93-მილიონიანი ირანის მოსახლეობის  ნაწილი შეიძლება  საქართველოსკენ დაიძრას

    2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული 380 ირანული კომპანიიდან მხოლოდ 18-ის საქმიანობაა ცნობილი... ვინ და რატომ არეგისტრირებს კომპანიებს, რომელთა საქმიანობის სფერო არ ვიცით?

    მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი. იმის მიუხედავად, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება, ახლა მთავარი ირანისა და ისრაელის ომია, რადგან არსებობს ბირთვული აფეთქების საფრთხე. მართალია, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ  ეს  ზუსტად არავინ იცის;  არც ის იცის ვინმემ, რას მოფიქრებენ ან მოიმოქმედებენ ირანელები.

    ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანიდან ძალიან მალე დევნილთა უზარმაზარი ნაკადი დაიძვრება და ახლომდებარე ქვეყნებს მიაწყდება. ასეთ შემთხვევაში ირანის  მეზობლები, როგორც წესი,  საზღვრებს კეტავენ ხოლმე და რაღაც არ გვახსოვს, საზღვრები ჩვენც ჩაგვეკეტოს. მით უმეტეს, რომ ირანული საფრთხე საქართველოსთვის ძალიან რეალურია და ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ.

    ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში შარშან და წელს ირანული კაპიტალით 485 კომპანია დარეგისტრირდა. ჰოდა, საინტერესო ის არის, რომ ამ კომპანიების 96%-ის საქმიანობის სფერო… უცნობია.  2024  წელს დარეგისტრირებული 380 ირანული კომპანიიდან მხოლოდ 18-ის საქმიანობაა ცნობილი (9 კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში საქმიანობს, 3 – ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, 3 – განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფაში და საკვების მიწოდების საქმიანობაში, 2 – გადამამუშავებელ მრეწველობაში, ხოლო 1 –  სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში). მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დარეგისტრირებული 125 ირანული კომპანიიდან 124-ის საქმიანობა გაურკვეველია, ის ერთი – საბითუმო და საცალო ვაჭრობაში საქმიანობს.

    ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს – ვინ და რატომ არეგისტრირებს კომპანიებს, რომელთა საქმიანობის სფეროც  არ ვიცით? როგორ შეიძლება, რეგისტრაციაში გაატარო კომპანია და არ იცოდე, რას საქმიანობს ის, მით უმეტეს, თუ საქმე უცხოურ კომპანიასთან გვაქვს? კარგი, ვთქვათ, ერთი, ორი, მაქსიმუმ სამი კომპანია სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება და არ არის აუცილებელი, ყველამ ყველაფერი იცოდეს, მაგრამ მხოლოდ წელს დაფუძნებული 125 კომპანიიდან მხოლოდ ერთი რომ ამხელს საქმიანობის სფეროს და დანარჩენს გასაიდუმლოებული აქვს, ცოტა არ იყოს,  უცნაურია;  უცნაური კი არა, საშიშიც, რადგან არ შეიძლება ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს იმდენი რამ ჰქონდეთ დასამალი, რომ ასეთ დონეზე ასაიდუმლოებდნენ საქმიანობის სფეროს.

    აბა, როგორ არ გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა საქართველოში რუსეთის არაერთი მოქალაქე შემოვიდა, რამდენიმე ასეული კომპანია დაფუძნდა და მაშინ ატყდა ხმაური, რუსეთი უბრძოლველად გვიპყრობსო. ჰოდა, რუსული კომპანიების საქმიანობის სფეროს გაცნობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ისინი არაფერს მალავდნენ, არც ახლა მალავენ და, სხვათა შორის, იმხანად დაფუძნებული კომპანიების დიდი ნაწილი დღემდე წარმატებით განაგრძობს  საქმიანობას და, რაც მთავარია, გადასახადების გადახდის გარდა, ძირითადად, ადგილობრივი მუშახელი  დაასაქმეს; არც ხელფასებზე სწყვეტენ გულს. ხომ წარმოგიდგენიათ, რუსულ კომპანიებს საქმიანობის სფერო რომ დაემალათ,  თანაც ასეთი პროცენტულობით, რა მოხდებოდა? ოპოზიცია FBI-ს ჩართვას მოითხოვდა, იტყოდა, რომ საქართველოს ანექსია მზადდება, ახლა კი… ახლა ყველა ჩუმადაა და არავინ ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნორმალური არ არის, რომ არ შეიძლება თუნდაც მიმდინარე წელს რეგისტრირებული 125 უცხოური კომპანიიდან მხოლოდ ერთის საქმიანობა იყოს გარკვეული. ეგებ ის 124 კომპანია ტერორისტული აქტებისთვის ემზადება, არ უნდა მოვიკითხოთ?  დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე რამის გამორიცხვა შეიძლება? რა თქმა უნდა, არა! მით უმეტეს იმის ფონზე, რომ უკვე ყველა აღიარებს, ისრაელისა და ირანის დაპირისპირება არ იქნება ერთი ან ორთვიანი, ის კარგა ხანს გაგრძელდება და გაგრძელდება თუნდაც იმიტომ, რომ ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა მოიმატოს და ეს მომატება შენარჩუნდეს (რაც  დიდ სახელმწიფოებს  აძლევთ ხელს); მეორე – ირანმაც და ისრაელმაც დაადასტურეს, რომ ამ დაპირისპირებისთვის კარგა ხანს ემზადებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გათვლა გრძელვადიან ომზე აქვთ გაკეთებული.

    ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ 93-მილიონიანი ირანის მოსახლეობის რაღაც ნაწილი შეიძლება დაიძრას საქართველოსკენ, რადგან იმდენი მოვახერხეთ, რომ არაერთ ირანელს აქ ლეგალური თუ არალეგალური ბიზნესი და შემოსავალი აქვს; იმდენი მოვახერხეთ, რომ არაერთი ირანელი დაიჭირეს ნარკოტიკების გაყიდვაზე,  მათ შორის, ორი მამაკაცი, რომლებიც ჰიჯაბით გადაადგილდებოდნენ, ვითომ ქალები იყვნენ და ნარკოტიკებს  ასაღებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ გაჭირვებულებს დავეხმაროთ, მაგრამ ჯერ აქეთ ვართ დასახმარებლები. მედალს მეორე მხარეც აქვს – პროცენტულად ყველაზე დიდი დახმარება უკრაინას საქართველომ გაუწია და ახლა უკრაინელებს, რუსეთის შემდეგ, საქართველო ნომერ 1-ელ მტრად ჰყავთ გამოცხადებული.

    გასულ კვირას საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალ კონტეინერში რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს. მოდი ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ უყურებენ ისეთ ქვეყნად, რომელშიაც რამის შეპარება თუ გაპარება არ შეიძლება. სახელი განსაკუთრებით მას შემდეგ გაგვიტყდა, რაც არაჟნის კონტეინერით ყოფილი პრეზიდენტი შემოიპარა,  და კიდევ მას შემდეგ, რაც საქართველოში ნარკოტიკის ყიდვა დაახლოებით ისეთივე მარტივია, როგორც მაღაზიაში პურის შეძენა. სამწუხაროდ, ეს იცის ყველამ – შინაურმაც და გარეულმაც, ამიტომ ჩვენთან რაღაცის „გაიმასქნება“ ბევრს სურს და ყველა დარწმუნებულია, რომ ქართველი სამართალდამცველები ვერ დააკავებენ, ვერ გაშიფრავენ… საბედნიეროდ, ჩვენი ძალოვნები მომრავლებული ნარკოდილერების ფონზე  მაქსიმუმს აკეთებენ საფრთხეების ასაცილებლად, მაგრამ… ის, რაც ირანული კომპანიების მიმართ ხდება, საფრთხის აცილების მცდელობა თუ სურვილი ნამდვილად არ არის. ირანელს კი არა, როცა მე ვაარსებდი შპს-ს, კატეგორიულად მომთხოვეს საქმიანობის სფეროს განსაზღვრა და შესაბამისი გრაფაც შემავსებინეს იუსტიციის სახლში,  ეს ირანელები  კი როგორ ახერხებენ, რომ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის სავალდებულო, მათთვის არაფერია. შესაძლოა, იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს დაავიწყდა ამის გაკეთება, ორს, სამს, მაგრამ… 125-დან 124-ს დაავიწყდა და ეს გრაფა არ შეავსებინა? ასე არ ხდება, ეს არარეალურია და სიმართლესთან ახლოს არ დგას. ანუ არის რაღაც, რაც არ ვიცით, ჩვენ არ ვიცით და იქნებ გამოვიდეს ვინმე და აგვიხსნას, როგორ და რანაირად მოხდა ისე, რომ უცხოელებმა დაარეგისტრირეს კომპანიები, რომელთა საქმიანობის სფეროც  არ მიუთითეს. და ვინმემ შეამოწმა ისინი? მითითებულ მისამართზე გავიდა ვინმე? იქნებ არც არიან იმ მისამართზე, იქნებ მართლა არ არსებობენ და სადმე არიან შეყუჟულები და სახელმწიფოს საწინააღმდეგო დანაშაულს ამზადებენ?! ჰო, აქ უკვე საუბარი აღარ არის მარტივ „ბარიგობაზე“, საეჭვოდ ბევრი ხალხია ამ ყველაფერში გარეული, მომკითხავი კი ერთიც არ გამოჩნდა.    ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ ყველა კომპანიას, რომელთა  საქმიანობაც  უცნობია, მაშინვე შეამოწმებენ და დარწმუნდებიან, რომ, როგორც ქვეყანას, ისე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხომ შეიძლება, ბრმა შერჩევის პრინციპით მაინც ამ კომპანიების 10% მაინც შეამოწმოთ და ყველა დავმშვიდდებით?!  თანაც  ეჭვი გვაქვს, რომ ისინი კარგს არაფერს აკეთებენ, რადგან, როცა დასამალი არაფერი გაქვს, მაშინ არ მალავ და, როცა მალავ, გამოდის, რომ რაღაცას აფუჭებ და არ გსურს შეიტყონ. მით უმეტეს, როცა ირანი ომშია ჩართული და რაკეტებს არ იშურებს ისრაელისთვის, კონტროლი აუცილებელიც კი არის. წინასაარჩევნოდ საქართველოში ათასი ჯურის დამკვირვებელი ჩამოვა –  ზოგი სამტროდ, ზოგი სამოყვროდ. ის, რომ საქართველოში ვითარების არევა ბევრს სურს, არაერთხელ დაგვიწერია, წინასაარჩევნო პერიოდი კი ამისთვის საუკეთესო დროა. თანაც,  გიგანტების ჯახში (რუსთის, უკრაინის, ირანის, ისრაელის ფონზე) საქართველოს მზესუმზირასავით მიაკვნეტენ და არც ინერვიულებენ. ჩვენ რომ არავის ვახსოვართ, იქიდანაც ჩანს, რომ აგერ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, კონგრესმენები თუ სენატორები, შუაზე იხევიან, ათას რამეს ამბობენ და სანქცირებასაც მოითხოვენ, თვითონ პრეზიდენტს კი საქართველოსთვის ჯერ არ მოუცლია.

    ბესო ბარბაქაძე

    P.S. 22 ივნისს აშშ-მა  ირანის  სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი  ექვსი  B-2  ბომბდამშენით დაბომბა. შეტევა განხორციელდა ფორდოზე, ისპაჰანსა და ნეთენზზე, რომლებიც ირანის ბირთვულ  ცენტრებს წარმოადგენს.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here