ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ქეთი ბექაური.
_ ქალბატონო ქეთი, «ნაცმოძრაობის» ერთ–ერთმა ყველაზე «წარმატებულმა» ტრუბადურმა და თავგადაკლულმა მქადაგებელმა, მიხეილ თავხელიძემ, გასულ კვირას პირდაპირ ეთერში მოურიდებლად განაცხადა, კლასი, რომელსაც ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს, უნდა გაქრესო. გაქრობაში, არც მეტი, არც ნაკლები, კატინის პოლონელი ოფიცრებივით კეფაში ტყვიის დახლა იგულისხმა. თქვენ, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, რა ლოგიკასა და პათოსს ხედავთ ამ განცხადებაში?
_ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა არანაირი განმარტება და განვრცობა ფაქტს არ სჭირდება, ექსპერტად და ჟურნალისტად წოდებულმა თავხელიძემ, რომლისგანაც მსგავსი განცხადებები გასაკვირი ნამდვილად არ არის, პირდაპირ თქვა, ვინც ჩვენკენ არაა, უნდა განადგურდესო. ასახსნელი აქ არაფერია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხელისუფლებაც გვყავს და რას უნდა ველოდოთ იმ მოფაშისტო ელემენტებისგან, რომლებიც უხვად არიან ამ ხელისუფლებაში…
_ თქვენი აზრით, თავხელიძემ ხელისუფლების პოზიცია გაახმოვანა?
_ ცხადია, მსგავსი იდეები მარტო მის თავში არ იხარშება და ვიღაც-ვიღაცებთან შეთანხმების გარეშე არ ამბობს ეს ადამიანი ასეთ რამეებს. ხელისუფლების რუპორობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ, რასაც ოფიციალური პირები ვერ ამბობენ, შენ უნდა ილაპარაკო. ამ მხრივ კი თავხელიძე იდეალური ვარიანტია, იმიტომ, რომ ჭკუა არ უშლის _ ოღონდ უბრძანონ, მზადაა, ყველაფერზე ისაუბროს… სხვათა შორის, ასეთი რუპორები ხელისუფლებას მრავლად ჰყავს იმავე გაბიანების, ბოკერიების, წიკლაურებისა და დარჩიაშვილების სახით, მაგრამ თავხელიძემ მაინც ყველას გადააჭარბა; იმას, რაც მან თქვა, ალბათ, ჩემ მიერ ჩამოთვლილთაგან «ნაცმოძრაობის» ვერც ერთი იდეოლოგი ვერ აიღებდა საკუთარ თავზე, ამიტომაა იგი ხელისუფლებისთვის, როგორც მეხოტბე და მესაყვირე, მნიშვნელოვანი, რაც ბუნებრივია.
_ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში რა რეაგირება ექნებოდა ხელისუფლებას მსგავს განცხადებაზე?
_ ჯერ ერთი, ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებას ასე აშკარად და დაუფარავად რუპორები არ ჰყავს და მეორეც, თუ ჰყავს, პირდაპირ ნაჯახის პრინციპით არ მოქმედებენ. რაც შეეხება საზოგადოებას, მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში, სადაც მართლა დემოკრატიული ფასეულობებია, მოქალაქე, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენს, ვინმემ პირდაპირ ეთერში დახვრეტასა და შუბლში ტყვიის დახლაზე გაბედოს საუბარი. ეს იმდენად შეუთავსებელია მათ პრინციპებთან, რომ დასავლური საზოგადოების ფსიქოლოგია თეორიულადაც კი არ უშვებს მსგავს რამეს. ჩვენთან ეს არ იწვევს გაკვირვებას და ბუნებრივია, ვინაიდან სააკაშვილის პოლიტიკამ ქვეყანა უკვე იქამდე მიიყვანა, რომ დღესდღეობით საქართველო და დემოკრატია ფაქტობრივად საპირისპირო ცნებებია…
_ თუკი თავხელიძის განცხადება ხელისუფლების პოზიციის გახმოვანება იყო, გამოდის, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებს ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრება. ასეთ პირობებში რას უნდა ველოდოთ არჩევნებისგან?
_ მერე ვინ გითხრათ, რომ მე მაქვს ამ არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების იმედი? მსგავსი ილუზია საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს ამ ხელისუფლების პირობებში. აქ ახლა გაყალბების ისეთი მექანიზმებია ამუშავებული, რომ, რაც ადრინდელ არჩევნებში დარღვევები ვიხილეთ, ამასთან შედარებით მონაგონი იქნება. ესენი ცოცხალი თავით არ წავლენ, არა მარტო იმიტომ, რომ ძალაუფლება არ ეთმობათ, მათ იციან, რომ ხელისუფლებიდან წასვლა მათთვის ნიშნავს უმძიმეს განაჩენს, ვინაიდან ამდენ გაყალბებას, ამდენ სისხლისღვრას, უკანონო დაპატიმრებებსა და საზოგადოების ტერორს ხალხი არ აპატიებს. ამიტომაა დღეს ეს ხელისუფლება ათმაგად საშიში, მას ახლა, ყველაფერთან ერთად, თვითგადარჩენის ინსტიქტიც ამოძრავებს, რაც ყველაზე მეტ ბიძგს აძლევს უკომპრომისობისა და დაუნდობლობისთვის.
_ გაყალბების მექანიზმებზე ბევრი საუბრობს. იქნებ დააკონკრეტოთ, მაინც რა მექანიზმებზეა საუბარი?
_ დავიწყოთ იმით, რომ, როცა ხელისუფლებაში გეყოლება გოგორიშვილები, მაჭავარიანები და ბარამიძეები, რომელ დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი?! ამ ადამიანებს «ნაცმოძრაობის» რიგებში ისტორიულად აქვთ გამყალბებლის ფუნქცია დაკისრებული. ეს არის ჩვენი მწარე რეალობა და მე, უბრალოდ, საზოგადოებას ვერ ვაკადრებ იმას, რომ სიმართლე არ ვთქვა, _ არჩევნები უკვე ამთავითვე გაყალბებულია. გაყალბებულია იმავე მამუკა კაციტაძის მიერ ჩატარებული ე. წ. კარდაკარის პრინციპით, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, იყო სწორედ სიების გაბერვა. სხვა კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ემიგრანტებს რას უშვებიან და როგორ ცდილობენ მათ იზოლირებას საარჩევნო პროცესიდან, უკვე ცნობილია. მოკლედ, ხელისუფლება უცხოეთშიც კი არ ასვენებს თავის მოქალაქეებს და იქაც ზუსტად ისეთივე წნეხში ამყოფებს ამომრჩეველს, როგორც ამას აქ, საქართველოში აკეთებს. ასეთ პირობებში, ცხადია, არჩევნების ობიექტურობის იმედი არ გვექნება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს, რომ ხალხმა ფარ-ხმალი უნდა დაყაროს. ვინც რეალისტური თვალით უყურებს ამ ყველაფერს და აცნობიერებს, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, კარგად იცის, რომ წინ გველის საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც ან ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, ან დამარცხება ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ რჩება ანტისახელმწიფოებრივი, დამანგრეველი ძალების ხელში, რაც საბოლოოდ გაქრობასა და განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას.
_ მამუკა კაციტაძე და «კარდაკარის» პრინციპი ახსენეთ. თქვენი აზრით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია ხელისუფლების ერთ–ერთი გაყალბების მექანიზმია?
_ მეტსაც გეტყვით, ეს კომისია საგულდაგულოდ შეიქმნა იმისთვის, რომ სიები გაბერილიყო, რაც თავისთავად უკვე ქმნის გაყალბების ნიადაგს. კაციტაძემ ეს მშვენივრად იცოდა. ამიტომ დღეს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ კაცმა თავის საქმე გააკეთა, სანაცვლოდ კი მოხვდა პარტიულ სიაში. თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც შევა და ეყოლება უმრავლესობას ისეთივე ოპოზიციონერად, როგორებიც არიან, მაგალითად, «ქრისტიან-დემოკრატები». სწორედ ამისთვის გაუწია მან «ნაცმოძრაობას» სამსახური, რასაც მმართველი გუნდიც, ალბათ, სათანადოდ დაუფასებს.
_ დასაწყისში თქვით, რომ არჩევნები ამთავითვე გაყალბებულია. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, თუ ეს არჩევნები მართლა დარღვევებისა და ტოტალური გაყალბების ფონზე ჩაივლის?
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არჩევნების გაყალბება გარდაუვალია, იმიტომ, რომ სხვანაირად «ნაციონალურ მოძრაობას» შანსი არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოსავლის პოვნა. არსებობს პროტესტის მშვიდობიანი ფორმები, მათ შორის ქუჩის აქციები, და საზოგადოებამ ეს უფლება, რაც მას კანონით გააჩნია, უნდა გამოიყენოს. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ აქამდე ჩვენი საზოგადოება თავის კონსტიტუციურ უფლებებს ბოლომდე არ ან ვერ იყენებდა. დღეს არის სწორედ ის დრო და ის ზღვარი, როცა თითოეულმა მოქალაქემ ეს ბარიერი უნდა გადალახოს.
_ ქუჩის აქციები ახსენეთ და, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ცხადია, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა ნაბიჯისთვის, რაც ძალაუფლების შესანარჩუნელად დასჭირდება. იმავე თავხელიძის განცხადებაც, კლასი უნდა განადგურდესო, მოწმობს, რომ მმართველი გუნდი ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება, თუ აუცილებლობამ მოითხოვა. რამდენად მზადაა დღეს ჩვენი საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი ასეთ რეჟიმთან ბოლომდე დასაპირისპირებლად?
_ ოპოზიცია ამ შემთხვევაში ორ ნაწილად შეიძლება გაიმიჯნოს: ერთი, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების ყურმოჭრილი მონაა და მთელი თავისი მოღვაწეობით არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციას ემსახურება, მაგალითად, «ქრისტიან-დემოკრატები»; და მეორე, რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის «ნაციონალური მოძრაობის» დარჩენას ხელისუფლების სათავეში. ასეთი პოლიტიკური ძალა დღეს, საბედნიეროდ, არსებობს და მე არ ვგულისხმობ მარტო კოალიციას, მხედველობაში მაქვს ამ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა სუბიექტი; საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც სხვა რამეა, _ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ხალხი და სწორედ ხალხმა უნდა უკარნახოს პოლიტიკოსებს, ვინც პროცესების სათავეში არიან, თუ როგორ და რა მიმართულებით წარიმართოს ეს ყველაფერი.
რაც შეეხება საზოგადოების მზადყოფნას, ამდენი უბედურებისა და ტრაგედიის შემდეგ, რაც სააკაშვილის აღვირახსნილმა რეჟიმმა დაატეხა ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანას, ქართველი ხალხი თუ კიდევ არაა მზად ბრძოლისთვის, მაშინ მართლა არ ვყოფილვართ უკეთესი ხელისუფლების ღირსი. ბრძოლაში არ ვგულისხმობ იმას, რომ მაინცდამაინც ხმლითა და მახვილით დაუპირისპირდე ვინმეს, საუბარია ელემენტარულ რამეზე _ გამოხვიდე და გააპროტესტო შენ მიმართ განხორციელებული უსამართლობა; ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში განხორციელებული და მერწმუნეთ, ამას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. მით უფრო, საერთაშორისო საზოგადოება დღეს ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე პროცესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ, ძალის გამოყენებაზე როცაა საუბარი, ხელისუფლება ამ მხრივაც მაქსიმალურად შეზღუდული იქნება.
_ არჩევნებამდე ათი დღე დარჩა, გაყალბების გარდაუვალობაზე კი საუბრობთ, მაგრამ რას ურჩევთ ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა ან საერთოდ წავიდეს თუ არა არჩევნებზე? ოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი არცთუ ისე მცირეა.
_ ვის მისცემს ხმას, თითოეულმა ამომრჩეველმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ამ მხრივ რჩევას ნამდვილად ვერ მივცემ ვერავის. რაც შეეხება წასვლა-არწასვლას არჩევნებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემი აზრით, გაყალბება გარდაუვალია, მაგრამ საკითხს ასე უნდა მივუდგეთ: ბოიკოტი არის გამოსავალი? ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ გეუბნება, კეფაში ტყვიას დაგახლიო, თავს თუ დაუხრი, წარმოგიდგენიათ, რას იზამს? მართლა დაუვლის კარდაკარ იმ ადამიანებს, ვინც თვალში არ მოსდის და თავხელიძისნაირი ტვინგახურებულების ხელით სისრულეში მოიყვანს იმას, რაზეც ეს კაცი საუბრობდა ამასწინათ პირდაპირ ეთერში. აქ ლაპარაკია საყოველთაო რეპრესიებსა და მოქალაქეების დევნაზე პოლიტიკური ნიშნით, რაც აუცილებლად მოხდება «ნაციონალური მოძრაობის» დარჩენის შემთხვევაში. ასე რომ, თუ გვინდა, ამ მოსალოდნელ უბედურებას გადავრჩეთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის უალტერნატივო გამოსავალი. ვიმეორებ, იმის მიუხედავად, რომ გაყალბება რეალურად გარდაუვალია…
_ გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში რა იქნება ამ არჩევნების მაქსიმალური შედეგი?
_ გააჩნია, რა შემთხვევას ვგულისხმობთ. თუ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვევა სათანადოდ, თუ ოპოზიციაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და საზოგადოებაც დაირაზმება ბოლომდე საბრძოლველად, თუ კომპრომისზე, გარიგებაზე არ წავლენ რეჟიმთან პოლიტიკური ლიდერები და, რაც მთავარია, შეძლებენ საზოგადოებაში არსებული ანტისახელისუფლო მუხტის სწორად გამოყენებას, ჩათვალეთ, რომ 1 ოქტომბერს შედგება სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პოლიტიკური პარაკლისი. ეს იქნება პროცესი, რომელსაც ვერანაირი ძალისგამოყენება ვერ შეაჩერებს. რასაც ერთი მიშა სჩადის, მეორე მიშა კი ახმოვანებს, უკან მიუბრუნდებათ ბუმერანგივით…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია