ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში სტალინის უამრავი შეფასება წამიკითხავს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, მაგრამ თქვენ წინაშე წარმოდგენილი მასალის ავტორი _ ნოე ჟორდანია, რომელიც სემინარიაში სწავლის პერიოდიდან იცნობდა სტალინსა და მის რევოლუციურ მოღვაწეობას, როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ და იცოდა რუსეთის იმპერიაში მომხდარ იმ გრანდიოზულ ძვრებზე, რომლებსაც განცვიფრებაში მოჰყავდა პოლიტიკური და ფინანსური წრეები პლანეტაზე _ არის კაცი, რომელიც ქართულ ენაზე, რბილად რომ ვთქვათ, კარგად ვერ საუბრობს, რომ არაფერი ვთქვათ წერის მანერასა და გრამატიკაზე და ასე უსირცხვილოდ, ასე უტიფრად, დამამცირებელი ეპითეტებით ამკობს პლანეტის უდიდეს ადამიანს. სირცხვილის განცდა მეუფლება იმის გამო, რომ ეს გაუნათლებელი ადამიანი მართავდა საქართველოს 1918-1921 წლებში. ეს მასალა მენშევიკური მთავრობის ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა პარიზში, გაზეთ “ბრძოლის ხმაში” 1936 წელს:
“ამ ჟამათ მთელი ქვეყანა სტალინზე ლაპარაკობს. ვერავინ მიმხვდარა, რა მოხდა, რისთვის მოხდა… სტალინზე ბევრი დაწერა, მაგრამ მისი პიროვნება დარჩა მაინც გამოუცნობელი. რა ატოკებს, რით სულდგმულობს, რა ამოქმედებს და აბრძოლებს მას _ აი ამ საკითხების გაშუქება მოგვცემს ამ ფიგურის სრულ დახასიათებას. ეს იყო 1898 წლის დამლევს, მე ვიყავი “კვალის” ხელმძღვანელი. ერთ დღეს რედაქციაში შემოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გამეცნო: ჯუღაშვილი, სასულიერო სემინარიის მოწაფე და მთხოვა, მოსმენა. დაიწყო: მე ვარ თქვენი ჟურნალისა და წერილების ერთგული მკითხველი; ეს ჩემზე ახდენს დიდ შთაბეჭდილებას და გადავწყვიტე, სემინარიის დატოვება და ამ აზრების მუშათა შორის გატანა, მოვედი თქვენთან რჩევის მისაღებადო. ნახევარი საათის მუსაიფის შემდეგ ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ყმაწვილს ამ დარგზე სრულიად ზერელე წარმოდგენა აქვს, მთელი მისი საპროპაგანდო ავლადიდება ამოიწურება “კვალის” სტატიებითა და კაუცკის პროგრამით. და გამოვუცხადე, ჩვენი მუშები მეტად ცნობისმოყვარენია, დაგისვამენ მრავალნაირ საკითხებს, თუ პასუხი ვერ მიეცით ან მრუდეთ მიეცით, ავტორიტეტი დაგეკარგებათ და აღარ მოინდომებენ თქვენს მოსმენას. ჩემი რჩევაა: დავრჩეთ კიდევ ერთი წელი სემინარიაში, ხელი მოკიდეთ თვითგანვითარებას და საჭირო ცოდნის შეძენას. ახლა თქვენ უზრუნველყოფილი ხართ მატერიალურათ და მაშასადამე მთელ დროს მოანდომებთ ამ საქმეს. ამასთანავე დაუსახელე წასაკითხავი და შესასწავლი წიგნები. მითხრა, დავფიქრდებიო და წავიდა.
გავიდა ექვსი თუ მეტი თვე, ეს ვიზიტი კიდევაც გადამავიწყდა. ერთ საღამოს შემოდის ჩემთან თფილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ს. ჯიბლაძე, მეტად გაჯავრებული: “ყაზილარი, _ ამბობს ის, _ ჩვენ ვუთხარით პროპაგანდა მთავრობისა და კაპიტალისტების წინააღმდეგ. ის კი თურმე პროპაგანდას აწარმოებს ჩვენ წინააღმდეგ.” ვერ გავიგე ეს ქარაგმა და ჩავეკითხე, ვისზე და რაზე ჯავრობს. სილვამ ამიხსნა: ერთი ახალგაზრდა მივიღეთ პროპაგანდისტათ, ჩავაბარეთ წრე და ახლა გავიგეთ, რომ ეს წრე გადაუკიდებია კომიტეტზე, ითხოვს მის გაშლას… გვარი არ ახსოვდა, სოსოს ვაძახითო. მაგრამ როცა ამიწერა მისი გარეგნობა, ვუთხარი, ვიცნობ, ეს ჯუღაშვილია, გორელი და მოუყევი მისი ჩემთან მოსვლის ამბავი. სილვას მეტად გაუკვირდა და მისაყვედურა, _ ეს ჩემთვის რომ გეთქვა, არ მივიღებდით, უვიცი ხალხი პროპაგანდისტათ არ აგვყავსო, მაგრამ დაუმატა: ალბათ, სალაპარაკო მასალა დაელია წრეში და ჩვენი გინებით შეავსო. ეს იყო დანაშაულის შერბილება, ახსნა მისი განუვითარებლობით და არა პირადი მოტივებით. სოსოს ჩამოართვეს წრე და გადაიყვანეს რკინიგზის რაიონში…
…ასეთ წყობას ვერ შეურიგდა ახალგაზრდა სოსო, ახალ რაიონში და ახალ წრეში მან განაგრძო ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შექმნა თავისი ჯგუფი და გამართა პიროვნული კამპანია სილვას წინააღმდეგ. ბოლოს კომიტეტმა დაადგინა მისი გასამართლება, მოიწვია თავის სხდომაზე, მოსთხოვა თავის ბრალდებათა საბუთები და ერთხმად გადაწყვიტა, გაირიცხოს ორგანიზაციიდან, როგორც გამოუსწორებელი ინტრიგანი. სოსო იძულებული გახდა, დაეტოვებია თფილისი და წავიდა ბათუმში…
1903 წ. ზაფხულში საქართველოში ხმა გავარდა, პარტია გაიყო კონგრესზე, ბოლშევიზმი აღორძინდაო, სოსო, უკვე კობათ გადაქცეული და ციმბირიდან გამოქცეული, მაშინვე მიემხრო ლენინს. ის ბოლშევიზმამდე იყო ბოლშევიკი, არა თეორიული მოსაზრებით, არამედ თავისი ბუნებით, ხასიათითა და ამბიციით; როგორც კი ლენინში ნახა ამ მისი მიდრეკილების თეორიული დასაბუთება, მუშათა კლასის “თავდადებული რევოლუციონერების მიერ” ხელმძღვანელობის აუცილებლობა, შედგენა პარტიის არა მუშების, არამედ მუშებისათვის სოციალისტური ინტელიგენციის მეთაურობით _ ყველა ეს ლენინის ახალი სახარება სავსებით უდგებოდა კობას ფსიქოლოგიას და თავიდანვე დაეწაფა. მან ცნო ლენინი თავის ლიდერად და ხელმძღვანელათ.
საქართველოს ბოლშევიკთა შორის ამ დროს უკვე ყალიბდება ორი მიმდინარეობა: პოლიტიკური, შაუმიანის მეთაურობით, და ყაჩაღურ-ბანდიტური სტალინის მეთაურობით. მათ შორის გაჩაღდა ძმათა ბრძოლა, ერთი მეორის აბუჩად აღება, და დაუსრულებელი პიროვნული მეტოქეობა. სტალინმა შექმნა თავისი ჯგუფი, მისი სავსებით მორჩილი და მასზე დამოკიდებული. ამ ჯგუფში შედიოდნენ მხოლოდ “დამკვრელები”, მაუზერისტები, რომელთა დანიშნულება იყო არა პოლიტიკა, არამედ “ექსი”, ხაზინის ცარცვა. ნაშოვარ ფულს უგზავნიდნენ ლენინს, ხოლო თვით სტალინი რჩებოდა ისევ უფულოდ, ღარიბათ ჩაცმული, გაჭირვებულათ მცხოვრები და მუდამ თავის პოსტზე მდგომი. ამით ის დიდად განირჩეოდა ყველა სხვა ბოლშევიკ-ინტელიგენტისაგან, რომელნიც მუდამ ეძიებდნენ თფილ ადგილს და გამორჩენას. უყვარდათ კარგი ცხოვრება (შაუმიანი, მახარაძე, მდივანი, ქავთარაძე, და სხ.) ის თავის ერთგულ ჯგუფსაც სთვლიდა მხოლოდ საშუალებათ, მიზნის მისაღწევ იარაღათ; სტალინი არასოდეს ყოფილა ვინმეს მეგობარი და არც დღეს შეიძლება იყოს. მისი ძირითადი მიდრეკილებაა, იყოს ბატონი, მბრძანებელი, წრის, პარტიის თუ სახელმწიფოს, სადაც კი ამას შესძლებს, მაგრამ არასოდეს სხვისი თანასწორი, სხვაზე დამოკიდებული. ის ეწეოდა ორგვარ კონსპირაციას: ერთს, საერთოს, მთავრობის წინააღმდეგ; მეორეს, კერძოს, პიროვნულს, მეტოქეთა წინააღმდეგ…
პარტიის გაერთიანებიდან (1906 წ) ამიერ კავკასიის პარტიული ორგანიზაციები ხშირად მართავდნენ საერთო ყრილობებს, მაგრამ არც ერთ მათგანზე სტალინი არ გამოუგზავნიათ დელეგატათ, მას მისი ფრაქცია პოლიტიკურ მანდატებს არ აძლევდა, ხოლო შაუმიანი და სხვები კი ხშირათ ესწრებოდნენ. კობაც არ იყო ამით დიდათ შეწუხებული, ყველა ეს კრებები სიტყვის რახა-რუხათ მიაჩნდა და კმაყოფილდებოდა თავისი ერთგული ყარაჩოღლური ჯგუფით, რომელსაც საქმეებზე აგზავნიდა (ჭიათურა, კოჯორი, თფილისი, გორი და სხვ.) თვითონ კი კულისებში რჩებოდა განმკარგულებლათ. ის პარტიის ორ ყრილობაზე – სტოგჰოლმის და ლონდონის _ გამოცხადდა მანდატით, მაგრამ ორივე შემთხვევაში მისი მანდატები ყალბი აღმოჩნდა და მხოლოთ სათათბირო ხმით დაუშვეს, მაგრამ ექსების მეოხებით ისეთი ნდობა დაიმსახურა ლენინის, რომ ზოგ ჭუჭყიანი საქმეების გაკეთებას მას ანდობდა, როგორიცაა მაგალ. მესამე დუმის და ფრაქციის გათიშვა, აყალ-მაყალის ატეხა და სხვა.
აი ეს სტალინი, პატარა ცოდნითა და დიდი ამბიციით, ფრაქციულ და ჯგუფურ ბრძოლაში გამობრძნილი, შევიდა 1917 წ. რევოლუციაში, პეტროგრადში. ის პირველი გაყვა ლენინის ახალ გზას. ძველი ბოლშევიზმის გაუქმებას და კომუნისტური პარტიის დაარსებას და მით დაიმსახურა მფარველისაგან შესაფერი ჯილდო _ პარტიის მდივნობა. ეს თანამდებობა ლენინის სიცოცხლეში უბრალო ტექნიკური ფუნქცია იყო, ლიდერის ნება-სურვილის ამსრულებელი.
ლენინის გარდაცვალებამ დააყენა მისი მემკვიდრეობის საკითხი. ბუნებრივი პრეტენდენტები იყვნენ ლენინის ძველი თანამებრძოლნი _ ზინოვიევი, კამენევი და ახლათ გალენინებული ტროცკი, მაგრამ განიდან ამავე მემკვიდრეობას უთვალთვალებდა ქართველი ყარაჩოღელი. მათ შორის გაიმართა ბრძოლა.
რით შეეძლო სტალინს ამ ბრძოლის მოგება. მას არ ქონდა არც პოლიტიკური, არც ლიტერატურული, არც მორალური ავტორიტეტი; პარტიის ფართე წრეები მას არც კი იცნობდნენ. მისი მონაწილეობა სამოქალაქო ომში არავითარ უპირატესობას არ აძლევდა მრავალ სხვა თანამებრძოლებზე. დარჩა ერთად ერთი გა. გზა ნაცადი, უტყუარი, დავის გადამწყვეტი, გზა ორგანიზაციული აწყობის და ჩაწყობის. პარტიის უმრავლესობა უნდა მიმხრობოდა სტალინს და ის ეღიარებია ლიდერათ. როგორ?
ლენინი სტალინივით უარყოფდა ხალხის სუვენერობას, მასის დემოკრატიას, მაგრამ აღიარებდა თავის პარტიის დემოკრატიას, პარტიის შიგნით თავისუფალ დისკუსიას და ხმის უმეტესობით საკითხის გადაჭრას. ის არაერთხელ ყოფილა უმცირესობაში თავისივე ფრაქციაში; მაგრამ მას არასოდეს არ უცდია თავისი ფრაქციის თუ პარტიის “გაწმენდა”. ე.ი. ურჩთა განდევნა და თავისი მომხრე უმრავლესობის ხელოვნურათ შეყენება. ის მაინც რჩებოდა ლიდერი, მიუხედავათ ყოველნაირი უთანხმოებისა.
სტალინმა შეაბრუნა ეს ლენინური პარტიული დოქტრინა და გადასწყვიტა ორგანიზაციული ზომებით თავისი საკუთარი პარტიის შედგენა. მან მიიღო ლენინის დებულება _ მე უნდა ვმართო ქვეყანა პარტიის საშუალებითო, მხოლოდ ამისათვის აუცილებელი გახდა თვით პარტიის მისადმი ერთგულება, მისთვის დამორჩილება. ხოლო ეს კი შესაძლებელი იყო ორგანიზაციულ-პოლიციური ზომებით. ამ მიზნით მან დაიწყო მოსკოვიდან დანიშვნა ყველა საგუბერნიო და საქალაქო პარტიული ცენტრების სეკრეტრების, ხოლო ეს სეკრეტრები ნიშნავდა თავის მხრივ ყველა მათი ხელქვეითი ორგანიზაციების მდივნებს. ესენი კი აღჭურვილნი იყვნენ განუსაზღვრელი უფლებებით არა მარტო პარტიის, არამედ ყველა სფეროში. პარტიული ყრილობის შემადგენლობა ამით წინასწარ ისაზღვრებოდა, ის შედგებოდა სტალინის აგენტებისაგან. თავისი სეკრეტარიატი მან გადააქცია პოლიციის დეპარტამენტათ, რომლის მხედველობაში დააყენა მთელი პარტია. თვითეულ ცნობილ ბოლშევიკზე აქ დგებოდა მთელი “საქმე”, ვინ როდის რას აკეთებდა, ვინ საეჭვო ღირსების იყო და სხვა. ურჩს მოიხმობდა და პირველ გაფრთხილებას აძლევდა. როგორც კი ძველ ბოლშევიკს პეტროვსკის თავისი აზრი გამოაჩნდა პარტიულ საკითხებზე, გამოიწვია სტალინმა და გამოუცხადა: შენზე ცუდი ცნობებია, ისპრავნიკთან გიქეიფია, ფრთხილად იყავი, თავს მოუარე…. შეშინებულ პეტროვსკის ენა მუცელში ჩაუვარდა, ოპოზიციონერობა ხელათ გაუქრა. (სტალინი რასპუტინივით ყველას შენობით ელაპარაკება). პარტიის მე-14 ყრილობაზე (1925 წ.) ზინოვიევი ამაოთ ითხოვდა _ “მიეცეს ლენინგრადის ორგანიზაციას უფლება თავისი ხელმძღვანელების არჩევის”-ო. სტალინურად ჩაწყობილმა ყრილობამ ურას ძახილით დაადასტურა თავის შეფის ნაბიჯები. ასე გამოაცალა ხელიდან ლილოელ გლეხმა მსწავლულ ლიდერებს პარტია და მით მთელი ქვეყანის მართვა-გამგეობა ეს მოხდა არა სტალინის დიდკაცობით, არამედ მოწინააღმდეგეთა სიგლახაკით.
და მართლაც, პირდაპირ იდგნენ ერთი მხრით სტალინი, კაცი მშრალი გულის, ვიწრო ჭკუის, უზომო ამბიციის, ძლიერი ნებისყოფის, მტკიცე ხასიათისდა ქართულ ორგანიზაციებში გამოცდილი. მეორე მხრით ლიტერატორები, მუდმივი ამიგრანტები, ჟენევის და ვევეს ქუჩების მუდმივი მტკეპნელნი და საწერ-კალმით თავის შემქცევნი. არც ერთ მათგანს მონაწილეობა არ მიუღია პრაქტიკულ-რევოლუციურ მუშაობაში, არ აუწყვია არც ერთი არალეგალური ორგანიზაცია, არ მოდიოდნენ უცხოეთიდან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებათ. ერთი სიტყვით, არ ქონდათ არავითარი სტაჟი არც ორგანიზატორის, არც პროპაგანდისტის, არც აგიტატორის, არავითარი გარდა, ლიტერატორობისა. ტროცკის უეცარი ხანმოკლე მუშაობა პეტროგრადის მუშათა საბჭოში 1905 წ. დაჭირვა, გადასახლება და გაქცევა ვერ მისცემდა მას ორგანიზაციულ გამოცდილებას. ჯუღაშვილს ეს ხალხი თავიდანვე ეჯავრებოდა, როგორც მოლაყბენი, მოშიშარნი და ბრძოლის ველიდან გაქცეულნი. მართალია, ლენინიც მუდმივი ემიგრანტი იყო, მაგრამ ის იყო არა მარტო ლიტერატორი, არამედ ამასთანავე პარტიის მთავარი ორგანიზატორიც. საზოგადოდ, საქართველოს სოც. დემ. ორგანიზაციებში საქმის ბატონათ და პატრონათ თვლიდნენ ადგილობრივ მომუშავეთ, ხოლო უცხოეთში გახიზნულ ამხანაგებიდან მხოლოდ ლიტერატურას ღებულობდნენ თვით ადგილობრივ ციხეებში დამწყვდეულ ამხანაგებსაც კი, რაგინდ დიდი ლიდერი ყოფილიყო მათ შორის, არ ეკითხებოდნენ პრაქტიკულ რჩევას, ბრძოლის და მოქმედების დირეკტივებს. სტალინმა ამ საერთო შეხედულობას მიუმატა თავისი პირადი თვისებები, პიროვნული ამბიცია და სამეტოქეო შუღლი. განსაკუთრებით მას ეჯავრებოდა ტროცკი, რომელსაც უწოდებდა “დიდი ფრაზის და მცირე საქმის” კაცს. ეს შეხედულება სავსებით გაამართლა მან რევოლუციის პერიოდში. ტროცკის სრულიად უსაბუთოდ დაუვარდა სახელი “დიდი ორგანიზატორის”. ეს ეჩვენებოდა საზოგადოებას ამნაირათ ლენინის დროს, ე.ი. ასეთი იყო თვით ლენინი, რომლის ხელმძღვანელობით მუშაობდა ტროცკი, მაგრამ როგორც კი ეს ბჭე გამოეცალა, ულენინოთ დარჩა, დარჩა ის უმწეოთ. მოკლებული ნებისყოფას, გადამჭრელ მოქმედებას, ფრაზების და სიტყვიერების დაუხსნელ ტყვეთ. მის ხელში იყო მთელი ძალა, მთელი მხედრობა, ხოლო სტალინმა ისე გამოაცალა ხელიდან ეს ძალა, მთელი პარტია, რომ არც კი შეუტყვია მოსკოვიდან, და შემდეგ რუსეთიდან გამოძევებამდე სტალინს იძულებითი აპარატები, ტროცკი _ ზინოვიევის კამპანიას ცარიელი სიტყვები. პრაქტიკი და თეორეტიკები შეიტაკენ პრაქტიკულ საკითხებში და გამარჯვება დარჩა პრაქტიკს. ეს სრულიად ბუნებრივი, ლოღიკური მოვლენაა. ქართველმა თხამ რუსის დათვები დაჭამა. ის, რაც ვერასოდეს ვერ მოაწყო საქართველოში, ჩინებულათ მოაჭახრაკა რუსეთში. და ეს მოახდინა მან იმავე მეთოდით, რომელსაც ხმარობდა საქართველოში. პარტიაში შექმნა საკუთარი ორგანიზაცია, მორჩილი, ვიწრო, მაგრამ მომქმედი აპარატი ყოვლად შემძლე სეკრეტრების და მისი საშუალებით დაეპატრონა პარტიას, ხოლო პარტიის საშუალებით სახელმწიფოს. რასაკვირველია, მის წინააღმდეგ გამოჩენილიყო მოსკოვში ვინმე ორგანიზატორი, მსგავსი ნ. ხომერიკისა და ნ. რამიშვილისა, ის აქაც ისე დამარცხდებოდა, როგორც დამარცხდა სამშობლოში. მაგრამ მის წინააღმდეგ დარჩნენ გამოუცდელი, უხერხემლო ემიგრანტები და ამ უძაღლო ქვეყანაში ქათული კატა აყეფდა.
ამნაირათ, სტალინის გამარჯვება ნიშნავს პარტიის პრაქტიკი-ყარაჩოღლური ფრთის გამარჯვებას და პოლიტიკურ-კულტურული ფრთის დამარცხებას. პარტიაში გადამჭრელი როლი მიენიჭა არა აზრს, სწორ პრინციპებს, არამედ ძალას, რევოლვერს. პარტია გადაეწყო ამ პოლიციურ ხაზზე: ერთად შემოკრბენ ცნობილი მაუზერისტები, ტლანქი ძალადობის თაყვანის მცემელნი, გამოსარჩენი ადგილის და კარგი ცოვრების მაძიებელნი. ყველა გამოჩენილი უცნობნი, სხვისი ჭირის ღობეს ჩხირის მღაღადებელნი. ეს მაგრათ შეკრული საზოგადოებაა, უფრო მაგრათ, ვინემ იყო ნაპოლეონ მესამის “10 დეკემბრის საზოგადოება”. ის შეიცავს პარტიის არა უმეტეს ათი პროცენტისა. მხოლოდ მის ზედაფენას, რომლის განკარგულებაშია ყველა დანარჩენი პარტიელები, ლენინური პარტია, პარტია თავისუფალ ადამიანთა, დიდი ხანია მოისპო. მისი ალაგი დაიჭირა სტალინის პარტიამ, რათავისუფალ ადამიანთა კრებულმა, მეთაურის ბრძანების ყურმოჭრილ ამსრულებელმა, გეპეუს განუმკითხავ განკარგულებაში მყოფმა. ე.ი. პარტია, როგორც ამნაირი, არ არსებობს, ის, რასაც პარტიას ეძახიან, ფიქციაა, რეალობაა სტალინი, მისი ამალა და გეპეუ. პიროვნული დიქტატურა გამეფდა. ახლა კი აშკარაა, რომ არც ეს დაპყრობილი პარტია აკმაყოფილებს მას და მიილტვის მისი სრული ლიკვიდაციისაკენ. ის ეძებს თავის დასაყრდნობს “უპარტიო ბოლშევიკებში”. ე.ი.გეპეუსა და ჯარში.
ამნაირათ, სტალინს ამოძრავებს, ატოკებს ერთადერთი მიზანი _ ბატონობა, ადამიანთა მართველობა. მას სრულიად არ აინტერესებს ადამიანი როგორც ამნაირი, მისი ყოფაცხოვრება, მისი ინტერესები და მოთხოვნიებანი; ის მისთვის არის მხოლოდ მასალა, საფეხური, რომლითაც უნდა ამაღლდეს და თავზე დააჯდეს. და ეს არა პირადი გამორჩენისთვის, კარგი ცხოვრებისათვის, მსგავსათ მთელი მის ირგვლივ თავმოყრილი “საზოგადოებისა”, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავის ამბიციის დასაკმაყოფილებლად, თავისი სულის დასამშვიდებლათ, თავისი ბატონობის წყურვილის მოსაკლავათ. ადამიანთა მოდგმა მას ჭირივით ეჯავრება და რაც უფრო კისერს მოუგრეხს მას, მით მეტ დაკმაყოფილებას პოვებს. მან არ იცის მხიარულება, იცინის იშვიათად, მისი სიცილი ნაღვლიანობას გავს. მისთვის “კვალს” არ აერია ბუნებრივი გზა, უეჭველია, იქნებოდა სადმე უდაბნოში დაყუდებული ბერი, კაცთმოძულე და მიზანტროპი. რაკი ეს გზა მას დაეკარგა და გახდა ადამიანთა “მწყემსი” _ ასრულებს ამას თანახმად თავისი ბუნებისა, ადამიანისადმი ზიზღით, თავისი პრეტენზიების უსაშველოთ გაბერვით. როგორც ძუნწს უხარია ფულის მოგროვება და შენახვა, ისე სტალინს უხარია, რაც შეიძლება მეტი უფლების თავის ხელში დაგროვება და მისი შენახვა. ეს პროცესი თავისთავად იტაცებს და ასულდგმულებს; ის ამის ფანატიკია, რაც კი ამ გზაზე მას გამოადგება, მისი სათაყვანო საგანია. აქ მან დახევა არ იცის; პიროვნულათ უანგარო, პოლიტიკურათ ყოვლად უმორალოა, ყველა საშუალება მისთვის მისაღებია. მას ყოველთვის ქონდა სია იმ ამხანაგებისა, რომლის გავლენა პარტიაში უნდა დაეცვა; ახლა როცა ხელთ უპყრია სახელმაწიფო ძალა, ყოველთვის აქვს სია ნამდვილი თუ მოსალოდნელი კონკურენტებისა და თან გათვალისიწნებული აქვს როდის ვინ ამათგანი უნდა მოკვდეს. ის არის ტიპი ცეზარი ბორჯიასი, დაუნდობელი, დაუზოგველი, გაუტანელი. ყველა მის მიერ გატარებული ზომა _ ეკონომიური, ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური _ მიზნათ ისახავს არა ხალხის კეთილდღეობას, არამედ თავისი ხელისუფლების გამაგრებას და გახანგრძლივებას…”
ასეთ ნაწერში ვცდილობ, მაინც ვიპოვო სიმართლის მარცვალი, რომელსაც უმეცარი ავტორი ვერ ამჩნევს, მაგრამ არა, როგორც თხრობაა პრიმიტიული, ისეთივე პრიმიტიულია აზრი და გული გიტყდება ადამიანს სამშობლოზე _ ნუთუ ასეთ ადამიანებს შეეძლოთ, ერს, საზოგადოებას სათავეში მოქცეოდნენ და ემართათ?! ნოე ჟორდანიას ნაცოდვილარი “ესსე” სტალინზე იმ მედლის უკანა მხარეა, რომელი მედლის წინა მხარეს ამოტვიფრულია “დიდი” ქართველი მწერლის _ გრიგოლ რობაქიძის სახე, რომელმაც, როგორც დიდმა ჰუმანისტმა და თავისუფლებისთვის მებრძოლმა “მწერალმა”, დაგმო სოციალისტური სისტემა და სტალინი; გაუგონარი ქება-დიდება უძღვნა ჯერ ფაშიზმის აღორძინებას ევროპაში და შემდეგ მათ ბელადებს _ ადოლფ ჰიტლერსა და დუჩე მუსოლინის. ქართველი ხალხის ნაწილს დღეს სტალინი ურჩხულად წამოუდგენია, ნოე ჟორდანია კი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძემ ქრისტეს სახისმიერი ანგელოზი უწოდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვისა და ხალხთა ბედნიერებისთვის თავშეწირულ რაინდად. ამის უკვდავსაყოფად დღევანდელი პარლამენტის შენობის ერთ კედელზეა წარმოდგენილი ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძისა და ერის მამის მკვლელის _ ნოე ჟორდანიას პორტრეტები. სტალინის ბრინჯაოს ძეგლი კი კარალეთის უდაბნოდქცეულ ველზეა გართხმული. გრიგოლ რობაქიძის სახელი უმაღლეს სასწავლებელს მიანიჭეს, ხოლო სტალინის გამოსახულების გამოჩენა საზოგადო სივრცეში ისჯება.
გრიგოლ ონიანი
აი, საიდან იღებს სათავეს სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური უვიცობა, „რუსეთი არის ჩვენი მტერი და ოკუპანტიო“! სულ მიკვირდა, რომელი დიპლომატიის სკოლა აქვს დამთავრებული, ამით თავის ქვეყანას რომ ვნებს-მეთქი? რომელი და – ნოესი, რობაქიძისა და ქაქუცასი!
ომარს ისეთი კომენტარი დაუტოვებია, ვეღარაფერს დაამატებს ვერავინ
რა უნდა თქვას სტალინზე ნოე ჟორდანიამ, კაცმა, რომელმაც თავისი პარტიის იქეთ ვერ დაინახა ქვეყანა, ხალხი, რომელიც ვერ ამაღლდა პარტიულ ინტერესებზე მაღლა. რომელმაც არაერთჯერ დაამარცხა ქართული ჯარი თავისი არაკომპეტენტურობის გამო – ჯერ 1918–ში სომხებთან ომის დროს რა პირობებში ჩააყენა ჯარის სარდლობა. შემდეგ, 1921–ში რუსეთის შემოტევის დროს მობილიზაციაც კი არ გამოუცხადებია. მთელი მთავრობითა და პარლამენტით მოცოცხა ქუთაისში, შემდეგ ბათუმში და ევროპაში. საქართველოსათვის გაცილებით უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ პრემიერად ნოე რამიშვილი დარჩენილიყო – ის თვისობრივად გაცილებით სჯობდა ჟორდანიას! საერთოდ კი ქართველმა მარქსისტებმა დაღუპეს საქართველო თავისი ინტერნაციონალისტობით.
ბატონო ტრისტან გეთანხმებით…….ისე, დღეს ინტერნაციონალიზმს გლობალიზმი ქვია, და დრესაც არიან მარქსისტი ქართველები, ნაც ქოც მთავრობაში.