Home რუბრიკები ისტორია “ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა”

“ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა”

“ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა”

მკითხველმა იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არ დარჩენილა არც ერთი სფერო, არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც თავისი თვალსაზრისი არ გამოეთქვა ნიკო ნიკოლაძეს. რამდენადაც მეღვინეობის განვითარება საქართველოში დღესაც აქტუალური თემაა, შემოგთავაზებთ 1921 წელსსახალხო კალენდარშიდაბეჭდილ წერილსჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი”, რომელშიც ნიკო ნიკოლაძე საუბრობს იმ გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც მევენახეობას საქართველოში სოფლის მეურნეობის წარმატებულ დარგად აქცევს.

ნივთიერი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ საქართველო მართლაც ღვინის ქვეყანაა, საკმაოდ ბევრია: ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და კულტურული ვაზის მტვერი, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება არა მარტო წარსულში, ღვინის უნიკალური ჭურჭელი _ ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები, მევენახ-მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალი სიტყვა ქართულ ენაში, მათ შორის _ “ღვინო”, რომელიც ევროპის ხალხთა ენაში ქართული ენიდან გავრცელდა.

უკვე არავინ დავობს იმაზე, რომ საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა VI ათასწლეულიდან _ ნეოლითის ხანიდან დაიწყო. კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია ნეოლოთური ხანის ნამოსახლარებში (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვ.).

საქართველოში ღვინის არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში. ქსენოფონტე (ძვ.წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო “სურნელოვანი და საამო” იყო. სტრაბონის (ძვ.წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულად მოხმარება არ შეეძლო. პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: “მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყანაშიო.

რაც შეეხება ქართული ღვინის შემდგომ განვითარებას, XIX საუკუნე ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ქართული ღვინის ისტორიაში _ ალექსანდრე ჭავჭავაძის მონდომებით ქართული ღვინო დაუახლოვდა ევროპულ ღვინოს. ამავე პერიოდში სოფელ რუისპირში გერმანელმა ლენცმა შექმნა ღვინის მარანი და გააშენა ვაზის ქართული და უცხოური ჯიშები. როდესაც თბილისის გარეუბნებში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, მათ ქვეყანაში ვაზის უცხოური ჯიშები შემოიტანეს.

ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, რომლებიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მზადდებოდა ჭავჭავაძის მამულში. 90-იანი წლების დასაწყისში უკვე რეგულარულად გამოდიოდა ღვინოები: “წინანდალი”, “მუკუზანი”, “ნაფარეული” და “თელიანი”. XIX სააუკუნის 70-იან წლებში ქართული ღვინო ივანე მუხრან-ბატონის მარნიდან უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიოდა.

XIX სააუკუნის შუა წლებიდან ქართული ვაზის ჯიშების მეცნიერული შესწავლა დაიწყო. 70-იან წლებში პარიზსა და ლონდონში გამოცემულ აღწერებში პირველად გამოჩნდა ქართული ვაზის ჯიშების დახასიათება.

საქართველომ ძალზე მძიმედ გადაიტანა ნაცრისა და ჭრაქის დაავადებები, რომლებიც XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დააზარალა დასავლეთ საქართველოს ვენახების უდიდესი ნაწილი, მას თან დაერთო ფილოქსერაც, რასაც მოჰყვა ფილოქსერაგამძლე ამერიკული ჯიშის _ იზაბელას გაშენება, რომელმაც სამეგრელოში მაღლარი ვენახების 75% დაიკავა. მეღვინეობა ძირითადად რაოდენობაზე გახდა ორიენტირებული და ასეთმა დამოკიდებულებამ წლების მანძილზე ძალიან შეცვალა ქართული ღვინო.

უკვე XX საუკუნის დასასრულიდან ქართული ღვინო გამუდმებით ვითარდება, ჩამოყალიბდა ასევე ბიო და ბიოდინამიკური მეურნეობაც. ქართველმა მეღვინეებმა შეაღწიეს ევროპის, ამერიკისა და აზიის ბაზრებზე და საკმაოდ წარმატებულადაც.

“ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა”

პრობლემების მიუხედავად, დღეს ქართულ ღვინოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და წინაპირობა, რომ დაიკავოს ერთ-ერთი საპატიო ადგილი მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ამას, პირველ რიგში, განაპირობებს ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, მეორე ის, რომ საქართველოს ისტორიული ფაქტების საფუძველზე დაუმკვიდრდა ღვინის სამშობლოს ტიტული, რაც ქართულ ღვინოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის უცხოელისთვის; და მესამე _ ეს არის ტრადიციული მეღვინეობა, რაც ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია უნიკალურია და არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე და რადგან საქართველო იმ ბედნიერ მხარეების რიცხვშია, რომელთ ბუნება ვენახის ზრდას და ნაყოფიერებას ხელს უწყობს”, ქართველი მეღვინეები ვარაუდობენ, რომ ქართული ღვინო თანამედროვე ღვინის სამყაროში საპატიო ადგილს დაიკავებს.

…თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს მევენახეს, “რომელსაც ჩინებული, შეუდარებელი ყურძენი მოჰყავს, ჩამოაცილებთ ყველა სხვა დარდს, რომლის მოგერიების იარაღი მას აკლია”…

ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისაო”, _ ამბობს ნიკო ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძე: ჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი

ღვინო ძვირფას საქონლათ მიტომ გახდა, რომ მისი მომცემი ვაზი მარტო იშვიათ ადგილზე ხარობს, ყურძნის ჭამა კი და ღვინის სმა მთელ დედა-მიწის პირზეა გავრცელებული. საქართველო იმ ბედნიერ მხარეების რიცხვშია, რომელთ ბუნება ვენახის ზრდას და ნაყოფიერებას ხელს უწყობს. აქ ვაზის შენება ნოეს აქეთ-და ალბათ ნოემდინაც _ ხალხის ხელობათაა ნაქცევი. ათასი მოდგმის მეოხებამ გააჩინა ჩვენში ვაზის წარჩინებული ჯიშები და საგანგებო ღირსების ღვინოები შეჰქმნა, რომელთა ქება და სახელი ყოველგან მოფენილია. მაგრამ, თუმც იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც ვაზი ხარობს, საქართველოს საუკეთესო მდებარეობა და ბუნება რგებია, თუმც ქართველებს მევენახეობა სხვებზე უფრო ადრე დაუწყიათ, და წინაპრული გამოცდილება სხვებზე მეტი მიუძღვისთ, ჩვენი მეღვინეობა, ყველა სხვა ხალხისას ჩამორჩა. ასე გასინჯეთ იმისთანაებისასაც, ვისაც ჰავა, ნიადაგი და ერის წარსული სრულიადაც არ შეფეროდა ამ ხელობას. მთელ საქართველოში ომის წინ ორმოცი ათასი დესიატინა ვენახი ძლივს მოიძეოდა. სამხრეთ რუსეთში კი, სადაც ზამთრობით მიწა ერთი ადლის სიღრმეზე იყინება და ზაფხულში ვაზს არავითარი მთის ქედი არ იცავს მყინვარე ოკეანის სუსხიდან, ნიავ დროს მშვენიერათ მუშავდებოდა 89,979 დეს. ვენახი! პაწია ბოლგირიასაც ჩვენზე მეტი ვენახი გააჩნდა, სახელდობრ 54,928 დესიატინა, რუმინიას _ 78,589 დეს. და უნგრეთს _ 320,355. ყველა ამ ქვეყნებში _ როგორც რუსეთში _ ვენახის შენება და ღვინის ყენება ბევრად უფრო ძნელი და სახიფათოა, ვინემ ჩვენში, მარტო მით კი არა, რომ ჩვენ დაცული ვართ ჩრდილოეთის ქარიშხალიდამ: ჩვენში მზე უფრო მხურვალეა, ვაზს უფრო მეტი მზიანი დღე ერგება წელიწადში და სხვ. ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ ღვინოს ღირსებასა და სიმაგრეს უმატებს. მიუხედავათ ყველა ამ უპირატესობისა, სხვა ქვეყნებში, საცა ვენახი ნაძალადევია, მაშინ როცა ჩვენში ვაზი ველურათაც იზრდება, ვენახების რიცხვი, სივრცე და მოსავალი სწრაფათ მატულობს, ისე, რომ სულ მოკლე ხანში მათი რაოდენობა ზოგან ერთი ორად იქცა, ზოგან ქეც გასამკეცდა, ჩვენში კი მათ ზრდა რა ხანია აღარ ეტყობა.

“ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა”

ამ სამწუხარო განსხვავების მიზეზი განსაკუთრებით ისაა, რომ უცხოეთში ღვინო უფრო ადვილათ იგზავნება და საღდება, ვინემ ჩვენში. იქ ღვინის ყენება, მოვლა, შენახვა და ყიდვა ამ საუკუნეში შესამჩნევად გაუმჯობესდა. ღვინო გახდა უცვლელ საქონლათ, რომლის გადაზიდ-გადმოზიდვა უნაკლულოდ სწარმოებს ზამთარ-ზაფხულში, როგორც გრილ, ისე ცხელ ამინდში და რომელიც წლობით ინახება ყოველგვარ გარემოებაში. ამ სიმტკიცეს და თვისებას ღვინო იძენს მარტო მით, რომ მას, გამოწურვის შემდეგ არა ნაკლებ სამი წლის განმავლობისა, ინახავენ ისეთ სარდაფში, სადაც ნიადაგ უცვლელი ტემპერატურა დგას დღე და ღამ, ზამთარ ზაფხულს, არა უმეტეს თორმეტის და არა ნაკლებ ათი გრადუსის სითბოსი. ამგვარ სარდაფში ღვინოს სუფთად ინახავენ დიდრონ ჭურჭლებში (რეზერვუარებში, ან ბოჩკებში), თავის დროზე ერთიდან მეორეში გადასხმით თხლეს გამოსაცვლელათ. უშველებელი ჭურჭელი ანიჭებს ღვინოს ტიპიურ ერთფეროვნებას და ერთგემოვნებას, რომელიც მუდმივ მყიდველს უმრავლებს და გასავალს უფართოებს. რაგინდ დიდი იყოს ჩვენებური ჭური, ის ამნაირი რეზერვუარის და სარდაფის მაგივრობას ვერ იქმს, რადგან ჭური მიწაში უნდა იქნეს ჩაფლული და ტემპერატურა სხვანაირია. განსხვავება სითბოისა ყელსა და ძირს შუა მით უმეტესია, რაც დიდია ჭური; მცირეოდენ განსხვავებასაც ტემპერეტურისას ის შედეგი მოსდევს, რომ ღვინო ჭურში ნიადაგ მოძრაობს, ტრიალობს, ადის და ჩადის, რაც მის მწიფებას ხელს უშლის და ხან კიდეც ჭანგვას აჩქარებს.

ისეთი სარდაფის კეთება, რომელშიაც ტემპერატურა მუდამ ერთი და იგივეა, აუარებელ ხარჯს თხოულობს და ისე ძვირათ ჯდება, რომ მარტო ძლიერ შემძლე მევენახეს, დიდძალი ღვინის პატრონს ხელს აძლევს მისი შეძენა და პატრონობა. სამი წლის ვადით დიდ-ძალი ღვინის გაუსაღებლათ შენახვა მარტო მილიონერს შეუძლია, და არა საშვალ, მით ნაკლებ წვრილფეხ მევენახეს. თანამედროვე ევროპიული სარდაფი იმოდენა ფული ჯდება, არა თუ აშენების და მოწყობის დროს, თვით ყოველწლიურათაც, მის შესანახავათ და მოსავლელათ, რომ თუ შიგ ასი-ათას ვედროებით არ ინახება ღვინო, მისი პატრონი ზარალის მეტს ვერას ნახავს. იმხელა ქონება ჩვენში აბა ვისა აქვს, რომ სამასი ათასიოდ ვედრო ღვინო სამი წლით ინახოს ძვირფას სარდაფში, მამასისხლის ფასად? ამ დროინდელ ევროპიულ ღვინოს და სარდაფს შეეფერება მარტო დიდი მევენახეობა, რომელიც მარტო დიდ მიწათმფლობელობას მისდევს და კაპიტალისტურ მრეწველობას შეადგენს.

ჩვენს საქართველოში, სადაც არც ვრცელი მიწათმფლობელობა არსებობს, არც მსხვილი მევენახეობა, არც დიდი კაპიტალი მოიძიება, სრულიად უიმედოთ ჩაითვლება მეღვინეობის ევროპიულ დონემდე აწევა. საუფლისწულო მამულმა მოახერხა ეს ცდა, რადგანაც მას ამისთვის საკმაო ვენახებიც გააჩნდა და თანხის შოვნაც შეეძლო, ყველამ იცის, რამხელა გასავალი მოემატა ამით საუფლისწულო ღვინოებს და რამოდენათ სახეირო გამოდგა ეს დასაწყისი, მისი მიბაძვა ჯერ ჩვენში არავის უცდია, გარდა ორიოდე პაროდიისა, რომელნიც 170 მხედველობაში მისაღებიც არ არიან. მაგრამ შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქო მარტო მეფეებს და მილიონერებს შეეძლოთ მეღვინეობის წესიერათ მოწყობა, ნუ დავივიწყებთ, რომ ერი მეფეებზე და კაპიტალზე ბევრათ უფრო ძლიერია, როცა მას ერთობა და თაოსნობა აბადია. რაც უწინ მარტო ლაფიტების და როტშილდების მონოპოლიას შეადგენდა, დღეს ევროპაში _ და თვით აფრიკაშიც _ სააქციო საზოგადოების და კოოპერატივის ხელობათ გადაიქცა. სრულიად ადვილათ შეიძლება ჩვენს წვრილ მიწადმფლობელობის ქვეყანაში გლეხურ მევენახეობასაც მივცეთ ხელში ის ნაცადი იარაღი, რომელმაც გამარჯვება და ბედნიერება მიანიჭა ევროპიულ მეღვინეობას _ სარდაფი, ღვინის შემნახავი მევენახის უზარალოთ და სასარგებლოთ. ამისთვის საკმაოა ისეთი საზოგადოება ან კოოპერატივი დავაარსოთ, რომელიც საშუალებას შეკრებს აიშენოს და მორთოს ამ დროინდელი სარდაფი ისეთ მოდიდო ქალაქში, სადაც შესაძლოა კლდეში გვირაბის შეყვანა. იქ ხარჯი ბევრათ ნაკლები იქნება, რადგანაც მონატეხი ქვა შენობებისთვის გასაღდება. თუ სარდაფი რიგიანათ გაკეთდა და მომარაგდა, სარდაფის პატრონი ადვილათ იშოვის ბანკს, რომელიც თანხას ანდობს და სესხს გასცემს სარდაფში შეტანილ ღვინოზე, იმოდენს, რაც ტკბილი ან მაჭარი ღირს დაყენების დროს იმ მაზრაში. მევენახე თითქო ყიდდეს თავის ტკბილს, ან ყურძენს, ბაზრის ფასებში. სარდაფის პატრონი ღვინოს უვლის სამი წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის და მეცნიერებისამებრ, თავის ხარჯს და ამაგს ღვინოსათვის, აგრეთვე, როგორც მასზე გაცემულ სესხის სარგებელს. სამი წლის შემდეგ სარდაფიდამ გამოდის ტკბილი კი არა, არამედ დამწიფებული ღვინო, რომლის ღირებულება სამჯერ-ოთხჯერ მაინც აღემატება გაცემულ სესხს. სარდაფის პატრონი, ამხანაგობა, ან მისი მოზიარე ბანკი, ან სხვა რომელიმე სავაჭრო თუ სატრანსპორტო საზოგადოება, ასაღებს ამ მშვენიერ ძველ ღვინოს ისეთ ქვეყნებში სადაც მისი ფასი იციან. ეს ფასი ყველას ისტუმრებს: ვაჭარს, ტრანსპორტს, მომვლელს, მსესხებელს და მევენახესაც, რომელსაც შესაფერი წილი მოგებისა ეძლევა ზედმეტად უკვე წინეთ მიღებული სესხისა. ღვინის ღირებულების მომატება, შედეგი მეცნიერულად ღვინის შენახვისა, სარგებლობას აძლევს ამნაირათ მთელ რიგს წარმოებისას, მრეწველობის რამდენიმე დარგს, ესე იგი ამდიდრებს და აძლიერებს მთელ მხარეს.

მარტო სარდაფში შენახულ ღვინოს შეუძლია აიტანოს შორი მგზავრობა. ჩვენებური ისე არსად გაიგზავნება, თუ სპირტით არ მოვნათლეთ. სპირტ-ნარევი ღვინო მარტო ჩვენშივე და რუსეთში საღდებოდა. ომის შემდეგ რუსეთი დიდ ბაზარს მისთვის ვეღარ წარმოადგენს: იმ ჯურის ხალხი, ვისაც იქ ესმოდა “ყურძნის წვენის გემოვნება”, ან გაწყდა, ან გაღატაკდა, დაგვრჩა შინაურობის გარდა, მარტო ევროპის ბაზარი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც თვითონ ღვინო არ მოჰყავთ, სახელდობრ გერმანია, დანია, შვეცია, ნორვეგია, ამერიკა და სხვ. იქ ომამდის და ომის განმავლობაში მეტათ გავრცელებული იყო ფრანგულ ღვინოების ხმარება. აი ჩვენი მეღვინეობის ასპარეზი მომავლისათვის. აქ კი მარტო ისეთი ღვინო გავა, რომელიც სარდაფში ევროპიულათ დაყენებული იქნება. ეს მეტად დიდი და უხვი ბაზარია.

დღეს ჩვენი მევენახე _ წვრილი იყოს, გინდ მსხვილი _ ვალდებულია, იმეცადინოს სხვა და სხვა დარგში: ვენახსაც უნდა უვლიდეს, ღვინოსაც უნდა აყენებდეს და პატრონობდეს, ვაჭრობასაც უნდა აწარმოებდეს, ყველაფერს უფულოდ, უცოდნოთ, მამაპაპურად, შემთხვევისა დაგვარად.

ევროპიული მეღვინეობა და ამხანაგური სარდაფი მას ანთავისუფლებს ყოველი გასაჭირიდამ და სტოვებს მარტო მევენახეთ, რაც მის ძალ-ღონეს, გამოცდილებას, მოდგმას და ჩვეულებას შეეფერება. როგორც მევენახეს, ჩვენს კაცს ტოლი არა ყავს! მას ჩინებული, შეუდარებელი ყურძენი მოჰყავს. ჩამოაცილეთ მას ყველა სხვა დარდი, რომლის მოგერიების იარაღი მას აკლია, მოაწყვეთ რიგიანი ყურძნის ტეხა და წნეხვა, ღვინის ყენება და მოვლა. მისი ზიდვა და ყიდვა, და ნახავთ რომ ამნაირი შრომის განაწილება _ წყარო ყოველი წარმოებისა _ ისეთივე ფრთებს შეასხამს ჩვენს მევენახეობას, როგორიც დღეს იტალიელ, ფრანგულ და ესპანურ მეღვინეობას ამშვენებენ. აი, მაშინ დაიწყებს ჩვენშიაც ზრდას ვენახების რაოდენობა და სივრცე, ამიტომ რომ მევენახეს ბედი გაადვილდება და გაუმჯობესდება და ვაზის მოვლა ჩვენში უფრო მომცემი და მომგები გახდება, ვინემ ყოველი სხვა დარგი მიწათმოქმედებისა და მრეწველობისა. ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here