საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შსს მინისტრს სოფიო ცუცქირიძის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის გარემოებების შესწავლის რეკომენდაციით მიმართავს.
სახალხო დამცველს მოქალაქე სოფიო ცუცქირიძემ 2011 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა, ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებით მისი უფლებები დაირღვა.
საქმის დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ სახალხო დაცველის აპარატმა გაარკვია, რომ ცუცქირიძის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მის მიერ დისციპლინური გადაცდომა გახდა, კერძოდ: სამსახურში სისტემატიური დაგვიანება, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, ხელმძღვანელობის შენიშვნაზე არაადეკვატური რეაგირება, კონფლიქტურობა, სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება და სამსახურიდან გათავისუფლების სისტემატური მოთხოვნა.„სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებითა და გენერალური ინსპექციის 2011 წლის 1 ივნისის დასკვნით ვერ დგინდება, თუ რაში გამოიხატებოდა პოლიციის უმცროსი ინსპექტორის სოფიო ცუცქირიძის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი დადგა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქე ს. ცუცქირიძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენისას. ამასთან, როგორც დასკვნაში იქნა მითითებული, განმცხადებელი სისტემატურად ითხოვდა სამსახურიდან განთავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა, კონკრეტულად რა გარემოებების გამო ითხოვდა განმცხადებელი სამსახურიდან გათავისუფლებას. ამასთან, როგორც მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის პირადი საქმიდან ირკვევა, აღნიშნული დისციპლინური გადაცდომა წარმოადგენს პირველ დისციპლინურ გადაცდომას და ამ დრომდე იგი არაერთგზის იქნა წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე“, – ნათქვამია გიორგი ტუღუშის რეკომენდაციაში.
სახალხო დამცველის განამრტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონის დარღვევით მომზადება მისი ბათლად ცნობის საფუძველია.