Home რუბრიკები საზოგადოება ამაზე რეალური სიმდიდრე ქართველებს არ გაგვაჩნია

ამაზე რეალური სიმდიდრე ქართველებს არ გაგვაჩნია

1534
რომან რურუა

რომან რურუას ამ ნაფიქრმა და ნააზრევმა ბევრი კითხვა გააჩინა. შევხვდით, ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მისეულ ხედვაზე. განსაკუთრებით იმ დებულებით დავინტერესდით, რომელსაც იგი ზემომოყვანილ წერილში ასაბუთებს: ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, ამიტომ საერთო სარგებლობაში უნდა მოექცეს და თანაბრად განაწილდეს ჩვენს მოქალაქეთა შორის.

_ ბატონო რომან, ცნობილია, რომ სპორტული მწვერვალების დაპყრობის შემდეგ ბიზნესში გადაინაცვლეთ და სამეურნეო საქმიანობაში საფუძვლიანად გაერკვიეთ, მაგრამ ეს ფილოსოფიური ესსე, არ დაგიმალავთ, ერთგვარად მოულოდნელი იყო.

_ მეც პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემს წერილს საფუძვლად დაედო ქართველ მეცნიერთა მრავალწლიანი ნაშრომები, ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, დარგობრივი ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების სახელმწიფო პროგრამები. წლების განმავლობაში ვადევნებ თვალს ქართველი მეცნიერის _ პაატა გიორგაძის ავტორობითა და ხელმძღვანელობით შემუშავებულ ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის უმძიმესი ყოფიერების დაძლევის კონცეფციალურ პროგრამებს, რომელთა თანაავტორები არიან ცნობილი მეცნიერი-მკვლევარები, ღვაწლმოსილი ადამიანები. ამ მისიის პრაქტიკული განხორციელებისთვის აუცილებელია ერთ მუჭად შეკრული ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა, რათა გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი წინაღობანი და დავსახოთ პრობლემის რეალურად გადაწყვეტის პერსპექტივა, ჩამოვაყალიბოთ გეგმა და განვსაზღვროთ მისი რეალიზაციის ოპტიმალური გზები. ამიტომაც იყო, რომ საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საყოველთაო სახალხო მოძრაობა “საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის” დაგვეფუძნებინა ბათუმში. ამ მოძრაობამ დღეისთვის დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალური ერთეული უკვე მოიცვა. ხალხის კეთილი ნება-სურვილით დღის წესრიგში დადგა სრულიად საქართველოს ახალი ეროვნულ-ეკონომიკური მოძრაობის შექმნა, რომლის მიზანია:

მოწყურებული დედამიწა
მოწყურებული დედამიწა

* საქართველოს სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის სიდუხჭირიდან გამოყვანა და მისი კეთილდღეობის ამაღლება;

* ქვეყნის მატერიალური სიმდიდრის შექმნა და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ახალი ფინანსურ-ეკონომეტრული ინსტრუმენტის ფორმირება და დარგობრივი მიმართულებების პროექტების განხორციელება;

* ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა “ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუციით”.

ამ ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია, რომ საზოგადოებას აღვუდგინოთ ერთიანობის განცდა.

_ შესაძლებელია კი დღევანდელ საქართველოში ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება?

_ ჩვენ გვაქვს ის, რაც არ აქვს სხვა ერებს _ წყალი. ჩვენ ვჭირდებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, რათა შეუფერხებლად მივაწოდოთ ეს ბუნებრივი რესურსი. მსოფლიოსთვის წყლის მიწოდება უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას.

_ ეს თემა არახალია. წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

_ მით უფრო საშურია, რომ საქართველო გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კონკურენტუნარიანი, წიაღისეული სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანის უპირატესობის მქონე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ჩვენი გაანგარიშებით, საექსპლუატაციოდ დასაშვები მარაგების მხოლოდ 0,75%, ანუ 2,5მ3/წმ-ში იქნება გამოყენებული, ვინაიდან მეტ დატვირთვას საქართველოში დღეს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს. დანარჩენი სასმელი წყლის მარაგი, ავტორის მიერ ჭკვიანურად მოფიქრებული მოდელით, გადაყვანილია ქვეყნის მატერიალურ სიმდიდრეში და იგი წარმოადგენს უზარმაზარ ქონებას შესაბამისი ფასების ინდექსაციით.

სასმელი წყლის ინდუსტრიის სააქციო საზოგადოების წევრი გახდება საქართველოს მკვიდრი ყველა მოქალაქე, რომლებსაც უფასოდ გადაეცემათ ასიათასობით აშშ დოლარისმატერიალური ღირებულების” 1 აქცია საკუთრების უფლებით. იგივე უფლება ენიჭება ყოველ ახალდაბადებულ ბავშვს. აქცია მემკვიდრეობით არ გადადის, ვინაიდან ეს არათანაბარ გადანაწილებას გამოიწვევს.

_ ბატონო რომან, რასაც თქვენ ამბობთ, უფრო ოცნებას ჰგავს. პრაქტიკულად თუ გაკეთდა რამე ამ მიმართულებით?

_ რა თქმა უნდა! გავეცანი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ძირითად ოფიციალურ დოკუმენტებს და სამოქმედო გეგმის ნაწილს. კონცეფცია-პროგრამა შესწავლილი, ექსპერტირებული და მხარდაჭერილია მსოფლიო კაპიტალის ბაზრის ფინანსური ინსტიტუტების მიერ. სტრატეგიულმა პარტნიორებმა აღიარეს და მიიღეს ქართველ მეცნიერთა მიერ შემუშავებული საქართველოს წიაღისეული სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსების მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმის გამოყენებით კაპიტალიზაციისა და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მისი მატერიალიზაციის ტექნოლოგიური მოდელი, რომელმაც უზრუნველყო ბაზრის სეგმენტის მოპოვება და ინდუსტრიული მშენებლობისთვის აუცილებელი 5 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო დანახარჯების გათვალისწინებით.

ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ მეცნიერები. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს და გამოხატავს პოლიტიკურ ნებას.

_ შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს გააცნოთ თქვენი კონცეფციაპროგრამის თუნდაც ძირითადი პუნქტები?

_ აუცილებელიც კი არის:

* 18 თვეში საქართველოს მუნიციპალურ ერთეულებში უნდა აშენდეს 190-მდე სასმელი წყლის ჩამოსასხმელ-დამფასოებელი ქარხანა;

* პირველ ეტაპზე შეიქმნება 80-100 ათასამდე სამუშაო ადგილი;

* დასაქმებულის საშუალო ხელფასი იქნება 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;

* ქვეყნის ყოველწლიური შემოსავალი იქნება 12 მილიარდი აშშ დოლარი;

* კონცეფცია-პროგრამის რეალიზაციით საქართველოს ბიუჯეტს ყოველწლიურად ჩაერიცხება 2,5 მილიარდი აშშ დოლარი;

* შეიქმნება განვითარებული სატრანსპორტო ინფრასრუქტურა, გაიზრდება პორტებისა და ტერმინალების ტვირთბრუნვა;

* ინდუსტრიული მშენებლობის დასრულებისთანავე წიაღისეული სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსების კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური მოდელის გამოყენება უზრუნველყოფს ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ფორმირებას, რაც მსოფლიოს უმაღლესი კლასის საბანკო გარანტიაა დარგობრივ-ეკონომიკური პროექტებისთვის საჭირო გრძელვადიანი და მცირეპროცენტიანი ფულადი რესურსების მოსაზიდად;

* სტრატეგიულ პარტნიორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება ათობით მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე: სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ქალაქებისა და დაბების წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობისა და საზღვრისპირა მაღალმთიან რეგიონებში თანამედროვე სოფლების ურბანული განვითარებისთვის, მთისა და ბარის კოოპერირებისთვის გლეხური ფერმერული მეურნეობების მოსაწყობად, ჯანმრთელობის, განათლებისა და მეცნიერების და ა.შ. პერსპექტიული მიმართულების განვითარებისთვის;

* შეიქმნება მრავალმილიონიანი ფონდი ბუნების აღდგენისა და განვითარებისთვის;

* მიღებული შემოსავლების რეინვესტირებით მე-10 წელს საქართველოში მაღალი ანაზღაურებით დასაქმდება 450 ათასამდე ადამიანი, ხოლო ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება და მიაღწევს ათეულობით მილიარდ აშშ დოლარს, რასაც ადასტურებს ფინანსური ნაკადების ბრუნვის ბიზნესგეგმა, “ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუცია”.

_ როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ გეგმის განხორციელებას?

_ მთავარია, ჩვენ არ შევუშალოთ ხელი ერთმანეთს. ჩვენ მსოფლიოს ვჭირდებით და, თუ ვჭირდებით, დაგვიცავენ. როგორც ვხედავთ, წყალი ყველაზე ძლიერი იარაღი ხდება. შესაძლოა, ეს ყველაზე ანგარიშგასაწევი საკითხი იყოს და უკავშირდებოდეს საერო და საეკლესიო ხედვას _ საქართველოს გაბრწყინებას. თუ წყალს ნებით არ გავცემთ, ძალით წაიღებს სხვა, რადგან ბუნებრივი რესურსებისთვის ყოველთვის იყო ომი და დღემდე გრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ წყალი 24 საათის განმავლობაში სჭირდება ადამიანს, მსოფლიო კრიზისი უკვე დაწყებულია. ჩვენ ვალდებული ვართ, სასწრაფოდ მივაწოდოთ სასმელი წყალი იმ ქვეყნებს, რომლებშიც მისი დეფიციტია.

როცა სასმელი წყლის რესურსების თემას გავეცანი, დავრწმუნდი, რომ ჩვენ მდიდარი ქვეყნის შვილები ვართ, შეიძლება მათზე მდიდარიც, ვინც გაზისა და ნავთობის მფლობელია.

მე ვერიდები ადამიანების მწვავე კრიტიკას, არ ვაძლევ თავს უფლებას, ვინმე საზოგადოების განსჯისთვის გავწირო, მაგრამ ყველა ხელისუფლება _ კომუნისტებიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული, დამნაშავეა ქართველი ერის წინაშე. დაე ისტორიამ გამოიტანოს საბოლოო ვერდიქტი.

ერთსაც დავუმატებ: დაბრკოლებად შეიძლება წარმოჩნდეს ადამიანის მისწრაფება, ყველაფერი მოარგოს თავის პიროვნულ ინტერესებს. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს საკუთარი მე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მევერ მოგვიტანს სიკეთეს, თუ ვერ შევთანხმდებით საერთო კეთილდღეობის საკითხში. ჩვენი მიზანია, როგორმე ეს მეშევცვალოთ ჩვენით”, რაც შეგვაძლებინებს, ვიცხოვროთ ერთად და მშვიდობიანად. სხვა შემთხვევაში გაჩნდებიან ისინი და ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ. მთავარია, ქონება ისე უნდა გადანაწილდეს, რომ წარსულის პოლიტიკურეკონომიკური განკითხვა დარჩეს წარსულში.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here