Home რუბრიკები საზოგადოება რას ითხოვს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი «ქართული ოცნებისგან»?

რას ითხოვს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი «ქართული ოცნებისგან»?

975

ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს, სახელმწიფო ბრალდებისა და ადვოკატურის ინსტიტუტის წარმომადგენელთა მეშვეობით. როგორც პროკურორის, ისე ადვოკატის დასაბუთებული არგუმენტები სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია თვით სასამართლო ხელისუფლება, რომელიც უზენაესი და დამოუკიდებელი რგოლია და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მის საქმიანობაში და ზეგავლენა მოახდინოს მასზე მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში. კანონი ყველა დროში კანონი უნდა იყოს და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული ცალკეულ პირთა მხრიდან პირადი ანგარიშსწორებისთვის.


2003 წელს ხელისუფლებაში მოსული «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერების და მათთან დაახლოებული პირების: მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის, დავით ბეჟუაშვილის, თეიმურაზ ალასანიას მითითებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ _ ი. ოქრუაშვილი, გ. ლაცბიძე, პ. ჯაველიძე, პ. ტყეშელაშვილი (აწ. გარდაცვლილი) _ ჩემ მიმართ უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღძრა სს საქმე, რითაც დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-17 მუხლის მოთხოვნები. ასევე უხეშად დაირღვა საქ. სსს კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.

გამოგონილი, დაუსაბუთებული მოტივაციით შექმნეს სს საქმე, წამიყენეს ბრალი, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ მიერვე მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს და გადააგზავნეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სს საქმეთა პალატის მოსამართლეებმა: ბ. ხიმშიაშვილმა, თ. ლალიაშვილმა, მ. ისაევმა, ა. ტყეშელაშვილმა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა: ნ. ჭანიშვილმა, ტ. ზამბახიძემ, მ. ბებიაშვილმა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა: შ. კობერიძემ, გ. ქაჯაიამ და ნ. ქადაგიძემ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 82-ე მუხლის 3-ე ნაწილი და 84-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ» მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ორგანული კანონის «საერთო სასამართლოების შესახებ» მე-7 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსს კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი, 49-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილი, 503-ე მუხლის მე-2 და 508-ე მუხლის პირველი ნაწილი, ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ მე-6 და მე-13 მუხლების მოთხოვნები; დაუსაბუთებლად, უკანონოდ გამომიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და აღმიკვეთეს თავისუფლება 6 (ექვსი) წლით.

«ნაციონალების» რეჟიმის შეცვლის შემდგომ, როგორც ყველას, მეც გამიჩნდა იმედი, რომ შევძლებდი ჩემი პიროვნების რეაბილიტაციას და ღირსების აღდგენას. წერილობით მივმართე პრემიერმინისტრ ბ. ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე _ ე. ბესელიას, იუსტიციის მინისტრ თ. წულუკიანს და საქართველოს მთავარ პროკურორ ა. კბილაშვილს (რომელიც ჩემი ადვოკატი გახლდათ). ქ-ნი ე. ბესელია თავის მიმართვაში მთავარი პროკურატურისადმი გარკვევით მიუთითებს: … «განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ლ. კენჭაძის მიმართ სს საქმის გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვისას, სავარაუდოდ, დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, მე-3 პუნქტის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. იგი ითხოვს მის მიმართ სს საქმეზე ხელახლა გამოძიებასა და სასამართლო განხილვის ჩატარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 237- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გეგზავნებათ მსჯავრდებულ ლევან კენჭაძის დედის, რუსუდან კენჭაძის განცხადება, მასში მოყვანილი ფაქტების შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით!..

მიუხედავად ამისა, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე პროკურატურის პასუხი «კატეგორიულად სამართლიანი» და «დასაბუთებული» იყო: «პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობებს, შეცვალოს სასამართლო გადაწყვეტილება და გიპასუხოთ აღნიშნულზე! შემდეგ  წერილობით მივმართე ახალ პრემიერმინისტრს, ბ-ნ ი. ღარიბაშვილს (განცხ. #2650 17-01.2014 წ., 45 ფურცელი), წერილი (23.01.2014 #3300) გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას,  დღემდე პასუხიც კი არ მიმიღია.

პირადად შევხვდი სახალხო დამცველს, . ნანუაშვილს, გადავეცი განცხადება, პასუხი არ მიმიღია.

1978 წლიდან სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობის დროს მივიღე ყველა წოდება ლეიტენანტიდან _ გენერლობამდე. გავლილი მაქვს ყველა თანამდებობა ოცმეთაურიდან, შსს დეპარტამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურის უფროსის მოადგილისა და უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის თანამდებობის ჩათვლით. ვმონაწილეობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ვარ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული 1978-2000 წლებში საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამართალდამცავ ოპერაციებში, განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისა თუ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და დაკავების საქმეში. 1991-1992 წლებში პირადად ჩემი და გენერალ თამაზ დუმბაძის დამსახურების შედეგად დაწვასა და განადგურებას გადაურჩა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის შენობა. ასევე, რამდენიმე თანამდებობის პირი გადავარჩინე ფიზიკურ ლიკვიდაციას. წერილობითი მადლობა და სამახსოვრო საჩუქარი მაქვს მიღებული აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ბ-ნ ჯ. ტენეტისგან; ვარ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის საპატიო წევრი; პირადად ვხელმძღვანელობდი ოპერაციას, რომელსაც საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის «ვაზნის» გაუქმება მოჰყვა. 34-წლიანი სამსახურებრივი კარიერის განმავლობაში გამოცხადებული მაქვს 23 მადლობა, დაჯილდოებული ვარ 3 სიგელით, მედლით «საბრძოლო დამსახურებისთვის» და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. პირადად მაქვს მიღებული მონაწილეობა (ფიზიკური და მატერიალური) სამების ტაძრის, შავნაბადის მონასტრის, იოანე ნათლისმცემლის ტაძრის, ავჭალის მე-10 დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ. ღვითისმშობლის  ეკლესიის, საბურთალოს წმ. გიორგის  ეკლესიის, წმ.  დემეტრე თავდადებულის  ეკლესიის მშენებლობებში.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ სამართლიანობის აღდგენაში. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი თხოვნა არ დარჩება უყურადღებოდ და აღდგება სამართლიანობა. კიდევ მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა გარანტია, საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვისა.

გამოვხატავ განსაკუთრებულ პატივისცემასა და ბოდიშს ვუხდი შეწუხებისთვის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. საპატიმროში თქვენ რომ ჯვარი მაჩუქეთ, მას  შემდეგ ვცდილობ, ქრისტეს გზით ვიარო. დიდი მადლობა თქვენი და რასაკვირველია, უდიდესი მადლობა უფალს, რომლის შეწევნითაც, მჯერა, სიმართლე გაიმარჯვებს.

პატივისცემით,

ლევან კენჭაძე

P.S. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, არ გამოვრიცხავ, ჩემი «კეთილისმსურველების» გამოხმაურებებს, ჩემი დანაშაულების გამომზეურებით. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ერთს ვიტყვი მხოლოდ: თუ ჩემს რომელიმე ქმედებაში აღმოაჩენენ, რომ ვუღალატე სახელმწიფო ინტერესებს ან რომელიმე მოქალაქის კანონიერი უფლებები შევლახე და ამას დაამტკიცებენ, მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონის წინაშე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here