ხელისუფლების მიერ თითქმის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულ პოლიციის დღესა და ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება 2006 წლის 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, არასამთავრობო ორგანიზაციის «გადაარჩინე სიცოცხლე» დამფუძნებელი და ერთ–ერთი ლიდერი იური ვაზაგაშვილი.
_ ბატონო იური, შარშან, 6 მაისს, პოლიციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე სააკაშვილმა ძალოვანებს ასე მიმართა: მიუხედავად იმისა, რომ მზე ცაში არ გამოჩნდა, მზე გამოჩნდა აქ, ბათუმის ახალ ბულვარზე, და თქვენ, თქვენი მუშაობით, რამდენიმე წელია, კაშკაშა სინათლეს ჰფენთ ქვეყანასო. წლევანდელი 6 მაისიც, ალბათ, არანაკლებ პომპეზური იქნება… თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს დღე ქართველი ხალხისთვის?
_ არ მინდა, წყევლა გამომივიდეს, მაგრამ ისეთი მზე ამოუვიდეს სააკაშვილს, ჩვენ რომ პოლიციამ ამოგვიყვანა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რას ნიშნავს ჩვენთვის პოლიციის დღე და საერთოდ, რა არის ქართველი ხალხისთვის ასეთი პოლიცია? სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის წყალობით, ეს არის სადამსჯელო, რეპრესიების ორგანო, რომელიც «ნაცმოძრაობის», სააკაშვილ–მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონაა და უსიტყვოდ ასრულებს მათ ყველა დავალებას. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამ ე. წ. სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენ ვაფინანსებთ, საზოგადოება, და შემდეგ ამ ჩვენ მიერ დაფინანსებულ პირსისხლიან ჯალათებს ხელისუფლება ჩვენვე გვიპირისპირებს. რომელი ერთი შემთხვევა გავიხსენოთ: ყველამ ვიცით, რაც მოხდა 7 ნოემბერს, 14 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან, 26 მაისი ხომ საერთოდ საშინელება იყო… მოკლედ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი ხელისუფლების დროს პოლიციას იმდენი საზიზღრობა არ გაუკეთებია, რამდენიც ამათ ჩაიდინეს; ამდენად, მე მგონი, დღეს საქართველოში ერთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ ხალხი ენდობა პოლიციას. რომელ ნდობაზეა საუბარი, ეს არის მიშას პოლიცია და ეს ე. წ. სამართალდამცავები არიან სააკაშვილის ხელის ბიჭები. ამ რვა წლის მანძილზე ამის მტკიცების მეტი არაფერი გაუკეთებიათ…
_ ეს ყველა პოლიციელს ეხება თუ მარტო გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებს? ბევრისგან მომისმენია, რომ დღევანდელ პოლიციაშიც არიან სუფთა სინდისის ადამიანები.
_ რა თქმა უნდა, პატიოსანი ხალხი მეტ-ნაკლებად ყველგანაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ პოლიციაში ასეთი ადამიანები ვერ წინაურდებიან. როგორც წესი, ისინი 3-4 წელი მსახურობენ და შემდეგ ან შემცირებაში მოყვებიან, ან თვითონ მიდიან სამსახურიდან. დაწინაურებით კი წინაურდებიან ისინი, ვინც რეჟიმის ერთგული მსახურია, ვინც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს და ვისაც არ აინტერესებს კანონი, აინტერესებს მხოლოდ მიშასა და ვანოს კეთილდღეობა. აი, ასეთი ადამიანები ინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე. მათ აქვთ სერიოზული ანაზღაურება და, ერთი სიტყვით, მათ ხელშია ყველაფერი.
რაც შეეხება ისევ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას, მიმაჩნია, რომ ეს არის მკრეხელობა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ამ დღეს სრულიად საქართველო, მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს გიორგობას, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაულია. ამათ ეს წმინდა თარიღი ჯალათებისა და კაცისმკვლელების დღედ აქციეს, რის გამოც ბევრისთვის, ალბათ, უკვე აღარცაა 6 მაისი დღესასწაული. აი, ასე ებრძვის სააკაშვილის რეჟიმი ეროვნულ სიწმინდეებს, რელიგიას და ყველაფერს, რაც შეიძლება საზოგადოების დასაყრდენი გახდეს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელმაც, ამათი გათვლებით, საბოლოოდ უნდა დააჩოქოს და წელში გადატეხოს ქართველი ხალხი.
_ სააკაშვილის აზრით, პოლიცია, ისევე, როგორც წმინდა გიორგი, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს განცხადება მან შარშან, 6 მაისს, ბათუმში გააკეთა.
_ ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს, ხალხმა თვითონ შეაფასოს, რას წარმოადგენს ეს პოლიცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: 7 ნოემბერი არ დავიწყებია საქართველოს, 26 მაისზე კიდევ არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ მსგავსი რამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ გაუკეთებია არავის… თუ ამათი პოლიცია ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა, მაშინ გამოდის, რომ ბოროტება ხალხი ყოფილა, ვინაიდან იმ დღიდან, რაც ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამ ე. წ. სამართალდამცავებს საკუთარი ხალხის ხოცვა-ჟლეტის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. სხვათა შორის, ამასწინათ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მერაბიშვილმა განაცხადა, ბოლო 4 წელია, არც პოლიციელს მოუკლავს კრიმინალი და არც კრიმინალს მოუკლავს პოლიციელიო. ამით მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ პირველ წლებში ესენი ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს საზოგადოების დაშინების მიზნით. უკვე იქამდე მიდის ამათი თავხედობა და აღვირახსნილობა, რომ აღარც მალავენ, რასაც აკეთებენ. ეს არის სიბინძურის უმაღლესი ფორმა, გამოვლინება და 6 მაისს, ამ წმინდა დღესასწაულზე რომ ამათი დღე აღინიშნება, ამაზე დიდი საზიზღრობა ვერ წარმომიდგენია.
_ თქვენ 26 მაისის დარბევა ახსენეთ და ცნობილია, რომ ამ დარბევის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებსა და სპეცრაზმელებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ხელისუფლებამ პრემიები გამოუწერა.
_ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით. სწორედ 26 მაისის დარბევის შემდეგ ლიახვის ხეობის დეპუტატ ბადრი ბასიშვილს გორის ბავშვთა საავადმყოფო გადაუფორმეს ერთ ლარად. ვისაც არ სჯერა, ჩავიდეს და შეამოწმოს, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ვინ არის ეს ბასიშვილი, არ გაინტერესებთ? მისი ისტორია რომ იცოდეთ, ეს იყო ლოთი, ნარკომანი, ქუჩაში ეგდო და რა სიბინძურეში არ ჰქონდა ხელი გასვრილი, ღმერთმა იცის. სხვათა შორის, ეს ის ბასიშვილია, რომელიც მაისის აქციების დროს დარბევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ერთი სიტყვით, სადისტია ეს ადამიანი, შეიძლება პირადადაც მონაწილეობდა დარბევებში. ამათ ხომ ყველას ნიღბები უკეთიათ, როცა დასარბევად გამოდიან, რა ვიცით ჩვენ, იქ ვინ ვინ არის, სულაც არაა გამორიცხული, თვითონ ვანოც და მიშაც გამოდიოდნენ ხოლმე სპეცრაზმთან ერთად…
_ სადაცაა, არჩევნები კარს მოგვადგება. თქვენი აზრით, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ არჩევნებისგან?
_ რას ნიშნავს მოლოდინის ქონა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. ვფიქრობ, მოლოდინი იმდენი უნდა გვქონდეს, რამდენსაც ვიმსახურებთ. ნახეთ, ხელისუფლება რას აკეთებს, ოპონენტები თითქმის ჩამოიშორა: ზოგი ციხეში ჩასვა, ზოგი ქვეყნიდან გააძევა, ზოგი საერთოდ გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან და ა. შ. ამასთან, საარჩევნო კოდექსი ისე შეცვალა, რომ, ფაქტობრივად, თავის ჭკუაზე მოაწყო ყველაფერი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე პირობები აქვს სააკაშვილს შექმნილი… ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ხანდახან მგონია, რომ თავიდან ბოლომდე ჩვენი ბრალია, რაც ხდება ქვეყანაში, იმიტომ, რომ ის, რასაც დღეს ქართველი ხალხი ითმენს, უკვე მართლა მეტისმეტია და ღირსეული საზოგადოება ამას არ უნდა ეგუებოდეს.
_ ანუ მიგაჩნიათ, რომ საზოგადოება პასიურია?
_ უბრალოდ, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრი ისეთი რამ აპატია ხელისუფლებას, რაც არ უნდა ეპატიებია. მაგალითად: ეკლესიის ხელყოფა და ზოგადად, მართლმადიდებლური რელიგიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომელიც ამათი მოსვლის პირველივე დღიდან აგორდა და გრძელდება დღემდე; მაგალითად, ის დახვრეტები, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ხდებოდა, და რომელთაც არაერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; მაგალითად, ის უკანონო დაპატიმრებები, რომელიც სააკაშვილმა მოსვლისთანავე დაიწყო; 26 მაისის სისხლიანი დარბევა, რომლის დროსაც, მოგეხსენებათ, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენი დასახიჩრდა, კაცმა არ იცის და ა.შ. მოკლედ, ამათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ საუბრებითა და უაზრო მსჯელობებით ხომ შედეგს ვერ მივიღებთ?! ამიტომ საზოგადოება უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და მას უნდა ჰქონდეს იმდენი პრინციპულობა, რომ, თუ ხელისუფლება კანონს არღვევს, გასცეს საკადრისი პასუხი… მოდით, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელნი და ვთქვათ სიმართლე _ ჩვენს საზოგადოებას დღემდე ეს ძალა არ აღმოაჩნდა. ამიტომაც ვამბობ ხოლმე ყოველთვის, რომ, სანამ ხალხი ვერ შეძლებს ხელისუფლების კონტროლს, სულ იქნება ასეთი ქაოსი. იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხელისუფლება მართოს ხალხმა და არა ხალხი _ ხელისუფლებამ. თუმცა კონკრეტულად ამ ხელისუფლების პირობებში მნიშვნელობა არ აქვს, ეს როგორ იქნება, შედეგს მაინც ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ამათ უკვე აღარაფრის ძალა და რესურსი რეალურად არ გააჩნიათ.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა «ნაცმოძრაობის» ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი? ბევრს უჭირს ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა.
_ ორი აზრი არ არსებობს, რომ გარკვეული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მეტიც, პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის, მომავალი ხელისუფლების სამართლიანობის განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად დააყენებს იგი სააკაშვილისა და მისი კრიმინალური გარემოცვის პასუხისმგებლობის საკითხს. პირველ რიგში, ეს უნდა მოითხოვოს ხალხმა. ამ მოთხოვნაში საზოგადოება უნდა იყოს პრინციპული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დამნაშავეები არ დაისჯებიან და ისევ გარეთ ითარეშებენ, დამიჯერეთ, მომავალი ხელისუფლება ამათზე ბევრად უკეთესი არ იქნება. პირიქით, შეიძლება, ბევრად უარესი, ბევრად უფრო მახინჯი და უსახური ხელისუფლება მივიღოთ…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია