გამოსვლის დღიდან გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» სისტემატიურად აშუქებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისადმი არაჰუმანური მოპყრობის, წამების თუ გარდაცვალების ფაქტებს, რომელთა შესახებ მსჯავრდებულთა ადვოკატები და მათი ოჯახის წევრები გვაწვდიდნენ ინფორმაციებს. სხვადასხვა გზით მოპოვებული მასალებით წიგნიც კი გამოვეცით «უუფლებობის ზონა», რომელიც პირუთვნელად ამხელდა საპატიმროებში გამეფებულ უსამართლობას. აქვე გთავაზობთ მცირე კოლაჟს, თუ რას წერდა «საქართველო და მსოფლიო» 2009-2012 წლების განმავლობაში.
ნულოვანი ტოლერანტობა გრძელდება, ციხეში შესული ადამიანი განწირულია!
უჩა ნანუაშვილი: _ ცოტა ხნის წინათ #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული ვალერი ჯაფარიძე გარდაიცვალა. მის უფლებებს «ადამიანის უფლებათა ცენტრი» იცავდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ამის მიუხედავად, მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, რაც საბოლოოდ ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ადვოკატმა არაერთხელ აცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებას პატიმრის მდგომარეობა, მაგრამ ამას მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი. ციხის ადმინისტრაციის უყურადღებობითა და გულგრილობით ასეულობით ამგვარი მძიმე შემთხვევა ხდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სახელმწიფო სისტემის პოლიტიკის შედეგია. ნულოვანი ტოლერანტობა კვლავ გრძელდება. ციხეში შესული ადამიანი, ფაქტობრივად, უკვე განწირულია. პატიმარი ერთგვარი მსხვერპლია და არავინ ფიქრობს მის გამოსწორებასა თუ შემდგომ რეაბილიტაციაზე, რადგან ეს საკითხი სახელმწიფოსთვის დღეს პრიორიტეტული არ არის.
პატიმრებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით სცემენ
გიორგი თევზაძე: _ პატიმარ ირაკლი მდინარაძის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზას ამის შესახებ რაიმე დასკვნა არ გაუკეთებია. მდინარაძე 260-ე მუხლის მეორე ნაწილით იხდიდა სასჯელს. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი. აქედან 4 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მდინარაძეს ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანების კვალი. პატიმრის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ იგი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ოჯახს პატიმრის გარდაცვალება ადმინისტრაციამ კი არ შეატყობინა, არამედ პატიმრებმა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პატიმართა მიმართ მიდგომა არაადეკვატურია, ადგილი აქვს პატიმრების ცემის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. პატიმრებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით სცემენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯერჯერობით დუმს და არავითარ კომენტარს არ აკეთებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი პატიმარი იღუპება გაურკვეველ ვითარებაში. დიდი ხანია, უფლებადამცველი ორგანიზაციები ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის უფლებას ვითხოვთ, მაგრამ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ჩაკეტილი ციხის გახნა არ სურს ხელისუფლებას, არ უნდა, საზოგადოებამდე მივიდეს ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი მდინარაძე სრულიად ჯანმრთელი იყო. სამწუხაროდ, ბევრი ფაქტი გვაქვს ისეთი, რომელიც პატიმრების გაუგებარ მდგომარეობაში გარდაცვალებას უკავშირდება.
პატიმრებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ისეთი რამეებით, რომ ადამიანი შეიძლება შეიშალოს
ნანა კაკაბაძე: _ საერთოდ, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, პატიმართა ცხოვრება გახდა აუტანელი. პირადად ჩემთვის ცნობილია არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, ამასწინათ 26 მაისს ქუთაისში დაკავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხუთი დღე გაატარა ციხეში, მიყვებოდა, რომ იქ პირობები იყო გაუსაძლისი. რაც შეეხება მოპყრობას ადმინისტრაციის მხრიდან, ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, ისეთი საშინელებები მიამბეს. წარმოიდგინეთ, საკვები მიჰქონდათ დღეში ერთხელ და, სანამ საკანში შეიტანდნენ, კონტროლიორები პატიმრის თვალწინ რიგრიგობით აფურთხებდნენ შიგ. რამე უკმაყოფილება რომ გამოეთქვათ, ალბათ, ცემით ტყავს გააძრობდნენ, და ჰყავდათ ეს ბავშვები ასე, სადისტურად, გამომწყვდეული.
გარდა ამისა, როგორც ყოველთვის, ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, პატიმრებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ისეთი რამეებით, რომ ადამიანი შეიძლება შეიშალოს. აი, ასეთი საშინელებები ტრიალებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დღითიდღე ეს ხდება სულ უფრო მასშტაბური, სულ უფრო მწვავე ხასიათის, იმიტომ, რომ რეჟიმი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ამავე დროს ხედავს, რომ საზოგადოებაში არანაირი დასაყრდენი არ აქვს, არის კატასტროფულად მზარდი და შეუვალი.
ციხე გადაიქცა ადგილად, სადაც მიმდინარეობს ქართველი ერის ფარული გენოციდი
ნანა კაკაბაძე: _ გასულ კვირას გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი გეგიკ ელიბეგოვი გარდაიცვალა.
არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ მომხდარა, სამწუხაროდ, ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი შემთხვევები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და, ფაქტობრივად, არავის უკვირს, როცა მსჯავრდებული კვდება, მისი სიკვდილის მიზეზი კი გაურკვეველია. მეტიც, ჩვენ დავინტერესდით, რა იყო პატიმართა გარდაცვალების მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მარტო ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი გამოასვენეს საქართველოს ციხეებიდან. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის ეს არის იმდენად მაღალი, კატასტროფული მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება ახლა, წესით, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამის ნაცვლად სასჯელაღსრულების სამინისტრო თითოეულ ფაქტზე, თითოეულ შემთხვევაზე მაქსიმალურად ცდილობს, შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რათა სიმართლე არ მივიდეს ფართო საზოგადოებამდე; ხალხმა რეალურად არ იცის, რა ხდება დღეს საპყრობილეებში; ციხე, ფაქტობრივად, გადაქცეულია ადგილად, სადაც მიმდინარეობს ქართველი ერის ფარული გენოციდი…
18 მოქმედი ციხეა დღეს საქართველოში და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ მათგანში საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტები დაცული არ არის. ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა _ გაუსაძლისი პირობები, უჰაერობა, უხარისხო საკვები, რომელსაც საერთოდ არ ამოწმებენ, გადატვირთულობა, სამედიცინო მომსახურების არაეფექტიანობა და ა. შ. ამასთან, ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს ეპყრობა ისე, რომ პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულია მორალურად და ფსიქოლოგიურად. ამ ხალხს უკვე დაკარგული აქვს ყველაფრის რწმენა, ბევრს აღარც კი უნდა იქიდან ცოცხლად გამოსვლა, ისეთი უბედურებები დამართეს…
_ გეგიკ ელიბეგოვის სიკვდილის მიზეზად სასჯელაღსრულების სამინისტრომ ინფარქტი დაასახელა. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს დიაგნოზი?
_ სასჯელაღსრულების სამინისტრო, როგორც სჩვევია ხოლმე ქალბატონი კალმახელიძის უწყებას, ალბათ, არც გაავრცელებდა ამ განცხადებას და საერთოდ გაასაიდუმლოებდა პატიმრის გარდაცვალებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს, უბრალოდ, არ გამოდიოდა, ვინაიდან მსჯავრდებულის ძმა არის «ქართული ოცნების» წევრი, ანუ ფაქტი ადრე თუ გვიან მაინც გახდებოდა ცნობილი და ამათ დაასწრეს. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, დარწმუნებული ვარ, არანაირი გულის შეტევა მას არ ჰქონია. ეს არის სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ შეთხზული ზღაპარი, მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, დამნაშავე მაინც არის ციხის ადმინისტრაცია; როცა მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა, ადმინისტრაცია ელემენტარულად ვალდებულია, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანს მკურნალობა ჩაუტარდეს დროულად. დღეს არა თუ მკურნალობის საშუალება არაა ციხეებში, ჯანმრთელი რომ შედის მსჯავრდებული საკანში, იქიდან გამოსულს უკვე ათასი დაავადება და ინფექცია აქვს, თუ საერთოდ გამოაღწია ცოცხალმა…
ტუღუშის მოსვლით ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაისვენა, იმიტომ, რომ ახლა სააკაშვილის რეჟიმმა იცის, რაც უნდა მოხდეს საპყრობილეებში, თუნდაც ყოველდღიურად ათობით და ასობით პატიმარი აწამონ, არსად ეს ამბავი არ გაჟონავს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება ომბუდსმენმა გააკეთოს, არის ის, რომ დაწერს დასკვნას და წაიკითხავს პარლამენტში. იქნება კამათი, ვითომ დახოცავენ ერთმანეთს სიტყვიერად და მორჩა. საქმით ის ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნის…
ერთ–ერთ პატიმარს საკუთარი ხელით გაათხრევინეს საფლავი, აქ უნდა დაგმარხოთო
ლალი აფციაური: _ ის, რომ უფლებადამცველებს კონკრეტიკა აკლიათ, ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული: ერთი იმით, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი დამყარდა, ციხეებში რაიმე მონიტორინგის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია; და მეორე იმით, რომ თვითონ მსჯავრდებულები არ საუბრობენ ფაქტებზე. თუმცა, ამის მიუხედავად, უფლებადამცველების მხრიდან კანონდარღვევის არგახმაურებას, ცხადია, გამართლება არ აქვს. პირიქით, ამით ისინი ერთგვარ სასათბურე პირობებსაც უქმნიან არსებულ რეჟიმს.
იმის მიუხედავად, რომ არანაირი კონტროლის საშუალება არ გვაქვს დღესდღეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იქიდან მაინც უამრავი ინფორმაცია გამოდის.
ციხის კედლები უკვე ვეღარ უძლებს იმ საშინელებას, რომელიც იქ ტრიალებს. მაგალითად, აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც «ქართულმა ოცნებამ» ჩაატარა, პრესა და რადიო აკრძალეს საკნებში, ასევე გათიშეს ტელეფონები და პატიმრებს ოჯახთან არ აკავშირებენ. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის იმ ფორმებზე, რომლებიც ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს დამკვიდრდა, არაფერს ვამბობ, მსჯავრდებულებს ისეთ რაღაცებს უკეთებდნენ, რომ ბევრი უკვე ფსიქიურადაა დაავადებული. ერთ-ერთ პატიმარს საკუთარი ხელით გაათხრევინეს საფლავი, აქ უნდა დაგმარხოთო. მერე ეუბნებიან, რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას, აგერ იარაღი და თავი მოიკალიო. ერთი სიტყვით, ხდება რაღაც საშინელება, გაუგონარი ფაქტები, რაც, არა თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საერთოდ არც ერთ ეპოქასა და პერიოდში არ მომხდარა.
პატიმარი პეტრე ოვანოვი: იქ მყოფმა პიროვნებებმა არაადამიანური ცემის შემდეგ «დუბინკით» გამაუპატიურეს
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ცემისა თუ გარდაცვალების ფაქტებზე უფლებადამცველები შესაბამის უწყებებს რეაგირებას გამუდმებით სთხოვენ, მაგრამ ვითარება ამ დრომდე უცვლელია. მეტიც, პატიმარ პეტრე ოვანოვის წერილში აღწერილი შემთხვევა ყოველგვარი სისასტიკის ზღვარს აჭარბებს. მსჯავრდებული ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობას ცემაში, წამებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს და კონკრეტული პირების ვინაობასაც ასახელებს. როგორც პატიმარი წერს, «ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომლები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას, რა დროსაც მე, პეტრე ოვანოვს, მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი მცემეს, რაც იშვიათი არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ. თუმცა ფაქტი, რომელიც ჩემ მიმართ ჩაიდინეს, არანაირი ადამიანური ღირსების საზღვრებში არ თავსდება, კერძოდ: იქ მყოფმა პიროვნებებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ «დუბინკით» გამაუპატიურეს და თან დამემუქრნენ, თუ ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ», _ აღნიშნავს პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. «საქართველო და მსოფლიოს» არასამთავრობო ორგანიზაცია «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» წევრი, მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის ადვოკატი ლადო მაჭარაშვილი ესაუბრება.
_ პეტრე ოვანოვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითხოვდა, შეემოწმებინა ექიმს და მისთვის შესაბამისი მკურნალობა ჩაეტარებინათ. მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს აძლევდნენ… ამიტომ მინისტრს მისწერა, რომ, მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, დაწესებულების ხელმძღვანელობა ყურადღებას არ მაქცევსო. ამ საჩივრების გამო, დაწესებულების ხელმძღვანელობისთვის ის მიუღებელი პირი გახდა. პეტრე ოვანოვს აფრთხილებდნენ, თუ არ გაჩუმდებოდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
მსჯავრდებულის ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემთვის უცნობია, ვინაიდან მას შემდეგ, რაც პეტრე ოვანოვის თხოვნით გავმართეთ ბრიფინგი და ციხეში მომხდარი შემთხვევა გავახმაურეთ, მან დამირეკა და მითხრა, რომ, ჩვენი შეთანხმების მიუხედავად, გავჩერებულიყავი. გამიჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ამას გარდა, ჩემს ეჭვებს ამყარებს რამდენიმე ფაქტი და რატომ:
ჯერ ერთი, როდესაც პეტრე ოვანოვს შევხვდი და ვისაუბრეთ, დამავიწყდა, მისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი დამეტოვებინა, რათა საჭიროების შემთხვევაში, როგორც მის ადვოკატს, დამკავშირებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან დამირეკა. ანუ, გამოდის, რომ ციხეში ვიღაცამ მისცა ჩემი ტელეფონის ნომერი და დაარეკინა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ პატიმარი მირეკავდა ერთი საათის განმავლობაში (ვინაიდან მე სასამართლო პროცესზე ვიმყოფებოდი, ტელეფონს ვერ ვუპასუხე). არადა, როგორც წესი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულს მაქსიმუმ 5 წუთით აძლევენ ტელეფონზე დარეკვის უფლებას. წარმოიდგინეთ მსჯავრდებული, რომელიც ერთი საათის განმავლობაში დგას და ელოდება, როდის უპასუხებენ მის ზარს, ციხის პირობებში ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მესამე: ვერ დავადასტურებ, რომ ტელეფონით მართლაც პეტრე ოვანოვს ველაპარაკე. არ არის გამორიცხული, მისი სახელით სხვა პირი დამკავშირებოდა და, ვინაიდან ოვანოვი მხოლოდ ერთხელ ვნახე, მისი ხმის იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენდი.
ამას გარდა, ჩვენ ვისაუბრეთ და პეტრე ოვანოვმა კარგად იცოდა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ შესაძლო იყო მასზე ზეწოლის განხორციელება, მაგრამ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად იყო და ბოლომდე იბრძოლებდა.
_ «ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემ მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად. მუქარის ასრულება ამათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, აქ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რაც ამათ შეაჩერებს და დამიცავს. მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს ამბავი ეცნობოს ადამიანის უფლებების დაცვის ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს», _ წერს ოვანოვი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. როგორც მისი ადვოკატი, რა ბერკეტებს ფლობთ ამ ეტაპზე პატიმრის დასახმარებლად?
_ სანამ პეტრე ოვანოვი დამირეკავდა და მეტყოდა, რომ გავჩერებულიყავი, მე უკვე პროკურატურაშიც მქონდა საჩივარი გაგზავნილი და მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ვითხოვ. ხათუნა კალმახელიძის სახელზეც მაქვს გაგზავნილი საჩივარი. ამას გარდა, საქმე გაგზავნილი მაქვს ყველა დიპლომატიური კორპუსისთვის და სახალხო დამცველიც ჩართულია ამ საქმეში. აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფაქტის გამოძიება.
უახლოეს დღეებში ვაპირებ პატიმარ პეტრე ოვანოვის ნახვას და, თუ მას სურვილი ექნება, დავეხმარები, მაგრამ, თუ მე, როგორც ადვოკატს, აცილება დამახვედრეს, მისი ნახვის უფლება აღარ მექნება და არ არის გამორიცხული, პეტრე ოვანოვი აიძულონ, ასე მოიქცეს.
_ შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე, დიმა ჩხეიძე… მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი პეტრე ოვანოვი თავის წერილში ამ ადამიანებს პირდაპირ სდებს ბრალს, რა რეაგირება მოჰყვა მის წერილს თქვენ მიერ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან ან ციხის ადმინისტრაციის მხრიდან?
_ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს განცხადებისა. «ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რომელიც შეურაცხყოფს როგორც პენიტენციალური სისტემის მოხელეებს, ასევე ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს», _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თუმცა ალოგიკურია სამინისტროს ეს განცხადება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ პოლიტიკური სუბიექტი, «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» არასამთავრობო ორგანიზაციაა და, ამას გარდა, მე ადვოკატი ვარ, ანუ არანაირი კავშირი არ გვაქვს პოლიტიკასთან. ამის მიუხედავად, სამინისტრო სპეციალურად ცდილობს, ეს შემთხვევა პოლიტიკას დაუკავშიროს. ამას გარდა, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, თუ გაუპატიურების შემთხვევა ამა წლის 24 თებერვალს მოხდა, რამდენიმე თვის დაგვიანებით რატომ გახდა ჩვენთვის ცნობილიო. არადა, წერილი მხოლოდ იმიტომ მოვიდა ჩვენამდე დაგვიანებით, რომ ოვანოვმა მისი ციხიდან გამოგზავნა ვერ მოახერხა, ვერავის ანდო, რადგან აღნიშნული წერილი რომ ციხის ადმინისტრაციას ჩავარდნოდა ხელში, ხომ წარმოგიდგენიათ, პატიმარი რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა, მან მოახერხა და გამოატანა წერილი. პეტრე ოვანოვი აცხადებს, რომ ის შეძლებს, დაამტკიცოს, რომ გააუპატიურეს. ასე რომ, კალმახელიძის განცხადება სიცრუეა.
_ რას ყვებიან პატიმრები, წამების რა მეთოდებს მიმართავენ ციხის თანამშრომლები?
_ გაუპატიურების ფაქტები, დარწმუნებული ვარ, ბევრია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, პატიმრებს არ სურთ, ინფორმაცია საჯარო გახდეს.
გესტაპოს მეთოდები _ ქართულ საპატიმროში
«ყოველ დილით, შემოწმებისას, გაშიშვლებას გვაიძულებენ, შემდეგ კი შიშვლებს შეუბრალებლად გვცემენ, სანამ არ მობეზრდებათ. ხელებდაწყობილ მდგომარეობაში რამდენიმე საათს გვაჩერებენ და, თუ რომელიმე დავიღლებით, ყველას კოლექტიურად გვსჯიან და «ინბოქსში» გვიშვებენ, რომელიც 3 კვმ–ია, საწოლიც კი არ არის და ძირსაც რომ არ წამოვწვეთ, ცივ წყალს გვისხამენ», _ ასე ახასიათებს ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმრო დაწესებულებას სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის, ანგარიშში ერთ–ერთი პატიმარი.
რა მდგომარეობაა ქუთაისის ციხეში? მართლა აშიშვლებენ ადამიანებს? ხორციელდება პატიმრებზე სექსუალური ძალადობა? ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განახორციელა აღნიშნულ საპატიმროზე.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულია 1464 პატიმარი. პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ თანამშრომლები მათ ექცევიან უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად.
პატიმრების თქმით, ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს ერთ საათზე მეტი ხნით ეძლევათ უფლება, გავიდნენ სუფთა ჰაერზე, მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას, რადგანაც იმ შემთხვევებშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და პატიმრებს აბრუნებენ საკნებში. ამგვარად, კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები _ ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. ყველაზე ხშირად არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებული და კარანტინში განთავსებული პატიმრები ხდებიან. მათი თქმით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, პატიმართა უმეტესობა ე. წ. «ბოქსში» გადაჰყავთ («ბოქსი», დაახლოებით, 2-3 კვ.მ ფართის მქონე საკანია, რომელშიც არც მაგიდა დგას, არც სკამი და არც საწოლი და დასჯილ პატიმრებს ათავსებდნენ საცვლებისამარა, ფეხშიშვლებს, 3-დან 24 საათამდე ხანგრძლივობით).
ე. წ. ბოქსებში ყოფნისას ადმინისტრაციის თანამშრომლები იატაკზე წყალს ასხამდნენ, რომ პატიმრებს წამოწოლის საშუალება საერთოდ მოსპობოდათ.
პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურებისას მათ აიძულებენ, თავზე ხელებდაწყობილები დადგნენ ფანჯრისკენ სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა და ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მდგომარეობაში დადგომა, მთელი საკანი ისჯება. პატიმართა თქმით, ამ შემთხვევაში დასჯა გულისხმობს მათ დაჩოქებას თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში, რაც 1-2 საათიც კი გაგრძელებულა.
პატიმრები ასევე აღნიშნავდნენ, რომ კარანტინის საკნიდან შემოწმებაზე გასვლისას თანამშრომლები მათ მუცელში ან გვერდებში იდაყვებს ურტყამენ.
ყველაზე ხშირად პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტების მონაწილედ ასახელებდნენ დაწესებულების დირექტორ დიმიტრი ჯიჭონაიას. ასევე აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული «აქტიურობით» ამ მხრივ გამოირჩეოდა დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი ჯიშკარიანი.
დაწესებულებაში გამეფებულ შიშის სინდრომზე მეტყველებს ისიც, რომ, პატიმრების თქმით, ისინი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც კი ერიდებიან სამედიცინო დახმარების მოთხოვნას. ერთ-ერთი პატიმრის თქმით, იგი მანამ ერიდებოდა ექიმის დაძახებას, სანამ მდგომარეობა არ გაურთულდა და სასწრაფოდ საოპერაციო არ გახდა.
სახალხო დამცველის მონიტორინგის ფარგლებში, გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ თავად პატიმრებიც.
გოგიტა ზ.: «ჩემს საკანში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ადმინისტრაციის დაახლოებით 15 თანამშრომელი, მათ შორის _ დიმიტრი ჯიჭონაია, მიშა გიგაური, რომან რობაქიძე, აჩიკო ტაბატაძე და ვინმე მამუკა. ჩაატარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც ცემით გამატარეს ე. წ. კორიდორში, შემდეგ კი დამიწყეს ცემა, რა დროსაც გონება დავკარგე. ამის შემდეგ გონზე მოსასვლელად დამასხეს წყალი, ხოლო შემდეგ ჩამიყვანეს «ბოქსებში», სადაც შიშველ მდგომარეობაში 7 საათი გამაჩერეს».
ლალი აფციაური: სამართალდამცავ ორგანოებში მკვლელები არიან
შინაგან საქმეთა მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის მანძილზე პოლიციელის იარაღით არც ერთი მოქალაქე არ დაღუპულა, ხოლო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის მტკიცებით, 2012 წელს პატიმრების გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა. მინისტრების განცხადებების მიუხედავად, მათი საქმიანობის ირგვლივ დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. გორის რაიონის პოლიციის შენობაში დაკავებული თამაზ ჯღირაძისა და ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის შემდეგ, ზუგდიდელ ბადრი ტაბიძის მკვლელობაშიც პოლიციის დანაშაულზე საუბრობენ. ხოლო რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი პატიმრის _ თენგიზ ბელქანიასა და ზურაბ დელიანიძის _ გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. გარდაცვლილთა ოჯახები პატიმრების სიკვდილში კვლავ სასჯელაღსრულების სამინისტროს სდებენ ბრალს. რამდენად სარწმუნოა მინისტრების განცხადებები და რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის უფლებები, «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი ლალი აფციაური ესაუბრება, რომელიც უმოქმედობაში ადანაშაულებს კოლეგებს, სახალხო დამცველს, საზოგადოებას და, მათ შორის, საკუთარ თავსაც:
_ შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის წამახალისებელი ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფო და მისი მეთაური მიხეილ სააკაშვილია. ვანო მერაბიშვილის განცხადება, თითქოს ბოლო 4 წლის მანძილზე პოლიციელის ხელით არავინ გარდაცვლილა, აბსოლუტური სიცრუეა. საქართველოს პოლიციაში დასაკითხად მიყვანილი ადამიანები კიბიდან თურმე უბრალოდ «გორდებიან» ან დაკითხვის დროს გული უსკდებათ, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია.
გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ცნობილი და გახმაურებული შემთხვევები, რისი უარყოფაც ხელისუფლების მხრიდან უკვე შეუძლებელია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რაც არ ვიცით, ვინაიდან გარდაცვლილების ოჯახები სერიოზულ ზეწოლას განიცდიან.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა გარდაცვალების ფაქტებიც არსებობს, რაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია?
_ რა თქმა უნდა, არსებობს. ამაზე კითხვაც არ შეიძლება გაჩნდეს. ასე რომ, ვანო მერაბიშვილსა და ხათუნა კალმახელიძეს სატრაბახო არაფერი აქვთ. როცა ადამიანს გამეტებით სცემ, თავს არტყმევინებ კედელზე, ეს ნიშნავს, რომ მას სასიკვდილოდ იმეტებ. საამაყო ნამდვილად არ არის, როცა სამართალდამცავ ორგანოებში მკვლელები არიან.
_ თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, განცხადებით, პენიტენციალურ დაწესებულებებში 2012 წელს პატიმართა გარდაცვალების ფაქტები შემცირდა. თქვენ რა სტატისტიკურ მონაცემს ფლობთ?
_ ხათუნა კალმახელიძე შემცირებაში რას გულისხმობს? 150 პატიმრის გარდაცვალება თუ მცირედ მიაჩნია, არ ვიცი. ყველა, პატიმრების 99% მაინც, განიცდის ფიზიკურ ზეწოლას, აღარაფერს ვამბობ მორალურ ზეწოლაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მიმდინარეობს პატიმრების სასტიკად წამება, ცემა-ტყეპა, მათ სასტიკ პირობებში ამყოფებენ. საქართველოს ციხეებში კატასტროფული მდგომარეობაა. ყველა სიბოროტე, რაც კი შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ მოიფიქრონ და განახორციელონ, საქართველოს ციხეებში ხდება.
_ რატომ არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტებს და რატომ არ სჯის დამნაშავე თანამშრომლებს, ეს ხომ მათ იმიჯზეც დადებითად აისახება?
_ მაშინ, როცა ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობაა გამოცხადებული და სახელმწიფოს მეთაურისგან პირდაპირ აქვთ ნაბრძანები, ყველას ესროლეთ და კბილები ჩაუმტვრიეთო, რატომ უნდა დასაჯონ? დღეს არც შსს და არც სასჯელაღსრულების სამინისტრო, თავის არც ერთ თანამშრომელს არ დასჯის, ვინაიდან ხალხში შიშის ფაქტორის დანერგვა უფრო სჭირდებათ.
_ ქვეყანაში უამრავი უფლებადამცველია, ასევე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მათ ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რატომ არ მიჰყევით ბოლომდე რომელიმე საქმეს?
_ სწორი კითხვაა, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ უპასუხისმგებლოები ვართ, არავის ბედი არ გვადარდებს და ყველაფერი საკუთარი კეთილდღეობისთვის გვჭირდება. ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს, ადვოკატებს, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისმხობ… თუნდაც ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტის გამო, მთელი თბილისი ქუჩაში უნდა იყოს გამოსული, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ.
ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბრალია, ვინაიდან თითოეულ დანაშაულზე სათანადოდ არ მოვთხოვეთ პასუხი ხელისუფლებას, ვილაპარაკეთ და დაგვავიწყდა. საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე კი არ უნდა ვიყოთ, ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვთხოვდეთ პასუხს და მაშინ ვერ გაგვიბედავდნენ ამდენს. მთელი მსოფლიო საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ჩვენ კი კაბინეტებიდან ვაპროტესტებთ.
_ გარდაცვლილი ზურაბ დელიანიძის ოჯახის განცხადებით, ის სასტიკად არის ნაწამები, ამიტომ ოჯახი გაჩერებას არ აპირებს. რით შეიძლება დაეხმაროთ უფლებადამცველები?
_ ჩემი პატიმარი რომ ასეთ მდგომარეობაში ვნახო, როგორშიც ზურაბ დელიანიძე, არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ქვა-ქვაზე არ დარჩება. ამიტომ ჩემს პატიმრებს, სიმართლე გითხრათ, ერიდებიან. ბოლო პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზვიადაძის საქმე იყო გახმაურებული, რომელიც სასტიკად სცემეს, მაგრამ #7 საპყრობილის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მე ვიცავდი. ის დაპატიმრების დღესვე უცემიათ. როცა მივმართე სახალხო დამცველს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუგს ვერ ვიტყვი, დაუყოვნებლივ დაინიშნა ექსპერტიზა და ეს ფაქტი მან თავის დასკვნაშიც მოიხსენია.
დღემდე გაურკვეველია, პატიმარმა საყვარელიძემ ყური თვითონ მოიჭრა თუ წამებისას მოაჭრეს
გიორგი თევზაძე: _ სამწუხაროდ, ციხეები გადაიქცა პატიმრების ცემისა და წამების ადგილად, სადაც წამება და არაადამიანური მოპყრობა აუცილებელ პროცედურად იქცა. გახშირდა პატიმართა სიკვდილიანობაც. პატიმართა დიდი ნაწილი ტუბერკულოზით არის დაავადებული. პატიმრების წამების ფაქტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ციხიდან გამოდის, ზღვაში წვეთია, ვინაიდან პატიმართა მშობლები ამ ფაქტებს არ ახმაურებენ, რადგან პატიმარს, რომელიც ამ ფაქტებს გაამხელს, ციხეში სასტიკად აწამებენ. ადვოკატებიც ხშირად იძულებულნი არიან, ხმამაღლა არ ისაუბრონ ნაწამებ პატიმრებზე.
პატიმარი მურმან კალანდია ზუგდიდის ციხეში ადმინისტრაციამ სასტიკად სცემა; მას სხეულზე წამების კვალიც ემჩნეოდა და თბილისში გადმოყვანისას გარდაიცვალა. კალანდიას სამწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ვადა კი 2012 წლის აპრილში ეწურებოდა. გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა, გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა დაზიანებები, გატეხილი ჰქონდა ცხვირი, მომტვრეული ჰქონდა თითი და სხეულზე ცემის კვალი _ წითელი ზოლები ეტყობოდა. როგორც ჩანს, პატიმარს ხელკეტებით სცემდნენ, სიგარეტით დამწვარი ჰქონდა ხელის მტევანი. ფაქტი ერთია: სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, პატიმარი მოინახულა დედამ. როგორც დედა ამბობს, მისი შვილი ჯანმრთელი იყო და არაფერს უჩიოდა.
პატიმარი ტარიელ საყვარელიძე, რომელიც რუსთავის ციხეში იხდიდა სასჯელს, ფსიქიკური ნაკლის მქონე იყო. მას სისტემატურად სცემდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები. როგორც მისი ადვოკატისგან საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა. დღემდე გაურკვეველია, პატიმარმა საყვარელიძემ ყური თვითონ მოიჭრა თუ წამებისას მოაჭრეს.
მძიმე მდგომარეობაა გლდანის მე-8 სამკურნალო დაწესებულებაში, იქ გადაყვანას პატიმრები სერიოზულად ეწინააღმდეგებიან.
_ რა მხრივ არის მძიმე მდგომარეობა: აწამებენ თუ პირობებია მძიმე?
_ მიზეზი ცემა-წამებაა. ალბათ, გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ამ დაწესებულებაში მომხდარი გახმაურებული ფაქტი, როდესაც მსჯავრდებული კახაბერ ბარათაშვილი იმიტომ სცემეს, რომ თირკმლის ტკივილის გამო ექიმის გამოძახება ითხოვა. ბარათაშვილი ისევ მძიმე მდომარეობაშია და სასჯელს იხდის.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ივანე მენაფირე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა. იგი მსჯავრდებული იყო სსკ-ის 177 მუხლით და ექვსი წელი და ექვსი თვე ჰქონდა მისჯილი. მენაფირეს ადვოკატი შოთა გალაშვილი სისტემატურად ითხოვდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად _ ისტორიის ამონაწერს, რაც სამი თვის მანძილზე არ მისცეს და შეგნებულად გააჭიანურეს. ექსპერტიზის მოთხოვნის შემდეგ პატიმარი ცემეს, წაართვეს ყავარჯნები, არ აძლევდნენ ეტლს, იმ დროს, როდესაც მას გადაადგილება არ შეეძლო, არ უტარებდნენ შესაბამის სამედიცინო მკურნალობას. შედეგად მისმა ჭრილობებმა ლპობა იწყო. ადვოკატი შოთა გელაშვილი რამდენიმეჯერ არ შეუშვეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან _ ივანე მენაფირესთან, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევა; დაირღვა როგორც პატიმრობაში მყოფი პირის, ისე ადვოკატის კანონიერი უფლებები. ივანე მენაფირე ციხეში გარდაიცვალა და ამის მიზეზი გლდანის ციხის ადმინისტრაცია იყო, რომელიც ავადმყოფ პატიმარს სცემდა და დროულად არ უმკურნალა. პატიმრებს უბრალოდ გადაჩურჩულებისთვისაც სცემენ.
_ ციხის საავადმყოფოში გადმოყვანილი პატიმრები თუ ამბობენ რამეს?
_ ვერც ციხის საავადმყოფოში ამბობენ პატიმრები სიმართლეს. იქ, ფაქტობრივად, მომაკვდავი პატიმრები მოჰყავთ, მათ საუბრის თავიც აღარ აქვთ. ციხის საავადმყოფოშიც არის ზეწოლა; იქ ძალიან ძნელია ადვაკატის და თუნდაც ახლობლების შესვლა.
ქეთი ბექაური: წალენჯიხის პოლიციის უფროსმა დაკავებულ არქანიას 20 ღერი სიგარეტი მიაწვა იღლიაში
_ ზუსტად ახლა მე ვიცავ მსჯავრდებულ ლაშა არქანიას, რომელიც ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებს წესიერად. ეს ადამიანი გახლავთ ბიძაშვილი იმ მალხაზ არქანიასი, რომლის მიმართაც, შეიძლება გახსოვთ კიდეც, გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის მეოთხე დაწესებულებაში. სხვათა შორის, ამ საქმეში მონაწილეობდა მეგის ქარდავაც…
ლაშა არქანია 2010 წლის 14 ივლისს დააკავეს და, სანამ განყოფილებაში მიიყვანდნენ, წალენჯიხის პოლიციის უფროსმა სოსო აბაშიძემ მას ერთი კოლოფი სიგარეტი მიაწვა იღლიაში. შემდეგ იგი გადაიყვანეს იზოლატორში და იქ უკვე მის მიმართ გამოყენებულ იქნა ფიზიკური ზემოქმედების ისეთი ფორმები, რომ არ ვიცი, საერთოდ როგორ გადარჩა ეს ადამიანი ცოცხალი. ასეთი ფაქტები უამრავია და უარესებიც ხდება, მაგრამ ხელისუფლება საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს. შესაბამისად, ჩვენთვის, უფლებადამცველებისთვისაც კი არ არის ბოლომდე ცნობილი, რა ხდება რეალურად ციხეებში; თავის მხრივ, მსჯავრდებულები ისე არიან დაშინებულნი, რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ…
წერილი ციხიდან
რუსთავის #2 კოლონიის პატიმარი რამაზ პატარაია მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ პარალიზებული აქვს ქვედა კიდურები და ეტლით გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, მასზე ფიზიკური ზეწოლა დღემდე გრძელდება. გამოძიება კი განზრახ ჭიანურდება.
არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ ვის გადმოაგდებენ ფანჯრიდან და ვის ამოხდიან სულს ცემაში
გელა ნიკოლეიშვილი: _ ხაშურის პოლიციის განყოფილებაში ადამიანი დაიღუპა თუ მოკლეს, გაურკვეველია და ამ დროს, ფაქტობრივად, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. იმ სიმბოლურ გათავისუფლებას სამსახურიდან და ეჭვმიტანილი თანამშრომლის გადაყვანას კადრების განკარგულებაში დასჯას ვერ დავარქმევთ, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მსგავსი დანაშაული ითვალისწინებს კანონით. ის კი არა, დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ იმ თანამშრომელს სადმე უკეთეს ადგილას გადაიყვანენ და დააწინაურებენ კიდეც.
პატიმარი, რომელიც ერთი კვირით ადრე იტყობინებოდა, რომ მას მოკლავდნენ, მკვდარია
26 წლის კახაბერ თედლიაშვილი, რომელმაც ციხეში სამი წელი და სამი თვე გაატარა, 30 აპრილს იქიდან გამოასვენეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მარლით ჩამოიხრჩო, თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებენ მისი ოჯახის წევრები და ასევე საწინააღმდეგოს მეტყველებს ციხიდან გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე გამოგზავნილი წერილები სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის, პარლამენტის წევრ ლაშა თორდიასა და სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისთვის. კახაბერ თედლიაშვილის წერილი, რომლის ადრესატიც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშია, 2011 წლის 12 აპრილით არის დათარიღებული.
ნანა კაკაბაძე: ციხე, წინასწარი დაკავების იზოლატორი თუ პოლიციის განყოფილება ის ადგილია, რომლიდანაც, ძალიან მცირე შანსია, ცოცხალმა გამოაღწიო…
_ სამწუხაროდ, იყო რამდენიმე მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია. ასევე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩვიდმეტი წლის ბავშვი, რომელიც შეესწრო ერთ-ერთ მკვლელობას, აბსოლუტურად უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ დააკავეს და იმის მიუხედავად, რომ მისი დაკითხვის უფლებაც კი არ ჰქონდათ მშობლის ან პედაგოგის გარეშე, აიძულებდნენ, თავის თავზე აეღო ეს დანაშაული. ბავშვს ეტყობოდა წამების ნიშნები და შეიძლება არ დაიჯეროთ, ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ მთელი სხეული _ ფეხებიდან ყურებამდე ჰქონდა ჩალურჯებული. გარდა ამისა, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ეს ბავშვი იყო დაკავებული, მშობლებს არ მისცეს შვილის ნახვის უფლება და ბოლოს, როცა იგი, როგორც იქნა, დაიხსნეს და გამოიყვანეს იზოლატორიდან, ბავშვი უკვე ფეხზე ვეღარ დგებოდა.
მსჯავრდებული კახა ბარათაშვილი ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, იურისტი ნინო გობრონიძე:
_ კახა ბარათაშვილი სასჯელს #17 დაწესებულებაში იხდიდა, მსჯავრდებული, ფაქტობრივად, სიკვდილის პირამდე იყო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და შემდეგ, როცა ციხის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ პატიმარს სჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია თირკმელებზე, გადაიყვანეს #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამკურნალო დაწესებულება. ჩვენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მოგვმართა მისმა ადვოკატმა კახა მუმლაძემ, რომელმაც თქვა, რომ, როგორც მას პატიმარმა განუცხადა, ბარათაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. ეს ძალადობა გამოიხატებოდა იმაში, რომ, როცა მას ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და ითხოვდა ექიმს, იგი ჩაიყვანეს პროზექტურაში, სცემეს, გააშიშვლეს, მიასხეს ცივი წყალი და დაემუქრნენ, თუ კიდევ მოითხოვდა სამედიცინო დახმარებას, ფიზიკური ზემოქმედება მასზე ისევ გაგრძელდებოდა. ასევე, როგორც კახა მუმლაძემ განაცხადა, იყო მუქარა სექსუალური ძალადობის კუთხითაც, რასაც თვითონ მსჯავრდებული ადასტურებს. …ამის შემდეგ უკვე ბარათაშვილი გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ პალატაში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში კი ისევ გაგრძელდა მუქარა, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ პატიმრის, არამედ უკვე მისი ოჯახის წევრების მიმართაც…
ლალი აფციაური: ციხეებში პატიმრებს სპეციალური დენის ხელსაწყოთი აწამებენ. ამგვარი ელექტროხელსაწყოთი წამების კვალი კარგად ჩანს გარდაცვლილ გოდელაძის ფოტოებზე
ყველა ნაწამები და ნაცემი პატიმრის ექსპერტიზის დასკვნა მაქვს, რითაც დასტურდება, რა ვითარებაა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვსაუბრობთ უფლებადამცველები, კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებთ, საჩივრები შეგვაქვს პროკურატურაში, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს, ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა.
ძალიან ხშირია პატიმრების გაუპატიურების შემთხვევები, ბევრი მათგანი დაინვალიდებული ტოვებს ციხეს
ლალი აფციაური: _ საერთაშორისო ორგანიზაციები სასჯელღსრულების დაწესებულებებზე რეალურ ინფორმაციას ფლობს. მე მაქვს პატიმარ უჩა გოდელაძის წამების ფოტომასალა, რომელიც პირადად გადავეცი საქართველოში ვიზიტისას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამერბერგს. ყველა ნაწამები და ნაცემი პატიმრის ექსპერტიზის დასკვნა მაქვს, რითაც დასტურდება, რა ვითარებაა დღეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვსაუბრობთ უფლებადამცველები, კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებთ, საჩივრები შეგვაქვს პროკურატურაში, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს, ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა. შევშფოთდებით, შევიცხადებთ, რაიმე ფაქტი თუ მოხდება, და აქ დამთავრდება ყველაფერი. ხელისუფლებას არც აინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები.
თომას ჰამერბერგს საქართველოში პატიმრების გარდაცვალების და წამების შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ
როცა პენიტენციალურ სისტემაში ქვეყანაზე უარყოფითი ანგარიშები არსებობს, იქ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, თომას ჰამერბერგის სპეციალური მიწვევით ადვოკატი მანანა კობახიძე და «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში მიემგზავრებიან. კომისარს პრაქტიკოსი ადვოკატებისგან მართლმსაჯულების ხარისხზე დეტალური ინფორმაცია აინტერესებს.
«საქართველო და მსოფლიოს» მანანა კობახიძე ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრა:
– ევროსაბჭოს ეგიდით ადამიანის უფლებათა დამცველებს შორის შეხვედრაზე, რომელსაც თომას ჰამერბერგი უძღვება, ძირითადი აქცენტი წამების აკრძალვაზე გაკეთდება. შეხვედრაზე ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობა იქნება. ჩვენ წამოვწევთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოში პატიმრების მდგომარეობა, ადვოკატების მიმართ მოპყრობა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი მოკლეს
«საქართველო და მსოფლიო» გასულ ნომერში წერდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება 36 წლის პატიმარი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელსაც ორი მომაკვდინებელი დაავადება: შიდსი და ტუბერკულოზი საპატიმროში შეჰყარეს. პატიმარი ვერ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად. ადვოკატის განცხადებით, მას ნაწოლებისგან სხეულის ლპობა ჰქონდა დაწყებული, მაგრამ, მიუხედავად არაერთი შუამდგომლობისა, მის მიმართ სასჯელის გადავადება არ მოხდა. 29 მაისს ნიკოლოზ მჭედლიშვილი პალატიდან რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ნიკოლოზ მჭედლიშვილთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ არაერთი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, თუმცა არც ერთი მათგანი არ შესრულებულა.