვიხილეთ, არა ე.წ. შავი მასალა, არამედ «დონაძე-ფირცხალავა პიჩექსის» მიერ მომზადებული მართლაც შთამბეჭდავი «შედევრია» (რა დროს ხუმრობაა, მაგრამ მე ამ ყველაფერს გურგენიალური სიყალბე დავარქვი).

სხათა შორის, 9 თებერვალს, გვიან ღამით, როცა დონაძე საქართველოში დაბრუნდა და საზღვარზე დააკავეს, ამაყად განაცხადა, რომ საზოგადოება რობაქიძის საქმეზე საბოლოოდ სიმართლეს გაიგებდა. დღეს უკვე ნათელია, რას გულისხმობდა იგი. სავარაუდოდ, იმ დროისთვის მას ხელთ ჰქონდა გამზადებული მასალა ან შავი მაინც, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა დაემონტაჟებინა. ტელეკომპანია «რეალტივის» დამფუძნებელი და მერაბიშვილის ყოფილი «პრესხასა» რომ რამე მსგავსი მეთოდით შეეცდებოდა თავის დაძვრენას, ალბათ, ყველა ელოდა, მაგრამ საბოლოოდ გურგენას ერთი დიდი იაღლიში მოუვიდა, _ ამ კადრებით არა თუ უდანაშაულობა ვერ დაამტკიცა, თავი კიდევ უფრო დიდ შარში გაყო, _ ექსპერტიზამ მასალის სიყალბე თუ დაადგინა, მინიმუმ ცრუ სამხილის წარმოდგენისა და გამოძიების შეცდომაში შეყვანის ბრალდება გარანტირებული აქვს (რას ითვალისწინებს აღნიშნული მუხლები, გურგენას შეუძლია კანონში მოიძიოს).

 ასე თუ ისე, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს. მავანთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამოძიება დააბნიონ, სიმართლე დგინდება. სამართლის ზეიმის მოახლოება კრიმინალურ რეჟიმს, ცხადია, აფრთხობს. დამფრთხალი ვირთხები კი, მოგეხსენებათ, გარბიან. დონაძემ კარგად იცის, რომ ვერანაირი მონტაჟი, ცრუ სამხილი და პრანჭვა-გრეხა ვერ უშველის. იცის, რომ ობიექტურ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ამიტომაა, ლამის ნერვებმა უმტყუნოს. ამის დასტური იყო გასულ კვირას მის მიერ გაკეთებული ისტერიული განცხადებაც: თქვენ სისხლი გწყურიათ, რომ მე მნახოთ ციხეში ან ცოცხალი, ან მკვდარიო. ეჰ, გურგენ, გურგენ, სისხლი კი არა, ხალხს, 9 წელია, სიმართლე სწყურია. შენ კი იმის ნაცვლად, დანაშაული აღიარო, ჩაჯდე და სასჯელი «კაცურად» მოიხადო (რომ ღმერთმა მაინც გაპატიოს), ისევ იმას აკეთებ, რითაც მთელი ეს წლები წამლავდი საზოგადოებას. ვიცი, შენთვის ასეთი საუბარი იგივეა, რაც კედელზე ცერცვის შეყრა, ამიტომ ზედმეტი ლაპარაკით მკითხველს თავს არ შევაწყენ. იმედია, პროკურატურა ოპერატიულად იმოქმედებს. უახლოეს დღეებში მეტს შევიტყობთ გურგენიალურ სიყალბეზე.

ჯაბა ჟვანია

P.S. 19 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს ორი იარაღი _ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და რევოლვერი. პოლიციელი, რომელმაც ის აღმოაჩინა, ბოლო ხმაზე გაყვირის: გადაიღეთ, ნაგანია, ნაგანი. დააკვირდით კადრს და, თუ იარაღში ოდნავ მაინც ერკვევით, დარწმუნდებით, რომ ის, რაც სამართალდამცავს ხელში უჭირავს, არა თუ ნაგანი, საერთოდ საბჭოთა წარმოების იარაღი არაა. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო დეტალი, ბევრ რამეზე მეტყველებს. უწინარესად კი, იმაზე, რომ 18 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალმა პოლიციელმა იმსხვერპლა; პოლიციელმა, რომელიც იარაღის ტიპსა და სისტემას ვერ არჩევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ინციდენტში მონაწილე პატრულის თანამშრომლები, რობაქიძის გარდა, სხვა დაკავებულთა მიმართაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად იქცეოდნენ. ალბათ, დავალებაც შესაბამისი ჰქონდათ. ბიჭებმა «იყოჩაღეს» და პირნათლად შეასრულეს. იმედი ვიქონიოთ, სასჯელსაც «პირნათლად» მოიხდიან

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here