მსოფლიო ომების ისტორიას ბევრი ნიჭიერი მთავარსარდლისა თუ მებრძოლის სახელი შემოუნახავს მომდევნო თაობებისთვის. ყველა გამარჯვებული სარდალი ბრწყინავს ისტორიის ფურცლებზე, დამარცხებული კი თითქმის არავის ახსოვს, მაგრამ არის გამონაკლისიც, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
ისტორიაში აღწერილი ომები ცოცხალი ძალის დანაკარგებითა და საომარ მოქმედებებზე დახარჯული საბრძოლო მასალებით, მატერიალური თუ ფულადი სახსრებით, საერთო ჯამში, ახლოსაც ვერ მივა მეორე მსოფლიო ომის დანაკარგებსა და დანახარჯებთან. მეორე მსოფლიო ომში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მონაწილეობდა 70-ზე მეტი ქვეყანა და 110 მილიონზე მეტი ჯარისკაცი. განუზომელია ზარალი, რომელიც კაცობრიობას ფაშისტების მიერ გაჩაღებულმა მეორე მსოფლიო ომმა მიაყენა.
მეორე მსოფლიო ომი ისე მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი იყო, რომ მისი სკრუპულოზურად არც აღქმა შეიძლება და არც აღწერა. დღეს მემატიანეები ხშირად იყენებენ გამოთქმას _ “პიროსის გამარჯვება” (გამარჯვება ისეთი დანაკარგით, რომელიც აბათილებს გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას. ეს გამოთქმა წარმოიშვა ბერძენი მხედართმთავრის _ პიროსის გამარჯვებისას ასკულუმთან ბრძოლაში, როდესაც ბერძნებმა დაამარცხეს რომაელები, მაგრამ ისეთი დანაკარგებით, რომ ეს გამარჯვება დამარცხების ტოლფასი იყო) და მაგალითად ფაშიზმზე სტალინის გამარჯვება მოჰყავთ. მაშინ რაღა ვთქვათ ვაჟა-ფშაველას სანათაზე (“ბახტრიონი”), რომელიც მარტო დადიოდა, საკლავს კლავდა და სანთელსაც თვითონ უნთებდა ომში დახოცილ ქმარს, შვიდ შვილსა და მთელი სოფლის მამაკაცებს? ან რა ვთქვათ 300 არაგველზე, არც ერთი რომ არ დაბრუნებია თავის ოჯახს, ან 9 ძმა ხერხეულიძეზე? ისინი პიროსელები არიან თუ გმირი ქართველები, რომელთა ხსოვნასაც საუკუნეების განმავლობაში შემოინახავს შთამომავლობა?! თუ გამარჯვება სამართლიანი იყო, ომში დამარცხებულის ისტორია გამარჯვებულმა მხარემ უნდა დაწეროს. გამარჯვებულზე კი დამარცხებული ქვეყნის სამართლიანმა ისტორიკოსებმა დაწერონ სიმართლე, თუ გვინდა ომის ნათელი სურათი დავინახოთ.
ბუნკერში მყოფმა უკვე თითქმის დამარცხებულმა ჰიტლერმა 1945 წლის 23 იანვარს თავის სარდლებს განუცხადა:
“ჩვენ ისე ფანატიკურად უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ ზემო სილეზია, როგორც ამას სტალინი აკეთებდა მოსკოვის მისადგომებთან!” 1945 წლის 30 აპრილს კი, თვითმკვლელობამდე ერთი საათით ადრე, ჰიტლერმა ყველაზე ახლობელ ადამიანს, ვიცე-ადმირალ ჰანს-ერიხ ფოსს უთხრა: “ცოცხალი რომ დავრჩენილიყავი და განმეგრძო ქვეყნის მართვა, სტალინისგან ავიღებდი მაგალითს”. ზემოთ ვახსენე სიტყვა გამონაკლისი.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა და მკვლევარები, ისტორიკოსები თუ მხატვრული სიტყვის ოსტატები მუხლებამდეც ვერ მისწვდნენ ამ ორ გიგანტს, რომელთა განზომილებები ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, ჩვენი გალაქტიკის _ ირმის ნახტომის _ მსგავსად, ჯერ კიდევ შეუცნობელია. ერთი _ ჰიტლერი გასამართლებულია და მის სახელს ნიურნბერგის პროცესმა შავი ღრუბელი გადააფარა, მეორე _ სტალინი გაუსამართლებელია და ის სასამართლოზე მივა არა როგორც ბრალდებული, არამედ, როგორც ბრალმდებელი. მომავალი მსოფლიო ამ ორ პიროვნებას განიხილავს არა როგორც ერთმანეთის მტრებს, არამედ როგორც ორ პოლუსს უზარმაზარი მუხტით, რომლებმაც არნახული მეხთატეხა გამოიწვიეს პლანეტაზე.
ჩემი ჰეროიკული რახარუხით თავი რომ არ მოგაბეზროთ, კვალდაკვალ მივყვეთ ორი გამორჩეული ისტორიული პერსონაჟის ლოგიკას. აი რას ამბობდა სტალინი 1934 წელს:
“ომი სურთ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ, გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ასე ფიქრობს მხოლოდ ზოგიერთი სამხედრო წრე იაპონიაში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა წრეებში. დავუშვათ, ეს ვაჟბატონები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ, რა შეიძლება მოჰყვეს მას? არ მგონია, საეჭვო იყოს, რომ ომი ყველაზე სახიფათო იქნება ბურჟუაზიისთვის. ის იქნება ყველაზე სახიფათო არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრებისთვის. ის ყველაზე საშიში იქნება ბურჟუაზიისათვის, აგრეთვე, იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეიტანოს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი მეგობრები ევროპასა და აზიაში შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ. და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ მათთვის ახლობელი მთავრობები, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენ “წყალობითა ღვთისათა”.
თუ გახსოვთ, ერთი ასეთი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უკვე იყო 16 წლის წინათ. როგორც ვიცით, ყველასგან პატივცემულმა ჩერჩილმა მაშინ ეს ომი გამოხატა პოეტურ ფორმულით _”თოთხმეტ სახელმწიფოს შესევა”. თქვენ გახსოვთ, რასაკვირველია, რომ ამ ომმა ჩვენი ქვეყნის ყველა მშრომელი მჭიდროდ გააერთიანა მებრძოლთა ერთიან ბანაკად, რომლებიც მკერდით იცავდნენ მუშურ-გლეხურ სამშობლოს მტრისაგან. თქვენ იცით, რით დამთავრდა იგი. იგი დამთავრდა ინტერვენტების განდევნით ჩვენი ქვეყნიდან და რევოლუციური “მოქმედების კომიტეტების” შექმნით ევროპაში. არა გვგონია, საეჭვო იყოს, რომ მეორე ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოჰყვება თავდამსხმელთა სრული დამარცხება, რევოლუცია ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამ ქვეყნების ბურჟუაზიულ-მემამულურ მთვრობათა დამხობა” (საანგარიშო მოხსენება პარტიის XVIII ყრილობა, ი. სტალინი, პარტგამომცემლობა 1934 წ. გვ. 17-18).
რამდენიმე რამით ჰგავს სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს: პიროვნული ღირსებებით, ორგანიზაციული ნიჭით, სახელმწიფო ღირებულებების წინა პლანზე დაყენებით. ამის დამადასტურებელ მაგალითებს ამ პიროვნებების ბიოგრაფიებში ჩახედული ადამიანები გამადიდებელი შუშის გარეშეც ადვილად დაინახავენ, მაგრამ არის განსხვავება ემოციებში, მეტისმეტ თავდაჯერებულობაში, არტისტიზმში. თუმცა, არტისტიზმი ორივე პიროვნებას ახასიათებდა, მაგრამ სტალინს რეალობამდე აყვანილი ჰეროიკული არტისტიზმი ახასიათებდა, ჰიტლერს კი ჯამბაზობამდე დაყვანილი და ამიტომაც აირჩია გენიალურმა ჩარლი ჩაპლინმა თავის გმირად ადოლფი, რის გამოც ჰიტლერი ჩაპლინს თავის #1 მტრად ასახელებდა.
ადოლფ ჰიტლერმა გალახული, ავტორიტეტდაცემული და დამარცხებული გერმანია შვიდი წლის განმავლობაში ფეხზე დააყენა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად აქცია _ ინდუსტრიულ, ინოვაციურ, ფუნდამენტურ მეცნიერებებზე დაფუძნებულ უძლიერეს ქვეყნად. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ეკონომიკური მდგომარეობით ვერ დაიკვეხნიდა, სამაგიეროდ, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ დედამიწაზე ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ იქცა და გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა. თოფმომარჯვებულმა გერმანელმა ჯარისკაცმა მარშით შემოიარა მთელი ევროპა. ჰიტლერი თვლიდა, რომ სახელმწიფოს ძლიერება არის უპირველესი, რათა გერმანელმა ხალხმა ხელში ხმლით მოიპოვოს სასიცოცხლო სივრცე და ამას ეკონომიკური სიძლიერეც მოჰყვებოდა.
1933 წლის 3 თებერვალს, გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლიდან 72 საათის შემდეგ, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ კურტ ფონ ჰამერშტაინის რეზიდენციაში ფიურერმა განაცხადა:
“უკვე 14 წელია, რაც ვწინასწარმეტყველებ, რომ მარქსიზმი იქნება განადგურებული, ხოლო ხალხი იქნება ნაციონალ-სოციალიზმის სულისკვეთებით განათლებული. აი, მაშინ არმია იქნება მზად, აქტიური საგარეო პოლიტიკა განაგრძოს იარაღის საშუალებით, რათა მოიპოვოს გერმანული სასიცოცხლო სივრცე. ეს სასიცოცხლო სივრცე აღმოსავლეთითაა. იქ, აღმოსავლეთით დაპყრობილი ხალხის გაგერმანელება შეუძლებელია. ჩვენ შევძლებთ მხოლოდ მიწის გერმანიზაციას. ჩვენ მოგვიწევს, განვდევნოთ რამდენიმე მილიონი ადამიანი დაპყრობილი მიწებიდან. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით არმიის გვერდით, ჩვენ ვიმუშავებთ არმიის გვერდით და არმიასთან ერთად. ბატონო გენერლებო, მე თქვენ მოგმართავთ ერთადერთი თხოვნით: მხარში ამომიდექით და იბრძოლეთ ჩემთან ერთად ამ დიადი მიზნისათვის. ოღონდ დამეხმარეთ არა მხოლოდ იარაღით, არამედ მორალურად. ჩემ გარდა, თქვენ ვერასდროს იპოვით სხვა ადამიანს, რომელიც ყველაფერს ჩააყენებს ერთადერთი მიზნის სამსახურში, მიზნისა, რომელსაც გერმანიის გადარჩენა ჰქვია!”
ისევ ჰიტლერი (1945 წელი):
“მე მივხვდი, რა ფატალური შეცდომა დავუშვი, როცა რუსეთს დავესხი თავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სტალინს შეეძლო ბოლშევიკური აზრები თავის ხალხში ამ დონემდე ჩაენერგა. უნდა იყო გენიალური ადამიანი, გენიალური პოლიტიკოსი და სტრატეგი, რომ შეძლო, არახელსაყრელ მდგომარეობაში დარაზმო შენი ხალხი ისეთი უბადლო თავგანწირვისთვის, როგორიც რუსებმა აჩვენეს სამშობლოს დაცვისას… განსაკუთრებით სტალინგრადის, მოსკოვისა და ლენინგრადისთვის ბრძოლებში. მე რომ ცოცხალი დავრჩენილიყავი და განმეგრძო ქვეყნის მართვა, სტალინისგან ავიღებდი მაგალითს. გადაეცით გროს-ადმირალ დენიცს, რომ ჰიტლერი და მისი ცოლი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მხნედ იყვნენ”.
ეს ფიურერის უკანასკნელი მონოლოგია და, ვფიქრობ, გაოცებასა და გაკვირვებას გამოიწვევს. სხვათა შორის, სტალინის მსგავსად ჰიტლერმა 28 თებერვალს გამოსცა ბრძანება ქალთა ბატალიონების ჩამოყალიბების შესახებ. 19 მარტს კი ჰიტლერი ხელს მოაწერს ე.წ. ნერონის დეკრეტს, რომელიც, ისევ სტალინის მიბაძვით, მოითხოვს, გერმანულმა არმიამ უკან დახევისას გაანადგუროს ყველა ინფრასტრუქტურა.
ფიურერის აღფრთოვანება ყველა მოლოდინს გადააჭარბებს, როდესაც ჰიტლერი წითელი არმიის გენერალიტეტის განდიდებას დაიწყებს: “ჩემი გენერლები არიან ბებრები, დასუსტებულნი, რომელთათვისაც ნაციონალურ-სოციალისტური აზროვნება სრულიად უცხოა. ეჰ, ჩვენ რომ გვყოლოდა იმ დონის გენერლები, როგორიც სტალინს ჰყავს” (1945 წლის 15 მარტი).
ჰიტლერი იქვე დასძენს:
“მე მთლიანად ამოვწურე ჩემი დრო, შემოქმედებითი ძალები და ჯანმრთელობა. ტყუილია, რომ მე ან ვინმეს გერმანიაში უნდოდა 1939 წლის ომი. ის იყო ჩაფიქრებული და პროვოცირებული იმ საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ, რომლებიც ან თვითონ არიან ებრაელები, ან მოქმედებენ ებრაული ინტერესებისთვის. მე ძალიან ბევრი რამ შევთავაზე შეიარაღებაზე კონტროლის დასაწესებლად. შეუძლებელია, ეს შეთავაზებები იგნორირებულ იქნას შემდგომი თაობების მიერ, რომ მე დამაკისრონ პასუხისმგებლობა ომის წამოწყებაზე. მით უფრო, რომ მე არასდროს მინდოდა, შემზარავ პირველ მსოფლიო ომს მოჰყოლოდა მეორე ომი ინგლისისა და ამერიკის წინააღმდეგ. გაივლის ასწლეულები და ჩვენი ქალაქებისა და ძეგლების ნანგრევებიდან დაიბადება ზიზღი მათ მიმართ, ვისაც უნდა “ვუმადლოდეთ” ყოველივეს, რაც დაგვემართა. სულ რაღაც სამი დღით ადრე გერმანია-პოლონეთის ომის დაწყებამდე მე ვთავაზობდი ინგლისის ელჩს ბერლინში გერმანულ-პოლონური პრობლემის მოგვარებასა და გადაწყვეტას, ანალოგიურად იმისა, როგორც ეს მოხდა საარის მხარეში, როდესაც მასზე დაწესებული იქნა საერთაშორისო კონტროლი. შეუძლებელია, ეს შეთავაზება მივიწყებული იქნას. ეს უარყოფილ იქნა მხოლოდ იმის გამო, რომ ინგლისის მმართველ წრეებში უნდოდათ ომი. საქმე ის არის, რომ ეს წრეები მოექცნენ პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომელიც გავრცელებული იყო საერთაშორისო ებრაელობის მიერ. ეჭვი არ მეპარება, რომ, თუ ევროპის ერებს ისევ შეეხებიან ისე, როგორც ჩვეულებრივ ბირჟის აქციებს, როგორც ყიდვისა და გაყიდვის საგნებს ფინანსური მოლაპარაკებებისთვის, მაშინ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც რეალურად წარმოადგენს დამნაშავე მხარეს ამ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებაში _ ებრაელობას. მჯერა, მილიონობით ადამიანის სიკვდილი არ დამთავრდება იმის გარეშე, რომ გადახდა არ მოუწიოთ დამნაშავეებს მაშინაც კი, თუ მათ მიერ მიღებული იქნება დასჯის უფრო მეტად ჰუმანური მეთოდები იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ. ექვსი წლის ბრძოლის შემდეგ, რომელიც მიუხედავად ყოველი მისი წარუმატებლობისა, ოდესღაც შევა კაცობრიობის ისტორიაში, როგორც სახელოვანი და ჰეროიკული გამოხატულება ადამიანის სიცოცხლის ნების, მე არ შემიძლია დავტოვო ეს ქალაქი _ რაიხის დედაქალაქი. იმის გამო, რომ ჩვენი ძალები ძალიან მცირეა, წინ აღუდგეს მტრის ზეწოლას და იმის გამო, რომ ჩვენი წინააღმდეგობა შიგნიდანაა გატეხილი საძულველი არსებების მიერ, რომლებსაც არ ჰყოფნით ნებისყოფის სიმტკიცე, მინდა, გავიზიარო ბედი მილიონობით ადამიანისა, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ ქალაქში დარჩენა. ამასთანავე, მე არ დავუშვებ მტრების ხელში ჩავარდნას, რომლებსაც განზრახული აქვთ, წარმოდგენა დადგან ებრაელთა რეჟისორობით რეგვენთა მასების გულის მოსაგებად. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, დავრჩე ბერლინში და ჩემი ნებით შევხვდე სიკვდილს. იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებული ვიქნები, რომ ფიურერის რეზიდენციისა და კანცელარიის შემდგომი დაცვა შეუძლებელი იქნება. მე ვკვდები დამშვიდებული გულით, წარმოვიდგენ რა ჩვენი ჯარისკაცების ურიცხვ გმირობას ფრონტზე, შინ _ ქალების, ჩვენი ფერმერების, მუშების და ჩვენი ახალგაზრდობის ისტორიაში უნიკალურ სამხედრო ძალისხმევას. გამოვთქვამ გულითად მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც, გარემოებების მიუხედავად, განაგრძობს ბრძოლას სამშობლოს მტრის წინააღმდეგ დიდი კლაუზევიცის პრინციპების თანახმად. ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვა და ჩემი კავშირი მათთან სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც მოგვცემს იმ მარცვალს, რომელიც ამა თუ იმ საშუალებით აღმოაცენებს და მიიყვანს კიდევ ერთ დიდ აღორძინებამდე ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობას და ხორცს შეასხამს ნამდვილ რასობრივ საზოგადოებას. მამაცთა შორის უამრავმა მამაკაცმა და ქალმა გადაწყვიტა, თავიანთი სიცოცხლე ჩემთან ბოლო დღემდე დაეკავშირებინათ. მე ვთხოვე და, საბოლო ჯამში, ვუბრძანე მათ, არ გაეკეთებინათ ეს, სჯობს, მიიღონ მონაწილეობა ბრძოლის გაგრძელებაში მომავალი ნაციის საკეთილდღეოდ. მე მოვითხოვ არმიის მეთაურების, ფლოტისა და სამხედრო საჰაერო ძალებისგან, ყველა საშუალებით დაეხმარონ ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგობის სულისკვეთებას ნაციონალ-სოციალისტურ ჭრილში. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ფაქტს, რომ მე ვარ დამფუძნებელი და ბელადი ამ მოძრაობისა _ ვამჯობინე სიკვდილი ლაჩრულად გაქცევასა და კაპიტულაციას. დაე, მომავალში განსაკუთრებულ პატივად იქცეს ეს ჩვეულება გერმანელი ოფიცრისათვის _ როგორც უკვე დამკვიდრებულია ჩვენს ფლოტში, რომ საკითხი ტერიტორიისა თუ ქალაქის ჩაბარებაზე არც კი განიხილებოდეს მათ მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი _ მეთაურებმა უნდა უჩვენონ სიკვდილის ბოლომდე მოვალეობის ერთგულად შესრულების მაგალითი”.
ეს ჰიტლერია მთელი თავისი არსებით.
სტალინი რეალისტია. ის გრძნობს თავის ძალას, რომელიც მოდის ხალხიდან. ის ყურს უგდებს ხალხის ხმას და არა პანეგირიკებსა და დითირამბებს. მისთვის აუტანელია უაზრო საუბარი მომხსენებლისა, რომელიც კარგად არ არის გარკვეული საკითხებში. სტალინი ამბობს: თუ მტერი გვიქებს გაკეთებულს _ ჩვენ მტრის საქმეს ვაკეთებთ; თუ გაკეთებულით ვაღიზიანებთ მტერს და ამისთვის გვაგინებენ _ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.
1945 წელს შავიზღვისპირეთში დასვენებისას სტალინმა პრესის გაცნობისას თვალი მოჰკრა გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებულ ჩერჩილის სიტყვებს. ის განსაკუთრებული სითბოთი და მადლიერებით იხსენიებდა რუს ხალხსა და მის სწორუპოვარ ბელადს. ჩერჩილი საუბრობდა “მადლიერებაზე, რომელიც კეთილშობილი საბჭოთა ხალხის მიმართ უნდა გვქონდეს”, ასევე რუსებსა და ინგლისელებს შორის არსებულ ამხანაგობასა და მეგობრობაზე. კიდევ უფრო ნაზი გრძნობებით იყო გამსჭვალული ჩერჩილის პანეგირიკი სტალინის მიმართ: “მე არ ძალმიძს, უდიდესი აღფრთოვანების გარდა, რაიმე სხვა გრძნობას განვიცდიდე ამ ჭეშმარიტად დიდი ადამიანის, თავისი ქვეყნის მამის მიმართ, რომელიც მშვიდობიან პერიოდში განაგებდა ქვეყნის ბედს და გამარჯვებით დაიცვა იგი ომის პერიოდში”.
სტალინი ძალიან გააღიზიანა საგაზეთო სტატიამ და იმავე წუთში დეპეშა გაგზავნა კრემლში. იგი წერდა: “ყოველივე ეს ჩერჩილს იმისათვის სჭირდება, რომ სინდისი დაიმშვიდოს (რომელიც სუფთა არ აქვს) და შენიღბოს თავისი მტრული დამოკიდებულება სსრ კავშირისადმი. კერძოდ, შენიღბოს ის, რომ სწორედ ჩერჩილი და მისი მოწაფეები ლეიბორისტული პარტიიდან არიან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ინგლისურ-ამერიკულ-ფრანგული ბლოკის ორგანიზატორები”.
ჩერჩილისათვის ნიღბის ჩამოგლეჯას მოსდევს მთავარი აზრი _ გაფრთხილება საბჭოეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას: “ამჟამად ბევრი ისეთი პასუხისმგებელი მუშაკია, რომლებიც გულუბრყვილო აღტაცებას განიცდის ჩერჩილების, ტრუმენებისა თუ ბირნსებისაგან ქება-დიდების გაგონებაზე და პირიქით, ხასიათი უფუჭდებათ ამ ბატონების მხრიდან არაკეთილსასურველი გამოხმაურებების შემთხვევაში. ამგვარი განწყობა სახიფათოდ მიმაჩნია, რადგან უცხოელი ფიგურების მაამებლობას ავითარებს ჩვენში. უცხოელთა წინაშე მაამებლობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლაა საჭირო. თუკი ჩვენ მომავალშიც გამოვაქვეყნებთ მსგავს გამოსვლებს, ამით დავნერგავთ მაამებლობასა და მლიქვნელობას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საბჭოთა ლიდერებს არაფერში სჭირდებათ ქება უცხოელი ლიდერების მხრიდან. პირადად რაც შემეხება, ამგვარი ქება უბრალოდ მეჩოთირება. შტალინი”.
აი, ეს არის სტალინი მთელი თავისი სიბრძნითა და თავმდაბლობით.
გრიგოლ ონიანი