მწვავე რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციის (ISARIC) ექსპერტებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებთან ერთადაც კორონავირუსის ინფიცირებისას იმატებს სიკვდილიანობა. ეს დაავადებებია: დემენცია (შეძენილი ჭკუასუსტობა), სიმსუქნე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა და დიაბეტი.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 16 749 ადამიანის მონაცემების გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტთა ნახევარზე მეტს ჰქონდა, სულ ცოტა, ერთი ქრონიკული დაავადება, ხოლო ასეთ პაციენტებში სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა 40%-ით მეტია.
თანმხლებ დაავადებათა შორის ყველაზე სახიფათო აღმოჩნდა დემენცია _ ის ზრდის სიკვდილის ალბათობას 39%-ით. შემდეგ მოდის სიმსუქნე, რომელიც გარდაცვალების რისკს 37%-ით ზრდის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კი _ 31%-ით. სიკვდილის შემთხვევების მატებას ხელს უწყობს, აგრეთვე, ასთმა, დიაბეტი და თირკმლების დაავადებები.
Radiosputnik.ru–ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა