…ნამდვილი რაინდები იყვნენ სულითაც და შესახედაობითაც. ახლაც ცხადად მახსოვს მათი იერი. სამწუხაროდ, გვარები დამავიწყდა. შესაძლებელია, შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ მაინც კარგი ბიჭები იყვნენ. კიდევ რამდენიმე ხანს რომ “მემოძღვრა” მათთვის ან რაიმე შემთხვევის გამო ჩემთან ერთად რომ ამოეყოთ თავი ციხეში, ნამდვილი თავდადებული რევოლუციონერები დადგებოდნენ… აი, თქვენი იმერლებიც როგორები არიან: უცებ ედებათ ალი, მგრძნობიარე გული და დაინტერესებული ჭკუა აქვთ.
_ ალი, კი, უცებ ედებათ, მაგრამ უცბადვე იცის იმათმა ალმა ჩაქრობა, _ ხუმრობით მიუგო კანდიდ ჩარკვიანმა.
_ ეგ, ეგებ ასეც იყოს, _ ჩაიღიმა სტალინმა, მაგრამ ისიც კარგი თვისებაა, გული უცებ აგენთოს და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. რევოლუციონერისთვის ეს უთუოდ დიდი თვისებაა.
ამის შემდეგ ომზე ჩამოვარდა სიტყვა, საბჭოთა ხალხის გმირობასა და ღვაწლზე მსოფლიოს წინაშე ფაშიზმის განადგურების საქმეში. საუბრის სერიოზული ტონი ისევ სტალინმა შეცვალა, როგორც ღირსეულმა თამადამ, რომელიც უფრთხილდებოდა სუფრასთან ლაღი განწყობის შენარჩუნებას:
_ ეს ფაშისტები მართლა მაგრები იყვნენ: ჯარისკაცები _ გაწვრთნილები, უკვე ომის ქარ-ცეცხლში გამოტარებულნი; ოფიცრობა _ სამხედრო მეცნიერებას დაუფლებული; კბილებამდე შეიარაღებულნი. დაგვესხნენ ისეთი ზათქით, ისეთი რეკლამებითა და აგიტაციით, რომ მხოლოდ ეს შეაშინებდა კაცს. აი აქ სტრატეგია და ტაქტიკა ახსენეთ. მეც ახლა მხოლოდ ამ ორ მხარეს შევეხები და მარტივად გეტყვით, სტრატეგიისა და ტაქტიკის მხრივ როგორ ვაჯობეთ ფაშისტების სამხედრო მეცნიერებას; უფრო სწორად, ორ პატარა მაგალითს მოგიყვანთ.
ყველამ იცით, როგორ მოინდომეს მოსკოვის აღება, რკალისებრ მარწუხებში მოაქციეს დედაქალაქი, მათი ჯარები მოსკოვის გარშემო მშვილდივით იყო მოზიდული, რომლის მარცხენა ფლანგი კალინინს უტევდა, მარჯვენა კი _ ტულას. და აი გადაწყვიტეთ ფლანგების მორღვევა. როდესაც ჩვენმა არმიებმა კალინინსა და ტულასთან ჩაჭრა მოზიდული მშვილდის ლარი, მშვილდისებრი წყობა მტრისა დაირღვა, მშვილდი იქით შებრუნდა, _ თქვა სტალინმა და წამით შეყოვნდა, გაიღიმა და განაგრძო, _ კიდევ უფრო მარტივად აგიხსნით სტრატეგიასა და ტაქტიკასაც. აი, უცებ რა გამახსენდა: გორში ორი სასწავლებელი იყო _ სასულიერო და სამოქალაქო, ანუ “გოროდსკოე უჩილიშჩე”. ამ “უჩილიშჩეს” მოსწავლეებს “გოროდისტებს” ვეძახდით, რაც ძალზე აბრაზებდათ. ჩვენსა და მათ შორის გაუთავებელი პაექრობა და ჩხუბი იყო. გაზაფხულობით კრივში გვიწვევდნენ სამოქალაქო სკოლის მაგარ-მაგარი ბიჭები. ერთ გაზაფხულს მოდის პეტა და მეუბნება: რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ “გოროდისტებმა” კრივში კვლავ არ დაგვჯაბნონო. ბევრი ვიფიქრე, მერე შევიყარეთ კლასელები და მე ასეთი წინადადება წამოვაყენე: მთელი სასულიერო სასწავლებელი სამ მოკრივე ჯგუფად დაგვეყო, პირველ ჯგუფში სუსტები შეგვეყვანა, მეორეში _ უფრო ძლიერნი და მესამეში კი _ უძლიერესნი, ვინც კი გვყავდა, ჯერ ეს სუსტები მიგვეშვა “გოროდისტების” წინააღმდეგ; “გოროდისტები”, მათ, რა თქმა უნდა, იოლად გაუმკლავდებოდნენ; მერე მეორე ჯგუფი მიგვეშვა, მაგრამ პირველსაც არ მოესვენა და გალახულებს ისევ ეძახათ და ეყვირათ “გოროდისტებო”, რომ ნერვები მოეშალათ მათთვის, მწყობრიდან გამოეყვანათ, მეორე ჯგუფსაც მოერეოდნენ “გოროდისტები” , მაგრამ საკმაოდაც დაიღლებოდნენ და, იმასაც იფიქრებდნენ, ახლა კი მოვათავეთ მაგათი საქმეო, სწორედ ამ დროს უნდა მიგვეშვა მესამე უძლიერესი ჯგუფი ჩვენი მოკრივეებისა და, არაქათგამოცლილებისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიგვეცა. პირველ და მეორე ჯგუფს ერთად უნდა ეღრიალათ: “გოროდისტებო, გოროდისტებოო”, გაეცეცხლებინათ ისინი და ჩვენ კი უკვე დასუსტებულებისა და მაინც გაცეცხლებულებისთვის ახალი ძალებით, ყველაზე ძლიერი ძალებით შეგვეტია; დასვენებულები და მომზადებულები, ისინი ჩვენს უძლიერესებსაც გალახავდნენ, მაგრამ ახლა, წესით, ჩვენ უნდა გვეჯობნა. როგორც მოვილაპარაკეთ იმ თავშეყრაზე, ისეც აღვასრულეთ და მაშინ პირველად იყო კიდეც, სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებმა ჩხუბში “გოროდისტები” დავჯაბნეთ და კუდით ქვა ვასროლინეთ. ჰოდა, ჰიტლერსაც სწორედ ასეთი “გორული ილეთი” გავუკეთე, _ უცებ ასე დაასრულა სტალინმა, გულიანად გადაიხარხარა და, მისი მონაყოლით ისედაც გამხიარულებულები, ბევრი გვაცინა.
_ აი, შენი ბავშვობის თამაშობებიც, მაშინ რომ არ მომეფიქრებინა და “გოროდისტებთან” გამარჯვებაში არ გამომეცადა ჩემი “ხერხი”, ალბათ, ომშიც და სხვა საქმეშიც საჭირო გამჭრიახობას ვერ გამოვიჩენდი. ამხანაგი ფსიქოლოგები არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ წყობა პიროვნების აზროვნებისა და ხასიათისა ბავშვობის წლებში ყალიბდებაო. აი, მეც ამათთან ერთად ჩამომიყალიბდა ჩემი ხასიათი და აზროვნების უნარი, _ გაიღიმა და თავის სიყრმის მეგობრებს გადახედა.
განცვიფრებული ვუსმენდი უზარმაზარი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, რომელიც ასე უბრალოდ საუბრობდა უდიდეს მსოფლიო მოვლენებზე და თავის ნამოღვაწარსაც უკიდურესი უბრალოებით წარმოაჩენდა ხოლმე. იმ სამი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, სხვაც ბევრი ითქვა, რომლიდანაც ზოგი კარგად აღარ მახსოვს და ზოგის კიდევ “თქმითაც დაშავდებისო”, როგორც ჩვენს ხალხს უთქვამს. ძალიან ლაღად ვიყავით ყველანი, ძალზე შინაურულად ვგრძნობდით თავს, თავისუფლად. თითქმის ვისვენებდით და არავითარი საქმით არ ვიყავით დატვირთულნი, მაგრამ ამ დიდი პიროვნების გვერდით ყოფნამ მაინც დამღალა და, როდესაც ჩემი ხელმძღვანელი ამხანაგების მიერ სტალინის სიყრმის მეგობრების მიერაც ითქვა, რომ საღამოს სახლისაკენ უნდა გაგვეწია, გამიხარდა.
_ მაშ, თქვენ უკვე წასვლა გინდათ?
ჩვენ წამოვდექით და უკვე გავემზადეთ დასამშვიდობებლად.
_ მოიცათ, მოიცათ, თუ ღმერთი გწამთ, _ უცებ შემოგვძახა და ხელი დაგვიქნია, დაჯექითო. წამით ნაღვლიანი მზერა შეგვავლო, პეტაზე შეჩერდა და თქვა, _ მტოვებთ, არა?
_ ჩვენ რასა გტოვებთ, სოსო, კაცი არ მეგულება, ყოველდღე გულში არა ჰყავდე და თავლწინ არ ედგე, _ თქვა პეტამ.
_ აბა, ის თუ გახსოვს, _ და სტალინმა ყრმობისდროინდელი ამბავი გაიხსენა: ერთს მეორე მოჰყვა, ისევ გალაღდა სუფრა, ისევ მოესიყვარულნენ ერთმანეთს სიყრმის მეგობრები და მისი ფიქრები კვლავ ჩვენი მიწა-წყლის დოვლათის გაზრდასა და განვითარებას დასტრიალებს. ისე როგორ მოვკვდები, კახეთი კარგად არ მოვინახულოო.
_ მაშ, წავსულვართ, _ უცებ თვითონ თქვა და შეყოყმანდა.
_ დროა უკვე, _ უთხრა ისევ პეტამ, _ ისედაც ბევრი შეგაწუხეთ.
_ დიდად შემაწუხეთ, ძალიან, ძალიან შემაწუხეთ, ისე შემაწუხეთ რომ… წამით ისევ ნაღველი ჩაუდგა თვალებში და ალერსით გაგვიღიმა, _ რა გიყოთ, რაკი არ გინდათ ჩემთან დარჩენა, _ და პირველი თვითონ წამოიწია.
_ კარგი, გაგიშვებთ, მაგრამ ერთი გავიაროთ ეზოში. ფეხები გავშალოთ და თითოეულმა გულის ნადები თხოვნა, რაც გაქვთ, ალალად მითხრას, მანამდე, მანქანებსაც მოგართმევენ და … აბა, გურულო, პირდაპირ მითხარ, რა გაწუხებს? გინდა რამე?
_ თქვენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, ამხანაგო სტალინ!
_ ბიჭო. მაგ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ახლა თავი დაანებე. ვიცი, რომ ჩემი დღეგრძელობა გინდა, მაგრამ მე გეკითხები, შენთვის რამე თუ გინდა? რა გჭირდება?
_ მე სათხოვარი არა მაქვს რა, არც რამე მქონია გულში აქეთ წამოსვლისას, რომ მეთხოვა. მაგრამ, რადგან მეკითხებით, აი, აქ, თეატრზე ჩამოვარდა სიტყვა… უკვე გთხოვეთ და, გავიმეორებ მხოლოდ იმ თხოვნას, ჩვენი თეატრის წარმოდგენა იხილოთ, თუ საშუალება მოგვეცა მოსკოვში გასტროლებზე წასვლისა, მინდა ნახოთ, თუ როგორი გზით ვითარდება ჩვენი თეატრი საბჭოთა ხელისუფლების პირობებში და შეაფასოთ, ამასთანავე, გაითვალისწინოთ შეფასებისას ისიც, რომ ტექნიკურად და მატერიალურად დედაქალაქის ყველა თეატრს ჩამოვრჩებით, მაგრამ შემოქმედებითად, პირობას გაძლევთ, მათზე დაბლა არ ვდგავართ. მოგეხსენებათ, მოკავშირე რესპუბლიკების მთავარი თეატრები დედაქალაქის თეატრებს უსწორდება, იმათ ეჯიბრება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, მატერიალური და ტექნიკური პირობები ჩვენს თეატრს გაცილებით დაბალი აქვს. აი, თანაბარ პირობებს თუ შეგვიქმნიან, მაშინ ვნახოთ, ვის მეტი შეუძლია.
_ სულ ესაა შენი თხოვნა?
_ ეგ არის, ამხანაგო სტალინ.
_ მაგ თხოვნაზე აკი გიპასუხე: თბილისში ვერ ჩამოვალ, რას იტყვიან უკრაინელები, ბელორუსები, სომხები და სხვები. აბა, კანდიდ, მოსკოვში მოვიწვიოთ რუსთაველის თეატრი და მოსკოვში აუცილებლად დაგესწრებით. მის მატერიალურ მხარეზეც იქ მოვილაპარაკოთ, ადგილზევე, მანამდე კი, არა მგონია, საქართველოს მთავრობაც არ დაგეხმაროს. სულ ეს არის? მაშ, შენთვის არა გინდა რა მთხოვო?
_ ისევ და ისევ თქვენი მზრუნველობითაა, თუ სათხოვარიც მეტი არაფერი მაქვს, _ ვუპასუხე და მანაც მოწონების ნიშნად თავი დამიქნია.
_ აბა, მიხეილ, შენ რასა მთხოვ? _ ახლა ტიტვინიძეს მიმართა.
მიხეილ ტიტვინიძემ ჯიბიდან ცხვირსახოცში გახვეული ძეწკვიანი პატარა ფანქარი ამოიღო, სტალინს ახლოს მიუტანა და ჰკითხა:
_ ყველაფერი რომ გახსოვს, აბა, ამას თუ გაიხსენებ?
სტალინი წამით ფანქარს შეაჩერდა, ჩაფიქრდა, უცებ სახე გაებადრა.
_ ამას უყურე, ეგ ხომ ჩემი ნაჩუქარი ფანქარია, შე ღმერთძაღლო, საიდან? რამ შეგანახვინა ამდენ ხანს ეს შაურიანი ფანქარი?
_ სიყვარულმა! _ წყნარად უპასუხა მიხეილმა, _ ჩემი ძმა გახსოვს? იმასაც უყვარდი. გახსოვს, ნაძალადევში კაზაკებთან შეტაკებისას დაიღუპა. ჩემთვის არაფერი მაქვს სათხოვარი, რა ვიცი, იმის სახელის ხსოვნისთვის, ეგებ კასპში ან ბიბლიოთეკას ან სასწავლებელს ან კულტურის სახლს მისი სახელი დაარქვან…
_ ამ თხოვნას ამხანაგი ჩარკვიანიც შეგისრულებს. აი, მე კი, ნება მიბოძე, ჩვენი მეგობრობის ნიშნად, ეს პატარა ნობათი მოგართვა, _ და ქაღალდში გახვეული ჩამოართვა იმხანად ვერანდაზე გამოსულ გენერალ-მაიორს. მერე მეორე გამოართვა გენერალ-მაიორს და სოსოს მიაწოდა, _ ეგეც შენა, ჩემო სოსო, _ თვალებში ჩააცქერდა და უთხრა, _ შენც რაღაც უნდა გქონდეს ჩემთან სათქმელი, ეს დღეებია სულ გარშემო მიტრიალებ და კი ვერ გითქვამს. აბა, ერთი მითხარი: რა არის, რომ შენც გაგიჭირდა თქმა და მე შენი თხოვნის შესრულება გამიჭირდეს.
_ შენ ყველაფერი შეგიძლია… თუ გამიგებ, თორემ სიკვდილი კარზე მიკაკუნებს და ის არის…
_ უცებ პეტამ ჩაულაპარაკა, _ არ გინდა, სოსო, კობას მაგ თხოვნით ნუ შეაწუხებ.
_ მოიცა ერთი, თუ ძმა ხარ! მაგაზე უკეთ ვინ უნდა დამეხმაროს თუ დასახმარებელია! _ რიხიანად და გადაწყვეტით უპასუხა პეტას სოსო ცერაძემ.
_ ჰოდა, მითხარი სოსო, _ სიტყვა მიაშველა სტალინმა.
_ აგერ ვარ მე და აგერ კიდევ შენა _ ყველაზე დიდი კაცი დედამიწის ზურგზე! მაჩუქე ჩემი დისშვილის სიცოცხლე, ოცდაერთი წლის სტუდენტის, რომელსაც დახვრეტა აქვს მისჯილი…
_ რატომ? რისთვის მიუსაჯეს ეს უმაღლესი სასჯელი?
_ ოქრო-ვერცხლის მაღაზიის გაძარცვა მოუწადინებია სტუდენტების ერთ ჯგუფს, მათ შორის, შავ დღეზე გაჩენილსაც, მაღაზიაზე დაცემის დროს დარაჯი შემოკვდომია და…
_ რა საოცარია ქართული ზმნა! როგორ არ მიმოაქცევს ქართველი კაცი ამ ზმნას! პირდაპირ თქვი, მოკლა-თქო! ჰმ, შემოკვდომია, ასეთ ფორმას, ყველა ენა რომ დაჩხრიკო, ალბათ, ვერა ნახავ. ამ სიტყვის მეშვეობით ქართველ კაცს შეუძლია მკვლელობა თვით მოკლულს გადააბრალოს… საოცარი არ არის? _ სიცილით მოგვიბრუნდა.
_ ჰოდა, მაჩუქე მისი სიცოცხლე; გადასახლებით, ოცდახუთი წლის პატიმრობით მაინც შეუცვალონ, _ არ დაცხრა და აღელვებით განაგრძო სოსო ცერაძემ.
_ ჩემო სოსო, _ სტალინმა, უცებ, მშვიდად და მტკიცედ მიმართა, _ მე არც სიცოცხლის ჩუქება შემიძლია და არც მინიჭება, სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ყოვლად შეუძლებელია. ეს არ შეიძლება, მე გავაკეთო. გაასაჩივრე, განიხილოს საქართველოს მთავრობამ და, თუ შესაძლებელია, დასვან საკავშირო მთავრობისა და სასამართლოს წინაშე უმაღლესი სასჯელის, ოცდახუთი წლით პატიმრობის შეცვლის საკითხი… ნუ ღელავ, ჩემო სოსო, უსაშველო არ არის რა ამქვეყნად. შენ ისა თქვი, მოკლულს რომ აღარა ეშველება…
_ ჰო, შენი ჭირიმე, იმის ცოდვიანი თავი არ მასვენებს, დღენიადაგ გულ-ღვიძლს მიმღვრევს.
ამ მოხუც გოლიათს ლოყები შეეფაკლა ღელვისგან და მადლიერების გრძნობას ადგილზე ფეხების უნებური ბაკუნით გამოხატავდა. საოცარი ყოფილა კაცის ბედი, რა იცოდა მაშინ ბაქოში სახელგანთქმულმა მსოფლიო ფალავანმა, სიკვდილმისჯილ პატიმარ სოსო ჯუღაშვილს ციხიდან გაქცევაში რომ დაეხმარა, ის სოსო ჯუღაშვილი საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე, მსოფლიოში უდიდესი ადამიანი გახდებოდა და ათეული წლების შემდეგ, მისთვის უნდა ეთხოვა დისშვილის სიცოცხლის შენარჩუნება.
_ ესეც შენი პეტა, _ ახლა პეტრე კაპანაძეს მიართვა ნობათი და ჰკითხა, _ შენ რა გინდა მთხოვო?
_ მე არაფერი, ყველაფერი მაქვს და, თუ რამე მომინდა, არ დაგერიდები, კიდევაც მოგწერ, _ უთხრა და ერთმანეთს გაუღიმეს.
_ უნდა მომწეროთ, აბა! აუცილებლად უნდა მომწეროთ, თუ გაგიჭირდათ. მაშ, რისი მეგობრები ვართ, შენცა, გურულო, ხომ მომწერ?
რა უნდა მეთქვა, მხოლოდ მოკრძალებით გავიღიმე.
_ ჰო, ჩვენც ხომ დავმეგობრდით ამ დღეებში და, წერილიც უნდა მომწერო.
_ ჩემი წერილის კითხვის დრო სად გექნებათ, იოსებ ბესარიონოვიჩ…
_ კაცო, შენ ის მითხარი, მომწერ თუ არა?
ჩამაცივდა, სანამ არა ვთქვი, მოგწერ-მეთქი.
_ აი, ამიერიდან მეგობრები ვართ ყველანი, ერთმანეთს ჭირიც და ლხინიც უნდა გავუზიაროთ…
არაჩვეულებრივად გულთბილი გაცილება მოგვიწყო. ერთი სამჯერ მაინც დაგვსხა სუფრასთან, თითქოს რაღაცას იხსენებდა, თითქოს რაღაც დარჩა უთქმელი. მანქანები უკვე ეზოში გველოდა. წამოდგა, გაგვაცილა. მისი სიყრმის სამი მეგობარი და მე მის “ზის-10”-ში უნდა მოვთავსებულიყავით. აი, მაშინ კი მომეკიდა გულს ნაღველი, მანქანასთან კიდევ ერთხელ გამოგვემშვიდობა და, როცა მანქანებში ჩავსხედით, “იცოდე, ჩემი უძვირფასესი სტუმრები მიგყავს” _ თითქოს მისი გაფრთხილება სჭირდებოდა, უთხრა მძღოლს. ჩავსხედით. მადლიერებითა და სიყვარულით აღსავსე მზერით ერთხელაც მოვიხედე სტალინისკენ. ისიც ალერსიანი ღიმილით გვემშვიდობებოდა. იმ დღესვე თბილისში გამოვემგზავრე. დღემდე დამაქვს ჩემში იმ არაჩვეულებრივი შეხვედრებიდან ის, რისი დატევა და შენარჩუნება ჩემმა მეხსიერებამ შეძლო.
მკითხველი, ალბათ, იგრძნობს ჩემს აღფრთოვანებასა და სითბოს იმ უდიდესი ისტორიული პიროვნების მიმართ, რომლის ნამოღვაწარი, რომლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სახება ბოლო ოცმა წელიწადმა კაცობრიობის წინაშე და კერძოდ, ჩემ წინაშეც სულ სხვა კუთხით და, შეიძლება ითქვას, სისასტიკის მიმართულებით წარმოაჩინა. როგორ უთავსდება მისი ის სახე, რომელიც მე გადმოვეცი, იმ სახეს, რომელიც მიუღებელი და უარსაყოფია კაცობრიობისთვის? ამის თაობაზე ჩემი სუბიექტური მოსაზრებების გადმოცემა აქ, ახლა, ამ წიგნში, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მით უმეტეს, ეს უფრო ისტორიკოსების, ფსიქოლოგებისა და მწერლების საქმეა, ვიდრე არტისტის და ჩემმა გულწრფელმა მოგონებამაც, იმ ვითარებაში მისადმი აღძრული დამოკიდებულების, მასზე შექმნილი შთაბეჭდილების გულწრფელმა აღიარებამაც, ეგებ, კეთილი სამსახური გაუწიოს იმ მომავალ რომანისტებსა და ფსიქოლოგებს და, თუ მცდარი ვიყავი ჩემს დამოკიდებულებაში, ესეც ჩემი ბედი ყოფილა და იმ “შეცდომის” მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის”.
ვამთავრებ აკაკი ვასაძის სტალინზე შეხედულებების თქვენ წინაშე წარმოდგენას, რომელმაც, როგორც სატელეფონო ზარებიდან ირკვევა, ძალზე სასიამოვნო მოგონებები აღუძრა მკითხველს. აქვე, დასკვნით დაწილში, კვლავ უნდა შეგახსენოთ დიდი ქართველების მიერ დანახული თვისტომი და მოგაწოდოთ მათი თვალსაზრისი სტალინის პიროვნების მიმართ:
გროგოლ რობაქიძე: “სისასტიკით აღსავსე სტალინი ძლევამოსილად აღმართულიყო როგორც საბჭოეთის, ისე თითქმის მთელი მსოფლიოს ცივ და ბრმა ბედისწერად, მაგრამ, როდესაც გასაჭირი დაატყდებოდა თავს და შეშინებული გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ღონე (არ მახსენდება, სად და როდის _ გრ. ონიანი), მაშინღა სტალინი მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი იყო, უბრალო ქართველი, მაშინ ახსენდებოდა შორეული საქართველო, რომლისგანაც ესღა შემოენახა: საცივისა და კახური ღვინის გემო, “მრავალჟამიერის” ჰანგი და ქართული გინება: “მაგათი დედა კი ვატირე”.
ეს ის რობაქიძეა, რომელმაც ცხარე ცრემლით დაიტირა ლენინი გულისამაჩუყებელი ნეკროლოგით იმავე “გველისპერანგში” და “ჩაკლულ სულში”.
რობაქიძე ხოტბას ასხამს მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს და სამარცხვინო ქება-დიდებას აღავლენს კაცობრიობის უბოროტესი მტრის _ ჰიტლერის, მიმართ წიგში “ჰიტლერი”. ჰიტლერი თავისი განუსაზღვრელი ბოროტებითა და კაცთმოძულეობით მაინც ჰიტლერია, მაგრამ გრიგოლ რობაქიძემ არანაკლებ ისტორიულ და სისულელის კვარცხლბეკზე ასულ მუსოლინისაც, რომელიც ქალის კაბაში გადაცმული საყვარელთან ერთად მიიპარებოდა დამარცხებული იტალიიდან, მაგრამ შეიპყრეს და ავტობუსის გაჩერებაზე ფეხებით დაკიდეს, ისეთივე ქება-დიდებით აღვსილი წიგნი უძღვნა, როგორიც ჰიტლერს და ამით ჯოჯოხეთის კუპრში ამოავლო არამხოლოდ კავკასიელი კაცის მორალი და შორსმჭვრეტელობა, არამედ ლაფში ამოსვარა “პოეტების მხარედ” წოდებული რუსთაველის საქართველო.
დღეს რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი არსებობს თბილისში, ხოლო გორის ცენტრიდან აღებული სტალინის ძეგლი კარალეთში, ეკალბარდებით მოფენილ ტერიტორიაზეა გართხმული. ფურთხის ღირსი ხარ, საქართელოვ! არ ჩამოვთვლი იმ მედროვე პოლიტიკანებსა თუ ავტორიტეტად მიჩნეულ პეპლებს, რომელთა სიცოცხლისა და ავტორიტეტულობის ხანგრძლივობა პეპლების სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლფარდია. სტალინი კი ერთი ცივილიზაციიდან მომავალ ცივილიზაციაში გადავა, როგორც თანასწორუფლებიანობისა და ჩაგრული ხალხების ბელადი. დასავლური პროპაგანდისტული მანქანის მიერ ადამიანებისთვის შეძულებული სტალინიზმი, დრო გავა და, მსოფლიოს ჩაგრული ხალხების რელიგიად იქცევა.
(გაგრძელება იქნება)
გრიგოლ ონიანი