გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერიშის მიერ ნელსონ მანდელას დაბადების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნათქვამი სიტყვები გამაოგნებელია: “პლანეტის მოსახლეობის 70%-ზე მეტი მზარდი უთანასწორობის პირობებში ცხოვრობს. დედამიწაზე არსებული სიმდიდრის ნახევარი 26 ადამიანის საკუთრებაა და ის პლანეტის მოსახლეობის ნახევრის შემოსავლის ეკვივალენტია”.
მსოფლიოში ცნობილმა 150-მა მეცნიერმა და ინტელექტუალმა წერილი გამოაქვეყნა “შეუწყნარებლობა კლიმატის წინააღმდეგ, რომელიც ყველა მხარეს შეიქმნა”. ისინი უარყოფენ და შეცდომად მიიჩნევენ “არჩევანს სამართლიანობასა და თავისუფლებას შორის, რომელსაც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლია”.
ადამიანმა თავისი ადამიანური რესურსი ამოწურა და ცხოველურ ინსტინქტებზე გადავიდა. დედამიწაზე გაჩნდნენ დინოზავრები, რომლებიც ლეწავენ და ანგრევენ ადამიანურ ნორმებს და თავიანთი ცხოველური ინტერესების დასაკმაყოფილებლად უფრო აგრესიულები ხდებიან, ვიდრე მეზოზოური ეპოქის მტაცებელი ცხოველები.
იყო თუ არა ადრე, საუკუნის წინათ, ამის საფრთხე?
იყო, მაგრამ შეჩერდა. შეაჩერა განგებამ მიწიერი ძალების დახმარებით.
ანდერძი, რომელიც ბროშურის სახით დაგვიტოვა სტალინმა, მაკულატურად ვაქციეთ. სინამდვილეში სტალინმა კაცობრიობას სახელმძღვანელოდ დაუტოვა ანდერძი, რომ ეკონომიკური კანონები ბუნების კანონებს ჰგავს, ბუნება კი ხშირად კატასტროფულად ავითარებს თავის მოვლენებს. და ეს კატასტროფა, ბოლოს და ბოლოს, დადგა. ბუნებას ამაში თანაავტორებიც ჰყავს დედამიწაზე, რომლებიც სტიქიურ მოვლენებს ან აჩქარებენ, ან ანელებენ.
სტალინი თავის ანდერძში “სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ში” ილაშქრებს წინამორბედების _ მარქსის, ენგელსისა და ლენინის _ წინააღმდეგ. ის ებრძვის დოგმებს. პოლიტიკას განიხილავს ცხოვრების თანმდევ მოვლენად და მოუწოდებს ადამიანებს პოლიტიკის დროულად შეცვლისკენ, ვიდრე გვიან არ არის:
“ვფიქრობ, რომ აუცილებელია, უკუვაგდოთ (არა გადავდოთ _ გრ. ონიანი) ზოგიერთი სხვა ცნებაც, ამოღებული მარქსის “კაპიტალიდან”, რომლებშიც მარქსი აანალიზებდა კაპიტალიზმს, და რომლებსაც ხელოვნურად აწებებენ ჩვენს სოციალისტურ ურთიერთობებს. მხედველობაში მაქვს, ისეთი ცნებები, როგორებიცაა “აუცილებელი” და “ზედმეტი” შრომა, “აუცილებელი” და “ზედმეტი” პროდუქტი, “აუცილებელი” და “ზედმეტი” დრო. ვფიქრობ, ჩვენმა ეკონომისტებმა ბოლო უნდა მოუღონ ამ შეუსაბამობას ძველ ცნებებსა (მარქსის ცნება უკვე დააძველა, ვიდრე მოქმედებას დაიწყებდა _გრ. ონიანი) და ჩვენს სოციალისტურ ქვეყანაში შექმნილ ახალ ვითარებას შორის და შეცვალონ ძველი ცნებები ახალი მიდგომების შესაბამისი ახალი ცნებებით.
ჩვენ შეგვეძლო, გარკვეულ მომენტამდე მოგვეთმინა ეს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც უნდა მოვსპოთ ეს შეუსაბამობა”.
არის თუ არა ეს ახალი ცხოვრების სრულიად ახალი საძირკვლის გაჭრა?
უეჭველად არის!
სტალინი არათუ მარქსს მიუთითებს შეცდომებზე, ის ძალზედ მკაცრია საკუთარი თავის მიმართაც ზოგიერთი დებულების განხილვისას, მაგალითად, ქალაქსა და სოფელს შორის, ფიზიკური და გონებრივი შრომის შეფასების საკითხებში:
“ამხანაგებმა სწორედ ასე გაიგეს ჩემი ფორმულირება და იფიქრეს, რომ იგი ნიშნავს ყოველგვარი განსხვავების მოსპობას, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმულირება იყო არაზუსტი, არადამაკმაყოფილებელი. იგი უნდა უკუვაგდოთ და შევცვალოთ ახალი ფორმულირებით, რომელიც ლაპარაკობს არსებითი განსხვავებების მოსპობაზე და არაარსებითი განსხვავების შენარჩუნებაზე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას შორის, გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის”.
და იქვე:
“შეიძლება თუ არა, ვამტკიცოთ, რომ სტალინის ცნობილი თეზისი კაპიტალიზმის საერთო კრიზისის პერიოდში, ბაზრების შეფარდებითი სტაბილურობის შესახებ, გამოთქმული მეორე მსოფლიო ომამდე, ჯერ ისევ რჩება ძალაში? შეიძლება თუ არა ვამტკიცოთ, რომ ლენინის ცნობლი თეზისი, გამოთქმული მის მიერ 1916 წლის გაზაფხულზე იმის შესახებ, რომ “ლპობის მიუხედავად”, “კაპიტალიზმი განუზომლად სწრაფად იზრდება, ვიდრე წინათ”, ჯერ ისევ რჩება ძალაში? ვფიქრობ, არ შეიძლება ამის მტკიცება ახალი პირობების გამო, რომლებიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ორივეს თვალსაზრისი _ ლენინისა და სტალინის _ ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს”, _ ასკვნის სტალინი.
სტალინმა თავისი თეზისის გაუქმება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ლენინისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა. აქ ლენინის ყოვლად უშინაარსო და წინდაუხედავი დებულების გაუქმებაზეა საუბარი, რომლის აშკარა მაგალითიც თვალწინ გვიდგას და გვარწმუნებს სტალინის გენიალურობასა და შორსმჭვრეტელობაში:
“მთავარი კაპიტალისტური ქვეყნებისთვის (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი) მსოფლიო რესურსების გამოყენების სფერო კი არ გაფართოვდება, არამედ შემცირდება. გასაღების მსოფლიო ბაზრის პირობები ამ ქვეყნებისათვის სულ უფრო გაუარესდება, რაც საწარმოთა დაუტვირთაობას გამოიწვევს. სწორედ მსოფლიო ბაზრის დაშლაში მდგომარეობს კაპიტალისტური სისტემის საერთო კრიზისის გაღრმავება”.
სტალინი _ პოლიტიკური “ვანგა” თვალდახუჭული ხედავდა მომავალ მსოფლიოს. როცა მიმოიხილავს მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიისა და იაპონიის მომავალს, წერს:
ეს ქვეყნები ახლა უბადრუკ ყოფაში არიან ამერიკის იმპერიალიზმის ჩექმის ქვეშ. მათი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მათი ვაჭრობა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მათი ყოფაცხოვრება შებოჭილია ოკუპაციის ამერიკული “რეჟიმით” (ისევე, როგორც ჩვენთანაა _ გრ. ონიანი). ეს ქვეყნები კი ჯერ კიდევ გუშინ დიდი იმპერიალისტური სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც ინგლისის, აშშ–ის, საფრანგეთის ბატონობის საფუძვლებს არყევდნენ ევროპასა და აზიაში. იმაზე ფიქრი, რომ ეს ქვეყნები არ შეეცდებიან, კვლავ წამოდგნენ ფეხზე, დაამსხვრიონ აშშ–ის რეჟიმი და გამოვიდნენ თავისთავადი განვითარების გზაზე, ნიშნავს იმას, რომ სასწაულების გწამდეს.
სტალინი ხედავს 21-ე საუკუნის მოვლენებს და აკეთებს შეფასებებს, რას ნიშნავს თანამედროვე ბრძოლა მშვიდობის შესანარჩუნებლად.
“მშვიდობისათვის გაჩაღებულ თანამედროვე მოძრაობას მიზნად აქვს, აამოქმედოს ხალხის მასები მშვიდობის შესანარჩუნებლად, ახალი მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. მაშასადამე, იგი არ ისახავს კაპიტალიზმის დამხობისა და სოციალიზმის დამყარების მიზნებს, იგი იფარგლება მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის დემოკრატიული მიზნებით. ამ მხრივ, მშვიდობის შესანარჩუნებელი თანამედროვე მოძრაობა განირჩევა პირველი მსოფლიო ომის პერიოდის მოძრაობისგან, რადგან ეს უკანასკნელი უფრო შორს მიდიოდა და სოციალისტურ მიზნებს ისახავდა. შეიძლება, გარემოებათა გარკვეული დამთხვევისას მშვიდობისათვის ბრძოლა აქა–იქ გადაიზარდოს სოციალიზმისთვის ბრძოლად, მაგრამ ეს უკვე იქნება არა თანამედროვე მოძრაობა მშვიდობისთვის, არამედ მოძრაობა კაპიტალიზმის დასამხობად”.
ნუთუ ამასაც ხედავდა სტალინი, რომ დაემხობა კაპიტალიზმი, მაგრამ ეს არ გააძლიერებს სოციალიზმს. როგორ ჰგავს ეს დებულება იმას, რომ სააკაშვილის დამარცხება არ აძლიერებს ივანიშვილის მმართველობას.
ერთი რამ მიკვირს: ისინი, ვისაც ქვეყნის მმართველობა უპყრია ხელთ აქ თუ სხვაგან, რატომ არ იღებენ ხელში წიგნს და რატომ არ კითხულობენ?! წიგნში ხომ ყველაფერი წერია, რა უნდა გააკეთო ხვალ. ნუთუ ყველა ბადრი შუბლაძეა ამ ქვეყანაში, ნუთუ ყველა უვიცობისა და პირადი ბედნიერების ჭუჭრუტანიდან იმზირება ერთი მიმართულებით?
თანამედროვე კაპიტალისტების ძირითადი კანონი მოგების საშუალო ნორმააო. პანდემიამ მსოფლიოს უმდიდრეს 26 ადამიანს 500 მლდ დოლარის მოგება მოუტანა. ეს მაშინ, როდესაც პლანეტა გაჩერებულია და ადამიანებს პურის ფული გაუთავდათ. პანდემია თუ ყველასთვისაა, რატომ არის იმ 26 ადამიანისთვის უზარმაზარი მოგების წყარო? მე კითხვის ნიშნები მიჩნდება, მაგრამ სტალინის ანდერძში ყველაფერია ნათქვამი:
“ამბობენ, მოგების საშუალო ნორმის კანონი წარმოადგეს თანამედროვე კაპიტალიზმის ძირითად ეკონომიკურ კანონსო. ეს არ არის სწორი. თანამედროვე კაპიტალიზმი, მონოპოლისტური კაპიტალიზმი, ვერ დაკმაყოფილდება საშუალო მოგებით, რომელსაც ამასთანავე, აქვს შემცირების ტენდენცია კაპიტალის ორგანული შედგენილობის ამაღლების გამო. თანამედროვე მონოპლისტური კაპიტალიზმი მოითხოვს არა საშუალო მოგებას, არამედ მოგების მაქსიმუმს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად განახორციელოს გაფართოებული აღწარმოება.
თანამედროვე კაპიტალიზმის ძირითადი ეკონომიკური კანონის მთავარი ნიშნები და მოთხოვნები შეიძლებოდა დაახლოებით ასე ჩამოყალიბებულიყო: მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფა მოცემული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ექსპლუატაციის, გაჩანაგებისა და გაღატაკების გზით, სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით ჩამორჩენილი ქვეყნების ხალხთა დაკაბალებისა და რეგულარულად ძარცვის გზით, ბოლოს _ ომებისა და სახალხო მეურნეობის მილიტარიზაციის გზით, რომელსაც იყენებენ უმაღლესი მოგების უზრუნველსაყოფად”.
ძვირფასო მკითხველო, ხომ ხვდებით, რატომ ვკოტრდებით და თანდათან უკან რატომ იხევს ჩვენი ეკონომიკური განვითარება? ამის ნათელი მაგალითი ხომ ზევით მოგახსენეთ. გულდასმით წავიკითხოთ და ვისწავლოთ სტალინი! მერწმუნეთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. რაც თქვენ იცით (უმრავლესობამ), ტყუილია. სტალინი ბრძენია, განუმეორებელი, დედამიწაზე ღვთისგან მოვლენილი. ნუ ლანძღავთ და აგინებთ _ ეს მკრეხელობაა! სალოცავი და წმინდა საფლავი რომ შეგიგინოთ, ხომ გეწყინებათ? მეც მწყინს ჩემი წმინდანის გინება. ახლა რომ მითხრათ, სტალინი რა წმინდანიაო, თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემი წმინდანი ვინ იქნება?! მთაში ოჯახს შეჩვეული გველი წმინდანად ჰყავთ აღიარებული და ჯამით რძეს უდგამენ ხოლმე… იცოდეთ, ვინც წმინდანს შემიგინებს, მეც შევუგინებ და:
“სძრახეთ ამისთვის,
ვისაც გსურთ,
სძრახეთ, თუ არა
გრცხვენიათ” (ვაჟა).
1927 წლის 5 ნოემბერს, კრემლში სტალინმა მიიღო უცხოელ მუშათა მრავალრიცხოვანი დელეგაცია. საუბარს დაესწრო 80 დელეგატი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ჩინეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დანიიდან და ესტონეთიდან. საუბარი გაგრძელდა 6 საათს.
მეექვსე კითხვა ასეთი იყო:
_ როგორ ეთანხმება არყის მონოპოლიასთან ბრძოლა ალკოჰოლიზმთან ბრძოლას?
პასუხი: _ ვფიქრობ, ძნელია, საერთოდ, მათი შეთანხმება. აქ უეჭველად არის წინააღმდეგობა. პარტიამ იცის, რომ ეს წინააღმდეგობა არსებობს და მან ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, ვინაიდან იცის, რომ ასეთი წინააღმდეგობის დაშვება ამჟამად ყველაზე დიდი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ არყის მონოპოლიის შემოღებას ვაპირებდით, ჩვენ წინაშე იდგა ალტერნატივა:
ან მოვქცეულიყავით კაპიტალისტების კაბალაში, გადაგვეცა მათთვის მთელი რიგი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაბრიკა-ქარხნები და სამაგიეროდ მიგვეღო გარკვეული თანხები აუცილებელი საჭიროებებისთვის; ან შემოგვეღო არყის მონოპოლია, რათა გვეშოვა აუცილებელი საბრუნავი თანხები ჩვენი ინდუსტრიის საკუთარი ძალებით განვითარებისთვის და უცხოეთის კაბალისაგან თავის დასაღწევად. ცენტრალური კომიტეტის წევრები ვესაუბრეთ ლენინს, რომელმაც აღიარა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარედან ვერ მივიღებდით აუცილებელ სესხს, მოგვიწევდა არყის მონოპოლიის, როგორც არაჩვეულებრივი ხასიათის დროებითი ღონისძიების, პირდაპირ შემოღება.
რასაკვირველია, საერთოდ, უარყოთ, უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან არაყი ბოროტებაა, მაგრამ მაშინ მოგვიწევდა დროებით მოვქცეულიყავით კაპიტალისტების კაბალაში, რაც კიდევ უფრო მეტი ბოროტებაა. ამიტომ ჩვენ ნაკლები ბოროტება ვამჯობინეთ. ახლა არაყი იძლევა 500 მილიონზე მეტ შემოსავალს, მასზე უარის თქმა ახლა ნიშნავს ხელის აღებას ამ შემოსავალზე, ამასთანავე, არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვამტკიცოთ, რომ ალკოჰოლიზმი ნაკლები იქნება, ვინაიდან გლეხი დაიწყებს არყის წარმოებას და შინნახადი არყით მოიწამლება.
აქ, ცხადია, ერთგვარ როლს თამაშობს სერიოზული ნაკლოვანებანი სოფლის კულტურული განვითარების სფეროში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არყის მონოპოლიაზე დაუყოვნებლივ უარის თქმა ჩვენს მრეწველობას დაუკარგავდა ნახევარ მილიარდ მანეთზე მეტს, რომლის ანაზღაურებაც სხვა გზით შეუძლებელი იქნებოდა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ არყის მონოპოლია მომავალშიც უნდა დარჩეს ჩვენში? არა, არ ნიშნავს. არყის მონოპოლია ჩვენ შემოვიღეთ, როგორც დროებითი ღონისძიება, ამიტომ იგი უნდა მოისპოს, როგორც კი ჩვენს სახალხო მეურნეობაში გამოინახება ახალი წყაროები ახალი შემოსავლის მისაღებად ჩვენი მრეწველობის შემდგომი განვითარებისთვის, ასეთი წყაროები რომ გამოინახება, ამაში ეჭვიც არ შეიძლება შევიტანოთ. ახლა ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ თანდათან შევკვეცოთ არყის წარმოება. ვფიქრობ, მომავალში შევძლებთ არყის მონოპოლიის სრულიად გაუქმებას, სპირტის წარმოების შემცირებას იმ მინიმუმამდე, რომელიც აუცილებელია ტექნიკური მიზნებისთვის, შემდეგ კი არყის გაყიდვის სრულიად მოსპობას. ჩვენ, ალბათ, არ მოგვიწევდა, საქმე გვქონოდა არაყთან ან სხვა მრავალ არასასიამოვნო რამესთან, დასავლეთ ევროპის პროლეტრებს ძალაუფლება რომ მოეპოვებინათ და ჩვენთვის აუცილებელი დახმარება გაეწიათ. მაგრამ. რა გაეწყობა? ჩვენს დასავლეთ ევროპელ ძმებს ჯერჯერობით არ სურთ ძალაუფლების მოპოვება და იძულებულნი ვართ, დავკმაყოფილდეთ საკუთარი სახსრებით, მაგრამ ამაში ჩვენი კი არა, ბედის ბრალია. როგორც ხედავთ, პასუხისმგებლობის ერთგვარი წილი არყის მონოპოლიზაციისთვის მიუძღვით ჩვენს დასავლეთ ევროპელ მეგობრებსაც (სიცილი და ტაში დარბაზში)”.
1936 წლის 1 მარტს სტალინმა კრემლში მიიღო ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი როი ჰოვარდი. შაუბრისას სტალინმა განაცხადა:
“აუცილებელია, მივაღწიოთ საზოგადოების ისეთ კულტურულ ზრდას, რომელიც ამავე საზოგადოების თითოეულ წევრს მისცემს გარანტიას, მრავალმხრივ განავითაროს თავისი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს უმაღლესი განათლება და თავადვე გახდეს ამავე საზოგადოების განვითარების აქტიური წევრი, რომ საზოგადოების თითოეული წევრი თავისუფლად ირჩევდეს მომავალ პროფესიას.
რა არის საჭირო ამისათვის?
გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოების კულტურული განვითარება მარტივად მიიღწევა და ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. უწინარესად, საჭიროა 6-საათიანი სამუშაო დღე დავიყვანოთ 5-საათიანზე, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს დამატებითი თავისუფალი დრო, რომელსაც გამოიყენებს განათლების მისაღებად. ამისათვის, ასევე, საჭიროა, გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, გავზარდოთ შრომის ანაზღაურება, სულ ცოტა, ორჯერ და, რა თქმა უნდა, შემცირდეს ფასები ფართო მოხმარების საგნებზე.
ჩვენ საბჭოთა საზოგადოებას ვქმნით იმისთვის, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა იგრძნოს პირადი თავისუფლების გემო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძნელად წარმომიდგენია, როგორ უნდა იგრძნოს ჭეშმარიტი თავისუფლების გემო იმ უმუშევარმა და უსახსროდ დარჩენილმა ადამიანმა, რომელიც ვერ პოულობს თავის ადგილს საზოგადოებაში, რადგან იგი ვერ პოულობს სამუშაო ადგილს, მას არ აქვს შემოსავალი და, აქედან გამომდინარე, მშიერია. ჭეშმარიტი თავისუფლება არის სწორედ იმ საზოგადოებაში, რომელშიც არ ხდება ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის ჩაგვრა, სადაც არ არსებობს ადამიანის ექსპლუატაცია, არ არსებობს უმუშევრობა და, შესაბამისად, არ არსებობს სიღატაკე, შიმშილი. დიახ, ჭეშმარიტი თავისუფლება არის იმ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანს არ ეშინია სამსახურის, სახლ–კარისა და საარსებო შემოსავლის დაკარგვის. აი, ასეთ საზოგადოებას შეუძლია იგრძნოს ჭეშმარიტი პირადი თავისუფლება.
ჰოვარდი: _ შესაძლებელია ამერიკული დემოკრატიისა და საბჭოთა წყობილების განვითარება და არსებობა პარალელურად?
სტალინი: _ ამერიკულ დემოკრატიას და საბჭოთა სისტემას მშვიდად შეუძლიათ თანაარსებობა, მაგრამ ერთი მეორეში ვერ გადაიზრდება, ანუ საბჭოთა სისტემა ვერ გადაიზრდება ამერიკულ დემოკრატიაში და პირიქით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანი თანაარსებობა.
ჰოვარდი: _ როგორც ცნობილია, სსრკ-ში მუშავდება ახალი კონსტიტუცია. რას შეცვლის ეს სსრკ-ში, არჩევნებზე ხომ მხოლოდ ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი?
სტალინი: _ ახალ კონსტიტუციას, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს მივიღებთ და, როგორც იყო გამოცხადებული, ახალი კონსტიტუცია საშუალებას მოგვცემს, არჩევნები იყოს თანასწორი, პირდაპირი და ფარული. გასაგებია, რომ გიკვირთ, არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობსო, რადგან ასეთ პირობებში ვერ ნახავთ საარჩევნო მარათონს პარტიებს შორის. მაგრამ ფაქტია, რომ საარჩევნო სიებს წარმოადგენს არა მხოლოდ კომუნისტური პარტია, არამედ ქვეყანაში არსებული ნებისმიერი არაპარტიული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ასეთი ორგანიზაცია ქვეყანაში რამდენიმე ასეულია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პარტიები, ისევე, როგორც არ არსებობს კაპიტალისტური კლასი, ანუ ექსპლუატატორების კლასი. ჩვენი საზოგადოება შედგება თავისუფალი ადამიანებისგან _ მუშა-მოსამსახურეებისგან, გლეხებისა და ინტელიგენციისგან. ყველა მათგანს აქვს თავისი ინტერესი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაასაჯაროონ ზემოხსენებულ ორგანიზაციებში. ბოლოს კი მთავარი _ ვინაიდან სოციალისტურ საზოგადოებაში, ანუ ჩვენთან არ არსებობს საზოგადოებრივი ფენები, რომელთა შორის არის რადიკალური ზღვარი და, შესაბამისად, არ არის იმის ნიადაგი, რომ შეიქმნას სხვა პარტია, რომელიც დაუპირისპირდება ჩვენს პარტიას არჩევნებზე. იქ, სადაც არ არის სხვადახვა კლასი, ვერ იარსებებს სხვადასხვა პარტია. ჩვენი პარტია კი არის არსებული კლასის ნაწილი.
გრიგოლ ონიანი