Home რუბრიკები პოლიტიკა “ოდესელები დიდხანს დაწყევლიან სააკაშვილსაც და ქართველებსაც!”

“ოდესელები დიდხანს დაწყევლიან სააკაშვილსაც და ქართველებსაც!”

494

ალექსანდრე ჭაჭია: ღარიბაშვილი ქართულ ოჯახში გაზრდილი კაცია და მისთვის პედერასტების ქორწინების დაკანონება ქართველობაზე უარის თქმის ტოლფასია!

 
 

ცნობილი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ვითარების დათბობას არ ელის და მიიჩნევს, რომ სიტუაცია მაშინ გაუმჯობესდება, როცა ქვეყანა უარს იტყვის ოცდახუთი წლის წინათ შევარდნაძის მიერ ნაკურთხ დამღუპველ საშინაო, საგარეო და ბიზნესპოლიტიკაზე!

_ ბატონო ალექსანდრე, რა შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს რუსეთ-საქართველოს შორის უმაღლესი დონის მოლაპარაკება და ვისი მიზეზით ან რატომ არ იმართება ეს შეხვედრა?

_ უმაღლესი დონის შეხვედრა ყველაზე წარმომადგენლობითი და ეფექტიანი მოლაპარაკებაა სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა _ ვის უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტი? საქართველოს პრეზიდენტი ბუტაფორიული ფიგურაა _ ცარიელი ფუტლარი _ და რაზე შეიძლება მასთან მოლაპარაკება? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებსა და საქართველოს მომავლის მისეულ ხედვაზე. აქედან გამომდინარე, მასთან პუტინის შეხვედრა არ შეიძლება ეფექტიანი იყოს. თვით ივანიშვილი კი მილიარდერი საზოგადო მოღვაწეა, როგორებიც მსოფლიოში ათასობით არიან, და არც მასთან ექნება პუტინის შეხვედრას აზრი. რუსეთის პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, ზრდილობის გულისთვის ერთხელ უპასუხა ჟურნალისტს, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი შეხვედრისთვის შესატყვისი პარტნიორი საქართველოში არ არსებობს, ხოლო სიმბოლური შეხვედრა შეხვედრისთვის არავის სჭირდება. ამიტომ გრძელდება უკვე მრავალწლიანი პრაქტიკა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს რუსეთი ამერიკასთან მოლაპარაკებისას წყვეტს. თუ გაჩნდება სერიოზული პრობლემა _ ლავროვი დაელაპარაკება კერის და გადაჭრიან ამ პრობლემას! მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ვაშინგტონის კომპეტენციაშია, ამდენად, საუბარს თბილისში იმ პირთან, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს, აზრი არ აქვს!

_ საქართველო ყოველმხრივ უმძიმეს სიტუაციაშია… თქვენი აზრით, რა შეაჩერებს მცოცავ ოკუპაციას?

_ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და წააგო ომი. ჩვენ დღეს ომწაგებული მხარე ვართ. თუ აფხაზებთან ბუნებრივი საზღვარი გვყოფს მდინარის სახით, ოსებთან ასეთი საზღვარი არ არსებობს, ამიტომ აქ ორმაგი სიფრთხილე გვმართებს. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობითა და საერთაშორისო სამართლით აპელირება, ე.წ. ხისტი განცხადებები სულელური პიარია და მეტი არაფერი. უკანასკნელი 25 წლის პრაქტიკამ ვერა და ვერ გვასწავლა ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ძლიერი ყოველთვის მართალია და მასთან საერთო ენის გამონახვაა საჭირო. ქართველობა დღემდე მხოლოდ იმიტომ შენარჩუნდა, რომ პერიოდულად ქართულ სამეფოებში ჩნდებოდნენ ხელმწიფეები, რომლებიც ძლიერებთან საერთო ენას პოულობდნენ და ამით უზრუნველყოფდნენ ქართველთა არსებობის უფლებას.

_ რა მიზანს ემსახურება ბოლო დროს ქართულ ტელევიზიებში შევარდნაძისადმი გახშირებული დითირამბები?

_ საქმე ისაა, რომ სწორედ შევარდნაძემ ჩამოაყალიბა საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც დღემდე მიჰყვება საქართველო. ქვეყნის ეკონომიკური მოდელიც კი შევარდნაძის დროსაა შექმნილი, ამიტომ შევარდნაძის პოლიტიკის უარყოფა ნიშნავს საქართველოს უკანასკნელი ოცდახუთწლიანი პოლიტიკის უარყოფას. ამერიკელები სააკაშვილსაც საყვედურობდნენ ანტიშევარდნაძისტული გამოხდომების გამო; ამიტომ შევარდნაძის პოლიტიკის გამართლება ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ერთგვარ ლეგიტიმაციას წარმოადგენს.

_ ბატონო ალექსანდრე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა შანსი აქვს საქართველოს და რა შემთხვევაში?

_ საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთჯერ მაინც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ არც ერთხელ არ უსარგებლია ამ შანსით, ქვეყნის მთლიანობის აღდგენა ლამაზ წინასაარჩევნო ლოზუნგად იქცა. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა მხოლოდ ლოზუნგისთვის სჭირდებათ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ამჟამინდელ ხელისუფლებასაც; ვადებსაც კი ასახელებდნენ _ 2 წელიწადს. თითქოს დაგვცინიან… ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭიროა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება, რაც მოგვცემს საშუალებას, უშუალოდ გავიდეთ კონფლიქტის ყველა მონაწილეზე და დამოუკიდებლად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. დღეს და უახლოეს მომავალშიც ეს შეუძლებელია!

_ როგორ ფიქრობთ, რა შეცდომა დაუშვა ზვიად გამსახურდიამ?

_ თუ ძალაუფლების დაკარგვას ვგულისხმობთ, მაშინ მისი შეცდომა იყო, რომ უარი თქვა იმ პოლიტიკაზე, რომელიც შემდგომ შევარდნაძემ ჩამოაყალიბა და დაამკვიდრა. “ნატო-ნატოს” ძახილით გამსახურდიას შეეძლო ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ რამდენად შეიძლება შეცდომა ვუწოდოთ რწმენას, მრწამსს, იდეალებსა და პატრიოტიზმს? ზვიად გამსახურდია იმ პერიოდში ევრაზიულ სივრცეში ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც არა მხოლოდ ნათლად დაინახა, თუ რა სატანისტური ტალღა მოდიოდა დასავლეთიდან, არამედ დაუპირისპირდა კიდეც მის დამანგრეველ ძალას უმძლავრესი შეერთებული შტატები და დასავლეთის მორჩილი მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება წარმოადგენდნენ! ზვიადის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, ტრაგედია იყო ის, რომ ალტერნატიული ძალა, რომელზეც ამ ანტისატანურ ბრძოლაში დაყრდნობას შეძლებდა, მაშინ არ არსებობდა, მარტო კი მას ვერ მოერეოდა.

_ რა იყო შევარდნაძის მთავარი შეცდომა?

_ შევარდნაძის დანაშაულებრივი შეცდომა იყო საქართველოს ამერიკის კოლონიად გადაქცევა, რომელმაც განაპირობა საგარეო პოლიტიკაში აბსოლუტური მორჩილება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამანგრეველი რეკომენდაციების შესრულება და ეროვნული ეკონომიკის მოსპობა; დასავლური ე.წ. ღირებულებების გავრცელებამ სულიერი გახრწნა და ტრადიციული ზნეობის დაცემა მოიტანა. ერის წინაშე დანაშაული იყო ისიც, რომ მან სრული, შეუზღუდავი უფლება მისცა ამერიკელებს, ჩამოეყალიბებინათ საქართველოში პოლიტიკური ძალების ეშელონირებული ქსელი, ძალების, რომლებიც გარედან ფინანსური დახმარების მეშვეობით პერიოდულად ანაცვლებენ ერთმანეთს ხელისუფლებაში. ამით მან საქართველოს ხაფანგიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა მოუსპო.

_ რაში შეცდა რუსეთი?

_ რუსეთმა დიდი, გლობალური შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც დასავლეთთან ე.წ. ინტეგრაციის კურსზე დათანხმდა, ანუ გახდა აშშ-ის მორჩილი გეოპოლიტიკური ობიექტი. ამ თვალსაზრისით ელცინის ათწლიანი მმართველობა ერთი დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისტორიაში, ისევე, როგორც ხრუშჩოვის ათწლიანი მმართველობა იყო ტრაგიკული შეცდომა სსრკ-ის ისტორიაში. ყველა ტრაგიკული მოვლენა _ ეკონომიკური ნგრევა, სულიერი დაცემა, რომელიც 90-იან წლებში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, მოხდა, იყო რუსეთის დამოუკიდებელი პოლიტიკისა და რუსეთის პოლიტიკური ელიტის დამოუკიდებელი აზროვნების არარსებობის შედეგი! უნდა გითხრათ, რომ პირველ საპრეზიდენტო ვადაში პუტინიც დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე იყო. მას სჯეროდა, რომ კეთილი ნების გამოხატვა, ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობა, კულტურული დაახლოება, საერთო ქრისტიანული და სულიერი ღირებულებები უზრუნველყოფდა ინტეგრაციას და შეიქმნებოდა ერთიანი უსაფრთხო სივრცე. იმ პერიოდში რუსეთი აბსოლუტურად გაუმართლებელ სამხედრო-სტრატეგიულ დათმობებზეც კი წავიდა. მარტო ვიეტნამიდან და კუბიდან სამხედრო ბაზების გამოყვანა და შეიარაღების დარგში დადებული წამგებიანი ხელშეკრულებები რად ღირს… მაგრამ დასავლეთი სულ ახალ და ახალ დათმობებს ითხოვდა, თვითონ კი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერდებოდა და არად აგდებდა რუსეთის არც გეოპოლიტიკურ, არც ეკონომიკურ და არც კულტურულ-ზნეობრივ ინტერესებს. როდესაც საქმე იქამდე მივიდა, რომ თვით რუსეთის დაშლა და მისი რესურსების დასავლეთის ხელში გადაცემა დადგა დღის წესრიგში, პუტინმა დასავლეთისთვის მოულოდნელად მკვეთრად შეცვალა პოზიცია. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ეს უკვე სხვა პუტინი იყო. დღეს იგი ცდილობს, მაქსიმალურად გააძლიეროს რუსეთი, განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, არ დაუშვას საშინაო საქმეებში უცხო ძალების ჩარევა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს და განავითაროს რუსეთის ეროვნულ-კულტურული თავისებურება _ მართლმადიდებლობაზე დაყრდნობით ისტორიულად ჩამოყალიბებული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებები! ანუ პუტინი ცდილობს, შექმნას მსოფლიო ალტერნატიული ძალა, რომელიც წინ აღუდგება ამერიკელთა გლობალიზაციის პროექტს _ ერების დენაციფიკაციას, ტრადიციული ზნეობის, რელიგიური მრწამსისა და ეროვნული თვითშეგნების განადგურებას. ამიტომაც იზრდება მისი რეიტინგი მსოფლიოში, განსაკუთრებით _ ამერიკის სატელიტ იმ ქვეყნებში, რომელთა მმართველი კლასი უსიტყვოდ ასრულებს ამერიკელთა მიმითებებს და საკუთარ მოსახლეობას უეროვნებო, უზნეო, უსქესო ბიოლოგიურ მასად აქცევს.

_ როგორ ხედავთ ბიძინა ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების პოლიტიკურ მომავალს?

_ უბედურება ისაა, რომ საქართველოში მეფობს ერთი ძირითადი იდეოლოგიური კონცეფცია _ დასავლეთის მოთხოვნათა უპირობო შესრულება! “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება”, “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკური პარტია და სხვები ამ “კონცეფციის” მიმდევრები არიან. იდეოლოგიური სხვაობა მათ შორის არ არსებობს, ისინი არც კი ცდილობენ, საქართველო შედარებით მაინც დამოუკიდებელ ქვეყნად აქციონ და კოლონიური დამოკიდებულებიდან გამოიყვანონ, ამიტომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება ქვეყნის სათავეში, რა გვარის იქნება ქვეყნის მმართველი… ამ იდეოლოგიური კონცეფციის ალტერნატივა კი ჯერჯერობით არ ჩანს!

დღეს მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, ივანიშვილსა და მის გუნდს ადანაშაულებენ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში. ხალხის უკმაყოფილება სამართლიანია, მაგრამ, მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ნუთუ ვინმეს ეგონა, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდებოდა? ნუთუ ვინმეს ეგონა, რომ ორ წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებდით, საქართველოს დუბაით გადავაქცევდით, მეორე წელს უკეთესად ვიცხოვრებდით, მესამე წელს _ უფრო უკეთესად, ხოლო მეოთხე წელს _ საუკეთესოდ? ამის იმედით ვინ აძლევდა ივანიშვილს  ხმას? ხმას მას აძლევდნენ იმის იმედით, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს მოგვაშორებდა! ეგ იყო და ეგ. საზოგადოებას სხვა მიზნები რომ ჰქონოდა, მაშინვე ჰკითხავდა ივანიშვილს, _ რა ხერხით, რა რესურსებით, როგორი საგარეო პოლიტიკით, როგორი ეკონომიკური მოდელის დანერგვით აპირებდა იგი ამ დაპირებების შესრულებას. ეს ხომ არავის უკითხავს? მომავალ არჩევნებში ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, კოალიცია პარლამენტში გაიყვანოს. ბუნებრივია, ეს კოალიცია კონფიგურაციას შეიცვლის… ალბათ, თვითონ ჩაუდგება სიას სათავეში და ივანიშვილის “პოლიტიკაში დაბრუნება” საზოგადოებისთვის წარმოჩენილი იქნება, როგორც დიდი ბედნიერება და მომავალი წარმატებების გარანტია. სერიოზული ალტერნატივის არარსებობის პირობებში, წარმატება გარდაუვალია. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება მაშინ, როდესაც ამერიკელები ახალ ძალას მოამზადებენ და, როგორც კი ხელისუფლების ავტორიტეტი მკვეთრად დაეცემა, უზრუნველყოფენ ძალაუფლების გადაცემას ამ ახალი ძალისთვის. იცოდეთ, რომ ის ახალი ძალაც იმავე დაპირებებით მოვა ხელისუფლებაში, რა დაპირებებითაც ივანიშვილი, სააკაშვილი და შევარდნაძე მოვიდნენ. ჯერჯერობით ამერიკელები ხელისუფლების შეცვლისთვის მზად არ არიან, ვინაიდან ეს ხელისუფლება საამისო მიზეზებს არ იძლევა.

_ ბატონო ალექსანდრე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებისადმი ღარიბაშვილის უარყოფითი პოზიცია ამერიკელებისთვის განა საკმარისი მიზეზი არ არის? საერთოდ, რა ეშველება პედერასტთა შემოტევას?

_ პედერასტია თანამედროვე ევრო-ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი გავრცელებისა და დაკანონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ქვეყნის პოლიტიკური ელიტისა და მოსახლეობისგან გმირულ ძალისხმევას მოითხოვს. ეს პრინციპული საკითხია. ზოგს უკვირს, თუ რატომ ითხოვენ ამერიკელები პედერასტიის დაკანონებას მაშინ, როდესაც ეს ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების დიდ ნაწილში ამერიკისადმი ანტიპათიას იწვევს. საქმე ისაა, რომ პედერასტიის დაკანონება სპობს იმ საძირკვლებს, რომლებზეც დგანან თანამედროვე ერები, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენები, ანუ პედერასტია ანგრევს რელიგიურ მრწამსს, ტრადიციულ ზნეობას, ოჯახურ მორალს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ წეს-ჩვეულებებს და ამით ერს ადვილად სამართავ ბრბოდ აქცევს. ღარიბაშვილი ქართულ ოჯახში გაზრდილი კაცია და მისთვის პედერასტების ქორწინების დაკანონება ქართველობაზე უარის თქმის ტოლფასია!

ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ მას არ სურს, ქართველობის მოსპობის დანაშაულებრივ პროცესში შევარდნაძისა და სააკაშვილის გვართან ერთად მისი გვარიც ფიგურირებდეს! თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას მოუწიოს არჩევანის გაკეთება გადადგომასა და ამ უზნეობის დაკანონებას შორის.

მთავარია, საზოგადოებამ აქტიურად დაუჭიროს მხარი პრემიერის ამ ეროვნულ პოზიციას. ვიმეორებ: საქმე წვრილმანს კი არ ეხება, _ ამის უკან ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას! ასეთ მომენტებში ერმა უნდა დაიცვას პოლიტიკური ლიდერი, მიუხედავად იმისა, თუ რა პრეტენზიები აქვს მის მიმართ დაგროვილი. თქვენ გახსოვთ, რომ მე ყველანაირად მხარს ვუჭერდი ასლან აბაშიძეს. ზოგი რამ არ მომწონდა მის საქმიანობაში, მაგრამ ჩემთვის ერთ ფაქტორს ჰქონდა უპირველესი მნიშვნელობა _ მან არ დაუშვა მიწის არც ერთი კვადრატული მეტრის გაყიდვა უცხოელებზე! ერთხელ, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ასლანმა გულდაწყვეტილმა მითხრა: “ხომ არ მივატოვო ყველაფერი და ხომ არ წავიდე იტალიაში შვილიშვილებთან საცხოვრებლად?” მე ვუპასუხე: “ნება შენია, მაგრამ მაგულის წლისთავზე რომ ჩამოხვალ, აჭარა გაყიდული დაგხვდება-მეთქი”. ასეც მოხდა სააკაშვილის მიერ აჭარის “დაბრუნების” შემდეგ… ქართული მიწა და ქართველი ერი მისი ტრადიციული ზნეობით _ ეს არის საქართველო.

_ რა ელის სააკაშვილს?

_ სააკაშვილი ზის ამერიკელების მჭიდში და მას იქ იყენებენ, სადაც სჭირდებათ. საქართველოში მისი დაბრუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ამიტომ გადაწყვიტეს მისი და მისი გუნდის გამოყენება იქ, სადაც ამერიკელებს კადრები უჭირთ _ უკრაინაში. ოდესის ოლქი მდიდარია თავისი პოტენციალითა და შესაძლებლობებით, იქ ძალიან ბევრია გასაყიდი, მათ შორის ისეთი ობიექტებიც, რომლებიც ამერიკელებს აინტერესებთ. უკრაინელის ხელით ძნელია ამის გაკეთება, მაგრამ ცნობილი “რეფორმატორის” რეფორმისტული საქმიანობის ფარგლებში ყველაფერია შესაძლებელი. რა ელის სააკაშვილს ოდესის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ოდესელები დიდხანს დაწყევლიან სააკაშვილსაც და ქართველებსაც!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

\\\”ასავალ დასავალი\\\”

 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here