Home რუბრიკები საზოგადოება კოაბიტაციის მწარე ნაყოფი

კოაბიტაციის მწარე ნაყოფი

779
კოაბიტაციის მწარე ნაყოფი

9-წლიანი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. სამწუხაროდ, ოცნებად ქცეულმა სამშობლომ მოლოდინი გამიცრუა. უკვე წლებია, სხვადასხვა მიმართულებით გააფთრებულ ბრძოლას ვაწარმოებ საკუთარი უფლებების აღსადგენად. სამწუხაროდ, კარგად შენიღბულ სისტემურ დანაშაულს ვეღობები, რომელსაც თავსმოხვეული კოაბიტაცია ჰქვია.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე, მით უმეტეს იურისტი, დამეთანხმება, რომ სამართლიანობისთვის მებრძოლ რეპრესირებულ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ქვეყანაში სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის სასამართლოს მიმართოს. მეც, სამშობლოში დაბრუნებულმა, ამ მიზნით სასამართლოში სარჩელი შევიტანე და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება მოვითხოვე. სამწუხაროდ, იმედი გამიცურავდა. მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სააკაშვილის მიერ 2011 წლის 19 აპრილს მიღებული კანონი და განმარტა: მოსარჩელეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ჯერ კიდევ 2012 წლის 19 მაისს ამოგეწურაო. ამ კონკრეტულ ფაქტს ნამდვილად არ შევეხებოდი, რომ არა ეგრეთ წოდებული კოაბიტაციის მანკიერი პრაქტიკა და ხელისუფალთა მხრიდან არნახული თვალთმაქცობა.

სანამ საკითხს გავშლი, მინდა, ზემოაღნიშნულ 2011 წლის 19 აპრილის კანონს დავუბრუნდე. საქმე ის არის, რომ ამ საკანონმდებლო ნორმით ცვლილება შევიდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის 11 დეკემბრის კანონში. ამ ცვლილების შედეგად კი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ასეთი სახით ჩამოყალიბდა: “პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ წლის განმავლობაში”. ეს ცვლილება კოაბიტირებულმა მოსამართლეებმა ისე გაიგეს, როგორც ეს ერთ დროს ნაციონალებს აძლევდათ ხელს. ანუ მიჩნეული იქნა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი 2012 წლის 19 მაისის შემდეგ აღარ მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა თაობის რეპრესირებულებს წაერთვა ამ კანონის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. 2011 წლის 19 აპრილის კანონი პროცედურულადაც აშკარად ანტიკონსტიტუციური და ანტიჰუმანური აქტია. იგი სრულიად უგულებელყოფს საერთაშორის ნორმებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. არადა, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებით მოსულმა ხელისუფლებამ ერთი შეხედვით თითქოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2012 წლის დეკემბერშიქართული ოცნებისპარლამენტმა ზარზეიმით მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა აღიარა. სინამდვილეში ეს საზოგადოების გაცუცურაკების კარგად გათვლილი ღონისძიება იყო, რაც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ნათლად დაგვანახვა. დიახ, პარლამენტის ზემოთ ნახსენები დადგენილება დაამნისტიის შესახებკანონი სულაც არ იყო ნაციონალურ რეჟიმთან მებრძოლი პოლიტიკური ძალის კეთილი ნების გამოვლინება. საქმე ისაა, რომ საქართველოში მძლავრი საპროტესტო და ოპოზიციური მუხტის ფონზე ევროპულ სახელმწიფოებს, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, თავისი 1900 რეზოლუციით, უკვე აღნიშნული ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილ პირთა არსებობის ფაქტი (იმავეს ადასატურებს თუნდაც გერმანიის სასამართლოსა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული ჩემი სტატუსი პოლიტიკური დევნილისა). ივანიშვილის ხელისუფლების “კეთილი ნება” ასევე გათვლილი იყო დიქტატურული რეჟიმით გაწამებული ხალხის დასაშოშმინებლად. ფაქტია, ამ პოლიტიკური გადათამაშებით მხოლოდ სააკაშვილის მიერ “შევიწროებული” მილიარდელი ივანიშვილი და მისი გარემოცვა დარჩა მოგებული, ამიტომაც არავინ ცდილობს დღეს სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენას. მეტიც, საქართველოს პარლამენტი თავს არიდებს სააკაშვილის ანტიჰუმანური კანონის გაუქმებას, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო, სამ წელზე მეტია, ამ საკითხზე შეტანილი სარჩელის განხილვას განზრახ აჭიანურებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია, აღმოიფხვრას სახელმწიფოს სახელით მოქმედი ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ განხორციელებული უკანონობები და მისი შედეგები. არ არსებობს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება რეპრესირებულთა რეაბილიტაცია და ზიანის ანაზღაურება. მეტიც, მკვიდრდება სახიფათო პრეცედენტი, რომლითაც წახალისებულია ახალი რეპრესიები და სხვა უკანონო ქმედებები. უცნაურია ისიც, რომ ამ საგანგაშო რეალობაზე არც უფლებადამცველები ხმაურობენ სათანადოდ და არც ოპოზიციური ძალები აქტიურობენ.

ამ ფონზე ხელისუფლების წამომადგენლები ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობენ საზოგადოებას და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან “შეხმატკბილებულად” ქვეყანასა და ეროვნულ გენს ანადგურებენ. არადა, ერთი შეხედვით ქოცებს ნაცებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი აქვთ გაჩაღებული. ფაქტები გნებავთ? კი, ბატონო. 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალების განშტოების _ “გირჩისინიციატივით, უსწრაფესად განიხილა საკონსტიტუციო სარჩელი მარიხუანის მოხმარების თაობაზე და ამ სახეობის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. მეტიც: ხელისუფლებასთანშეკრულმაგარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ნარკოტიკების ლეგალიზაციის მხარდამჭერი ცნობილი აქცია ააგორეს, რომელიც თავადვე ოსტატურადგაანეიტრალეს”. დადგმული სცენარის კულმინაცია იყო კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში შეტანა. ყველაფერს კი ფარდა მაშინ აეხადა, როცა ამ სცენარის დამდგმელი რეჟისორი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან და კანაფის წარმოების სიკეთეზე საჯაროდ ალაპარაკდა. ასე რომ, თუ ქვეყანაზე “მზრუნველი” მილიარდერის ბიზნესინტერესებზე გათვლილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი კანონად არ იქცა, ეს მხოლოდ ერისა და ბერის ჯანსაღი ნაწილის დამსახურებაა, რომელმაც დროულად შემოჰკრა განგაშის ზარი. “ქართული ოცნების” ლიდერთა თავგასულობამ და სიბრიყვემ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. სამწუხაროდ, სულ უფრო სარწმუნო ხდება 2016 წლის ივლისში გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებულ ჩემს სტატიაში გამოთქმული პროგნოზი, სადაც ივანიშვილის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებისა და საკადროწარმატებებისფონზე ასეთ დასკვნას ვაკეთებ: “ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააცურეს. დიდირეჟისორებიამჟამად ახალი კლონის შესაქმნელად ემზადებიან. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სულაც არ გამიკვირდება, თუ მომავალში ხელისუფლების მწვერვალზე ოდნავ სახეშეცვლილ ნაციონალებს ვიხილავთ. თუმცა ამას ქვეყნისათვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალო არითმეტიკაა: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”. ჩვენდა საუბედუროდ, ივანიშვილისეული “დემოკრატიის საოცრებები” და კოაბიტაციის ნაყოფი სულ უფრო უხვი და მრავალფეროვანი ხდება. მეტიც, საზოგადოებას საახალწლო საჩუქარი მოუმზადეს და 2018 წლის 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განაწესეს. დიახ, ეს სწორედ ის ლევან მურუსიძეა, რომელსაც ივანიშვილმა რეჟიმის მსხვერპლი უწოდა. განსაკუთრებით “ქართული ოცნების” თაყვანისმცემლებს მინდა ვკითხო: შეიძლება გირგვლიანის, მოლაშვილის, ბათუ საღინაძის საქმეების მოსამართლეს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი უწოდო და ის უვადო მოსამართლედ დანიშნო, ხოლა რეალური მსხვერპლი არ აღიარო და სიცოცხლე გაუმწარო?!

ცოტა ხნის წინათ ნაციონალების სისხლიანი და ბოროტი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, ჩემი უფროსი თანამებრძოლი, პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე გარდაიცვალა. სამაგალითო და ურთულესი გზა განვლო ამ ღირსეულმა კაცმა. ის იყო ძველი თაობის მაძებარი, დამნაშავეების რისხვა, შეუპოვარი, მოუსყიდავი, საკუთარი პირინციპების მქონე. მას საოცრად გამახვილებული ინტუიცია ჰქონდა, თუმცა ასაკში მომეტებული ეჭვიანობაც დასჩემდა. ამაში გასაკვირი არაფერი იყო. ის ხომ ღალატის, შუღლის, გაუტანლობის, სიხარბის, საშიში პოლიტიკური ამბიციებისა და სხვა უამრავი მანკიერების გამო ჯერ ლტოლვილად და უსახლკაროდ აქციეს, შემდეგ ესეც არ აკმარეს და 67 წლისა დაიჭირეს. ამ უდანაშაულო კაცმა 7-წლიანი სასჯელი თითქმის ბოლომდე მოიხადა. მართალია, ჩვენმა ბედოვლათმა ხელისუფლებამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თვალთმაქცურად პოლიტიკურ პატიმრად აღიარა, მაგრამ მისი რეაბილიტაცია არავის მოუხდენია. მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისთვის უკან უნდა დაებრუნებინათ უკანონოდ წართმეული ქონება და სახლკარი, თაღლითმა და უგულო მოხელეებმა ყველა ხერხი იხმარეს, მისთვის სიცოცხლის უკანასკნელი წლები ჯოჯოხეთად ექციათ. ცხონებულმა ბათუ საღინაძემ სულხან მოლაშვილის დაკრძალვაზე დამაფიქრებელი რამ მითხრა: “ჩემს სიკვდილსაც ასე სულმოუთქმელად ელოდება ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება”. და მართლაც, მუდამ საბრძოლველად შემართულ კაცს, სიკვდილი ჟანგმოკიდებულ საველე ვაგონში (სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ სიცოცხლის უკანასკნელი 7 წელი გაატარა) წამოეწია ნაძირალა მტრების გასახარად. არადა, ყველასთვის ცნობილია “ქართული ოცნების” მიერ მსხვერპლად აღიარებული მოსამართლეებისა და სამართალდამცავების ნამოქმედარი. ამის თვალსაჩინოებისთვის შემდეგი სტატისტიკური მონაცემებიც იკმარებდა:

“2004-2012 წლებში სასამართლო განაჩენების 99,7% გამამტყუნებელი იყო, რაც 1937 წლის რეკორდს 6,7%-ით სჭარბობდა. ქვეყნის მოსახლეობის 10%, ანუ 300 000 კაცი პატიმარი იყო, ხოლო 220 _ ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური პატიმარი”.

ჩნდება საფუძვლიანი კითხვები:

*შეიძლება დამნაშავე რეჟიმთან კოაბიტაცია?

*როდემდე შეიძლება თვალთმაქცი და უგულო პოლიტიკოსების ეს თავხედობა და ცინიზმი ვითმინოთ?

*სად არის დაპირებული სამართლიანობა, რისთვისაც ხალხმა აგირჩიათ, სად არის, სად?

ცრუ თავისუფლებიდან ეროვნულ ტრაგედიამდე

საქართველო და მისი მოსახლეობა დღეს, არსებული უსამართლო გარემოს გარდა, უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ კოლაფსშია მოქცეული. უცხოეთში გადახვეწილი საქართველოს ძირძველი მოსახლეობის ადგილს გადამთიელები იკავებენ და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სადავეებსაც ისინი ეპატრონებიან. საგანგაშოა, რომ საქართველოში უცხოური ინვენსტიციების თითქმის 70% თურქულია. ავიღოთ თუნდაც აჭარა. ბათუმი ლამის თურქულ ქალაქად იქცეს. აქ თურქები მსხვილი მესაკუთრეები გახდნენ, ხოლო ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობა თავის გადასარჩენად უცხოეთში გარბის (იგივე მდგომარეობაა სრულიად საქართველოში).

ამ ყველაფერს ხელს უწყობს გაუზრებელი და თავს მოხვეული კანონმდებლობა. საკანონმდებლო სივრცე, მათ შორის, კონსტიტუცია, შეუსაბამოა რეალობასთან. კანონშემოქმედება დაემსგავსა ვიწრო ხელობას, როცა ხან ერთი პოლიტიკური ჯგუფი კერავს სასურველ პოლიტიკურ სამოსელს და ხან _ მეორე. ეს პროცესი, რომელსაც მავანი სამართლებრივ რეფორმებს ეძახის, საქართველოში, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, დაუსრულებლად მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე პოლიტიკური ელიტა გამუდმებით ცდილობს უცხოური სამართლებრივი მოდელების გაუაზრებელ და უხეირო მორგებას ქართულ სინამდვილეზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, გათვლილია საერთაშორისო მსხვილ კორპორაციულ ინტერესებზე (აქვე ადგილობრივ “კანონშემოქმედებს” არ ავიწყდებათ თავიანთი ვიწრო ეგოისტური ინტერესებიც). ამ პროცესის გამოძახილია სახელმწიფო მართველობის ფორმების გამუდმებული და გაუმართლებელი ცვალებადობა (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, შერეული და ამჯერად ისევ საპარლამენტო), ქვეყნის ტერიტრიული მოწყობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმების უქონლობა. გამუდმებული პოლიტიკური-ეკონომიკური კრიზისების მიჩქმალვა ხდება მხოლოდ გარედან თავს მოხვეული პოლიტიკური თამაშებით, რომელიც მხოლოდ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ილუზიას ასაზრდოებს.

ამ პრობლემათა გადაჭრის მიზნით აუცილებელია, შეიქმნას მაღალკვალიფიციური და კომპლექსური სამართლებრივი რეფორმების ცენტრი, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეთნო-ტრადიციული და ფსიქოლოგიური გარემოს შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შექმნის სათანადო საკანონმდებლო პროექტებს (გასცემს სათანადო რეკომენდაციებს).

სასიცოცხლო აუცილებლობაა, დაუყოვნებლივ შემუშავდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური თამაშის ახლი წესის დამკვიდრებას. ამ ახალი წესის თანახმად, ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უპირობოდ უნდა იცავდეს სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტულობასა და პერმანენტულობას (უწყვეტობას). სწორედ ამგვარი დამოკიდებულება უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას. აღნიშნული სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედუნარიანი, თუ ხელისუფლების ფორმირება დაეფუძნება შუა რგოლების პროფესიონალიზმის ნიშნით საფეხურებრივი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის პრინციპს. რაც შეეხება ზედა და ქვედა რგოლებს, მათი ფორმირება უნდა მოხდეს არჩევნებისა და საყოველთაოდ მიღებული დემოკრატიული პროცესების მეშვეობით.

სამწუხაროდ, საქართველოში მმართველ პოლიტიკურ ძალად ქცევის უმთავრესი ფაქტორი გახდა ფულთან შეზრდილი პოპულიზმი და სიცრუე. ამას ემატება ამაზრზენი მეთოდებით საზოგადოების ხელოვნური პოლარიზება და დაზაფრვა, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში იჩენს თავს. ასე იქმნება ლეგენდა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების თაობაზე. ამ პოლიტიკური სპექტაკლის უმთავრესი მიზანი გაორებული ხალხის ცდუნებაა, რომ მათ არჩევანი მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის გააკეთონ, ორი ბოროტებიდან ნაკლები ბოროტება ამოირჩიოს. მიზანიც შესაბამისად მიღწეულია და ხელში კვლავ კლონირებული მეთოდით შექმნილი კლანური მმართველობა გვრჩება.

მიუხედავად პარტიების არნახული სიმრავლისა, დღეს საქართველოში საზოგადოების ფართო ფენების ინტერესების გამომხატველი ქმედითი პოლიტიკური ორგანიზმი არ არსებობს. არადა, ქვეყანაში უკმაყოფილოთა უზარმაზარი არმიაა, ფართო ოპოზიციური სპექტრი კი დაქსაქსულია. ვერაფრით ვერ ხერხდება ერთიანი ფრონტისა და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც ქვეყანას სასიკეთოდ შემოატრიალებს. ამ მოცემულობაში კვლავ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მრავალსუბიექტიანი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელსაც საფუძვლად დაედება შეთანხმება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. რა თქმა უნდა, მესამე ძალის, ანუ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა არ შედის გლობალისტი ლიბერალების ინტერესებში. მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, თავს მოგვახვიონ საშიში ნეოლიბერალიზმი და თავისუფლების საფარველში გახვეული ანტიეროვნული პოლიტიკა. ასეთ სიტუაციაში გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული მძლავრი პოლიტიკური მოძრაობის უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს, სახელმწიფო მართვას ჩამოაშოროს ქვეყნისთვის საშიში პოლიტიკური კლანები.

გასათვალისწინებელია, რომ საუკუნის მიწურულს ეროვნული მოძრაობის მიერ მიღწეული წარმატებები და მარცხი განპირობებული იყო, როგორც სოციალისტური სისტემის (ბანაკის) სტიქიურად რღვევის შედეგებით, ასევე საუკუნეების განმავლობაში დალექილი ეროვნული ცნობიერების აფეთქებით. სამწუხაროდ, დღემდე არ მომხდარა განვლილი შეცდომების ობიექტური ანალიზი და შესაბამისად არ გაგვაჩნია სათანადო ეროვნული (სახელმწიფოებრივი) იდეოლოგია. აუცილებელია, დაუყოვნებლივ შეიქმნას ქსენოფობიისგან თავისუფლი და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული ახალი ეროვნული ცნობიერება. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. ახალი იდეოლოგის საფუძველი უნდა გახდეს ქართული (კავკასიური) იდენტობა და მართლმადიდებლობა, როგორც ქრისტიანული ზნეობისა და სოციალური თანასწორობის მარადიული წყარო. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა სულაც არ უგულებელყოფს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში მყოფ სამართლებრივ სახელმწიფოსა და სოციალური თანასწორობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. პირიქით _ ახალმა ქართულმა სახელმწიფო იდეოლოგიამ უნდა გაითავისოს თანამედროვე პროგრესული მიმართულებები და ტრადიციონალიზმისა და მოდერნიზმის საუკეთესო ნაზავად იქცეს.

გლობალური პროცესები და საგარეო ორიენტირი

დღევანდელ ხელისუფლებაში წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური ძალა (ქოცები და ნაცები) საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც უკიდურეს სახიფათო გზას ადგანან. ისინი კვლავ აგრძელებენ წინამორბედთა პოლიტიკას და დღემდე ახერხებენ უმძიმეს სოციალური პირობებში მყოფი საზოგადოების ცდუნებას პრიმიტიული წარმოდგენებითა და გულუბრყვილო სურვილებით _ თითქოს ნატოს სამხედრო ბლოკსა და ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ახალ (დასავლურ) პოლიტიკურ განზომილებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ამგვარმა სახიფათო ტენდენციებმა და პროპაგანდამ, რომლის უმთავრესი მიზანი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროების ახლებურად გადანაწილება, არაერთი სახელმწიფო დაანგრია და დააქუცმაცა. მცდარი საგარეო პოლიტიკისა და უმწიფარი დიპლომატიის შედეგად დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა საქართველოც. ეს საშიში პროცესები გაცილებით ადრე დაიწყო. გლობალისტლიბერასტულმა ძალებმა შეძლეს, ბოროტი მარცვალი ჩაეგოდ მოკავშირე, ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ერებს შორის. თავდაპირველად მათ მოახერხეს ქართველებისა და რუსების წაკიდება, შემდეგ კი რუსებისა და უკრაინელების სამკვდროსასიცოცხლოდ დაპირისპირებაც შეძლეს.

ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ წარსულის შეცდომები. ისტორიაში ჩახედული ადამიანისთვის უცხო არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქართველი ერი და სახელმწიფო სასიცოცხლოდ იყო დაკავშირებული ერთმორწმუნე ბიზანტიასთან. იმ ეპოქაში, როცა მართლმადიდებლობისა და ცივილიზაციის ცენტრის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა და კონსტანტინეპოლს ყველა მხრიდან უტევდა მტერი, ჩვენ მაშინ თურქ-სელჯუკების, არაბებისა და იმდროინდელი დასავლეთ ევროპის გვერდით დავდექით, გასაჭირში მყოფ ერთმორწმუნე მეზობელს კი ჩვენი წილი მუჯლუგუნი ვუთავაზეთ. ამის შედეგად, არა მხოლოდ საქართველომ, მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ ხანგრძლვი “წყვიდადი” დავიმსახურეთ. საბედნიეროდ, უფალმა არ გაგვწირა და მხსნელად ამჯერად რუსეთის სახით ისევ ერთმორწმუნე ერი მოგვივლინა. მიუხედავად ამისა, რამდენჯერაც რუსეთს გაუჭირდა, იმდენჯერვე მის მოკავშირეობაზე უარი ვთქვით და მტრის ბანაკში გადავბარგდით, ძველი ისტორიული მტრები მოყვარეთ გავიხადეთ. ემოციებით დახშულ ჩვენს გონებას არ შესწევს უნარი, გააანალიზოს, რატომ და როგორ გაგვიხადეს ერთმორწმუნე ერი მოსისხლე მტრად. ეს საბედისწერო პროცესი გუშინ არ დაწყებულა _ იგი, დიდ ხანია, მზადდებოდა. აშკარად შესამჩნევი კი გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოს დაქუცმაცებაც მოჰყვა. ამ “დიდ საქმეში”, ჩვენს პოლიტიკურ სიბეცესთან ერთად, გადამწყვეტი როლი დასავლურ სპეცსამსახურებსაც მიუძღვის. ისიც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილი პროდასავლელი ლიდერები: გორბაჩოვი, ელცინი და შევარდნაძე დასავლეთში განსაკუთრებული აღიარებითა და მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ამიტომაც შემთხვევით არ არის, რომ სწორედ მათი მოღვაწეობისას შეიქმნა განსაკუთრებული სასათბურე პირობები და გარეშე მტრებაც სწორედ მაშინ შეძლეს ქართველებისა და რუსების სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდება. ეს შუღლი კიდევ უფრო გააღრმავა შევარდნიძის გზის გამგრძელებელმა სააკაშვილმა. საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობის ჩამოგდებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჯერ კიდევ არსებული შანსის გამოყენების ყოველი მცდელობა ქვეყნის მტრების გააფრთებულ წინააღმდეგობას იწვევს. სამწუხაროდ, ამ საქმეში იარაღად იყენებენ ემოციებით მოქმედი ახალგაზრდობისა და საზოგადოების გარკველულ ნაწილს. ასე მოხდა ამჯერადაც. საქართველოს პარლამენტის შენობაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც ამავე ასამბლეის პრეზიდენტიც არის, სამარცხვინო პროვოკაცია მოუწყვეს. უკვე მერამდენედ გამოიყენა “მოყვარე” მტერმა გულუბრყვილო ახალგაზრდების ამბიციები საკუთარი მზაკვრული მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, ახალგაზრდობისა და საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილს გონება და თვალსაწიერი დახშული აქვს და ვერ ხვდება, რომ რუსეთი მსოფლიოში კვლავ ანგარიშ გასაწევი ძალაა. უახლოესმა საერთაშორისო პროცესებმა აშკარად დაგვანახვეს, რომ დიდ სახელმწიფოთა მწვავე დაპირისპირებას ინტერესთა თანხვედრა ენაცვლება. ამის უცხადესი მაგალითია თუნდაც რამდენიმე დღის წინათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება _ რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებითა და დონბასში განვითარებული მოვლენების გამო დროებით შეჩერებული წევრობის სტატუსი აღუდგინეს. ჩვენმა უმწიფარმა პოლიტიკურმა გონებამ ვერაფრით ვერ გააცნობიერა, რომ იქმნება სრულიად ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის კავკასიის რეგიონში. საერთაშორისო პოლიტიკურ რეალობაში სულ სხვა როლი ეკისრება ევროკავშირსაც (გასაკუთრებით ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ). ევროპის დიდი სახელმწიფოები აშკარად ცდილობენ, მჭდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარონ რუსეთთან, ჩვენ კი ბრმებივით ხელის ცეცებით ისევ გაურკვევლობაში მივაბიჯებთ.

ზურაბ დგებუაძე,

საქართველოსა და გერმანიის მოქალაქე, ყოფილი პოლიტიკური დევნილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here