შიდა ქართლში დატრიალებული ტრაგედია კარგა ხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. რვა წლის გოგონა სასიკვდილოდ გაიმეტეს და თანაც წამებით: სასტიკად გაუსწორდნენ უსუსურ ბავშვს, რომელიც სახლიდან ცეკვაზე მიდიოდა, გადიოდა იმ გზას, რომელიც მანამდე მრავალჯერ ჰქონდა გავლილი და სავარაუდოდ, მკვლელმა ეს იცოდა. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ელის, მაგრამ ვაი, რომ ეს პატიმრობა რვა წლის ანგელოზს ვერ გააცოცხლებს.
არადა, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობრივი დანაშაული გახშირდა. თითქმის ყოველდღე გვესმის, რომ არასრულწლოვანი ვიღაცამ დაჩაგრა, ცემა, ატკინა… და ეს მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით, ქუჩაში, სახლში, ტრანსპორტში თითქოს ხმალამოღებული ვიცავთ ბავშვების უფლებებს, ბავშვთა საერთაშორისო დღესაც ვზეიმობთ, მაგრამ გადის დღე, კვირა, თვე და საზარელი ფაქტის წინაშე ვდგებით; ფაქტის, რომლის გამოსწორებასაც ვეღარ ვახერხებთ და მხოლოდ სიმწრით ვამბობთ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა… რეალურად, ამ ტრაგედიის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, რომ არა პრეზიდენტის შეწყალების აქტი, რომელმაც 2016 წელს მკვლელობაში ეჭვმიტანილ იაგო ნებიერიძეს სასჯელი გაუნახევრა, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტზე ჯოხის გადატეხვა არ გამოვა, მანამდე იყო საყოველთაო ამნისტია, რომელმაც იმავე ნებიერიძეს სასჯელის ერთი მეოთხედი მოაკლო და ასე აღმოჩნდა თავისუფალი მიმდინარე წლის თებერვალში (ცხრა წელიწადში) 18 წელ მისჯილი ნებიერიძე… მან სასჯელის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და ამაში ზემოთ ჩამოთვლილმა გარემოებებმა შეუწყო ხელი.
და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობამ იმატა? იქნებ ის, რომ ტელეეთერიდან და სოციალური ქსელებიდან გამუდმებით იღვრება ლიბერალური და გამხრწნელი პროპაგანდა? მცდელობა იმისა, რომ ახალი ერი შექმნან, ახალი კასტა ჩამოაყალიბონ? მეცნიერები ამბობენ: გენის შეცვლას ათასწლეული სჭირდებაო და ის, რაც სწორედ ათასწლეულების მანძილზე ინერგებოდა და ილექებოდა ქართულ გენში, სურთ, ათ წელიწადში დაანგრიონ და წაშალონ. იქნებ ის არის ყველაფრის მიზეზი, რომ, აგერ უკვე მერამდენე წელია, ჯიუტად გვინერგავენ ერთმანეთისადმი სიძულვილს. თუ კარგად დავფიქრდებით, ყველაფერი თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ დაიწყო, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ… როგორც წამლის დოზას, ისე ზრდიდნენ საწამლავს, რომელსაც ჩვენს ტვინში წვეთ-წვეთობით ნერგავდნენ და… თბილისის ომმა დაანახვა მსოფლიოს, რომ ქართველებს ყველაზე მეტად ერთმანეთის გამეტება შეგვიძლია. შეგვიძლია და მერე როგორ _ სასიკვდილოდ, საწამებლად; შეგვიძლია, ჯოჯოხეთად ვუქციოთ ერთმანეთს ცხოვრება და ეს კარგად, უფრო სწორად, ძალიან კარგად გამოიყენეს.
შესაძლოა, ვიღაც არ დაგვეთანხმოს, მაგრამ მთელი ეს თავსმოხვეული ლიბერალიზმი იმაზეა დაფუძნებული, რომ ერთმანეთი არ გავიტანოთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, რომ წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა სხვაზე ძალადობაა. და მივდივართ იქამდე, რომ ძალადობის გარეშე წინ ვერ წავალთ. მაგრამ გენი თავისას შვრება _ არ ანებებს გონებას და გულს ბოლომდე გახრწნას, მაგრამ ის, რაც ირგვლივ ხდება, ამაზრზენია. ვიღაცამ დაინახა, რომ სწორედ გაუტანლობით, ჩაშვებით, ძალადობით მიაღწია სხვამ წარმატებას და თავადაც მოუნდა იგივე, მაგრამ, რადგან ძველმა გენმა ბოლომდე არ მისცა გასაქანი და ახალმაც მოსვენება დაუკარგა, ამ წინააღმდეგობამ სუსტი ფსიქიკის ადამიანი ძალადობამდე მიიყვანა და ამ დროს ყველაზე იდეალური სამიზნე არასრულწლოვანია, შემდეგ _ ქალი, როგორც ყველაზე უსუსური და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობის არმქონე. თუნდაც აბაშიძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო გავიხსენოთ; მანამდე ასევე სასტიკად მოკლული ანა ნაცვლიშვილი, მანამდე… მანამდე… და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება.
იმის მიუხედავად, რომ ბავშვი ვიყავი, კარგად მახსოვს, რა ხმაური მოჰყვა 80-იანი წლების მიწურულს დუშეთში მოკლული გოგონას ამბავს. მაშინ არასრულწლოვანის გაუპატიურება-მკვლელობის ბრალდებით სახელოვანი ძიუდოისტი თამაზ ნამგალაური დააკავეს და მან დანაშაული აღიარა. უფრო მეტიც, როცა მისმა გავლენიანმა მეგობრებმა “იჩალიჩეს” და სასამართლო მისთვის მხოლოდ 15 წლის მისჯას აპირებდა, ნამგალაურმა თვითონ თქვა: უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მომისაჯეთ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გამოვალ, იმავეს გავაკეთებო. ანუ, მან ერთი მსხვერპლი იკმარა, საკუთარი თავი გაწირა იმისთვის, რომ სხვა აღარ მოეკლა. ესეც ძველი გენის გამოძახილია, ალბათ, და შესაძლოა, ძალიან შორს მივდივართ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დღეს ნამგალაური იმავეს არ იტყოდა, რადგან მაშინ საკუთარი საქციელის შაშინელება მას იმ დროს გამეფებულმა საზოგადოებრივმა მორალმა გაააზრებინა, დღეს კი ის მორალი აღარ არსებობს და მაშასადამე, აღარ არსებობს შემაკავებელი და შეფასების მიმცემი ფაქტორი. თითქოს ადვილი გახდა სასჯელის მიღებაც და მოხსნაც, თითქოს ისედაც გაუფასურებულ სიცოცხლეს ჩალის ფასიც აღარ აქვს.
ორი კვირის წინათ პრეზიდენტმა სამუდამო პატიმრობა მისჯილი წამლის ბარიგა შეიწყალა და, როცა ის ციხიდან გამოვა, არავინ არის გარანტი, რომ ძველ საქმიანობას ისევ არ დაუბრუნდება და ისევე არ გაისტუმრებს ახალგაზრდებს საიქიოს.
ასეა, ევროპა-ამერიკიდან შემოტანილი “ლიბერალიზმი” ჯერ შეუქცევადი და გაბატონებული არ არის, ჯერ ბოლომდე არ გაუხრწნია ჩვენი გონება და სხეული. ჯერ ბოლომდე გადაუგვარებელი ფსიქიკა მხოლოდ რაღაც მომენტში ბოლომდე ითიშება და დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანებს, იმ დანაშაულისკენ, რომელიც ადვილი ჩასადენია და ასე ადვილად იმეტებენ ბავშვებს, რადგან მათ წინააღმდეგობის გაწევა სხვებზე ნაკლებად შეუძლიათ.
როდესაც გორში იაგო ნებიერიძე დააპატიმრეს, რამდენიმე საათში რუსთავში 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთი სკოლის წინ მცირეწლოვან გოგონებს მანქანით გასეირნებას სთავაზობდა. მანქანაში კი მათ შეტყუებას შოკოლადითა და ნაყინით ცდილობდა. სხვათა შორის ამ ამბავს სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვი არ გაჰყვა, არ ენდო და მომხდარზე მშობლებს უამბო, მშობლებმა კი პოლიციას მიმართეს და ძალოვანებმაც სწორედ მაშინ დააკავეს ეჭვმიტანილი, როცა ის ერთ-ერთ ბავშვს მანქანაში ეპატიჟებოდა. ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ მამაკაცს ადევნებაზე წაუყენებენ ბრალს და დიდი-დიდი ორ წელიწადს მიუსჯიან, ანუ ორი წლის შემდეგ ის ისევ გარეთ იქნება და, როგორ გგონიათ, ციხეში ფსიქიკას რამე შეუცვლის?!
ახლა იკითხავთ, გამოსავალი სად არისო და მოგახსენებთ: პირველ რიგში, კანონი უნდა გამკაცრდეს. არა გვგონია, ვინმე, ერთი ადამიანიც კი, წინააღმდეგი იყოს იმისა, რომ პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდეს. თუნდაც იმ კაცს, 43 ბიჭის გაუპატიურება რომ დაუმტკიცდა და ორი თვის წინათ სასამართლომ რვა წელზე მეტი ვერ მიუსაჯა, _ აქაოდა, კანონი მეტის შესაძლებლობას არ იძლევაო. რვა წლის შემდეგ, 43 ბავშვის გამაუპატიურებელი გარეთ რომ გამოვა, როგორ გგონიათ, რას იზამს? ამიტომ ქიმიური კასტრაცია ერთ-ერთი გამოსავალია.
უნდა შეწყდეს ლიბერალური და გამხრწნელი პროპაგანდა: ბავშვებისთვის იმის ჩიჩინი, რომ მშობლებს არ უნდა დაუჯერონ და, თუ მშობელი შენიშვნას მისცემს, შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პატრულში უჩივლონ. პროცენტულად, ალბათ, ერთზე ნაკლები იქნება იმ მშობლების რაოდენობა, რომლებიც შვილს ტყუილად გაუბრაზდებიან ან დაუყვირებენ. არ იყო ადრე ამაზე სასჯელი და ვიზრდებოდით თაობები, ის თაობები, რომლებსაც ათ წელიწადში ერთხელ ესმოდათ, რომ სადღაც ვიღაც ავადმყოფმა ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტა. ჰო, ათასში ერთხელ ნებისმიერ ერში იბადება ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერაფერს უხერხებ, რომლის საქციელს წინასწარ ვერ გათვლი.
ამიტომ ვამბობ, რომ როგორც ტელევიზიით, ისე ბეჭდური მედიით უნდა შეწყდეს ლიბერალიზმის ქადაგება, უნდა შეწყდეს იმის მტკიცება, რომ გახრწნილება კარგია, ტაში არ უნდა დავუკრათ უცნაური ჯურისა და გარეგნობის ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებას სწორედ ამ უცნაურობით ცდილობენ და მთავარ ღირსებად ის მიაჩნიათ, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. სხვა შემთხვევაში ანალოგიურ ისტორიებს უფრო ხშირად მოვისმენთ და მერე ყურიც მიეჩვევა და გონებაც. აკი ვამბობთ, რომ სწორედ გონებისა და გენის შეცვლა სურთ, იმის, რასაც მეცნიერების აზრით, ათასწლეული სჭირდება.
ბესო ბარბაქაძე







