Home რუბრიკები ისტორია გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

სტალინი _ ქართველი მასპინძელი

გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

სტალინის აგარაკის აივანზე კანდიდ ჩარკვიანი, გრიგოლ კარანაძე და პეტრე შარია გამოჩნდნენ: სტალინმა სპარტაკი იკითხა. შეუძლოდ არის და ვერ გეახლებათო, _ მოახსენა კანდიდ ჩარკვიანმა.

_ ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა ავად, თქვე დალოცვილებო, უშველეთ რამე, სანამ დროა…

_ ყოველ ღონეს ვიხმართ, ამხანაგო სტალინ, _ უპასუხეს ჩარკვიანმა და შარიამ.

მე უცებ ჩემი უშანგი გამახსენდა და სასწრაფოდ სიტყვა ჩავურთე:

_ დახლოებით ამავე მდგომარეობაში გვყავს ერთი შესანიშნავი ადამიანი და უნიჭიერესი მსახიობი უშანგი ჩხეიძე. წლებია, უკვე სცენას ვეღარ ეკარება და უმეტესად მწოლიარე მდგომარეობაშია, სახლიდან არ გამოდის…

_ რა დაემართა?

_ ექიმები ამბობენ, შიზოფრენია თუ ფსიქოსტენია სჭირსო. გარკვევით ვერ დაუდგენიათ. ასე იტანჯება ეს ყოველმხრივ დაჯილდოებული პიროვნება. ყველაფერთან ერთად ეკონომიურადაც გაუჭირდა…

_ როგორც ვხედავ, საქართველოში ნიჭიერები ქუჩაში გიყრიათ! აი, შენი თბილისიც, _ უცებ მე მომიბრუნდა გაჯავრებული, _ ალბათ, ამხანაგებსაც მიტოვებული გყავთ ის საცოდავი.

_ არა, რას ბრძანებთ, დროდადრო ახლო ამხანაგები ვაკითხავთ…

_ თქვენ აკითხავთ…. უფროსებს, ალბათ, არ სცალიათ. მაგათ კარგად მყოფებისთვის არა სცალიათ ხოლმე, თორემ ავადმყოფს რას გაიხსენებ, ასეა? მოიცადეთ, ორგანიზაციების საშუალებით დაეხმარეთ. აკაკი შენ არ დაივიწყო. ექიმიც არ დააკლოთ, ეგებ შემოქმედებითი ფსიქოზი დაემართა და ეშველოს რამე. როგორც აკაკიმ თქვა, შესანიშნავი ადამიანი და მსახიობია და, გახსოვდეთ, ადამიანები ქუჩაში არ ყრია, ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ისეთი რისხვით თქვა ყველაფერი ეს, რომ ხმას ვერ ვიღებდით. მე კი გულში მიხაროდა: ეგებ უშანგის პრაქტიკულად და ოფიციალურად რაიმეთი დაეხმაროს-მეთქი. სტალინმა ჩიბუხი დატენა, წამით შეყოვნდა და საუბარი განაგრძო უკვე მშვიდი კილოთი:

_ აუცილებლად ექიმი არ უნდა იყო, რომ კაცს გაუგო და გაგებამ კი, შესაძლებელია, ექიმზე უკეთ უმკურნალოს… თბილისის რევოლუციურ ორგანიზაციაში გვყავდა ერთი კარგი ორატორი, ამხანაგიც კარგი იყო. “გიორგის” ფსევდონიმით მუშაობდა ჩვენთან. და, აი, მოგვივიდა ცნობა, რომ გიორგი ძველ ამხანაგთაგან აღარავის ეკარება, არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს ორგანიზაციის მუშაობაში, ის კი არა, ქუჩაში შეხვედრისას თვალს გვარიდებს და გაგვირბისო. ბევრს ეგონა, ჭკუიდან შეიშალაო და მიანებეს თავი. ერთ დღეს, ვერის ხიდზე უნდა გავსულიყავი, შორიდან მოვლანდე, დავუდარაჯდი და, რომ მომიახლოვდა, უცებ ვეცი, მკლავები მაგრად შემოვხვიე, შევანჯღრიე: სად დაიკარგე შე ღმერთძაღლო-მეთქი და თვალებში ჩავაცქერდი. თან მისი ნახვით გახარებულმა გავუღიმე. იმან კი წამოიყვირა: ნუ მიღიმი და თვალებში ნუ მომშტერებიხარო, და სახე მომარიდა. _ რა მოგივიდა, ბიჭო, _ ამის თქმაღა მოვასწარი, რომ ხელიდან გამისხლტა და გაქუსლა. “მართლა აუფრენია, მართლა ავად გამხდარა, მაგრამ მაინც, რა ეძგერა ასეთი?” _ გავიფიქრე და შემენანა. კარგი ბიჭი იყო. ორიოდე თვე თუ იყო გასული იმ შეხვედრის შემდეგ, რომ მისგან წერილი მივიღე მთელი ორგანიზაციის სახელზე, გვწერდა: “მე რა უფლება მაქვს, თქვენ გვერდით ვიყო, ნუ გაგიკვირდებათ ჩემი საქციელი, თქვენი დასანახი პირი არ მაქვს. ალბათ, გახსოვთ, რა ერთგულიც ვიყავი თქვენი და მუშათა კლასის. თქვენ ასე მიცნობდით, მაგრამ ის კი არ იცოდით, რატომ ვმუშაობდი გადამეტებულის თავდადებით. პირველობა მინდოდა. მინდოდა, მაინცდამაინც ყველაზე პირველი და გამოჩენილი ვყოფილიყავი. ასეთმა სურვილმა დამაბრმავა და ცოდვასაც გადამყარა. სუყველა გაგეცით. ასე მეგონა, ყველას თუ დაგიჭერდნენ, პირველი რევოლუციონერი მე დავრჩებოდი საქართველოში. მაშინ ასე აშკარად ვერ ვაფასებდი ჩემს ზრახვებსა და საქციელს. არ ვუმხელდი საკუთარ თავს ამ სისაძაგლეს. ახლა კი კიდეც მივხვდი და კიდეც შევაფასე. იმასაც მივხვდი, როგორ მოვტყუვდი და რა უსუსური ვყოფილვარ. ჩემი თავი მეზარება. თითოეული თქვენგანის შორიდან დანახვაც კი მზარავს. იმის ღონეც არ მქონია, თავი მოვიკლა. აი ახლა, ყველაფერი რომ შეგატყობინეთ, ჩემი ცოდვილი თავის ამბავი რომ გაგიმხილეთ, ცოტა შვებით ამოვისუნთქე. აწი ჩემს კვალს ნუღარ ეძებთ. ჩემს სახელსა და გვარს აღარსად გადაეყრებით. სოფელში წავალ, გავგლეხდები ჩემი წინაპრებივით; შევეცდები, გადავსხვაფერდე და გავქრე ხალხში. გიორგი”. აი რა ავადმყოფობა შეყროდა იმ უბედურს, პირველობის სენი. ამ სენმა სიგიჟემდე მიიყვანა, სინდისმა კი უსახელოდ გაქრობა მიუსაჯა.

_ კარიერისტი ყოფილა, _ მოკლედ მოჭრა მიხეილ ტიტვინიძემ. დანარჩენები ვდუმდით.

სტალინის მონაყოლმა და იგავით თქმულმა ამბავმა, არათუ დამაფიქრა და გული დამიმძიმა, შემაკრთო კიდეც.

_ არა, ჩემო მიხეილ, კარიერისტს სინდისი ვინ მისცა?!

ამ დროს სტალინის წინაშე ისევ ის გენერალ-მაიორი გამოცხადდა და მოახსენა:

_ ამხანაგო სტალინ, ამხანაგმა საშა ეგნატაშვილმა მცირე ნობათი გამოგიგზავნათ.

_ თვითონ სად არის?

_ თვითონ წყალტუბოში გაემგზავრა.

_ სწორედ დროზე მომისწრო. უთხარით, ყველაფერი სუფრას დაუმატონ და ჩვენც ახლავე დავსხდებით სადილად.

ჩვენ უკვე სუფრას ვუსხედით, როდესაც თეთრხალათიანმა გოგონამ “ცოცხალი”, გორულა მახობელა პური, ნაზუქები, ხიდისთავური ყურძენი და საპობი ატმები მოიტანა.

_ აბა, ვინ გამოიცნობს ამ თევზს რა ჰქვია? _ გვკითხა სტალინმა.

_ მურწა გახლავთ, _ ვუპასუხე პირველმა.

_ არა, მურწაზე არ გითხარ, აი, მის გვერდით რომ დევს, იმას რა ჰქვია?

ვაიმე, თევზს თავი მოჭრილი აქვს, რა ვუპასუხო, საიდან გავიგო რა ჯიშისაა?! თავისი ტანითა და ფერით კი ჭანარსა და კაპუეტს ჰგავს. მაინც ვთქვი:

_ ეგა, ჭანარი უნდა იყოს.

_ შენ რას იტყვი, პეტა?

_ რაკი აკაკიმ თქვა, ჭანარი უნდა იყოს.

_ შენა მიხეილ? _ ტიტვინიძეს მიმართა.

_ ეგა, _ ჩაფიქრდა, _ ეგ კაპუეტია.

მე უკვე ვიცი, რომ ეს თევზი არც ჭანარია და არც კაპუეტი, მისი სახელი ენის წვერზე მიტრიალებს.

_ შენ თვითონა ხარ კაპუეტი, შენ რა გითხარი! მაშ, ვერც ერთმა ვერ გამოიცანით, არა? _ დამცინავად ჩაიღიმა და უკვე თვითონ უნდა ეთქვა, რომ უცებ დავასწარი.

_ ამას ხომ ლიახვის ლურჯას ეძახიან, პატივცემულო იოსებ. განსაკუთრებით შემოდგომაზე ისეთი გემოსია, კალმახს არ ჩამოუვარდება.

მან შემომხედა გაბრწყინებული თვალებით:

_ შე გამჩენძაღლო, რა ყველაფერი იცი! _ მიუბრუნა კანდიდს და პეტრე შარიას, _ ამ გურულმა, როგორ იცის ქართლის ამბები ქართლელებზე კარგად? მერე კიდევ, კახურ სიმღერებს როგორ მღერის, აზერბაიჯანულის მსგავსი ჰანგებიც გაგვირია… საიდან ეგ ყველაფერი?

_ მაგ, ამხანაგო სტალინ, ჯერ ერთი, იმერლების ჰიბრიდია, გაქუთაისელებული ვასაძეა წარმოშობით; მერე კიდევ, სვანური სისხლიც ურევია, მგონი, მეგრულიც და, ცხრამეტი წლიდან კიდევ აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს და ეს ჩვენი პატარა მიწა-წყალი ფეხით აქვს დავლილი.

_ ყოჩაღი ბიჭი ყოფილა.

_ რას იზამ, აირ-დაირია კუთხური გემო და წესი საქართველოში. ხედავ, ამხანაგი გრიგოლი იმერელი კაცია და ეს ორი დღე სულ გურჯაანს ეტანება, _ იხუმრა სოსო ცერაძემ.

გალაღდა სუფრა, გემო მიეცა პურის ჭამასაც და სადღეგრძელოებიც გახალისდა. ეს იყო ნამდვილი ქართული, მსჯელობისა და სჯა-ბაასის, ურთიერთპატივისცემისა და მოლხენის სუფრები მთელი იმ ორი დღის განმავლობაში.

_ აი, კაცო, მახობელა პურიაო… მახობელას ეს ჩვენი სპეციალისტები სარეველას ეძახიან, არა? _ ირონიით თქვა.

_ დიახ, სარეველას, _ მივუგე.

_ ჩემი აზრით, ეგ სარეველა კი არ არის, ეგ დიდი სასარგებლო რამ არის. ამ ბალახის კაკლები ჯანმრთელობისთვის დიდად სასარგებლო ცილებია. მერე კიდევ: მახობელა პური ერთი კვირაც რომ გააჩერო, ისევ ისეთი რბილი, გემრიელი დარჩება. გლეხი ტყეში სამუშაოდ ან მარილის მოსატანად რომ წავიდოდა, მაშინ უცხობდნენ მახობელ პურს და ატანდნენ… უშეჭამანდოდაც გემრიელად იჭმევა ეს პური, აბა, გასინჯეთ, _ და რამდენიმე ნატეხი ჩამოგვირიგა.

_ მართლა გემრიელი ყოფილა, უყველოდაც კარგად იჭმევა, _ თქვა პეტრე შარიამ.

მუშკივით რბილი მახობელა მადიანად გადადიოდა ყელში და ყველა იმ პურზე უფრო გვეამა, რომლებიც სუფრაზე იდო.

_ გლეხი ამ პურს არ დაგანებებთ და არც უნდა დაგანებოთ. მან კარგად იცის, აგრონომებსა და სპეციალისტებზე კარგად, რომ მახობელა გემრიელიცაა და განსაკუთრებულ ძალას აძლევს. ან კი რატომ უნდა მოსპოს?!

ამხანაგმა კანდიდ ჩარკვიანმა უპასუხა, რომ უკვე მიღებული ჰქონდათ ზომები იმისთვის, რომ მახობელა არ განადგურებულიყო, რაზეც სტალინმა უპასუხა, _ კარგადაც მოქცეულხართო.

_ ან კიდევ, აი, ეს საპობი ატამი. მივუშვით თავის ნებაზე სპეციალისტები და კინაღამ გადააშენეს.

_ ამაზეც უკვე მიღებული გვაქვს სათანადო ზომებიო, _ უპასუხა კანდიდ ჩარკვიანმა და დასძინა: მაინც, გორულ ატამს სხვა ატამი ვერა სჯობია და, ყოველგვარ ზომებს ვღებულობთ გორის რაიონში ატმის ჯიშების შესანარჩუნებლად, გასამაგრებლად და გასაფართოებლად.

გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

_ სპეციალისტებს, ამხანაგებო, ერთი მხრივ, თქვენ უნდა ადევნოთ თვალყური და, მეორე მხრივ, უნდა დაუგდონ ყური გლეხის სიტყვას. გლეხზე კარგად მიწა და მისი მოსავალი არავინ იცის. სპეციალისტები… სპეციალისტებიც არიან და სპეციალისტებიც. ჩვენ ისინი უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ის სპეციალისტი, რომელიც მხოლოდ წიგნიდან ამოდის, დიდი ნდობის ღირსი არ არის. პრაქტიკულ საქმეში თეორეტიკოს სპეციალისტებს ყოველთვის კრიტიკული თვალით უნდა შეხედოთ, თორემ რა გამოვიდა? ეგრეთ წოდებული სპეციალისტები რამდენიმე წლის წინათ, ომამდე, ოცდაათიანი წლების დასაწყისში ამტკიცებდნენ: ტრაქტორი ჩვენი სოფლისთვის არ ივარგებსო და ათასგვარი დებულება მოჰყავდათ ამ აბსურდის დასამტკიცებლად, მაგრამ ხომ გამოირკვა, ის სპეციალისტები ვინც ბრძანდებოდნენ? თურმე რიკოვსა და ბუხარინს უჭერდნენ მხარს და ჩვენი სოფლის მეურნეობის წინსვლის შეფერხებას ცდილობდნენ. ასეთი სპეციალისტები ჩვენ დავსაჯეთ და სამართლიანადაც დავსაჯეთ. მერე ინანიებდნენ ცოდვებს: არ ვიცოდით, ვერ ვითვალისწინებდით ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებსო. მე კი ვუპასუხე: თქვენ არათუ არ იცოდით თქვენი ქვეყანა, არც გიყვარდათ-მეთქი.

_ ისინი კლასობრივი მტრები იყვნენ და არა სპეციალისტები, _ ჩაურთო სიტყვა პეტრე შარიამ.

_ რა თქმა უნდა, მაგრამ სპეციალისტების სახელი და დიპლომი კი ჰქონდათ, თორემ ნამდვილი სპეციალისტი, საქმის მცოდნე და ქვეყნის მოყვარული, არც გახდება კლასობრივი მტერი. მე იმას გეუბნებით: ახალკურსდამთავრებულ სპეციალისტებს რა ეკარგებათ თავიანთი ექსპერიმენტებისგან? არაფერი, ისევ და ისევ გლეხობა, ხალხი კარგავს, მშიერი რჩება. ამიტომაც თუ გინდა, კარგი სპეციალისტი გყავდეს, უმაღლესი კურსების დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში გლეხს გვერდით უნდა მიუჯინოთ, მის გვერდით უნდა ამუშაოთ, რათა გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა მიიღოს და მერე მიაწოდოს სოფელს, სოფლის მეურნეობას, იმავ გლეხს თავისი თეორიული ჭეშმარიტებები და გამოსცადოს ისინი პრაქტიკაში; რაიმე, ახალაღმოცენებული უცნობი საკითხი პრაქტიკისა და თეორიული ცოდნის ერთობლივი გამოყენებით გადაწყვიტოს, ზუსტად ისე, როგორც ეს საწარმოებში გვაქვს მიღებული. სოფლის მეურნეობაც ასე უნდა აეწყოს, თუ სპეციალისტს ამ გზით ნამდვილ კაცად გახდომა არ უნდა, ჯანდაბამდის ჰქონია გზა.

საუბრის თემა შეიცვალა. თავისი პაწაწინა ვერცხლის სასმისით თვითონ სტალინი თამადობს, თითოეული ჩვენგანის სადღეგრძელოს სვამს, ხალისობს, ლაღობს. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, გადაჭარბებული ზრდილობითა და ოფიციალური მიმართვებით თავი არ მოვაბეზროთ, მხარი ავუბათ მის თბილ და სადა საუბრის კილოს. ამხანაგი პეტრე შარია კახელებზე ჩამოაგდებს სიტყვას: _ მოგეხსენებათ, საქართველოში განსაკუთრებით კახელები გვყავს პატივისცემაში, ათაბაბიდან, მათაც ღირსეულად პატივში უყვართ ყოფნა და გვაინტერესებს, კახეთში თუ ყოფილხართ?

_ სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ. რამდენჯერ არ მოვიდნომე, ისე მოეწყო საქმეები, რომ ვერ მოვხვდი კახეთში, იმერეთშიც 1905 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ და 1905 წლიდან კი, უმთავრესად, ბაქოში ვიმყოფებოდი.

აქ გაიმართა უკვე ჩვენი ხალხისთვის უკვე ჩვეულებაში გადაზრდილი ხუმრობები კახელებზე, ქართლელებზე, იმერლებზე, რაჭველებზე; ერთი ფაქტი გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან ამხანაგმა სტალინმა:

გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

_ რესპუბლიკაც კი დააარსეს რამდენიმე კვირით, _ ჩაიცინა სტალინმა, _ დამარცხდა. თავისებური ხალხია ქართლელები; ქართლის ორგანიზაციას ვეუბნებოდი, რომ 1905 წლის დასაწყისში მოეწყო აჯანყება და, აი, რუსეთის ხალხთან ერთად, მის პარალელურად, აჯანყდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხალხი, დაიწყო გამოსვლები გურიაში, მოსკოვის აჯანყებაც, ამიერკავკასიისაც და საშინელი რეაქცია გამეფდა. უკვე ღრმად იატაკქვეშ მივძვრებით, 1906 წელია, რეაქცია მძვინვარებს და ამ დროს ქართლის კომიტეტიდან მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: ავჯანყდითო. რა დროს აჯაყებაა, თქვე დალოცვილიშვილებო, ვერ ხედავთ, რა ამბავია? ვინ გითხრათ, აჯანყდითო! _ წამოვიყვირე. წყენით მომიგეს: 1905 წელს გვეუბნებოდი, აჯანყდითო, ახლა კი 1906 წელი იწურება. მოფიქრება, მომზადება, გააზრება ხომ უნდოდაო

აი, ასე, ქართლელს ნელა თუ დაძრავ ადგილიდან, მძიმედ იცის რეაგირება, მძიმე-მძიმედ თუ აგყვება…

შემდეგ იმ ამხანაგებს ქართლის კომიტეტიდან მოსკოვში, ბუტირკის ციხეში შევხვდი ბორკილგაყრილებს. “გამარჯობათ, გაგიმარჯოთ, როგორ ხართ?” _ შევეკითხე და, ვიფიქრე, სამდურავ სიტყვებს მეტყვიან, მე დამაბრალებენ ციხეში ჩავარდნას. თქვენც არ მომიკვდეთ. დინჯადვე მიპასუხეს: არა გვიშავს რაო. საით გიკრეს თავი? ციმბირში გვიპირებენო, მერე, როგორ არის საქმე, ძალიან გიჭირთ-მეთქი? გაჭირვებით კი გვიჭირს, მაგრამ გავუძლებთო. მოკლედ მიპასუხეს და არც ერთი სიტყვა ჩივილისა მათგან არ გამიგონია, პირიქით, აქეთ გამამხნევეს: თავს გაუფრთხილდიო, ჩვენც შენთანა ვართო. აი, თუ გამოგყვა ქართლი და ქართლელი, ბოლომდე შენთან იქნება, უსიტყვოდ აიტანს გაჭირვებას, მაგრამ მძიმედ თუ გამოგყვება.

იმერლები სულ სხვა ხალხია. ქუთაისის ციხეში ვზივარ. დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან შეგვყარეს ციხეში _ ზოგი რევოლუციონერი და ზოგი ფირალი. მცველების გარდა, დაცვის უზრუნველყოფას, მეფის მთავრობის ბრძანებით, ჯარის ერთი ასეული ემსახურებოდა ოფიცრებიანად, ამ ოფიცრებს არაფერი ესაქმებოდათ პატიმრებთან და არც უფლება ჰქონდათ, ციხის ადმინისტრაციის გარეშე რაიმე დამოკიდებულება დაემყარებინათ მათთან. მაგრამ ერთ დღეს ამახანაგები მეუბნებიან: ვიღაც ოფიცერი ჩვენთან დაახლოებას ცდილობს, თანაც იმის ძიებაშია, თქვენი “მოძღვარი” და მოთავე ვინ არისო, ალბათ, ვიღაც ჯაშუში და გაიძვერაა და არაფერი ვუთხარით შენზეო. მე გავიფიქრე: დაპატიმრებული ვარ, ჩემი საქმე და ამბავი სასამართლოში დაწვრილებით იციან, გადასახლებაც მისჯილი მაქვს და დავინტერესდი, ვინ უნდა ყოფილიყო ის ოფიცერი და რა უნდა სდომოდა ჩემგან, რაში ვჭირდებოდი.

უცებ მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა: _ აი, იქ ვისწავლე, გურულო, “ხელხავიცა” და “ხასანბეგურაც” და განაგრძო, _ ჰოდა, ვუთხარი ამხანაგებს, მობრძანდეს ის ოფიცერი და მნახოს-მეთქი. მართლაც, მეორე დღეს ვიღაც ოფიცერი მოადგა ჩვენს საკანს, მიკითხა, გამოვეცნაურეთ ერთმანეთს, რა გნებავთ-მეთქი? ამბობენ, განათლებული კაცი ხართ, ქართველი რევოლუციონერების მოთავე და, თუ ძნელი არ იქნება, ამიხსენით თქვენი მოძღვრების მიზანი და უპირატესობაო. ჩემ წინ დგას მშვენიერი ვაჟკაცი, ტანასხლეტილი, იმერელი და სუფთა, დაინტერესებული თვალებით მომჩერებია, დაბრძანდით-მეთქი და ვისაუბრეთ. როგორც შემეძლო, სრულად განვუმარტე, რისთვის ვიბრძოდით და თან ისიც ვიფიქრე: უცნაური კაცია, არაფრად აგდებს ოფიცრობის კარიერას კი არა, საერთოდ, თავის ოფიცრობის ჩინსა და პატივს და რევოლუციური იდეებით დაინტერესების გამო თავს საფრთხეში იგდებს… საუბარი რომ დავამთავრეთ, მითხრა: იმერეთში დასაჭერი კაცი აღარ მოიძებნებოდა, ეს განათლებული პიროვნება რომ გამოუგზავნიათ ქართლიდანო? _ ეს თქვა და თავისებურად, მადიანად გაიცინა ამხანაგმა სტალინმა. პარტიის თბილისის კომიტეტში დამევალა დასავლეთ საქართველოს ორგანიზაციებში გადასვლა და ამიტომ შეგაწუხეთ-მეთქი. ოფიცერმა, გამომშვიდობებისას ბოდიში მოიხადა შეწუხებისთვის და მთხოვა: _ თქვენ თუ არ გეწყინებათ, ხვალ ერთ ჩემს ამხანაგს გამოვიყოლებ, ისიც ოფიცერია. კარგი ბიჭია და ერთი იმასაც, მინდა, დაწვრილებით აუხსნათ თქვენი საქმე და მიზანი. _ მობრძანდით, მობრძანდით, თქვენი მთავრობის წყალობით დრო აქ ბევრი მაქვს და მეც მიხარია წესიერ ხალხთან საუბარი-მეთქი. მართლაც მოვიდნენ მეორე დღეს ის და მისი ამხანაგი და იმ დღესაც კარგა ხანს ვიმასლაათეთ.

ამის შემდეგ, ორი დღეც არ გასულა, უკვე ვიფიქრე, დავავიწყდი იმ კოხტა ოფიცრებს-მეთქი, რომ ციხის დერეფნებიდან ჩოჩქოლი და კამათი მომესმა. უცებ ჩემი ნაცნობი ოფიცრის ხმაც მომესმა, სული არ დაბერო, იცოდე, თორემ დედას გიტირებო. მერე ზედამხედველის წუწუნი გავიგონე და, ჩვენი საკნის კარიც გაიღო, ჩემი ნაცნობი ორი ოფიცერი საჭმელ-სანოვაგით და ხილეულით დატვირთულნი უზარმაზარი კალათით შემოვიდნენ. საკნის შუაგულში დადგეს და მითხრეს,_ ეს ჩვენი მადლობის ნიშნად მიიღეო, კარგი კაცი ჩანხარ და ,გაგიმარჯოს. ჩვენ ჩვენი საქართველოსთვის ვზრუნავთ. ახლა ვერაფერს გიშველით, ისე კი მომავალში, ეგებ, კიდევ შევხვდეთ ციხეში კი არა ჰაერზე და თუ რამე დაგჭირდა კაი საქმისთვის, რაც შეგვეძლება დაგეხმარებითო. მითხრეს და წავიდნენ…

გრიგოლ ონიანი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here