უგულავას გათავისუფლება ივანიშვილს მაკკეინმა უბრძანა
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ისევე როგორც მე, ნამდვილად არ ეახალწლებოდა, თუმცა, მაინც ვფიქრობდი, წესისამებრ მიმელოცა ჩემი მშობელი ხალხისთვის დღესასწაულები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხისთვის გაკეთებულმა კიდევ ერთმა, ამჯერად “საშობაო საჩუქარმა” _ გიგი უგულავას განთავისუფლებამ ნირი წამიხდინა.
დიახ, “კიდევ ერთმა”, რადგან დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა და შემდეგ ხელისუფლებიდან ვითომ წასვლისა, განებივრებულნი ვართ ჭორვილელი მილიარდერის “საჩუქრებით”.
მაგრამ არა წინასაარჩევნოდ დაპირებული საჩუქრებით…
რომელი ერთი გავიხსენოთ სამართლიანობის აღდგენის დროშით მოსული “ქართული ოცნების” ქმედება–უმოქმედობიდან _ მოულოდნელად დაწყებული კოაბიტაცია, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა სამართლიანობის აღდგენას, თუ კომუნალური გადასახადების განახევრება, ბენზინის ფასის ერთ ლარამდე დაყვანა, ყველა სოფელს 5 მილიონი ლარი და ა.შ. მსგავსი ზღაპრები, რომლებითაც 2012 წლის არჩევნების წინ აბრუებდნენ სრულიად საქართველოს “ქართული ოცნების” აქტივისტები ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წრიდან… არჩევნების, რომლის მთავარი სლოგანი იყო “საქართველო სააკაშვილის გარეშე!”
თუმცა, ისეთი შემაძრწუნებელ-აუტანელი გახდა სააკაშვილის ფაშისტურ-სადისტური რეჟიმი საქართველოში, რომ ქართველი საზოგადოება ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშეც მზად იყო, ზემორე ხსენებული სლოგანი სინამდვილედ ექცია. ციხის საშინელი კადრების გასაჯაროების შემდეგ კი ეს უეჭველი გახდა…
უფრო მეტიც _ საზოგადოების უმრავლესობას გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ძალიან ცუდსა და ძალიან კარგს შორის გააკეთა არჩევანი, მაგრამ მოკლე ხანში გაირკვა, რომ, როგორც ყოველთვის, ძალიან ცუდსა და ცუდს შორის გაგვიკეთებია არჩევანი _ ერთადერთი სხვაობა ქოცებ–ნაცებს შორის არის ის, რომ ნაცებმა 9 წელიწადი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც იხმარეს საქართველო, ხოლო ქოცები, 4 წელიწადია, ჯერჯერობით მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით ხმარობენ, თორემ საყოველთაო სიდუხჭირით მოცულ საქართველოში არც ქოცები უჩივიან უმადობას _ ათიათასობით პრემია–დანამატებზე არც ისინი ამბობენ უარს; თუ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა და დიდების მემორიალს აფეთქებდა, ივანიშვილმა იქით საყდრისი ააფეთქა და აქეთ დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება “ვერ შეძლო” თავის ადგილზე.
კიდევ ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ რა აზრი აქვს?!
ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, იმას უჩვენოდაც კარგად მოეხსენება, თუ, უკაცრავად პასუხია და, რა ნეხვშიც ვზივართ. მაგრამ ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციას, რომლის საყურადღებოდაც გავავლეთ პარალელები, ამის დანახვა არ სურს, რადგან მათი ხატია ბიძინა, სახატე _ “ქართუ ბანკის” ბანკომატები, რომლებთანაც ყოველი თვის ბოლოს ჩამწკრივდებიან და ათასობით ლარს იჯიბავენ.
ბანკომატებს _ ბიძინას ბაგა, ხოლო ბანკომატებთან რიგში მდგომ ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლისთვისაც საკუთარი სტომაქია უპირველესი და ამიტომ ყველას და ყველაფერს აბრალებს ქვეყნის ყელამდის ნეხვში ყოფნას, მამა-მარჩენალი ბიძინას გარდა, ბიძინას ბაგაზე დაბმული ვუწოდე.
ახლა კი, გიგი უგულავას ციხიდან ლამის გმირად გამოსვლის შემდეგ, უფრო შორს წავალ და, როგორც იტყვიან, საცა ვიწროა, იქ გაწყდეს…
ბიძინა დოლარის მონაა, ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია _ ბიძინას მონა.
ჰოდა, გამსახურდიას “მთვარის მოტაცებიდან” გვანჯ აფაქიძემ, “კაცის კაცი, რა კაციაო” და მონის მონა, რაღა იქნება?!
“მშიერმუცელა მონებო!” _ გოგლა ლეონიძის “ნატვრის ხე”-დან იორამის შეძახილი მახსენდება მორალისტი ციციკორეს გაუნათლებელი “მრევლის” მიმართ, ციციკორეს, რომელმაც მარიტა სახედარზე უკუღმა შესვა.
განათლებულ შემოქმედებით ინტელიგენციას, გნებავთ, ბიძინას “მრევლს”, ბიძინასი, რომელმაც სრულიად საქართველო შესვა სახედარზე უკუღმა, უფრო უპრიანი იქნება, მაძღარმუცელა მონები ვუწოდოთ.
სწორედ შემოქმედებითი ინტელიგენციის წიაღში შობილი მაძღარმუცელა მონები იყვნენ ყველა ხელისუფალის (იშვიათი გამონაკლისის გარდა) დასაყრდენი. ფლიუგერივით პირველნი გრძნობდნენ ქარის მიმართულების შეცვლას და, როგორც იტყვიან, დროზე ღალატობდნენ ოდესღაც მათ მამა-მარჩენალ ხელისუფალს.
ეს რომ ასეა, საკმარისია, საქართველოს უახლეს ისტორიას გადავხედოთ _ ჯერ სულით ხორცამდე ქართველის _ ვასილ მჟავანაძის ჩამოგდებაში დაიხმარა ედუარდ შევარდნაძის მაძღარმუცელა მონები; შემდეგ იმავე ხალხის არცთუ მთლად მდუმარე თანხმობით მოუწყვეს ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო გადატრიალება და მაძღარმუცელა მონებმა ყოფილი ცეკას მდივანი საქართველოს პრეზიდენტის რანგში აღაზევეს თბილისში; მერე იყო და მიშა სააკაშვილს მიემხრო ოდესღაც ედუარდის მეხოტბეთა გარკვეული ნაწილი (რამაზ ჩხიკვაძისა და ელდარ შენგელაიას მგზნებარე სატელევიზიო გამოსვლები გავიხსენოთ), ხოლო დანარჩენები “ჩარეცხა”, თორემ ისინიც სიამოვნებით ჩახტებოდნენ მეფის ნავში…
“იშვიათი გამონაკლისის გარდა”-მეთქი, რომ ვთქვი, ერთადერთი ზვიად გამსახურდია იყო, რომელმაც არ ინება მისგანვე წითელ ინტელიგენციად შერაცხულ მაძღარმუცელა მონებთან თანამშრომლობა, რის გამოც სიცოცხლით აგებინეს პასუხი საქართველოს პირველ პრეზიდენტს.
საგულისხმოა ისიც, რომ, ვინც იმხანად უპირისპირდებოდა ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას, სწორედ ისინი უგალობენ დღეს ოსანას ბიძინა ივანიშვილს…
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა სლოგანით _ “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” და, როგორც ხედავთ, სლოგანშიც კი აღარ უხსენებიათ სამართლიანობის აღდგენა. და თუ ამ სლოგანს სასურველი რაკურსით განვიხილავთ, ანუ, როგორც იტყვიან, თუ ქოთანს, საიდანაც გვინდა, იქიდან მივაბამთ ყურს, გამოვა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებით შეუსრულებიათ:
*სწრაფად იწყო განვითარება მოსახლეობის გაღატაკების პროცესმა, რომლის ფონზეც კიდევ უფრო ამაღლდა ხელისუფალთა კეთილდღეობის ინდექსი. *თავისუფლებაში კი, ალბათ, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას თუ გულისხმობდნენ…
ეჰ, სახუმარო ნამდვილად არ არის გიგი უგულავას მოულონელი გათავისუფლება, რადგანაც ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება ნაცების შიგა განხეთქილებას.
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ამერიკელებმა დაინახეს, რომ ეშლებათ მათი იდეოლოგიის ერთგული პარტია, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანად და შემდეგ წლების განმავლობაში ამ პარტიის ხელისუფლებაში დასარჩენად მილიარდობით დოლარი ჩაყარეს, რადგან გიგა ბოკერია ვერ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც “ნაცმოძრაობის” ლიდერობას გაქაჩავდა _ მისი ქარიზმა ნულის ტოლია.
ქარიზმის მქონედ და ნაცბანდის პარტიის გადამრჩენად ამერიკელებმა გიგი უგულავა მიიჩნიეს და ამიტომ მოავლინეს თბილისში საახალწლოდ ჯონ მაკკეინი, რომელმაც თბილისის ყოფილი მერის სასწრაფოდ განთავისუფლება კატეგორიულად მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავიდან ყინჩად შეპასუხებია ვიეტნამში უკანალიდან დაზარალებულ ჯონის _ ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ხვალ ახალი პოლიტიკა გატარდება და თქვენ ვინ მიგდიხართო?! რაზეც ამერიკელ მეკვლეს, ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, _ “რა გადავარდა, რა გადმოვარდაო”, მაგას მაშინ გაიგებ, როდესაც შენს მილიარდობით საბანკო ანგარიშებს გაგინულებთო… და ფულის მონა ბიძინამ, ზაალ ბარათაშვილის არ იყოს, ჯერ “ქოში უკუღმა ყარა”, მერე უკანმოუხედავად მოუცოცხია და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებაც უბრძანებია.
ეს ყველაფერი რომ ასე იყო, ანუ დასავლეთიდან ორკესტრირებული, დასტურად სარწმუნო წყაროს მოხმობა სულაც არ არის აუცილებელი, რადგან საამისოდ ტელევიზიებში ნანახ-მოსმენილის ანალიზიც კმარა…
თავად განსაჯეთ: გიგი უგულავას გათავისუფლებიდან, სულ რაღაც, 12-15 წუთში აშშ–ის საელჩომ თბილისში შესაბამისი შინაარსის განცხადება გააკეთა; ასევე ოპერატიულად გამოეხმაურა ამ ამბავს ევროპარლამენტის სამივე ფრაქცია ერთობლივი განცხადებით. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ გაზაფხულისთვის, როდესაც ვიზალიბერალიზაცია უნდა ამოქმედდეს, სხვა პოლიტპატიმრებსაც (ბაჩანა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილსაც) გაათავისუფლებს ქართული სასამართლო.
გიგი უგულავამაც ხელისუფლებას სხვა “პოლიტპატიმრების” გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რათა ერთად ვაშენოთ ახალი საქართველოო. მაგრამ მისი თავხედობა ამით არ ამოწურულა, მოგვიანებით სამების ტაძარში მისულა, როგორც ღვთისმოსავი მართლმადიდებელი ქრისტიანი. არადა, ხომ ვიცით, რომ სწორედ გიგი უგულავას ჰქონდა დავალებული ხელისუფლებისთვის კრიტიკულ დღეებში (2007 წლის 7 ნოემბერი, 2009 და 2011 წლის 26 მაისები) პირადად კათოლიკოს-პატრიარქის კონტროლი, რის გამოც არა ერთხელ შევარდნილა სამების ტაძრის საკურთხეველში თუ პატრიარქის რეზიდენციაში და მუშტები უბრახუნებია მაგიდაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეთა შინაარსის ცენზურაზე, რაც ასევე თბილისის ყოფილი მერის პრეროგატივა იყო.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გიგი უგულავა შედიოდა სააკაშვილის გარემოცვის იმ 5-7-კაციან ჯგუფში, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის გვერდის ავლით უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებდა.
იმასაც შევახსენებ მკითხველს, რომ გიგი უგულავა იყო აგვისტოს ომში ერთ–ერთი უკანონო სარდალი და, აქედან გამომდინარე, ქართველთა სისხლსა და ცრემლში კრეტინ სააკაშვილზე არანაკლებ დამნაშავეა.
აი, ასეთი არაკაცი გაათავისუფლა ბიძინა ივანიშვილმა და, ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავ მის მაძღარმუცელა მონებს _ ვერ ხედავთ, რომ “უწმინდეს” ბიძინას თავისი ქონების მძევლად გაუხდია სრულიად საქართველო და რა ვქნათ ახლა _ ბიძინას ქონებას გადავაყოლოთ ჩვენი სამშობლო?
დავით მხეიძე
დავით\\\”,გათენდა,ცეცხლის მზე აენთო,დროშები ჩქარა,თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა,დროშები ჩქარა\\\’