Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას!

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას!

678

დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ვერ ართმევს მის წინაშე მდგარ ვერც ერთ ამოცანას; უფრო მეტიც _ არ აქვს პოლიტიკური ნება და სიმტკიცე, საკითხები ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს. სამაგიეროდ ბედავენ, ქვეყნის მოსახლეობა «დააბოლონ» ყოველდღიური შეგონებით, რომ «ცხოვრება მშვენიერია»…


ჩემო ძვირფასო ქართველო ხალხო, დედებო და მამებო, დებო და ძმებო, უფროსებო და უმცროსებო, ჩემო სისხლო და ხორცო!

ორ ათეულ წელზე მეტია, ჩვენი სამშობლო სავალალო დღეშია: ქვეყანა დაღუპვის პირასაა; ვკარგავთ ტერიტორიებს; გვართმევენ ენას, ებრძვიან ჩვენს უძველეს სარწმუნოებას _ მართლმადიდებლობას; გვინგრევენ და გვინადგურებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია ყოველი ჭეშმარიტი ქართველისთვის; გვისპობენ ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს კულტურულ ტრადიციებს; ოჯახური ცხოვრების წესსა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ ზნეობრივ ფასეულობებს. იშლება და ნადგურდება ყოველივე, რაც ქართველ ერს საუკუნეეების განმავლობაში ბრძოლითა და სისხლისღვრით დღემდე მოუტანია! ნუთუ დავბრმავდით, ნუთუ დავყრუვდით?! დღეს უკვე გაჩუმება და განზე დგომა დანაშაულის ტოლფასია. თითოეული ქართველის მოვალეობაა, წინ აღვუდგეთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართულ მტრულ აგრესიას. გარედან შველას ტყუილად ველით. ბრძოლა გადარჩენისათვის თითოეული ჩვენგანის ვალია.

ამიტომაც გავკადნიერდი თქვენი მონა-მორჩილი, თქვენი თანამოძმე, ერთ-ერთი რიგითი ქართველი და გადავწყვიტე, მომემართა თქვენთვის, თქვენთვის, ჩემო ქართველო ხალხო! რა ვქნა, ვეღარ გავჩუმდები და გულგრილად ვეღარ ვუყურებ, როგორ მიექანება უფსკრულისკენ ჩვენი გმირი წინაპრების მიერ დღემდე სისხლით მოტანილი ჩვენი სამშობლო _ საქართველო!

ჩვენ გვიღალატეს და დღესაც გვღალატობენ! დამისახელეთ ქვეყანა, რომლის ხელისუფლების სათავეში მოსულა მმართველი პარტია, რომლის სახელწოდებაშიც იყო სიტყვა «ნაციონალური» და მას დაეწყოს ყოველივე ეროვნულის ნგრევა და განადგურება ისე, როგორც ამას «ნაციონალური მოძრაობა» სჩადიოდა 9 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, ყველა ნორმალურ ქვეყანაში საკუთარი ხალხის მიმართ მტრულად მოქმედი პარტია გასამართლდებოდა და დაისჯებოდა. საქართველოში კი ამას საშველი არ დაადგა. უფრო მეტიც _ ეს ძალა, ამჟამინდელი ხელისუფლების უნიათობითა და უმოქმედობით, ოპოზიციად მოგვევლინა პარლამენტში და ლამის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ის, რაც ასწლეულების განმავლობაში ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ღალატად და დანაშაულად ითვლებოდა, დღეს თურმე «ნაციონალების» მხრიდან მხოლოდ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადამეტება ყოფილა?!

9 წელი ითმინა და გაუძლო ქართულმა სახელმწიფომ «ნაციონალების» თარეშს. გადაიტანა უმძიმესი პერიოდი და იმედის თვალი მიაპყრო ახალ სახელისუფლო ძალას _ «ქართულ ოცნებას», რომელიც არანაკლებ მყვირალა პატრიოტული ლოზუნგებით მოვიდა (მოვიყვანეთ) ქვეყნის სათავეში, მაგრამ რად გინდა? ვეკითხები დღევანდელი მთავრობის პატივცემულ წევრებს: იცით კი, რისთვის იბრძოდა ქართველი ერი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში? ნუთუ გგონიათ, რომ ქართველები ფქვილის, დიზელის საწვავის ან თუნდაც ვაუჩერებისთვის იკლავდნენ თავს?! არა, ბატონებო! ქართველები, პირველ რიგში, კანონიერებისა და სამართლიანობისთვის, ღირსებისთვის, ქართული ეროვნული სულის გადარჩენისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციების, მაღალი ზნეობრივი ფასეულობებისა და ჩვენი მიწა-წყლის გადარჩენისთვის ვიბრძოდით! 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მოგება ჩვენთვის დიდგორის ომში გამარჯვების ტოლფასი იყო. თქვენ კი საკუთარი ხალხის რწმენა და იმედი ქარს გაატანეთ!

ეჭვებისა და ვარაუდების დრო დამთავრდა. დროა, მოვრჩეთ მარჩიელობას, «ქუდია თუ ბოხოხია»-ს ძახილს და, ბოლოსდაბოლოს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. სხვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მე, თქვენი მონა-მორჩილი, აღარ ვაპირებ, კიდევ ათი წელი ცრუ დაპირებებითა და ფუჭი იმედებით ვიკვებო. ველოდო, რომ ეს უსუსური და უნებისყოფო სუბიექტებისგან შემდგარი მთავრობა სიკეთეს მოუტანს ქართულ სახელმწიფოს.

საკმაო დრო გავიდა 1 ოქტომბრის არჩევნებიდან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება, რომელიც ხელმძღვანელობს ბოლშევიკური ლოზუნგით «მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუკი ევროპა ან ამერიკა მიბრძანებს ამას!», სიკეთეს ვერ მოგვიტანს!

დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ვერ ართმევს მის წინაშე მდგარ ვერც ერთ ამოცანას. უფრო მეტიც _ არ აქვს პოლიტიკური ნება და სიმტკიცე, საკითხები ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს. სამაგიეროდ ბედავენ, ქვეყნის მოსახლეობა «დააბოლონ» ყოველდღიური შეგონებით, რომ «ცხოვრება მშვენიერია»… ამ დროს ჩვენი ქვეყნის ე. წ. სტრატეგიული პარტნიორები ახალ-ახალი, საქართველოსთვის დამღუპველი იდეებითა და დავალებებით ამარაგებენ ბეჯით შემსრულებლებს, ე. წ. დამოუკიდებელი საქართველოს «დამოუკიდებლად» მოაზროვნე მაღალჩინოსნებს!

ბუნებრივია, ბევრ მოქალაქეს უჩნდება შეკითხვა _ კი მაგრამ, რა სჭირთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს? ასე ზედმიწევნით როგორ ემთხვევა ერთმანეთს მათი და დასავლელი პარტნიორების აზრი ქვეყნისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე? ზემოქმედებას განიცდიან? იქნებ «აწამებენ» ან იქნებ გიორგი სააკაძის დღეში არიან და მაინც ქართულ ინტერესებს არ ღალატობენ? (ასე რომ იყოს, რა გვიჭირს). არა, ჩემო კარგებო. საკმარისია ელემენტარული ანალიზი და პასუხს ისე მარტივსა და ბანალურს მივიღებთ, რომ მწარედ გაგეცინებათ. ყველაფერზე უნდა დაეთანხმონ და კვერი დაუკრან, ხელისუფლებაში ყოფნის და, შესაბამისად, კომფორტულად ცხოვრების დრო რომ გაიხანგრძლივონ, პირადი ცხოვრება მოიწყონ! აი, ასეთი ზნეობის ადამიანები გვყავს ხელისუფლებაში, აი, ვის პირად ინტერესებს ეწირება ჩვენი ქვეყნის მომავალი!

გვთავაზობენ მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ორიგინალურ ფორმას. თურმე მეგობარია ის, ვინც გართმევს მშობლიურ ენას, მამულს, ებრძვის შენს რელიგიას. გინადგურებს ეკონომიკას, კულტურას, მეცნიერებას, ეროვნულ ცნობიერებას. გართმევს წარსულსა და მომავალს, გიგზავნის ინსტრუქციებს, როგორ უნდა იცხოვრო!

ჩვენ, ქართველებს, ისე გვექცევიან, თითქოს მრავალომგადახდილი ჩვენივე მიწაწყალი მათგან, ევროპელებისგან, არენდით გვქონდეს აღებული და ახლა ყურადღებით გვაკვირდებიან: ემანდ რამეზე ცუდად არ დავაბიჯოთ, რაიმე არ გავაფუჭოთ. მოკლედ, საკუთარ სახლში არ გვასვენებენ და ისე გვეუფროსებიან, თითქოს მათი წყალობაა, რომ ქართველმა ერმა დღემდე მოაღწია და რომ ნატოს, ევროკავშირისა და ყბადაღებული ევროპული «უნიკალური» ფასეულობების გარეშე მომავალი არ გვიწერია!

უმოქმედობა და შორიდან ყურება დამღუპველია. საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გზების დასახვა, მდგომარეობა სასიკეთოდ რომ შეიცვალოს. კიდევ 10 წელი «დავაცადოთ» რეჟიმში ყოფნა ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს.

შექმნილ ვითარებაში უაღრესად აქტუალურია რუსეთთან დაახლოება და, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთობების მოგვარება. აი, რა უნდა იყოს დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა! თუ ამას მივაღწევთ, გადავრჩებით! ეს კი დასავლეთს ხელს არ აძლევს, რადგან ჩვენთვის «არენდით ბოძებულ» ძირძველ ქართულ ტერიტორიას დაკარგავს, ისე ვეღარ «გვიხმარს,» როგორც აქვს ჩაფიქრებული. ამიტომაც მიმდინარეობს ქართველი ხალხის მიზანდასახული დაშინება, რომ რუსეთი საქართველოს დაუძინებელი მტერია. არადა, დღეს სხვა გზა არ არსებობს.

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვითანამშრომლოთ ყველა მეზობელთან და მათ შორის, უპირველესად, რუსეთთან!

ბიძინა გოგოლაძე,

მესხეთი, ახალციხე

 

1 COMMENT

  1. ჩემო ვაჟკაცო, სულით და გულით ქართველო, მიგულეთ თქვენს გვერდით,სანამ თქვენნაირები არსებობენ, საქათველო მუდამ იარსებებს.

  2. საჭიროა რუსეთტან დავალაგოთ ურთიერთობა,მაგრამ ამ საკითხში ვენდობი მხოლოდ ღარიბაშვილს, სუფთა ხელებით მოსულ ადამიანს!

  3. სრულიად ვეთანხმები ამ წერილის ავტორს და სანამ კიდევ დროა ვაიძულოთ ეს მთავრობა სასწრაფო ზომები მიიღოს სამართლიანობის აღდგენაში, მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობა და ნუ გაგვხდის ამერიკის და თუნდაც ევროპის კოლონიად!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here