Home რუბრიკები პოლიტიკა ერი და ბერი + ახალი მერი

ერი და ბერი + ახალი მერი

616

არჩევნების მეორე ტურმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. ,,ქართულმა ოცნებამ» კონკურენტი პარტიების ოცნებებს ბულდოზერით გადაუარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის დომინირებას პოლიტიკურ არენაზე რეალური საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება. ეს არ იყო მაღალტექნოლოგიური გამარჯვება, რომლითაც შეიძლება პოლიტიკურმა კონსულტანტებმა იამაყონ, თუმცა ეს უმნიშვნელო ნიუანსია _ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თუნდაც მათი წინასაარჩევნო კამპანია ნაკლებად ნიჭიერი იყოს.


თბილისის მერიის ისტორიაში მთელი ეპოქა სრულდება. სააკაშვილის მმართველობის წლებში მერია საბიუჯეტო მაროდიორობისა და პოლიტიკური კორუფციის ბუდედ გადაიქცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში  დამარცხების შემდეგ «ნაციონალებმა» იქ თავისებური «საკადრო ნაკრძალი» და ძალზე უცნაური პარალელური პოლიტიკური რეალობა შექმნეს, რომელიც ახლა არსებობის ბოლო საათებს ითვლის. ცხადია, არავის აქვს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ნარმანია ავგიას თავლას ჰერაკლეს მონდომებით გაწმენდს, თუმცა ბევრი რამ, სავარაუდოდ, მალე შეიცვლება. «მუშაობას ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიდნენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც გაფორმებული იყვნენ სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოში, სხვადასხვა უწყებაში და დატვირთული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, თბილისის მერიაში ვერ იქნებიან. შემიძლია ძალიან მკაცრად ვთქვა: თითოეული ადამიანი, რომელიც არის კვალიფიციური, როცა გამოცხადდება ვაკანსიები, დაიკავებენ იმ ადგილს, რომელსაც ელოდებიან», _ განაცხადა დავით ნარმანიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ (ინტერპრესნიუსი).

არაერთგზის ითქვა, რომ «ნაცმოძრაობა» «ელექტორალურ რეზერვაციაში» მოექცა, რომლის საზღვრების გაფართოება არ ძალუძს და, ალბათ, საინტერესო იქნება დაფიქრება იმაზე, რა მოხდება ახლო მომავალში ამ «რეზერვაციაში». საპრეზიდენტო არჩევნებში ბაქრაძემ თბილისში 92 693 ხმა მიიღო, ხოლო მელიამ მერის არჩევნებში _ 92 125 პირველ ტურში და 84 350 _ მეორეში. ამომრჩევლების აქტიურობის მაჩვენებელს ამ შემთხვევაში  ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან სამივე შემთხვევაში ყოფილი მმართველი პარტიის ელექტორატი თითქმის 100%-ით მობილიზებული იყო. «ნაციონალები» ვერ ზრდიან მხარდამჭერების რაოდენობას, მაგრამ ბოლო დრომდე ინარჩუნებდნენ ერთგვარ «ბირთვს», რომლის შიგნით ახლო მომავალში შეიძლება საინტერესო პროცესები დაიწყოს. საქმე ისაა, რომ ამ «ბირთვის» მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომელთა შემოსავალი დაკავშირებული იყო მერიასთან და მის სამსახურებთან, საუბარია დაბალი რანგის მოხელეებზე, საბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროზე მიბმულ კოორდინატორებზე, ზონდერებზე, «ვარდისფერი ინტელიგენციის» წარმომადგენლებზე და ა. შ. მიხეილ სააკაშვილის თქმის არ იყოს (ახლა საზეიმო ვითარებაში დავუბრუნებთ 2007 წლის ფრაზას), ეს «ყოფილი გაიშნიკები» ახლო მომავალში სერიოზული არჩევანის წინაშე დადგებიან. თუ ადრე მათ შემოსავალს, თბილისის მერიის «პარალელურ რეალობაში», «ნაციონალური მოძრაობის» ერთგულება უზრუნველყოფდა, ახლა შეიძლება ჩათვალონ, რომ მისი შენარჩუნების საწინდარი ყოფილი პატრონებისგან დროული გამიჯვნაა. წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება გაშიფრონ მათ დავით ნარმანიას განხილული განცხადება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ წერილის ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, დაკვირვებოდა ერთი, არცთუ დაბალი რანგის პოლიციელის და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ ტრანსფორმაციას. ადრე სააკაშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. სიმართლე გითხრათ, მათზე თანმიმდევრული, ნერვულად აღგზნებული და ყველაფერზე ხელის მომწერი «მიშისტები» არ მინახავს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი თავდახრილები დადიოდნენ და, სავარაუდოდ, კოგნიტურ დისონანსს ებრძოდნენ. იმ პოლიციელს საკადრო წმენდა არ შეხებია (არადა, მიქარული ნამდვილად აქვს) და ძალიან მალე მართლმორწმუნე «ბიძინისტად» ჩამოყალიბდა, ისევე, როგორც მისი ოჯახის დანარჩენი წევრები. უბრალოდ, უნდა ნახოთ, როგორი მოწიწებით ახსენებენ ისინი «ბატონ ბიძინას» და, რომ მიუშვა, არათუ «ნაციონალების», მერყევი «მეოცნებეების» ცოცხლად გატყავებას დაიწყებენ. ეს ერთდროულად სასაცილოცაა და გულისამრევიც, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ: თბილისის მერიაზე მიბმულია არაერთი ასეთი ტიპი, რომლებიც მალე ახალი რეალობის მიმართ ადაპტირებას შეეცდებიან. იდეოლოგია აქ საერთოდ არაფერ შუაშია, ამ კატეგორიისთვის მთავარია ფული და სტაბილური სოციალური სტატუსის განცდა (თქმული ეხება არამხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებსაც, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით).

ამ ადამიანების ვნებები წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს «ერთიანი ნაციონალური ბირთვის» დეზინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, რომლითაც შეიძლება დაკავდეს არამხოლოდ მმართველი კოალიცია, არამედ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც «ნაცმოძრაობას» ქვეყნისთვის მომაკვდინებელ საფრთხედ განიხილავს. თუმცა აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გააზრება _ როდესაც ომში მოწინააღმდეგის მსხვილ დაჯგუფებას ალყაში აქცევენ, მთელ პერიმეტრზე კი არ აწვებიან, არამედ ცდილობენ, მიზანმიმართული დარტყმებით რამდენიმე, ერთმანეთისგან იზოლირებულ ნაწილად დაშალონ, რომელთა განადგურება გაცილებით იოლია. ახლა მსგავსი სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში შეიქმნა. დღეს ძველი რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის, შესაძლოა, გაცილებით აქტუალურია არა ზოგადი ბრძოლა «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ, არამედ მისი ბირთვის დეზინტეგრაციის, ცალკეულ ნაწილებად დაშლის ხელშეწყობა. ეს ძნელად შესამჩნევი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსია.

სურს თუ არა «ქართულ ოცნებას» «ნაცმოძრაობის» ამოშანთვა პოლიტიკური სივრციდან, როგორც ამას მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი მოითხოვს? პოლიტტექნოლოგიის ცინიკური გადასახედიდან «ნაცმოძრაობა» ძალზე კომფორტული ოპოზიციაა, რომელიც არჩევნებში აპრიორი ვერ გაიმარჯვებს, თუნდაც «ქართული ოცნება» მნიშვნელოვნად დასუსტდეს. «ნაციონალების» ლიდერები ერთი და იმავე ტაქტიკური შაბლონების მიხედვით მოქმედებენ და განსაკუთრებულ საფრთხეს ამ ეტაპზე ნამდვილად არ წარმოადგენენ. მაგრამ თუ სიტუაციას ქართული დემოკრატიის და ზოგადად სახელმწიფოს განვითარების რაკურსით შევხედავთ, ბევრი ჩვენგანი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ «ნაცმოძრაობის» განადგურება აუცილებელია (ცხადია, ლეგიტიმური პოლიტიკური მეთოდების და არა გილიოტინის გამოყენებით). პარტია, რომელიც ორიენტირებულია სადისტური დიქტატურის რესტავრაციაზე, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დემოკრატიული სისტემის ორგანული ნაწილი და ასეთად მისი გადაქცევის მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში კრახით და განვითარებისთვის აუცილებელი დროის დაკარგვით დასრულდება. ალბათ, თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა ჩამოყალიბდეს,  «ნაციონალურ მოძრაობას» ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად აღიქვამს თუ უდიდეს პრობლემად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯა «ქართული ოცნების» საკვანძო წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი შესრულების გარეშე, ყველაფერი დანარჩენი აზრს კარგავს. მარტივად რომ ვთქვათ, არავის სჭირდება კატა, რომელიც მხოლოდ ჭამს, კნავის, თაგვებს კი არ (თუ ვერ) იჭერს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მმართველმა კოალიციამ წარმატებას მიაღწიოს, თუ მიზნად ყოფილი მმართველი პარტიის ლიკვიდაციას დაისახავს. მისთვის არანაკლებ და, შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის «შავი სალაროს» და პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ეტაპობრივი შემცირება. აქაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტრატეგიას წამოადგენს დღესდღეობით ერთიანი «ბირთვის» სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაპირისპირების ხელშეწყობა (უპირველესად, მერკანტილური ინტერესების ნიადაგზე). პრინციპში, აქ შეიძლება საკმაოდ პერსპექტიული გამოდგეს კონფლიქტის «ვიეტნამიზაციის» იდეა («ავღანიზაციის», «ჩეჩენიზაციის» და ა. შ.), პრინციპით «კარგი ვიეტნამელები _ ცუდი ვიეტნამელების წინააღმდეგ», შესაბამისად, «კარგი «ნაციონალები» _ ცუდი «ნაციონალების» წინააღმდეგ». სააკაშვილის ზოგიერთმა თანმიმდევრულმა მოწინააღმდეგემ შეიძლება თქვას: «კარგი «ნაციონალი» ვის გაუგონია?», თუმცა ბრძოლის ახალი ეტაპის ლოგიკამ შეიძლება სწორედ მსგავს სქემაზე გადასვლა მოითხოვოს. თუ რომელიმე «ნაციონალი» თავისი მოქმედებით ხელს შეუწყობს პარტიის «შავი სალაროს» ნაწილის ნეიტრალიზებას ან კრიზისის დაწყებას მისი პროპაგანდისტული მანქანის შიგნით, რატომ არ შეიძლება მას «კარგი» ეწოდოს, მსუბუქი გადაცდომები ეპატიოს და პარტიის ყბადაღებული ოქროს მცირე ნაწილი დარჩეს?! რა მოიტანს უფრო დიდ წარმატებას ამ ეტაპზე: ფრონტალური შეტევები თუ ფარული მაკიაველისტური კომბინაციები? ძნელი სათქმელია, თუმცა მოდელირება ამ ნიადაგზე უდავოდ საინტერესოა. მომენტიც შესაფერისია _ იმ რღევისა და ვნებათაღელვის ფონზე, რომელიც თბილისის მერიაზე მიბმულ ნაციონალურ კოჰორტაში დაიწყო.

დამღლელი, სამი ეტაპისგან შემდგარი საარჩევნო მარათონის შემდეგ «ქართულმა ოცნებამ» მიაღწია პრაქტიკულად სრულ კონტროლს ხელისუფლების ყველა რგოლზე. მართალია, სასამართლო ხელისუფლებაში ჯერ კიდევ რჩება სააკაშვილის ჯგუფის რამდენიმე პლაცდარმი, თუმცა მათ წარმოჩენას გლობალური ხასიათის პრობლემად მმართველი კოალიცია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს და, შესაძლოა, ამის გაკეთებას არც შეეცდება. «ნაციონალების» მხრიდან საბოტაჟის თემა ბოლო თვეებში უკვე საკმაოდ ცუდად მუშაობდა (რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საბოტაჟს ადგილი არ ჰქონია), ხოლო მომავალში, სავარაუდოდ, საერთოდ არ იმუშავებს. მთელ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ქვეყანაში ახლო მომავალში მოხდება, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ «ქართულ ოცნებას» დააკისრებს. «ნაცმოძრაობის» ნარჩენები სხვადასხვა სტრუქტურაში მისთვის მეხამრიდის ფუნქციას ვეღარ შეასრულებენ, როგორც ეს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთგზის მომხდარა. მმართველი კოალიცია ამომრჩევლების პირისპირ დარჩა; თავდავიწყება სწორედ ახლა იწყება.

რაოდენ დიდი მნიშვნელობაც უნდა ჰქონდეს პარლამენტსა და მთავრობას, მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ სტრუქტურებთან უწევს. მოსახლეობის კომუნიკაცია გამგეობებისა და მერიის თანამშრომლებთან ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მთავრობამ ყველა სფროში მსოფლიო რეკორდები რომც დაამყაროს, ადგილობრივი რგოლის დაბალი რანგის ერთი სახელმწიფო მოხელის უგულობამ და უყურადღებობამ შეიძლება მოქალაქეების ცნობიერებაში მთელი პოზიტივი გადახაზოს და ათასობით ამომრჩეველი ხელისუფლების მტრად გადააქციოს. უგულავამ, თავის დროზე, სწორედ უგულო მერია შექმნა. სასურველია, დავით ნარმანიამ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციოს; მერიამ თბილისელებთან ჩვეულებრივი, ადამიანური დიალოგი უნდა დაიწყოს და ყურადღებით მოუსმინოს მათ. ესაა მთავარი, დანარჩენს კი როგორმე მოევლება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here