Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ ჯორბენაძე: 2011 წლის ბოლოს, დაზვერვის სამმართველოს დავალებით, შემაგზავნეს «ქართულ ოცნებაში». მოვახერხე...

ზურაბ ჯორბენაძე: 2011 წლის ბოლოს, დაზვერვის სამმართველოს დავალებით, შემაგზავნეს «ქართულ ოცნებაში». მოვახერხე და დავუახლოვდი არჩილ კბილაშვილს, ვუსმენდი და ვუთვალთვალებდი მას…

1310

პატივცემულო რედაქციავ!

მე, ზურაბ ჯორბენაძე, ვარ ადვოკატი, რომელმაც ხელისუფლების მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო ჩემი პროტესტი არაერთ საგაზეთო წერილსა და სატელევიზიო გამოსვლაში გამოვხატე. იმედი მაქვს, თქვენი რედაქცია დაბეჭდავს ჩემს გულისტკივილის, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ჩემსავით აწუხებს. წინასწარ გიხდით მადლობას!

პატივისცემით, ზურაბ ჯორბენაძე


ბატონო ბიძინა!

ბატონო პრემიერმინისტრო!

როცა ამ წერილს ვწერ, საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობ, რადგან ახლა ისეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ საკუთარ თავზე ფიქრი დანაშაულად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ _ სახელმწიფოს მმართველებმა და პოლიტიკოსებმა, ჩემზე კარგად იცით ამ საფრთხის რეალურობა და გამოდის, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ღალატობთ. და თუ არ იცით და ვერ გრძნობთ საფრთხეს, მაშინ გთხოვთ, საქართველოს შიგნით და გარეთ მიმოიხედოთ და ის რეალობა დაინახოთ, რომელიც საქართველოს გაქრობით და ქართველ ხალხს გადაშენებით ემუქრება.

მე მძულდა «ნაციონალური მოძრაობა», მძულდა არა იმიტომ, რომ პიროვნულად არ მომწონდა რომელიმე ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ ისინი არაადამიანური მეთოდებით ებრძოდნენ ყოველივე ეროვნულს, ქართულს, ტრადიციულს, ზნეობრივს, აწამებდნენ, კლავდნენ და აუბედურებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. მათგან გაუბედურებული ადამიანების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 330 ათასი პრობაციონერი იყო. მე ერთ-ერთი ვარ, ვინც დაუფარავად ებრძოდა იმ უსამართლობას და ტერორს, რომელსაც «ნაცმოძრაობა» ახორციელებდა წლების განმავლობაში საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. საკუთარი-თქო, ვამბობ, თორემ ეს ქვეყანა და ხალხი მათთვის საკუთარი არასდროს ყოფილა, რადგან ისინი საქართველოს, როგორც სამშობლოს, არ აღიქვამენ და ხალხს კი საერთოდ არაფრად თვლიან.

ბატონი ბიძინას პოლიტიკაში შემოსვლამ ძალიან დააფრთხო «ნაცმოძრაობა» და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სახელმწიფო მანქანა _ სოდი, კუდი და დაზვერვა, თავდაცვა და ყველა სხვა უწყება მომართული იყო ბიძინა ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» წინააღმდეგ. გარდა ამ უწყებებისა, «ნაცმოძრაობის» მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულს, აგრეთვე, აკანონებდა და ბეჭედს უსვამდა ფინანსური პოლიცია, პროკურატურის ყველა ეშელონი და სასამართლო თავისი «სახელოვანი» უსამართლო თავმჯდომარით _ კოტე კუბლაშვილით, ასევე, ზაზა მეიშვილით, ვალერი ცერცვაძითა და უამრავი უსამართლო მოსამართლით, რომელთა გვარებიც საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან. ამ უზნეობაში იყო ჩართული სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი მოხელეებით.

რამდენიმე დღის წინათ ნათია მოგელაძე შემხვდა მთავარი პროკურატურის მისაღებში. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელაღებით ებრძოდა «ქართულ ოცნებას». იმ დღეს ნათია მოგელაძე თავის სტუდენტებს მიუძღოდა წინ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩასატარებლად. რომ დამინახა, გაღიზიანდა და პროვოკატორი მეძახა. ვაი, იმ ქვეყანას, რომელშიც ნათია მოგელაძე განსასჯელის სკამზე არ ზის ან მისი მეუღლე გ. კონდახიშვილი, რომელიც ადეიშვილის დავალებით აუბედურებდა ხალხს, ახლა ამაყად დააბიჯებს და ჭკუას გვასწავლის! რამდენი ასეთი ფაქტი ჩამოვთვალო.

ბევრჯერ მითქვამს პრესით თუ ტელევიზიით, რომ მე არ ვარ «ქართული ოცნების» მტერი. ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ გითხრათ, არ შემიძლია, ხალხის გულისტკივილი რომ არ მოვიტანო თქვენამდე.

ბატონო ბიძინა,

ბატონო ირაკლი!

გადახედეთ თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების წარსულს. გაარკვიეთ, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებული ისინი, ვიდრე მაღალ თანამდებობებზე დანიშნავდით და დარწმუნებული ვარ, თვითონ აღმოაჩენთ, რომ შს სამინისტრო სავსეა ყოფილი ზონდერებით, მკვლელებით, მწამებლებით, პროკურატურა მთლიანად ნაცმოძრაობისდროინდელი პროკურორების ხელშია, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, სასამართლო სისტემას კი მთლიანად «ნაცმოძრაობა» განაგებს. საკვირველია, როგორ ენდობა თქვენი ხელისუფლება ამ კადრებს.

არ მინდოდა, მაგრამ უნდა გავიხსენო: როდესაც პატიმრობიდან გამათავისუფლეს, 2010 წლის 29 ოქტომბერს, აღკვეთის ღონისძიება შემიცვალეს თანამშრომლობის ხელწერილის დაწერის შემდეგ. გარკეულ ხანს კუდის დავალებებს ვასრულებდი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, 2011 წლის ბოლოს, დაზვერვის სამმართველოს დავალებით, შემაგზავნეს «ქართულ ოცნებაში». მოვახერხე და დავუახლოვდი არჩილ კბილაშვილს, ვუსმენდი და ვუთვალთვალებდი მას, ასევე მოვახერხე და მოვხვდი «ქართული ოცნების» დიდუბის ოფისში, სადაც კენჭს იყრიდა ბატონი ვახტანგ ხმალაძე, ასევე ვუსმენდი და ვუთვალთვალებდი მას და აუდიო და ვიდეოჩანაწერები მიმქონდა კუდში და სადაზვერვო სამმართველოში. მაგრამ მანამდე პირადად ვესაუბრე ეკა ბესელიას და ვთხოვე, შევეხვედრებინე ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც მივაწვდიდი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. ასევე, რამდენიმეჯერ შევხვდი არჩილ კბილაშვილს და მასაც ვთხოვე, რომ მოეხერხებინა ჩემი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რათა მისთვის სიმართლე მეთქვა. ახლა ვხვდები, რომ მათ არ აძლევდათ ხელს ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან, რადგან პარტია «ქართული ოცნება» ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული და ჩემი შეხვედრა თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს, რადგან ბატონ ბიძინას ვეტყოდი, ვინ ვისთან იყო შეკრული და გარიგებული. შემდეგ შეიქმნა «ქართული ოცნება», რომლის I ყრილობის დელეგატიც ვიყავი და II-ისაც. მანამდე კიდევ ერთხელ ვცადე სიმართლის თქმა და სოლოლაკში, შუშის სასახლეში მოქალაქეთა მისაღებში შევიტანე განცხადება და ვითხოვე ბატონ ბიძინასთან შეხვედრა. განცხადება შევიტანე «ქართული ოცნების» ოფისშიც. «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლისა და არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ, ისე, რომ არავის დაუძალებია, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მივედი არჩილ კბილაშვილთან და, როგორც მთავარ პროკურორს, მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დაიწყო გრიფით «საიდუმლო» გამოძიება და მე გამომძიებელს მივეცი 32-ფურცლიანი ჩვენება. მაგრამ ახლა ვხდები, რომ არც არავის აინტერესებდა გამოძიება, ვინაიდან «კოაბიტაცია» და დამნაშავე «ნაცმოძრაობის» მაღალჩინოსნების გადარჩენა გქონდათ დავალებული უცხოელი პატრონებისგან. ამას ახლა მივხვდი, რადგან თქვენმა ხელისუფლებამ ისე ლამაზად და უმტკივნეულოდ გადაარჩინა «ნაცმოძრაობის» მთლიანი შემადგენლობა, რომ ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას გასამართლება ან თუნდაც უკვე თავშესაფარმიღებული ზურაბ ადეიშვილის პასუხისგებაში მიცემა იყო ხალხის თვალში ნაცრის შეყრა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უამრავ დამნაშავეზე, რომლებიც პარლამენტში გიზით, რომლებიც პროკურატურაში დატოვეთ და დააწინაურეთ, რომლებიც პოლიციაში დააწინაურეთ და რომლებიც სასამართლოში დღესაც «ნაცმოძრაობას» ემსახურებიან. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენმა ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო იმ ათასობით მოქალაქის საჩივარი, რომლებიც პროკურატურაში შევიდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, თქვენმა ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო იმ ათასობით მოქალაქისა და ბიზნესმენის საჩივარი, რომლებიც წართმეული ფულის, ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებას ითხოვდნენ. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ საზოგადოებაში ხმები დადის, რომ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გაურიგდნენ დამნაშავეებს, გაიყვეს მათთან ფული და ბიზნესი და ამიტომაც არ შეიცვალა არაფერი. ძალიან გამიხარდება, თუ კი დაამტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის. ახლა კი ძირითად საკითხზე ვისაუბროთ, რის გამოც ამ წერილის დაწერა გადავწყვიტე.

ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გილოცავთ!

მინდა, მიხაროდეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, აღარ მიხარია. რადგან ვაცნობიერებ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამ კიდევ უფრო გაზარდა საფრთხე, რომ ქვეყანა თავზე დაგვექცევა. ამ საფრთხეს ზრდის ისიც, რომ თურმე თქვენი ხელისუფლებაც, ისევე, როგორც «ნაცმოძრაობა» საკუთარ ხალხს ატყუებს და უმალავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებით აიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვარ «ქართული ოცნების» მტერი, არც არავის დავალებების შემსრულებელი. თუ დაინტერესდებით და ჩემს მდგომარეობას შეისწავლით, ნახავთ, რომ ოთხი წელიწადია, მძიმე მდგომარეობაში ვარ _ ყველაფერი დაყადაღებული მაქვს და არც ჩემთვის არ აღდგენილა სამართლიანობა. მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, თქვენ ქვეყანას და ხალხს მიხედეთ.

ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ლონდონიდან გვმოძღვრავდა, გულზე მჯიღს ირტყამდა სიხარულით, ასოცირების ხელშეკრულება ჩემი დამსახურებააო, გულს მირევს. სააკაშვილი თქვენს ხელისუფლებას უნდა გაესამართლებინა ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლებიც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ არ გაასამართლეთ და ახლა ლონდონიდან, ამერიკიდან, კიევიდან დაგვცინის და ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრება, ხოლო მასზე არანაკლებ დამნაშავე ადეიშვილი და კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას. ესეც შერჩათ, ასევე შერჩათ ის მილიონობით დოლარი, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მოპარეს. თუ «ნაცმოძრაობა» ხელისუფლებაში მობრუნდა, არც თქვენ და არც თქვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არაფერი გემუქრებათ, რადგან, როგორც ჩანს, თქვენც და მათაც ერთი დამრიგებლები და პატრონები გყავთ ევროპასა და ამერიკაში. ასე რომ, თუ «ნაცმოძრაობა» ხელისუფლებაში მობრუნდა, თქვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც შერჩებათ ის ასიათასობით პრემიები, ის ასიათასიანი მანქანები და სხვა კომფორტი, რომლებიც ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში ხალხის ხარჯზე მიიღეს, მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ, იმ მოქალაქეებმა რაღა ქნან, რომლებმაც ხელისუფლებაში მოგიყვანათ? თუ მხოლოდ იმით დავკმაყოფილდეთ, რომ აღარ გვაპატიმრებთ, აღარ გვაწამებთ, აღარ გვცემთ და რუსეთის აგენტებს აღარ გვეძახით?! თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ «ნაცმოძრაობის» გადარჩენა აუცილებელია. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, სადამდე ველოდეთ დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას?!

მაგრამ ამაზე ბოლოს გეტყვით. ახლა ისევ ასოცირების ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ. გარდა იმისა, რომ ეს ხელშეკრულება «ნაცმოძრაობის» დროს ყოფილა მომზადებული, საქართველოს მოსახლეობისთვის სრულიად უცნობია, რა ვალდებულებებზე მოაწერეთ ხელი. ჩემი აზრით, იგი შეიცავს ორ ძირითად საფრთხეს: ერთი წმინდა ეკონომიკურია და ბევრი კვალიფიციური ეკონომისტი დამეთანხმება, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს არც მძიმე და არც მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა კი თითქმის განადგურებულია. ასეთ პირობებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს უკუშედეგს _ უცხოური პროდუქცია წალეკავს ჩვენს ბაზრებს, ადგილობრივი პროდუქცია კი ჩაკვდება. ასევე უშედეგოა ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან ევროპაში, ვინაიდან ჩვენთან წარმოებული, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთოდ ვერ მოხვდება ევროპის ბაზრებზე, რადგან, ჯერ ერთი, ევროპულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, და მეორეც _ არც ერთი ევროპული ქვეყანა არ შეუშვებს თავის ბაზარზე ჩვენთან წარმოებულ იაფ პროდუქციას.

მეორე საფრთხე კი წმინდა პოლიტიკურია _ ეს არის ევროპისა და ნატოსკენ სწრაფვის გამო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხე. არ ვარ რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მაგრამ ვხედავ, რომ რუსეთი არ გვაპატიებს მისი სტრატეგიული ინტერესების გაუთვალისწინებლობას და ნატოსთან დაახლოებას, რაც დასრულდება იმით, რომ რუსეთი უკვე დე იურე, რეფერენდუმის გზით, მიიერთებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერანაირი ძალით ვეღარ დავიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. ძალიან მაშინებს ამის თქმა, მაგრამ მგონია, რომ თქვენ უკვე დათანხმდით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ევროპასა და ნატოში შესვლას, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს კი უფრო საშიშია, რადგან რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, თუ ნატო და ევროპა არ დაგვეხმარება, რაც უკვე მოხდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთი რამდენიმე საათში გადაგვივლის; ხოლო, თუ ნატო და ევროპა სამხედრო დახმარებას გაგვიწევს, მთელი ერი ამოწყდება ამ უთანასწორო ომში. მერე კი ჩვენს მიწაზე დასახლდებიან ჩინელები, თურქები, არაბები, ირანელები და ასოცირებული ევროპელები და ამერიკელებიასეთი პერსპექტივა არ გვაძლევს ხელს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს, თორემ, თქვენ რა გიჭირთ, გაიქცევით საზღვარგარეთ, «ნაცმოძრაობასავით» შეგვატოვებთ მტერს და ბაქრაძესავით ჩანგლებითა და ჯოხებით ბრძოლისკენ მოგვიწოდებთ. მგონი, ამას მაინც ისწავლიდით «ნაცმოძრაობისგან» ამ წელიწადნახევრიანი კოაბიტაციის პერიოდში.

ამ ყველაფერში კი სამწუხაროა ის, რომ «ნაცმოძრაობამ» გაიმარჯვა და ჩვენ დავმარცხდით. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენი აღარ არის და უცხო ქვეყნის, კერძოდ, ამერიკის კარნახით იმართება. ახლა ევროპელები კი არა, უფუნქციო მონები ვართ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში აღარაფერი გვეკითხება.

მივმართავ ხალხს: ჩემო თანამემამულენო, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების ბრძანებით და რა ენაზე ლაპარაკობთ, მეც ერთი თქვენნაირად გაუბედურებული კაცი ვარ, მჯერა, რომ ჩემს ქვეყანაში ბევრია ვაჟკაცი და პატრიოტი. მე შიშველი ხელებით ვაპირებ ბრძოლას ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ვისაც გული გერჩით, შემომიერთდით! ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი მომავლის გადარჩენისთვის!

ეს იქნება ახალი მოძრაობა სახელწოდებით «ქვეყნის მსახური _ დიდგორელები». ჩვენი ბრძოლა იქნება ენის, მამულის და თვითმყოფადობის შესანარჩუნებად, ჩვენი შვილების გადასარჩენად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად, ქვეყანაში მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გასავითარებლად და ხალხის დასასაქმებლად. დამიჯერეთ, ძალა ხალხშია! თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც «ნაცმოძრაობა» უსისხლოდ მოიშორეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გიღალატათ და «ნაცმოძრაობის» კურსი გააგრძელა. დავდგეთ ფეხზე, ნუ მივცემთ ამ «კოაბიტირებულ» კოსმოპოლიტებს ჩვენი ქვეყნის განადგურებისა და ჩვენი გადაშენების უფლებას. გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა!

ხელისუფლებას კი ვთხოვთ, საკუთარ ხალხს მოუსმინოს, საკუთარ ხალხს ელაპარაკოს და ახსოვდეს, რომ ხალხია ხელისუფლება. და თუ ხალხი აბობოქრდა, ძალაუფლებაც ოხრად დარჩებათ, ასიათასიანი ჯიპებიც და ასიათასიანი პრემიებიც!

მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ვაცხადებ: ამ ბრძოლაში არაფრის მეშინია, ეს ჩემთვის ბოლო ბრძოლაა _ ან გავიმარჯვებ, ან მოვკვდები. ასე რომ, ბატონო ხელისუფალნო, ნუ დაიღლებით ჩემი თვალთვალით, მოსმენით, დაპატიმრებით, მე თქვენს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებ, თქვენ არ დამიტოვეთ სხვა გზა და, თუ მოკვდები, ეს ჩემთვის ღირსეული სიკვდილი იქნება.

პატივისცემით,

ზურაბ ჯორბენაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here