9 აპრილის ჩაკეტილი წრე

    ტიტანიკის ეკიპაჟმა დაინახა აისბერგი, რომელსაც უახლოვდებოდნენ. მათ ელვის სისწრაფით გაიაზრეს კურსიდან  გადახვევის აუცილებლობა, რათა შეჯახება თავიდან აეცილებინათ. გაიცა  შესაბამისი ბრძანება და მთელი ეკიპაჟი ამ საქმეში ჩაერთო, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა. ტიტანიკი ჩაიძირა. უბედურების თავიდან აცილება, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე შენიშნეს, ვერ მოხერხდა, რადგან გემი, მისი უზარმაზარი მოცულობიდან გამომდინარე, მანევრირების თვალსაზრისით, ტლანქი იყო. აღებული კურსიდან მისი გადაყვანა დიდ ძალისხმევასთან ერთად დიდ მანძილსა და დროს მოითხოვდა. დრო და მანძილი აი] რა არ ეყო ტიტანიკის ეკიპაჟს ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. საზოგადოებრივი აზრიც ტიტანიკივით ტლანქი და მოუქნელია, ჩამოყალიბებაც უჭირს, მაგრამ შემობრუნება, საერთოდ, განსაკუთრებულ მანძილსა და დროს მოითხოვს

    ოცდათექვსმეტი წელიწადი გავიდა 9 აპრილიდან. დროც დიდია და მანძილიც, მაგრამ ამ მოვლენაზე  საზოგადოებრივი აზრი, როგორიც 1989 წლის 10 აპრილს იყო ჩამოყალიბებული, დღესაც ისეთივეა – პრინციპულად მცდარი.  რაში მდგომარეობს მისი მცდარობა? მოვლენა ასეა შეფასებული: საბჭოთა ხელმძღვანელობა სასტიკად გაუსწორდა თავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან მოსახლეობას, რათა დაშლისგან გადაერჩინა უკვე საფუძველშერყეული საბჭოთა სახელმწიფო. სქემა სტანდარტულია, როდესაც ხალხი სახელმწიფოსა და სისტემას უპირისპირდება, სახელმწიფო ხალხზე ძალადობს, ამიტომ ეს ისტორიულად აპრობირებული, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური სქემა ხალხმა ადვილად დაიჯერა. ან რატომ არ უნდა დაეჯერებინა ის, რაც საკუთარი თვალით იხილასაბჭოთა არმიის გავეშებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ველური სისასტიკით (ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებისა და საველე ნიჩბების გამოყენებით) დაარბია აბსოლუტურად მშვიდობიანი მოსახლეობა, ოცდაერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ასეთ შემთხვევაში, მიდგომებში, რომელიც ამ დღის მიმართ არსებობს, რა არის გადასახედი და შესაცვლელი? რატომ ვამბობ, რომ  დღემდე გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი მცდარია? მარტივად მოგახსენებთ: საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში იმ პერიოდში დასავლეთის აგენტურა მოექცა. იმხანად  ეს დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ დღეს მას მტკიცებაც კი არ სჭირდება. გორბაჩოვმა, იაკოვლევმა და შევარდნაძემ ხელისუფლებაში მოსვლიდან (1985 წ.) ექვს წელიწადში (1991 წ.) საბჭოთა კავშირი დანგრევამდე მიიყვანეს. ფაქტია, რომ ეს მიზანმიმართული პროცესი იყო. ისინი ამ მიმართულებით მუშაობდნენ და ქვეყანა ამ შედეგისკენ მიჰყავდათ. ე.ი., ყველა მათი ნაბიჯი ამ მიზანს (საბჭოთა კავშირის დანგრევას) ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში რატომ გადადგამდნენ  ამ მიზნის საწინააღმდეგო ნაბიჯს და რატომ მოინდომებდნენ მათ მიერვე დასაშლელედ განწირული კავშირის შესანარჩუნებლად სისხლის დაღვრას? მათი მხრიდან ეს მოქმედება სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ლოგიკური კი ის იყო, რომ ყოვლად გაუმართლებელი სისასტიკე, რომლის დემონსტრირებაც 9 აპრილს მოხდა, მათი მხრიდან ხანძრის ჩასაქრობად კი არ იყო გამიზნული, პირიქით –  ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო. ეს კრემლში დაწერილი გეგმა იყო თუ იმ ქვეყანაში, რომლის აგენტურასაც საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი წარმოადგენდა? დღეს ეს შეკითხვა პრაქტიკულად რიტორიკულია, რადგან საქმეში თუნდაც ზედაპირულად ჩახედული ადამიანებიც კი ხვდებიან, თუ სად, როდის და რატომ დაიწერა საბჭოთა კავშირის დაშლის სცენარი და ვისი ხელით განხორციელდა იგი. ეს თუ ასეა, უმარტივესი ლოგიკით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ 9 აპრილის ტრაგედია აშშის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს და საბჭოთა ხელმძღვანელობამ განახორციელა საქართველოში რუსოფობიის გასაღვივებლად, ომელი კავშირის დაშლისკენ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იყო. მოხდა დაუჯერებელი და ისტორიაში, ალბათ, უპრეცედენტო ამბავი: საბჭოთა ლიდერები, საბჭოთა სპეცსამსახურები და .. საბჭოთა დისიდენტები გაერთიანდნენ საბჭოთა კავშირის  წინააღმდეგ. მათ ერთი დირიჟორი ჰყავდათ აშშის სპეციალური სამსახურების სახით. ღალატი ისტორიის თანამდევი მოვლენაა და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ანალოგი იმისა, რომ სახელმწიფოს პირველი პირები და უშიშროების სამსახურები ერთად ღალატობდნენ ხალხსა და სახელმწიფოს, მე არ მახსენდება. ამ ორგანიზებული და ერთობლივი მოქმედების გამო მოხდა ის, რომ 9 აპრილის წყეულ ღამეს რიგითი მოქალაქეები დაიხოცნენ, ე.წ ლიდერებს კი თითიც არ გაკაწრვიათ. ყველა უვნებლად გაარიდეს ბრძოლის ველს, რომელზეც უდანაშაულო მსხვერპლს (არასრულწლოვნებიდან ხანდაზმულებამდე) სამაგალითოდ, ერის გასაღიზიანებლად და გასაგიჟებლად სჯიდნენ  და ხოცავდნენ. საბჭოთა ჯარისკაცებს აკეთებინეს ანტისაბჭოთა, ანტირუსული და ანტიქართული საქმე. ეს ტრაგედია ერთი წერტილიდან არ განხორციელებულა. მას სხვა დამკვეთი და სხვა შემსრულებელი ჰყავდა. კრემლი, რომელიც ტრაგედიის დამგეგმავი გვეგონა, მხოლოდ შემსრულებელი აღმოჩნდა, დამკვეთი და დამგეგმავი კი იყო ის, ვინც ბოლო 36  ლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორად  გვესახებოდა. ყველა  უბედურება, ომლები საქართველოშო დატრიალდა, 9 აპრილით დაწყებული, სახელმწიფო გადატრიალებებით გაგრძელებული და ომებითა და ტერიტორიების დაკარგვით დამთავრებული, მათი ნახელავია. დღეს ეს ეჭვსაც არ იწვევს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ხალხში არსებული განწყობისა და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ასე შემობრუნება უფრო რთულია, ვიდრე „ტიტანიკის“ გადაყვანა კურსიდან და მისი ისე შემოტრიალება, რომ იგი აისბერგთან შეჯახებას ასცდენოდა, ამიტომ, ერთი მხრივ, არც მიკვირს, რომ ხალხის დიდ ნაწილს ამას ვერ აუხსნი და ვერ გააგებინებ.

    აქ თავს მცირე ლირიკული გადახვევის უფლებას მივცემ: ერთმა ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ ამ საკითხზე საუბრისას, არგუმენტები როცა გამოელია და როდესაც იგრძნო, რომ ფარ-ხმალი უნდა დაეყარა, უცნაურ ხერხს მიმართა და ვედრების კილოთი მომმართა: „მაცხოვრეთ ჩემს სიცრუეში, აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს!” ეს სულის ამოკვნესა იყო. ადამიანს როდესაც ეგონა, რომ პოლიტიკურ ლაბირინთებში გზა გაიკვლია, მტერ-მოყვარეს კუთვნილი ადგილ მიუჩინა, პატრიოტული მოსასხამიც მოირგო და ცხოვრება ისე გაიიოლა, რომ კომფორტულ ზონაში აღმოჩნდა – გალანძღავს რუსეთს და მხარდამჭერებს მოიმრავლებს; ამერიკას დემოკრატიის მექად გამოაცხადებს და ტაშს დაიმსახურებს; ევროპას ცივილიზებულ სამყაროდ გამოაცხადებს და წინ ვერავინ დაუდგება და ა.შ. ამ დროს, მე ვუყვები რაღაც „შეთქმულების თეორიას” (ეს მათი კვალიფიკაციაა), რაშიც თუ ამყვება, მთელი მისი პოლიტიკური ხუხულა თავზე ენგრევა და მიუსაფარი რჩება. იმ ჩემს პოლიტიკურ პოზიციაზე დადგომით, რომელიც გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოა, შეიძლება სამსახურიც დაკარგოს, მარგინალადაც იქცეს და, ასე განსაჯეთ, სახლშიც აღარ შეუშვან. რაში სჭირდება მას, როგორც იტყვიან, ეს ზედმეტი თავის ტკივილი?! ამიტომ მეც არ მაწყენინა, მაცხოვრეთ ჩემს სიცრუეშიო, – მითხრა, რითაც ჩემი აზრი სიმართლედ, საკუთარი კი სიცრუედ გამოაცხადა, მაგრამ ის მისი სიცრუე ჩემს სიმართლეზე კომფორტულად აღიარა და იქ დარჩენა გადაწყვიტა. აი, ამიტომ არის საზოგადოებრივი აზრის შემოტრიალება ძნელი; აი, ამიტომ არის დაკანონებული და აღიარებული სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლა ხანდახან შეუძლებელი; აი, ამიტომ გამოიყურება გავრცელებული და ფესვგადგმული დეზინფორმაცია ხშირად სიმართლეზე უფრო სანდოდ და დამაჯერებლად!

    ჰო, ამიტომ არ მიკვირს-მეთქი, ხალხის დიდ ნაწილს ამას რომ ვერ ვუხსნი და ვერ ვაგებინებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ადრე თუ გვიან  ფართო საზოგადოებას მაინც მოუწევს იმ სიმართლის გაცნობიერება,  თუ რა სიცრუეც, რა შეურაცხყოფაც და რა აბუჩად აგდებაც ჩვენ დასავლეთმა გვაკადრა, რა ზიანიც მათ მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის შედეგად  მოგვადგა. საზოგადოება მზად უნდა იყოს ამგვარი გამოფხიზლებისთვისაც და მკვეთრი შემობრუნებისთვისაც. საამისოდ საკუთარი მაგალითები თუ არ გვყოფნის, უკრაინის მაგალითი აგერ არ გვაქვს?! უკრაინის, რომელიც რუსეთთან სამწლიანი ომის ჯოჯოხეთში გადაჩეხეს და ახლა, სისხლისგან დაცლილს, თითქმის განახევრებულს და ნანგრევებად ქცეულს, ეუბნებიან: ვერც ნატოში მიგიღებთ და ვერც ევროკავშირშიო. ეს კიდევ არაფერი, იმ ომის საწარმოებლად, რომელსაც მილიონზე მეტი უკრაინელი შეეწირა, რაც ხარჯები გავწიეთ, ვალად უნდა აღიაროთო. უსინდისობის მეტი რა გვინახავს და გაგვიგია, მაგრამ ეს რაღაც კოსმოსური უსინდისობაა. ამერიკელებისა და ევროპელების ტანკები და რაკეტები აღრიცხვას და ანგარიშს თუ ექვემდებარება, უკრაინის მიერ გაღებული სისხლი ანგარიშში ჩასაგდებიც არ არის? უკრაინელებს კი არ მართებთ ამერიკელთა 350 მილიარდი დოლარი (ტრამპის ბუღალტერიაა), ამერიკელებს მართებთ უკრაინელთა ზღვა სისხლი, რომელიც, ჩვენს დიდებულ ალექსანდრე ყაზბეგს დავესესხები, „ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”. ოჰ, ძალავ, ძალავ, შე მართლაც უსინდისო, როგორ შეგიძლია ყველაფერს გადაუარო და გადათელო! ამიტომაც მართებთ სუსტებს მეტი დაკვირვების, მეტი გონიერების გამოჩენა, რომელიც არც ჩვენ აღმოგვაჩნდა და არც უკრაინელებს. „ტიტანიკივით“ მოუქნელი და ტლანქი თუ დავრჩებით, იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომლის გამოც ილია გვამათრახებდა: ყველა ყრუი, ყველა ცრუი”. ამ მარტივი ჭეშმარიტების შესაცნობად, რომლის შესახებაც მაქვს საუბარი, ოცდათექვსმეტი წელიწადი თუ არ გვეყო, ყრუ და ცრუ ვიქნებით, აბა,  სად წავალთ?!  ყრუდ და ცრუდ დარჩენა, იმ ჩემი ახალგაზრდა კოლეგისა არ იყოს, კომფორტული თუ გვეჩვენა, ამ შემთხვევაში ილიას იმ დახასიათებამდეც მივალთ, იქვე, იმავე ნაწარმოებში რომ გვეუბნება: მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი”. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო არასახარბიელოდ გამოვიყურებით, ვიდრე ზემოხსენებული დახასიათების მიხედვით – „ყველა ყრუი, ყველა ცრუი”, რადგან მტერ-მოყვარე ისე საფუძვლიანად აგვერია ბოლო ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, ილია ცოცხალთა შორის რომ იყოს, ალბათ, გაცილებით მკვახე სიტყვასაც გვაკადრებდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ღირსიც ვიქნებოდით. სხვა ბევრი რამეც უნდა ვაღიაროთ: კერძოდ ის, რომ ჩვენ საფუძვლიანად მოტყუებული ერი და ხალხი ვართ. ჩვენს ამ ისტორიულ მოტყუებაში, გარეშე ძალებთან ერთად, შინაურებიც მონაწილეობდნენ და დღემდე მონაწილეობენ (მთელი აგენტურული ქსელი), რომლებიც არც მალავენ, რომ გარედან ფინანსდებიან, პირიქით – ღიად იბრძვიან იმ კანონების წინააღმდეგ, რომლებმაც უნდა გააკონტროლოს უცხოური თანხების განუკითხავი შემოდინება საქართველოში. კიდევ ერთი რამის აღიარებაც მოგვიწევს: 9 აპრილი, რომელიც ჩვენთვის ტრაგედია იყო, მაგრამ დასავლეთისთვის მხოლოდ ჩვენი მოსატყუებელი ფარსი და სპექტაკლი, არ დასრულებულა.  ჩვენ ჯერ კიდევ 9 აპრილის ჩაკეტილ წრეში ვიმყოფებით, რადგან სიცრუეს, თავხედობას და დაცინვას ოცდათექვსმეტი წელიწადის გასვლის შემდეგაც ბოლო არ უჩანს.

    იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ საქართველოს 9 აპრილმა, დამოუკიდებლობა კი არა, უდანაშაულო მსხვერპლი მოუტანა, განახევრებული მოსახლეობა და ტერიტორიული დაშლა მოუტანა; ომები, სისხლი ცრემლი და დამსხვრეული ოცნებები მოუტანა. დამოუკიდებლობა კი ერთი დღეც არ გვქონია. ეს შესასწავლი და გამოსაძიებელია. კარგია,  სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სპეციალური კომისია რომ სწავლობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს მხოლოდ ფრაგმენტია დიდი ეროვნული ტრაგედიისა, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, დღემდე ჯეროვნად ვერ გაგვიაზრებია. ბოლო ოცდათექვსმეტი წელიწადი სკრუპულოზურად არის გამოსაკვლევი – 9 აპრილიდან დღემდე, 9 აპრილიდან დღემდე!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here