Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო გზაჯვარედინზე

საქართველო გზაჯვარედინზე

621

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას

ძვირფასო პრეზიდენტო ობამა,

2011 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავი აღინიშნა. ეს მოვლენა ჩემი ქვეყნისთვის გახდა სახელმწიფოებრიობის ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე აღორძინებისა და თავისუფალ სამყაროსთან შერწყმის შანსი.

ცხადია, ილუზია იმისა, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, არავის ჰქონია, მაგრამ 2003 წლის «ვარდების რევოლუციამ» ბევრი, მათ შორის მეც, იმ იმედით აღავსო, რომ ქვეყანა საბოლოოდ დაადგა პლურალისტული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ღია და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზას.

მაგრამ ამ იმედების მსხვრევა ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში დაიწყო. ჩვენ გავხდით ისეთი ფაქტების მოწმე, როგორიც იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დამოუკიდებელი ტელევიზიის დარბევა-მითვისება, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ყველა პოლიტიკური ოპონენტის ხელაღებით რუსეთის აგენტებად გამოცხადება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში სააკაშვილის მიერ გამარჯვების მითვისება.ამ პროცესის ფინალური აკორდი იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ავანტიურისტულ ომში ჩაბმა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა.

შედეგად, «ვარდების რევოლუციიდან» 8 წლის თავზე ჩემი ქვეყანა, მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, ჯერ კიდევ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზის გასაყართან დგას. პროგრესი, რომელიც «ვარდების რევოლუციის» შემდგომ პირველ წლებში ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტიანი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის, ყოფით დონეზე კორუფციასთან ბრძოლის, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში, არ იქნა გამყარებული პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებით.

ამის ნაცვლად გვაქვს მართვის სუპერცენტრალიზებული, ხშირად ნეობოლშევიკური სტილი, რომელმაც თავისი თავი, დიდი ხანია, ამოწურა, და ამ გზით ქვეყანა არა თუ წინ ვეღარ მიდის, არამედ მიღწეულსაც განადგურებით ემუქრება.

მიუხედავად მმართველი გუნდის პოლიტიკის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, ოპტიმიზმით შევხვდი ცნობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიწვევის თაობაზე.

ვიცით, რატომ დასჭირდა ამ ოფიციალურ ვიზიტს სამი წელი. საყოველთაოდ აღიარებული პრობლემები დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროებში, პოლიტიკური ოპოზიციის დევნა და შევიწროება, მედიისა და ბიზნესის პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილება, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების არაფორმალური პროცესი, ელიტარული კორუფცია ხელს არ უწყობდა ამგვარ ვიზიტს.

მაგრამ გვესმის ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის შეცდომების გამო მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე მდგარი ჩემი ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს. ამიტომ სწორედ ახლა, შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ, არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მან ნებისმიერი მეთოდებით არ სცადოს ძალაუფლების შენარჩუნება, რაც საბედისწერო იქნება საქართველოსთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და არა _ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პარტიას. ამ ერთადერთი სწორი კონცეფციის რელიზებისთვის კი საჭიროა, რომ ქართველ ხალხსაც მიეცეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ლეგიტიმური წარმომადგენლების არჩევის საშუალება, რაც დემოკრატიული სამყაროს უფრო აქტიური და ქმედითი მხარდაჭერის გარეშე მიუღწეველ ოცნებად რჩება. ამაზე მეტყველებს თუნდაც თბილისში აშშ-ის საელჩოს გასული წლის დეკემბრის განცხადებები საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს სერიოზული ნაკლოვანებების თაობაზე.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის შემობრუნების წერტილი უნდა გახდეს. ჩვენ გვჭირდება როგორც მაღალი საგარეო, ასევე შიდა ლეგიტიმაციის მქონე ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რომელიც პროგნოზირებადი და საიმედო პარტნიორი იქნება ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისათვის. გვჭირდება უცხოური ინვესტიციების დაბრუნება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, კონფლიქტების მოგვარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და უსაფრთხოების დონის ამაღლება მთელ სამხრეთ კავკასიაში.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც საფუძვლად უდევს აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობას და რომელიც საქართველოს დღევანდელი უსაფრთხოებისა და მომავალი გამთლიანების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, პოლიტიკურად და მორალურად ავალდებულებს ჩემს ქვეყანას, მართლაც ღირსი და შემძლე იყოს ამგვარი პარტნიორობისა. ღირსეული პარტნიორობა კი უნდა გულისხმობდეს, მაგალითად, ავღანეთში ქართული შენაერთების ყოფნას, რაც ჩემი ხალხის მიერ გაღებული აუცილებელი მსხვერპლია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ღირსეული პარტნიორობა უნდა გამორიცხავდეს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისეთი პოლიტიკური თუ სამხედრო შეცდომების დაშვებას, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს ნატოში სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესს.

მე და ჩემი პოლიტიკური პარტნიორები ვიღებთ პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემდეგ ქვეყნის დეკლარირებული საგარეოპოლიტიკური კურსის სრულფასოვან რეალიზებასა და ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებაზე. ამიტომ მივმართავთ აშშ-ისა და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, ამავე დროს, აამოქმედონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.

ველით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის ეს ვიზიტი დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება.

და რომ ჩვენი ოცნება ახდება.

ბიძინა ივანიშვილი

საქართველო

წერილი გამოქვეყნდა გაზეთებში:
The Washington Post -სა და The New York Times -ში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here