Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია: ქართული სამხედრო ძალები ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ

ირაკლი ალასანია: ქართული სამხედრო ძალები ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ

571

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ქართული სამხედრო ძალები ავღანეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, არამედ «მიიღებენ მონაწილეობას ტრეინინგებსა და განათლებაში. ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ნატოსთან ერთად დაგეგმარების პროცესში, თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება, ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სტატეგიას, თუ რა ფორმით და ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს».

ახალი მთავრობა, როგორც ჩანს, თამაშის ახალ წესებსაც სთავაზობს აშშ-ს, მაგრამ რამდენად მისაღებია თავად ნატოსთვის ასეთი ცვლილებები?

ISAF-ის  ოპერაციაშია მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან საქართველო  ჯარისკაცთა რაოდენობით მე-12 ადგილზეა.

ნატოს წევრობა საქართველოსთვის, დიდი ხანია, აუხდენელი ოცნებაა. ოცნების მთავარი მიზანი კი რუსეთისგან თავდაცვაა, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ნატოს ჯარები უზრუნველყოფენ, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ სტრატეგიული პარტნიორის რეზევრში დიდი ოდენობით პამპერსისა და წყლის მარაგია, ხოლო ჯარისკაცები კი იმდენად უჭირთ, რომ პირიქით _ საქართველოდან მიჰყავთ ავღანეთში. სხვის ომში ჩაბმულმა საქართველომ არაერთი ჯარისკაცი დაკარგა და, როგორც ჩანს, მსხვერპლი არაფრისმთქმელიც არ აღმოჩნდა და 2012 წლის ოქტომბრის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ღიად რჩება კითხვები: ნუთუ სტრატეგიულ პარტნიორს აქამდე არ შეეძლო, უსისხლოდ ჩაება ოპერაციაში ქართული სამხედრო ძალები? თუ შეეძლო რატომ არ გააკეთა?

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო მუსლიმანურ შურისძიებაზე საუბრობს (კინემატოგრაფის მეშვეობითაც კი), საქართველოს პრეზიდენტი ოდითგანვე შემწყნარებლობით გამორჩეულ ქართველებს ავღანეთში საომრად უშვებს. ჩვენი პრეზიდენტის მდგომარეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობასთან მდებარე ქანდაკებას ჰგავს. იგი ცდილობს, ორ პლანეტას ჩაეჭიდოს, მაგრამ დიდ პლანეტაზე იმდენად მოუხერხებელ პოზაში დგას, რომ, სულ მცირე, მოქმედებითაც შესაძლოა წაბორძიკდეს და მთელი მსოფლიო თავზე დაემხოს. სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ ეს ქანდაკება შადრევნის ფუნქციასაც ასრულებს…

ნატოს ოპერაციაში უსისხლო მონაწილეობამ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები აღაფრთოვანა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ქართული ოცნების ასრულებამდე სულ ცოტა დარჩა, აგრეთვე, ძალიან დიდი ქულები დაიწერა თავად თავდაცვის მინისტრმაც. თუმცა ძალიან გაუგებარია, რატომ დათანხმდა ამგვარ წინადადებას თავად სტრატეგიული პარტნიორი, რომლის თქმითაც საქართველოში ახალი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. დავუშვათ და შემდეგ სამიტზე დღის წესრიგიდან გაქრება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, ვის დაბრალდება ეს _ ჰუმანურ მეოცნებეებს თუ ექსცენტრიულ პრეზიდენტს, რომელიც ახალ წელს ავღანეთში შეხვდა?

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here