Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

884

მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

ნაწილი IX

ფრონტზე მყოფი მარშალი გოლოვანოვი სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში. ცუდი გზის, ავდრისა და ომის პირობებში მეტად რთული აღმოჩნდა დანიშნულ დროს დედაქალაქში ჩასვლა, მაგრამ მიზანი მაინც მიღწეული იქნა.

სარდალი ჯერ არმიის შტაბში გამოცხადდა. გაეცნო უახლოეს მოვლენებს და თავის მოსაწესრიგებლად შინ გაეშურა. შტაბში მორიგეობდა ყველაზე დისციპლინებული და დავალების უზადო შემსრულებელი ევგენი უსაჩევი, რომელსაც გოლოვანოვმა დაუბარა, რომ აუცილებლად დაურეკავდნენ და ამ ზარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა მისთვის. გოლოვანოვს უსაჩევმა აცნობა, თქვენმა მეუღლემ იმშობიარია და გოგონა შეგეძინათო. გახარებული სარდალი ეფერებოდა არა მხოლოდ მეუღლესა და შვილებს, არამედ ახლობლებსა და ნათესავებს, რომლებიც უმალ შეიკრიბნენ ფრონტიდან ჩამოსული ახლობლის სანახავად.

უკვე სამი საათი გავიდა, მაგრამ შტაბის მორიგე სარდალს არ ურეკავდა. ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დაუკავშირდა უსაჩოვს, _ “ნუთუ ჩემთვის აქამდე არავის დაურეკავს?”

უსაჩევმა უპასუხა, დარეკეს და, როცა შეიტყვეს, შინ წახვედით, კატეგორიულად გამაფრთხილეს, თქვენთვის არ დამერეკაო.

_ როგორ შეძელი, რომ არ შემატყობინე? _ განრისხდა სარდალი.

_ სასტიკად გამაფრთხილეს, _ გაუმეორა უსაჩევმა.

_ ვის შეეძლო, გაეფრთხილებინე, რომ ჩემთვის არ დაგერეკა? _ ჰკითხა გოლოვანოვმა შტაბის მორიგეს.

_ ამხანაგ სტალინს, _ იყო პასუხი.

“როგორც შემდეგ ამიხსნა უსაჩევმა, _ იგონებს გოლოვანოვი, _ სტალინს მასთან დილის 8 საათზე დაურეკავს და, როცა შეუტყვია, შინ ვიყავი წასული, მორიგე ოფიცრისთვის უკითხავს:

_ თქვენი გვარი, ოფიცერო?

_ უსაჩევი.

სტალინი დაინტერესებულა, რა თანამდებობაზე მუშაობდა და რა ჩინი ჰქონდა უსაჩევს. როდესაც ეს დააზუსტა, შემდეგ მიუმართავს:

_ აი რა, ამხანაგო უსაჩევ! გოლოვანოვს არ დაურეკო და არ შეაწუხო, სანამ თვითონ არ დარეკავს. ბრძანების შეუსრულებლობისთვის დაკარგავ სამხედრო ჩინსა და თანამდებობას. გასაგებია, ოფიცერო?

_ არის, ამხანაგო სტალინ, ყველაფერი გასაგებია!

_ ნახვამდის! _ და ამით საუბარიც დასრულებულა.

_ ამხანაგო სარდალო, განა ამის შემდეგ შემეძლო, თქვენთვის დამერეკა?

_ არა, მართალი ხარ, _ უთხრა სარდალმა და ის იყო, გასასვლელად მოემზადა, რომ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. პოსკრებიშჩევი რეკავდა _ გოლოვანოვი სასწრაფოდ უნდა გამოცხადებულიყო მოლოტოვის აგარაკზე.

გზად მიმავალი სარდალი ფიქრობდა, სტალინი, ალბათ, ჩემი დაგვიანების გამოა გაბრაზებული და მოლოტოვი თავის აგარაკზე იმიტომ მიბარებსო. ათას რამეზე ფიქრობდა სარდალი, როდესაც მოლოტოვის აგარაკის კარი შეაღო დამასპინძლის გვერდით გულიანი ღიმილით სტალინი მიესალმა:

_ რა მოგილოცოთ _ ბიჭი თუ გოგო?

_ გოგონაა, ამხანაგო სტალინ. გამიკვირდა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ბავშვი შემეძინა.

_ ეს, მგონი, თქვენთვის პირველი შვილი არ არის, შვილები ბევრი უნდა გყავდეთ, სამშობლოს სჭირდება. გოგონას რა დაარქვით?

_ ვერონიკა, ამხანაგო სტალინ.

_ ეს სადაური სახელია? _ იკითხა სტალინმა.

_ ვერონიკა ბერძნული სახელია და რუსულად გამარჯვებას ნიშნავს.

_ ეს კარგია, ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ!”

სტალინი დაინტერესდა ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებით და გოლოვანოვს ჰკითხა, როგორი შთაბეჭდილება დატოვა მასზე იმ ფრონტის სარდალმა, რომელზეც იმყოფებოდა.

“ფრონტის სარდალზე ჩემი უარყოფითი შთაბეჭდილების თქმისგან თავი შევიკავე და მოვახსენე, რომ ჩემთან ერთად იყო მარშალი ვორონოვი და ის უკეთესად დაახასიათებს ფრონტის სარდლის საბრძოლო თვისებებს-მეთქი.

სტალინმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ნელა წარმოთქვა:

_ თავისუფალი ხართ, დღეს ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს”.

“საღამოს სტალინის აგარაკზე მივედი, _ ყვება გოლოვანოვი, _ მასპინძელი მარტო იყო. საუბარი კვლავ ფრონტის სარდალზე წამოიწყო:

_ რაღაცნაირი, უცნაური კაცია. ბევრს გპირდება და ძალიან ცოტას აკეთებს. ომში ყველაფერი ხდება _ ცუდიც და კარგიც. კაცი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, არ შეუძლია. ერთს ფიქრობს და სულ სხვა რამ გამოდის. ვერ გავარკვიე, რა ხდება.

აგვისტოში მასთან ფრონტის ხაზზე ვიყავი, დამახვედრა უამრავი რეპორტიორი, ფოტოგრაფი. ვკითხე, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი? _ სამახსოვრო სურათი უნდა გადავიღოთო. ვეუბნები, _ არა, თქვენთან ჩამოვედით საქმის გასარკვევად, თქვენი საქმიანობის შესასწავლად, აიღეთ სმოლენსკი და შემდეგ, რამდენიც გინდათ, იმდენი სამახსოვრო ფოტო გადაიღეთ-მეთქი.

_ ჩათვალეთ, ამხანაგო სტალინ, რომ სმოლენსკი აღებულია, _ დაუფიქრებლად მიპასუხა.

_ შენ კი გინდა, მაგრამ ჯერ აიღეთ! _ კვლავ გავუმეორე. მან ისევ მიპასუხა: _ ავიღებთ, ამხანაგო სტალინ, უეჭველად ავიღებთ”.

შენც ხომ კარგად იცი, ამხანაგო გოლოვანოვ, რომ სმოლენსკი მას არ აუღია. სმოლენსკის გათავისუფლება სოკოლოვსკის დავავალეთ და გაათავისუფლა კიდეც… რამდენჯერ გადავიყვანეთ აქეთ-იქეთ. მისგან არაფერი გამოვიდა. რატომ ვაწვალებთ ან მას, ან საკუთარ თავს, _ თავისთვის ჩაილაპარაკა სტალინმა”.

გოლოვანოვი სულგანაბული უსმენდა სტალინისგან არცთუ ხშირად ნათქვამ ასეთ მონოლოგს.

“სტალინი, ალბათ, ხვაშიადს გამოთქვამდა. ის სხვა საკითხებსაც შეეხო და შეაფასა. ვხედავდი მთავარსარდლის უტყუარ ალღოს, განვლილის შეუცდომელ ანალიზს და მომავლის ჭვრეტას. შეუძლებელია სტალინის აზროვნების სიღრმისა და სიმაღლის გაზომვა, ის უძირო და უსასრულოა”, _ ასკვნის გოლოვანოვი.

“საუბარმა დიდხანს გასტანა. სტალინთან გამოძახებას და შეხვედრას ყოველთვის კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ვფიქრობდი, ნუთუ ყოველივე ამის სათქმელად გამომიძახა ფრონტიდან მთავარსარდალმა?”. პაუზა დიდხანს გაგრძელდა. სტალინი გოლოვანოვს წინ გაუჩერდა, თვალებში ჩახედა და ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა:

_ მივფრინავთ თეირანში, რუზველტთან და ჩერჩილთან შესახვედრად.

თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა. გამეღიმა იმიტომ, რომ სტალინმა თეირანში წასვლა და რუზველტთან და ჩერჩილთან შეხვედრა ისე მსუბუქად და იუმორნარევი ხმით თქვა, რომ თითქოს ბავშვობაში მათთან იზრდებოდა და ახლა გარკვეული ხნის შემდეგ უნდა შეხვედროდა.

სტალინი ნელი ნაბიჯით მიმოდიოდა. შეჩერდა. გადმომხედა და ცნობისმოყვარედ შემეკითხა: _ რატომ იღიმით?

არაფერი მქონდა საპასუხო, თვითონაც არ ვიცოდი, რატომ ვიღიმოდი. ახლა, როდესაც ვიხსენებ, ეს სიხარულის ღიმილი უფრო იყო.

ცოტა ხნის შემდეგ სტალინი კვლავ მომიახლოვდა და ჩუმი ხმით მითხრა:

_ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს, შენმა უახლოესმა ადამიანებმაც კი. გააკეთე ისე, რომ მფრინავები იყვნენ მზად, მაგრამ მათ არ უნდა იცოდნენ, როდის მიფრინავენ და სად. საქმე ისე მოაწყვე, რომ გამზადებული იყოს თვითმფრინავები თავისი ეკიპაჟებით როგორც ბაქოში, ისე თეირანში, მაგრამ არავინ უნდა იცოდეს, სად მიფრინავს და არც ის, ვინ მგზავრობს ამ თვითმფრინავებით. იფიქრეთ. დრო გაქვთ. ჩვენ ხვალ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

მალე ისევ აგარაკზე გამომიძახეს, მაგრამ იქ მხოლოდ სტალინი არ დამხვედრია, მასთან ერთად ბერიაც იყო.

_ აი ბერია გვთავაზობს, _ შესვლისთანავე მომახალა სტალინმა, _ ბაქოდან თეირანში ფრენა განახორციელოს მისმა შეფ-პილოტმა, რომელიც ნამყოფია თეირანში და კარგად იცის ეს საჰაერო ტრასა. თქვენ რას იტყვით?

_ ვერაფერს გეტყვით, ამხანაგო სტალინ, მე არ ვიცი, ვინ არის ამხანაგი ბერიას შეფ-პილოტი.

_ ბერია ამტკიცებს, რომ მისი შეფ-პილოტი თქვენ კარგად გიცნობთ, მითხრა სტალინმა.

_ ადვილი შესაძლებელია. მე ბევრ მფრინავს ვიცნობ და მეც ბევრი მიცნობს.

_ გვარი გრაჩევი გეუბნებათ რამეს? _ იკითხა სტალინმა.

ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უარყოფის ნიშნად თავი გადავაქნიე, მაგრამ იქვე დავამატე, _ შეიძლება ვიცნობ კიდეც, მაგრამ ჩემს ხელში იმდენმა მფრინავმა გაიარა, რომ გვარით შეიძლება ყველა ვერ გავიხსენო.

_ ის ამბობს, რომ თქვენთან ერთად ფრენდა მონღოლეთში, _ დაჟინებით თქვა სტალინმა.

_ გრაჩევი, რომელიც მონღოლეთში ჩემს ეკიპაჟში იყო, მახსოვს, როგორც კარგი მფრინავი. სიმართლე გითხრათ, დიდი დრო გავიდა და მას შემდეგ თითქმის არ შევხვედრივარ, მაგრამ შთაბეჭდილება მის პროფესიონალიზმზე დღემდე შემომრჩა. ამხანაგო სტალინ, მე ვიცნობ ვიქტორ გრაჩევს, რომელიც ჩემი ეკიპაჟის წევრი იყო.

_ და ეს სწორედ ის გრაჩევია, _ განმარტა ბერიამ.

_ მე ვთვლი ვიქტორ გრაჩევს კარგ მფრინავად, რომელიც ბაქოდან თეირანში უნაკლოდ გადაფრინდება, _ განაცხადა გოლოვანოვმა.

_ ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. გრაჩევი განიხილეთ ერთ-ერთ ვარიანტად. ყოველ შემთხვევაში ფრენაზე პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად გეკისრებათ თქვენ და არა _ ბერიას. როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ისე იქნება, _ ბრძანა მთავარსარდალმა.

გრაჩევზე მოძიებული იქნა ათასგვარი ცნობა თუ რეკომენდაცია. ბოლოს გოლოვანოვმაც დაწერა თავისი დასკვნა და საბოლოოდ სტალინის შეფპილოტად ბაქოთეირანისა და თეირანბაქოს მარშრუტზე ვიქტორ გრაჩევი დამტკიცდა.

მე ჩემი ეკიპაჟით ადრე უნდა ჩავფრენილიყავი ბაქოში, რათა სტალინის ეკიპაჟი გასაფრენად მომემზადებინა. ყველა სამუშაო ზესაიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა, იქ არავინ არაფერი იცოდა, ჩემ გარდა.

დილის 4 საათი იქნებოდა, ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. მიბრძანეს, რკინიგზის სადგურზე გავსულიყავი. სასწრაფოდ სადგურის ბაქანზე გავჩნდი. მატარებელი გაჩერებული არ იყო, რომ ერთ-ერთი ვაგონიდან ჩემი გვარი დაიძახეს. კურსი იმ ვაგონისკენ ავიღე და სალონში ავედი.

სალონში სტალინთან ერთად იყვნენ ვოროშილოვი, მოლოტოვი და ბერია. მისალმების შემდეგ სტალინმა მკითხა, _ იყო თუ არა ყველაფერი რიგზე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ამინდზე მკითხა, ვუპასუხე, რომ ამინდი, როგორც იტყვიან, თითქოს შეკვეთილია _ ტრასა ხშირად არ არის ასეთი სუფთა და ხელსაყრელი ფრენისთვის-მეთქი.

_ დრო საკმარისი გვაქვს. ჩვენ თეირანში ხვალ უნდა ვიყოთ. თქვენ შეგიძლიათ ამ დილითვე გაფრინდეთ თეირანში, საღამოს კი დაბრუნდეთ. ხვალ კი ერთად ვიმგზავროთ გაკვალულ გზაზე, _ მითხრა სტალინმა

სტალინის ეს რჩევა გოლოვანოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდა:

_ ამხანაგო სტალინ, ასეთი ამინდი, ასეთ რთულ ტრასაზე იშვიათი შემთხვევაა, რატომ უნდა გავუშვათ იგი ხელიდან და გადავდოთ ხვალისთვის. საუკეთესო ამინდია, წყნარი. ეკიპაჟი მზადაა. მცირე ხანში დანიშნულების ადგილას ვიქნებით. ჩემი რჩევაა, ახლავე გავფრინდეთ.

_ ესე იგი, თქვენ გვაძალებთ, რომ საჩქაროდ გავფრინდეთ? _ იკითხა სტალინმა.

_ დიახ, ამხანაგო სტალინ, ნამდვილად გაჩქარებთ.

_ იცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს ამ მგზავრობაზე?

_ დიახ, ვიცი, ამხანაგო სტალინ, და ამიტომაც გაჩქარებთ დროულად დაიწყოთ მგზავრობა.

_ რა გაეწყობა, _ ცოტა ხნით შეყოვნების შემდეგ წარმოთქვა სტალინმა, _ რადგან თქვენ გაკისრიათ სრული პასუხისმგებლობა ჩვენს მგზავრობაზე, უნდა დაგემორჩილოთ.

ცოტა ხნის შემდეგ ვაგონის სალონიდან პირდაპირ აეროდრომზე აღმოვჩნდით, სადაც ეკიპაჟები და თვითმფრინავები გველოდებოდნენ.

სტალინის თეირანში გაფრენის თაობაზე შეფ-მფრინავმა ვიქტორ გრაჩევმა მაშინ შეიტყო, როდესაც სტალინი აეროდრომზე მანქანიდან გადმოვიდა.

* შენიშვნა:

უამრავი მასალა, რომელიც სხვადასხვა მემუარსა და მხატვრულ ლიტერატურაშია თავმოყრილი სტალინის გადაწყვეტილების თაობაზე, რომ თითქოს ის მარშალ გოლოვანოვს არ ენდობოდა და ფიქრობდა, ბაქოდან თეირანში პოლკოვნიკის თანხლებით ეფრინა, მტკნარი სიცრუეა, რადგან სტალინის შეფმფრინავად სწორედ გოლოვანოვმა დაამტკიცა ვიქტორ გრაჩევი, რომელმაც შეასრულა კიდეც ფრენა ბაქოდან თეირანში და უკან _ თეირანიდან ბაქოში.

ვასრულებ რა მარშალ გოლოვანოვზე თხრობას მისივე მემუარებისა და სხვა მასალების მოხმობით, დასკვნით ნაწილში უნდა მოგითხროთ გოლოვანოვის სწრაფი აღზევებისა და სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ცხოვრების წესის შეცვლის თაობაზე.

1941 წელს გოლოვანოვი სამოქალაქო ავიაციის უბრალო შეფმფრინავი იყო. ის საბჭოთა კავშირის ორგზის გმირმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გენერალმა სმუშკევიჩმა აიძულა, სტალინისათვის წერილი მიეწერა ავიაციის განვითარების საკითხზე. მისივე ინიციატივით მოხდა რიგითი ოფიცრისა და მთავარსარდლის შეხვედრა. სტალინმა გოლოვანოვი 1941 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინით გაამწესა ავიაპოლკის მეთაურად. იმავე წლის აგვისტოში პოლკოვნიკი გახდა და საავიაციო დივიზიას ჩაუდგა სათავეში. იმავე წლის 25 ოქტომბერს გენერალმაიორობა მიანიჭეს, ხოლო 1942 წლის 5 მაისს _ გენერალლეიტენანტობა. 1943 წლის 26 მარტს გოლოვანოვი უკვე გენერალპოლკოვნიკია, ხოლო იმავე წლის 2 აგვისტოს _ ავიაციის მარშალი. 1944 წლის 19 აგვისტოს მან ავიაციის მთავარი მარშლის მუნდირი მოირგო.

ეს სამხედრო საქმეებში მოღვაწეობისა და წარმატების რეკორდია. გოლოვანოვის ხელში აღმოჩნდა უმძლავრესი თანამედროვე საჰაერო არმადა, 2000-მდე შორსმოქმედი ბომბდამშენითა და მათი გამცილებელი გამანადგურებლებით. გოლოვანოვი განაგებდა 16 საავიაციო სარემონტო ქარხანას, რამდენიმე საავიაციო სასწავლებელს, სამოქალაქო ავიაციის ფლოტს, ყველა საჰაერო-სადესანტო შენაერთს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა სამი საჰაერო-სადესანტო კორპუსი. სწორედ ამ უმძლავრესმა ძალამ შეასრულა უდიდესი როლი მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.

ბუნებრივია, შეუძლებელი იყო, გოლოვანოვის წარმატებებს არ ემოქმედა სხვა მხედართმთავრებზე, რომლებიც თავგანწირვით იბრძოდნენ ფრონტზე.

მარშალი გოლოვანოვი ამბობს:

მე, სტალინის გარდა, არავინ მყოლია ხელმძღვანელი თუ უფროსი, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდი. არც გენერალურ შტაბს, არც თავდაცვის სამინისტროს, არც უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეებს არავითარი შეხება არ ჰქონდათ ჩემთან სამხედრო საკითხებზე და არც ჩემი არმიის განვითარების საკითხი ეხებოდათ მათ. არმიის გაძლიერებისა თუ განთავსების ადგილი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სტალინს და მას ვემორჩილებოდი ოფიციალური დადგენილებით. ჩემს საქმიანობაში სხვა პირის ჩარევა არ მახსენდება”.

საჰაერო-სადესანტო არმიის სარდლად ჟუკოვმა სტალინს თავისი ფრონტის შტაბის უფროსი სოკოლოვსკი წარუდგინა და მისცა კიდეც დახასიათება ამ ადგილზე დასამტკიცებლად. გოლოვანოვი სტალინთან გამოიძახეს. სტალინმა მას საჰაერო-სადესანტო არმიის სარდლად სოკოლოვსკის კანდიდატურა შესთავაზა.

გოლოვანოვი შეურაცხყოფილი დარჩა, მისთვის დაქვემდებარებული არმიის სარდლის კანდიდატურა ჟუკოვმა რომ წარადგინა და სოკოლოვსკის დანიშვნაზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, სტალინს თავისი კანდიდატი წარუდგინა _ გენერალმაიორი ივანე ზატევახინი და მისი საგმირო საქმეების შესახებ მოახსენა.

1944 წლის 27 სექტემბერს სტალინმა თავისთან დაიბარა გოლოვანოვი და ზატევახინი და იმ შეხვედრაზე გადაწყდა არმიის სარდლის დანიშვნის საკითხიც. 4 ოქტომბერს ზატევახინი არმიის სარდლად დაინიშნა, ერთი თვის შემდეგ კი მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.

ომის მიმდინარეობისას გოლოვანოვი მუშაობდა ძალების უკიდურესი დაძაბვით _ ზოგჯერ რამდენიმე დღეღამე არ სძინებია. ამ გოლიათის ორგანიზმმაც კი ვერ გაუძლო არაადამიანურ დატვირთვას და საავადმყოფოს საწოლზე აღმოჩნდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანეს ყველაზე ცნობილი და გამოცდილი ექიმები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მარშლის ფეხზე დასაყენებლად. შეძლეს კიდეც, მაგრამ გააფრთხილეს, დატვირთვების გარეშე განეგრძო ცხოვრება. მისგან კატეგორიულად მოითხოვდა ნორმირებულ მუშაობას სტალინიც, მაგრამ ომი მიმდინარეობდა და გოლოვანოვს ყველასთვის აკრძალული ჰქონდა ძალების დაზოგვაზე საუბარიც კი.

უძილობამ, არასწორმა კვების რეჟიმმა და დაძაბულობამ კვლავ იჩინა თავი და 1944 წლის 6 ნოემბერს გოლოვანოვი კვლავ ჩავარდა ლოგინად. თვითონაც მიხვდა, რომ მის ორგანიზმს მეტი აღარ შეეძლო, იმაშიც ეჭვი ეპარებოდა, ოდესმე თუ წამოდგებოდა საწოლიდან.

თავმოყვარეობით სავსემ, სამშობლოს ერთგულმა და პატრიოტმა სარდალმა, სტალინს ჯერ თხოვნა გაუგზავნა ჰოსპიტლიდან, შემდეგ კი _ პატაკი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რათა გიგანტურ საავიაციო გაერთიანებას საფრთხე არ დამუქრებოდა მისი ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში.

სტალინმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, შორსმოქმედი ავიაცია გარდაექმნა მეთვრამეტე არმიად, რომელიც დაექვემდებარებოდა სამხედრო ავიაციას და ამით პასუხისმგებლობა მოეხსნებოდა დამოუკიდებელი არმიის სარდალს, ხოლო ამ არმიის სარდლობა კვლავ გოლოვანოვს დაავალა. საწოლზე მიჯაჭვულ გოლოვანოვს ტელეფონის ყურმილი ყურთან მიუტანეს. სტალინმა ის კვლავ მამა-შვილურად დაარიგა:

“უსაქმოდ და უსამხრეებოდ დიდხანს ვერ გაძლებ, არმიას კიდევ სჭირდები. მალე გამოჯანმრთელდებით და ნორმალურ რეჟიმში უხელმძღვანელებთ არმიას”. აეროფლოტი გადაეცა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს. ასე დაიშალა უამრავ შემადგენელ ნაწილად საწოლზე მიჯაჭვული მარშალ გოლოვანოვის მიერ ერთ მუჭად შეკრული უძლიერესი ძალა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ფაშისტ ოკუპანტებს. ასეთი დიდი ძალის დამოუკიდებელ ერთეულად მოქმედება ისეთი საიმედო და ახლობელი ადამიანის გარეშე, როგორც გოლოვანოვი იყო, სტალინისთვის, ალბათ, მიუღებელი აღმოჩნდა.

1944 წლის 23 ნოემბერს სტალინმა ხელი მოაწერა ბრძანება #0379-ს, რომელმაც ახალი ფურცელი გადაშალა ძლევამოსილი წითელი არმიის ისტორიაში. იქმნებოდა სრულიად ახალი ვერტიკალი სამხედრო სფეროში, რომელიც შეეხო ყველას _ მარშლიდან ოფიცრამდე.

სტალინის სიკვდილისთანავე, 1953 წელს, გოლოვანოვი ლავრენტი ბერიამ მიიწვია თავის განსაკუთრებულ კომიტეტში სამუშაოდ, მაგრამ ბერიას წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, დაუყონებლივ გაათავისუფლეს და ბეწვზე გადაურჩა დაპატიმრებას.

1800-მანეთიანი პენსიის ამარა დარჩენილი გოლოვანოვი, რომელიც მოსკოვში, კუტუზოვის პროსპექტზე ყველაზე პრესტიჟულ სახლში, სტალინის ბრძანებით მიცემულ 5-ოთახიან ბინაში, ცხოვრობდა, ყოველთვიურად 500 მანეთს იხდიდა ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებში, ხოლო 500 მანეთს სიდუხჭირეში მყოფ მშობლებსა და დას უგზავნიდა. 800 მანეთის ამარა დარჩენილი დიდი ოჯახი იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა ფეშენებელური საცხოვრებელი და აგარაკზე გადასულიყო. 1 ჰექტარი მიწის ნახევარზე მარშალს თავისი ხელით მოჰყავდა კარტოფილი, ნახევარზე კი _ სხვადასხვა კულტურა. ჰყავდათ ორი ძროხა, რომლებსაც მისი ულამაზესი მეუღლე უვლიდა, ამოყავდა ყველი, ამზადებდა კარაქს და ოჯახს თავი ასე გაჰქონდა.

გოლოვანოვი ხშირად იხსენებდა სტალინის სიტყვებს. გადაბრუნებულ ვედროზე ჩამომჯდარ მარშალს ჩამავალი მზის სხივებით განათებულ საკარტოფილე ნაკვეთში თითქოს ჩურჩულით ჩაესმოდა:

ისინი ფიქრობენ, რომ ძალაუფლება თაფლია, _ მსჯელობდა სტალინი. არა, როცა ძალაუფლება გაქვს, შეუძლებელია, ვინმე გიყვარდეს _ აი, რა არის ძალაუფლება. ადამიანმა შეიძლება განვლოს მთელი ცხოვრება ისე, რომ არავინ უყვარდეს. ის ამით ხდება უბედური, რადგანაც იცის, რომ არ აქვს უფლება, ვინმე უყვარდეს.

თუ გაქვს ძალაუფლება, არ გაქვს სიყვარულის უფლება. იმიტომ, რომ ვერც კი ასწრებ ვინმეს შეყვარებას, ისე უცხადებ მას ნდობას, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მისგან ზურგში მახვილს მიიღებ. დიახ, დიახ, მე ეს ვიციწყეული ცხოვრება. ადამიანის წყეული ბუნება! კარგი იქნებოდა, შესაძლებელი იყოს, გიყვარდეს და არ ენდობოდე, მაგრამ ეს შეუძლებელია. თუკი გიწევს, მოსპო ის, ვინც გიყვარს, სამართლიანობა მოითხოვს, ასევე მოექცე მათ, ვინც არ გიყვარს _ საქმის მტრებს”.

_ დიახ, საქმე, _ გაიფიქრა გოლოვანოვმა, _ რა თქმა უნდა, საქმე, ყველაფერი კეთდება საქმისთვის…

მზე ნელ-ნელა იკარგებოდა ჰორიზონტს მიღმა, არემარეს ბინდი ეფარებოდა, ცაზე კი ერთი ვარსკვლავი გამორჩეულად კაშკაშებდა.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here