Home რუბრიკები პოლიტიკა ემხრობიან თუ არა პარლამენტარები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში

ემხრობიან თუ არა პარლამენტარები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში

995

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს ქვეყნის ყველა შტატში შეუძლიათ ოფიციალურად იქორწინონ. აშშ 21- ქვეყანაა, სადაც ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ; პირველი ქვეყანა, რომელშიც 2001 წელს ერთსქესიანებმა პირველად იქორწინეს, ჰოლანდია იყო. არადა, 1990 წლამდე ჰომოსექსუალიზმი მსოფლიოში დაავადებად იყო აღიარებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის დაავადებების სიიდან ამოიღო, დაიწყო ჰომოსექსუალიზმის, როგორც ჩვეულებრივი მოვლენის, მსოფლიოს მასშტაბით პროპაგანდა, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირებისთვის ქორწინებისა და ბავშვების აყვანის უფლების მინიჭებით დასრულდა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის განაცხადებით, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება სხვა ქვეყნებმაც უნდა მისცენ. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ფრანს ტიმერანსის თქმით კი, გეიქორწინებები სრულიად ევროპაში უნდა იყოს ლეგალიზებული. მეტიც, ის სირცხვილს უწოდებს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას ჯერ კიდევ არ დაუკანონებია მსგავსი ქორწინება. “ევროკომისია უნდა ეცადოს, ევროპაში გეიქორწინებების უპირობო დაკანონებას მიაღწიოს”, _ განაცხადა ტიმერანსმა.

 საყურადღებოა, რომ, მოსახლეობის საპროტესტო აქციების მიუხედავად, ევროპის რიგ ქვეყნებში ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინება და შვილის აყვანის უფლება მაინც დაუკანონეს. მართალია, კანონმდებლობით საქართველოში ქორწინება ჯერ კიდევ ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი), მაგრამ, თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გავაანალიზებთ და საქართველოზე აშშ-ისა და ევროკავშირის ზეგავლენასაც გავითვალისწინებთ, ,ალბათ, შორს აღარ არის დღე, როდესაც საქართველოც დადგება გადაწყვეტილების მიღების წინაშე _ მისცეს თუ არა ერთი სქესის ქარმომადგენლებს ქორწინებისა და შვილების აყვანის უფლება და ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება სწორედ ქართველ კანონმდებლებს ექნებათ.

 პირველი, ვინც მწვავე პოზიცია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოხატა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე იყო. “სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალი და ა.შ. ჩემზე უფრო ზნეობრივები და მორალურები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე… დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა ფაცებოოკ-ი, ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ “სიხარულს”, მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ, აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რომელიც მაინც მრჩება, როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებააა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას და, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!” _ წერს მანანა კობახიძე.

მკაფიო პოზიცია საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოხატეს. საქართველოს პატრიარქმა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. თუმცა პოლიტიკოსებს შორის ჰომოსექსუალთა ქორწინების მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ. მაგალითად, პარლამენტარმა თამარ კორძაიამ ლგბტ პირების ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისი განცხადებით, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის არგუმენტები, რომლებიც სასამართლომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რათა ეს პრაქტიკა საქართველოს მსგავს ქვეყნებში სათანადოდ გაიაზრონ”.

შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქართველი პარლამენტარები და დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოში ერთსქესიან წყვილებს შორის ქორწინებას. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია, თუმცა რამდენიმე მათგანმა, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, პირდაპირ პასუხს, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოში ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას, თავი აარიდა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო გაცილებით დიდი პრობლემების წინაშეა.

 “საქართველო და მსოფლიო” საქართველოს პარლამენტის წევრებს ესაუბრა.

სოსო ჯაჭვლიანი:

_ ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალებს შორის ქორწინების დაკანონება ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იქნება. ისე, საინტერესოა, როდესაც ეს უფლებადამცველები ლგბტ პირების უფლებებზე საუბრობენ, ბავშვების უფლებები რატომ ავიწყდებათ. იმ ბავშვის უფლებებზე რატომ არავინ ფიქრობს, ეს წყვილები რომ იშვილებენ? ბავშვის უფლებები არ ირღვევა, დედას რომ ჯემალი ჰქვია და მამას მანანა?! ასე რომ, როდესაც საკუთარ უფლებებს იცავ, სხვისი უფლება არ უნდა დაარღვიო. ეს ადამიანები უკვე ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებებს არღვევენ, რადგან იმის მიღებას მაიძულებენ, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე ხომ არავის ვაძალებ, რომ გინდა თუ არა, უნდა გიყვარდე და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც მე ვიქცევიმეთქი და მე რატომ მაძალებენ?!

ამას გარდა, როდესაც ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში ჰომოსექსუალები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მათ არავინ ჩაგრავდა და არაფერს უშავებდა. უამრავ მაგალითს ჩამოგითვლით, ხელოვნების თუ სხვა სფეროში წარმატებული ასეთი ადამიანებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თავს მშვენივრად გრძნობდნენ. მხოლოდ სერგო ფარაჯანოვისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავის _ ვახტანგ ჭაბუკიანის მაგალითი იქნება საკმარისი. ფარაჯანოვი, როდესაც ის ციხიდან გაათავისუფლეს, არც ერთმა იმ ქვეყანამ არ მიიღო, ახლა ნოტაციებს რომ გვიკითხავს, ხოლო რეზო ჩხეიძემ საქართველოში ჩამოიყვანა და ფილმები გადააღებინა. ქვეყანაში, ახლა რომ ჰომოსექსუალთა ქორწინებას აკანონებს და ჭკუას გვასწავლის, ავტობუსში ფერადკანიანების გვერდით დღემდე არ სხდებიან, საფრანგეთში 70-80-იან წლებამდე გილიოტინაზე კვეთდნენ თავს, დღემდე აშშის ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯის კანონი არ გაუქმებულა და ახლა ჩვენ გვასწავლიან, რომ თურმე ტოლერანტულები უნდა ვიყოთ!

ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებას ასე ვეტყოდი: ხომ არ სჯობდა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სიკვდილით დასჯა გაგეუქმებინათ? ქართველი ერი ნებისმიერი რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის მიმართ ტოლერანტულია. ასე რომ, მშვიდობაში მოახმაროს მსოფლიოს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ საქართველოში თუ საკითხი წამოიჭრა კი არა, უბრალოდ, საუბარიც დაიწყო ამ თემაზე, ჩემი განწყობა, რა თქმა უნდა, უარყოფითი იქნება.

გიორგი ცაგარეიშვილი:

_ ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

_ თუ ეს საკითხი საქართველოს არ ეხება, როგორ ფიქრობთ, რატომ შეშფოთდა საქართველოს მოსახლეობა?

_ ეს შეშფოთება და აღშფოთებაც ბუნებრივია, რადგან ამგვარი ცხოვრების წესი ჩვენთვის მიუღებელია, ეს ჩვენში არ არის დამკვიდრებული და ღმერთმა არ ქნას, ოდესმე დამკვიდრდეს. აქედან გამომდინარე, მე მესმის ხალხის აღშფოთება.

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მას დიდი ზეგავლენა აქვს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მსოფლიოზე და, მით უმეტეს, საქართველოზე, ამიტომ ვნებათაღელვა ამანაც გამოიწვია. ბუნებრივია, ვშფოთავთ, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყანა ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აშშ აქვს უფლება, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, ისე მოიქცეს, ისევე, როგორც საქართველოს აქვს უფლება, ამგვარი ღირებულებები არ გაიზიაროს, ვინაიდან ეს ჩვენს მენტალობას, ხასიათს, მორალს, ცხოვრების წესს არ შეესაბამება. არ მინდა, ვინმეს მორალი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ან უარყოფითად შევაფასო, მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველო შორს არის ქცევის ასეთი წესისგან და ეს საზოგადოებას ხელოვნურად არ უნდა მოახვიო თავს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები მომწიფდა ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და, ღმერთმა არ ქნას, საქართველო ოდესმე ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ქართული ხასიათისთვის ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა. ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის უარყოფითი იქნება.

_ თუმცა თქვით, რომ აშშის დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. როგორ შეძლებს საქართველო, ამ ყველაფერს წინ აღუდგეს?

_ შემიძლია, უახლოესი წარსულიდან ხორვატიის მაგალითი გავიხსენო, რომელმაც ევროკავშირში მიღების წინ რეფერენდუმი ჩაატარა და ხორვატიის კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია. ასე რომ, თუ მტკიცედ დავდგებით, ვიტყვით, რომ ამგვარი ქცევა შეუსაბამოა ჩვენი ცხოვრების წესისთვის, თავს ძალით ვერაფერს მოგვახვევენ. ვთქვათ მტკიცედ, რომ ის, რაც აშშ-სა თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, საქართველოში არ მოხდება.

თუმცა უნდა აღვნიშნო, ჩემი ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები უნდა დავარღვიოთ, ვცემოთ და შეურაცხვყოთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ოჯახში არავინ არავის არ უნდა შეეჭრას.

ვიქტორ დოლიძე:

_ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პირები ავადმყოფები არ არიან და მათი დისკრიმინაცია ყოვლად მიუღებელია, სწორედ ამიტომ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც მხარი დავუჭირეთ, მაგრამ, რაც შეეხება ქორწინების საკითხს, ვფიქრობთ, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის შესაძლებელი.

_ აშშ სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის განცხადებით, აშშ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა მიბაძოს და ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება ყველგან უნდა ჰქონდეთ

_ თუ კაცები დაქორწინდებიან, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კომბლებით დავედევნებით, მაგრამ ქორწინება მისაღებია მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის.

_ და მაინც, უახლოეს მომავალში, საქართველოში რომ წამოიჭრას ეს საკითხი, დაუჭერთ მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას?

_ მე მხარს არ დავუჭერ. ეს არ არის არც ირაკლი ალასანიას, არც ჩვენი პარტიის განცხადება, ეს ჩემი პირადი პოზიციაა. ჩემთვის ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია.

მიხეილ მაჭავარიანი:

_ ჩვენ ეს პრობლემა დღეს არ გვაქვს და აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება რატომ უნდა შევაფასო? ვფიქრობ, ჩემი შესაფასებელი არ არის.

_ თუ ეს საკითხი არ ეხება საქართველოს, როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია აშშის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ჩვენი საზოგადოების შეშფოთება?

_ ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ დღეს ეს პრობლემა გვაქვს. აშშ-ში რას იზამენ, მათი გადასაწყვეტია და იქაც არის ზოგიერთი შტატი, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ იზიარებს და არ მიმაჩნია, რომ ახლა ეს ის პრობლემაა, რომელზეც მე უნდა ვისაუბრო.

_ საქართველოში დღის წესრიგში რომ დადგეს ეს საკითხი, თქვენ მხარს დაუჭერთ ერთსქესიანთა ქორწინებას?

_ ახლა არ დგას ეს საკითხი საქართველოს წინაშე. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლამ შეუქმნა ქვეყნის მოქალაქეებს. ქვეყანაში უმუშევრობაა, კრიმინალი, მაღალი ფასები, ეს საკითხები უფრო მაღელვებს.

_ ამ საკითხებსაც ვაშუქებთ, მაგრამ, თუ მოვლენებს გავაანალიზებთ, შესაძლოა, შორს აღარ იყოს ის დღე, როცა საქართველოც დადგება არჩევანის წინაშე. ამ საკითხზე პოზიცია ხომ გაქვთ?

_ არა, საქართველოში ეს საკითხი ნამდვილად არ წამოიჭრება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში ამას ვერ ვხედავ. ჩვენს ქვეყანაში მთავრობის უნიათობა და არაეფექტიანობა უფრო პრობლემაა, ვიდრე ის, აშშ-ში რა გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნული საკითხი აშშ-ის შიდა პოლიტიკური პრობლემაა და არ მიმაჩნია, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო.

ზურაბ აბაშიძე:

_ სხვა სახელმწიფო რას გადაწყვეტს ან როგორ მოიქცევა, ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის არის შესაძლებელი.

_ საქართველოც რომ აღმოჩნდეს არჩევანის წინაშე, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

_ მჯერა, რომ ქორწინება მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ.

გოგი თოფაძე:

_ ქართველებს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა გვაქვს და პრემიერმინისტრმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია. ორი მამაკაცისთვის ქორწინების უფლების მინიჭება დაანგრევს მართლმადიდებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. წარმოუდგენელია, ეს საქართველოში მოხდეს.

სხვათა შორის, როგორც ვიცი, სწორედ აშშ-ის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გამო, ტეხატის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გასვლით იმუქრება. ევროპის იმ ქვეყნებში კი, რომლებშიც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, ხალხი ძალიან აღშფოთებულია. მე ნამდვილად წინააღმდეგი ვიქნები, საქართველოში ჰომოსექსუალებმა იქორწინონ. არ შეიძლება, ჩვენი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ეს დაკანონდეს. მე და ჩემი თანაგუნდებელი უარს ვიტყვით.

_ ამერიკაც და ევროპაც ჩვენი პარტნიორები არიან და არ ფიქრობთ, რომ ხვალ და ზეგ ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს?

_ არა მგონია. თუ ევროკავშირისკენ გვაქვს გეზი აღებული, ცხოვრების ამგვარი წესი ევროპაშიც ბევრისთვის არის მიუღებელი და ბევრმა ქვეყანამ თავადაც არ მიანიჭა ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება. აშშ დღეს, ფაქტობრივად, მსოფლიო პოლიტიკას წარმართავს, მაგრამ საქართველოსთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება.

ზურაბ ტყემალაძე:

_ ამერიკის შეერთებული შტატები თავის ქვეყანაში გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, თავად იღებს, მაგრამ საქართველოში მსგავსი ცხოვრების წესის დაკანონება ყოვლად მიუღებელია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ერთი სქესის პირებს შორის ქორწინების თაობაზე მე მხარს არ დავუჭერ. არც მგონია, ეს საკითხი წარმოიჭრას, მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ჩვენ ამას კატეგორიულად არ დავუშვებთ.

ეს დალოცვილები რომ გაიძახიან, გენდერი დაიცავითო, მაინცდამაინც ცოლქმარს შორის არ უნდათ გენდერის დაცვა? ან რომ აცხადებენ, კვოტები დავაწესოთ და მინისტრების ნახევარი ქალები იყვნენო _ ეს არ არის მამაკაცების უფლებების შეზღუდვა?! ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?!

კარლო კოპალიანი:

_ ამ საკითხის მიმართ ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების მქონე ერი და, ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, ჩვენთან მსგავსი ქორწინება არ დაკანონდება. ეს გენეტიკაში გვაქვს. რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

_ თუმცა, აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება.

_ არ მაინტერესებს, რა განაცხადა ჯონ კერიმ, მაინტერესებს, რა თქვა ჩვენმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვეთანხმები მის მოსაზრებას, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის კავშირი. შეიძლება გამონაკლისიც იყოს, ვისაც ადამიანის თავისუფლება სხვაგვარად ესმის, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ გარყვნილება თავისუფლებაა. ღმერთმა ქალი და კაცი გააჩინა და, თუ ღმერთს უარვყოფთ, არ ვიცი.

მართალია, ევროპის ბევრ ქვეყანაში მიანიჭეს ლგბტ პირებს ქორწინების უფლებება, მაგრამ, ვინაიდან აშშ დომინანტი ქვეყანაა, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ რეზონანსი გამოიწვია.

დავით დარჩიაშვილი:

_ მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ადამიანებს ქორწინების უფლება კი არ მიანიჭა, არამედ მიიჩნია, რომ მათთვის ამის აკრძალვა აშშ-ის კონსტიტუციის შესაფერისი არ იყო.

_ თუმცა ფაქტია, ჰომოსექსუალ წყვილებს ოფიციალური ქორწინება აქამდე აკრძალული ჰქონდათ

_ მათ ჩათვალეს, რომ აშშ-ის კონსტიტუციიდან გამომდინარე, ასეთი აკრძალვა არ არის მათი კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისი.

_ როგორია თქვენი პოზიცია _ ეთანხმებით ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას?

_ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქორწინება არ არის მართებული სიტყვა. აქ საუბარია სამოქალაქო რეგისტრაციაზე და, ვისაც როგორ უნდა, ისე დარეგისტრირდეს.

_ აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება ყველა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ. საქართველოც რომ დადგეს არჩევანის წინაშე, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

_ დღეს ჩემთვის მთავარი საკითხი, რომელიც ქვეყანაში დგას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა და, ერთსქესიანთა ქორწინებაზე აქცენტირება მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

_ მაგრამ, ბატონო დავით, ახლა ამ კონკრეტულ საკითხზე ვსაუბრობთ. თქვენ თუ დაუჭერდით მხარს ამ გადაწყვეტილებას?

_ კიდევ ვიმეორებ, რომ აქცენტი იმ საკითხებზე, რომლებიც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, არ არის მიზანშეწონილი. უბედურება სწორედ რუსეთიდან მოდის, რომელიც მართლმადიდებლობით მანიპულირებს.

_ თუმცა ჩვენმა პატრიარქმაც შეცდომა უწოდა ამ გადაწყვეტილებას

_ მგონი, გასაგებად გიპასუხეთ, რომ, ჩემი აზრით, საქართველოსთვის საფრთხე რუსეთიდან მოდის და არა _ დასავლეთიდან. ჩემი პირადი არჩევანია, ადამიანის უფლებები… ისე, ნათქვამია: “ვის მღვდელი მოსწონს და ვის _ მღვდლის ცოლიო”.

შოთა ხაბარელი:

_ ჩვენ ცხოვრების ასეთი წესის დასაკანონებლად ჯერ მზად არ ვართ და მე, პირადად უარყოფითად ვაფასებ აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

_ არ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში, საქართველოშიც შეიძლება დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში?

_ ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დადგება და, თუ მაინც ასე მოხდა, ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას მხარს არ დავუჭერ.

_ რა საფრთხეს ხედავთ, თუ საქართველოში ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინება დაკანონდება?

_ რას ჰქვია, რა საფრთხეს ვხედავ, ეს ყველა მიმართულებით ძალიან დიდი საფრთხეა! როგორ შეიძლება, ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა ადამიანმა, მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ბავშვის აყვანის უფლება როგორ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს?! როგორ შეიძლება, ბავშვს მამა ქალი ჰყავდეს, ხოლო დედა _ კაცი?! ეს ხომ ბავშვის უფლებების დარღვევაა!

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here