Home რუბრიკები პოლიტიკა მერიის აუქციონს, შესაძლოა, „პლანეტა ფორტე“ შეეწიროს

მერიის აუქციონს, შესაძლოა, „პლანეტა ფორტე“ შეეწიროს

636

თბილისის მერიის მიერ ქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლებასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის შედეგად დედაქალაქში უკვე არსებულ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს დახურვის საფრთხე ემუქრებათ. მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი ძირითად შემთხვევაში სწორედ იმ ადგილებზეა, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. როგორც „პლანეტა ფორტეს“ დირექტორმა მერაბ ჩანჩალაშვილმა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში განაცხადა, მალე, ალბათ, ორგანიზაციის დახურვა მოუწევს.

– მერიის მიერ ჯიხურების აუქციონის გამოცხადების შემდეგ, თქვენმა ორგანიზაციამ აუქციონში მონაწილეობა ორჯერ უკვე სცადა, თუმცა უშედეგოდ. აუქციონში მონაწილეობას აღარ აპირებთ?

– ორჯერ ვმონაწილეობდით აუქციონში, თუმცა უშედეგოდ. აუქციონში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ. მიუღებელი კი არაა, უბრალოდ შეუძლებელია. წარმოუდგენელია იმ სფეროდან, საიდანაც ჩვენ ვართ, მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში წარმატებას მივაღწიოთ. წარმოდგენა არ მაქვს, პროცესები როგორ განვითარდება. აუქციონში მონაწილეობის არმიღება, ბედთან შერიგებას არ ნიშნავს, მაგრამ ნელ–ნელა დაიხურება, ალბათ, ეს ორგანიზაციები.– გაერთიანებას ხომ არ გეგმავთ „მაცნესთან“, ან „ელვასერვისთან“ და ამ სახით აუქციონში მონაწილეობას წარმატების მისაღწევად?

– ერთადაც რომ მივიღოთ აუქციონში მოანწილეობა, თვითონ ბიზნესი ვერ აიტანს ამ თანხებს. აზრი არ აქვს ამიტომ გაერთიანებას.

– თქვენი აზრით, რატომ მიიღო მერიამ ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება?

– ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცას ჩვენი პირადი ინტერესი ჰქონდა, თუმცა დიდი წინდაუხედაობა რომ გამოიჩინა მერიამ, ეს აშკარაა. სამსახურების შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი. იმ ახალ ჯიხურებზე აუქციონის გამართვა ისედაც შეიძლებოდა, რომ ჩვენ ჯიხურებს საერთოდ არ შეხებოდა ეს საკითხი.

– მერიასთან მოლაპარაკება არ გიცდიათ?

– მერიასთან ადრე გვქონდა მოლაპარაკება ამ საკითხზე. 2 წლის წინ მოგვცეს გარანტიები, რომ პრესის ჯიხურებს არ შეეხებოდნენ, პირიქით, დახმარება აღგვითქვეს და დამატებითი ადგილებიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ამ შემთხვევაშ მათი მიდგომა შეიცვალა.

– ზეპირი დაპირება მოგცათ მერიამ? ანუ, სამართლებრივად არ შეგიძლიათ აღნიშნული დაპირება გამოიყენოთ?

– დიახ, ზეპირი დაპირება იყო. დაავალეს სამსახურებს, რომ გაეფორმებინათ ხელშეკრულებები და საბუთები მოეწესრიგებინათ. ნახაზები მიგვატანინეს და გვითხრეს, ყველაფერი ორ თვეში იქნება მზადო. ეს პერიოდი გაიწელა და თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ახლა. ვრეკავდით, ვკითხულობდით საბუთების მდგომარეობას, თუმცა სულ ერთსა და იმავეს გვპასუხობდნენ, ვადა გვინდაო. დროის გაწელვა გამოუვიდათ, მეტი არაფერი.

– ანუ რეალურად დგას იმის საფრთხე, რომ ორგანიზაციამ არსებობდა შეწყვიტოს?

– ჩვენი ბიზნესი ხარჯებსა და შემოსავლებზეა დამოკიდებული. ასე თუ გაგრძელდა, ხარჯები უფრო მეტი გვექნება, ვიდრე შემოსავალი. შესაბამისად, დახურვა მოგვიწევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here