Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს «ახალი ცივი ომი»?

რას მოუტანს საქართველოს «ახალი ცივი ომი»?

1702

გასულ კვირას კრემლმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს გავლენის სფეროდ განიხილავს, ხოლო კონფრონტაცია და «ახალი ცივი ომი» დასავლეთთან არ აშინებს. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე საკუთარი პოლიტიკის დაგეგმვისას უკლებლივ ყველა სახელმწიფოს ამ ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. რას მოუტანს ახალი რეალობა საქართველოს? მიიღებს ის დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირების პირობებში იმდენივე ბონუსს, რამდენიც ორივე მხარისგან «ძველი ცივი ომის» დროს ფინეთმა მიიღო, თუ სისხლიანი დაპირისპირების არენად გადაიქცევა, როგორც ვიეტნამი, ავღანეთი, ნიკარაგუა, სალვადორი თუ ანგოლა იმავე წლებში? ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების კეთილგონიერებასა და უნარზე, რომ ემოციებზე მაღლა ეროვნული ინტერესები დააყენოს, რათა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელთაც საქართველოს ახალი, პატარა ქვეყნებისთვის ფრიად არაკომფორტული ეპოქა უქადის.

ცივი ომი და ცხელი თავები

დღეს დასავლეთის, უპირველესად კი, შეერთებული შტატების ელიტა მერყეობს და «ახალი რუსული პოლიტიკის» ფორმირებას ცდილობს. განიხილება უამრავი ვარიანტი, რომელთა დაყვანა ორ ძირითად მიდგომამდე შეიძლება. ერთ-ერთი (თუნდაც დროებით) დეესკალაციასა და მოსკოვისთვის გარკვეული გარანტიების მიცემას ითვალისწინებს და მის მთავარ გამხმოვანებლად ზბიგნევ ბჟეზინსკი გვევლინება, რომელიც უკრაინას სთავაზობს, XXI საუკუნის ფინეთად გადაიქცეს, «შეინარჩუნოს ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი რუსეთთან და ევროკავშირთან, მაგრამ ამავე დროს არ გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ალიანსში, რომელთაც მოსკოვი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულად ჩათვლის». არც ისე შორს ბჟეზინსკის მოსაზრებისგან «ცივი ომის» პერიოდის კიდევ ერთი ლეგენდარული ფიგურის _ ჰენრი კისინჯერის კომენტარები დგას, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთს, შესაძლოა, მოუწევს ისეთი შედეგის აღიარება, რომელთა ფარგლებში უკრაინა ნატოს შემადგენლობაში არ შევა. ამასთანავე, კისინჯერმა (შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელად) განაცხადა, რომ «დასავლეთისთვის ვლადიმერ პუტინის დემონიზაცია არ არის პოლიტიკური კურსი, არამედ ალიბი მსგავსი კურსის არარსებობისთვის». არც ერთი და არც მეორე ვლადიმერ პუტინის გულშემატკივარი ნამდვილად არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ორივე ვეტერანი კარგად აცნობიერებს საფრთხეებს, რომლებიც გამომდინარეობს რუსეთის გარდაუვალი სამობილიზაციო ტრანსფორმაციიდან «ახალი ცივი ომის» პირობებში და მისი ალიანსიდან ჩინეთთან. 

თუ დასავლეთის ლიდერები ამ მოსაზრებებს გაიზიარებენ, გამორიცხული არაა, რომ იდეა უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პროეცირებული იქნება საქართველოზეც და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ეპოპეა დასრულდება. მაგრამ არის სხვა მიდგომაც, რომლის ფარგლებში დასავლეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ყველა საშუალებით დაეხმარება, დასავლეთის საიმედო პლაცდარმებად გადაიქცნენ _ საქართველოს მისცემენ მაპს, უკრაინას _ შეიარაღებას და ა. შ.

გასულ კვირას რუსულმა «კომერსანტმა» საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა: «თუ 16 მარტის რეფერენდუმის შედეგით ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა, საქართველოს სექტემბერში ნატოს სამიტზე დიდ ბრიტანეთში შეიძლება წევრობის სამოქმედო გეგმა (მაპი) მიანიჭონ. ეს ინფორმაცია «კომერსანტს» დაუდასტურეს წყაროებმა ნატოს შტაბბინაში და აშშის სახელმწიფო დეპარტამენტში». ცხადია, მსგავს პუბლიკაციებზე დაყრდნობით გლობალური დასკვნების გაკეთება არ შეიძლება და ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს «ძველევროპელმა» წევრებმა, მათ შორის გერმანიამ, «ქართულ მაპთან» დაკავშირებით პოზიცია შეცვალეს, თუმცა, დიდი ალბათობით, დასავლელი დიპლომატები ამ ვარიანტზე მართლაც საუბრობენ.

კრემლი სასიკვდილო საფრთხედ განიხილავს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში; ნატოს საზღვაო ძალები ყირიმში და (მაგალითად) რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ხარკოვსა და ლუგანსკში მნიშვნელოვანწილად გააბათილებს რუსეთის სტრატეგიულ პოტენციალს, ხოლო ნატოს დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიაში ის არამხოლოდ სომხეთიდან წასვლას, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში დესტრუქციული პროცესების დაწყებას უკავშირებს. ასე რომ, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა ალიანსში ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება დაბლოკოს. თუ ყირიმში ჩატარებულ ელვისებურ ოპერაციას ამ კონტექსტში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ის, პერსპექტივაში, უკრაინისთვის . . «მოუგვარებელ ტერიტორიულ პრობლემას» შექმნის, რაც ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალზე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს, ისევე, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა საქართველოსთვის. ამასთანავე, სტრატეგიული თვალსაზრისით, ისედაც არეული აღმოსავლეთ უკრაინა ერთგვარ «ტომარაში» მოექცა _ მის სამხრეთ ფლანგზე ყირიმია, ჩრდილოეთ ფლანგზე კი _ რუსეთის მოკავშირე ბელარუსი. საკუთრივ აღმოსავლეთ უკრაინაში კი ნებისმიერ წამს შეიძლება (რუსეთის მიერ მხარდაჭერილი) კიევის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყოს. ყოველივე ეს, ამ ეტაპზე, ხელს უშლის უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და პრაქტიკულად გამორიცხავს ფიქრს ამ რეგიონში დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ძალების გადასროლაზე.

ბოლო კვირებში რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის მომავალზე ზემოქმედების ძალზე სერიოზული ბერკეტები და, დიდი ალბათობით, ამ მომენტისთვის მიღწეული შედეგით არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება ჩვენს სიტუაციას, სააკაშვილის პროპაგანდა ცდილობდა, დაემკვიდრებინა მოსაზრება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების შემდეგ კრემლს საქართველოზე გავლენის საშუალებები აღარ დარჩა და იმავეს თუთიყუშივით იმეორებს ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი მივა დასკვნამდე, რომ დასავლეთი სრული სერიოზულობით აპირებს, საქართველო ნატოში გააწევრიანოს, ხოლო ოფიციალური თბილისი ჩათვლის, რომ შეიქმნა ხელსაყრელი მომენტი იმისთვის, რომ რუსეთთან მზარდი რიტორიკული დაპირისპირების ფონზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეაღწიოს?

 

ვარიანტი «ომეგა»

წარმოვიდგინოთ საქართველოს ერთ-ერთი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებული რეგიონი (დაკონკრეტებისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ, რათა კონფლიქტის გაღვივებაში არ დაგვადანაშაულონ). აგრეთვე, წარმოვიდგინოთ მძიმე ინციდენტი, რომლის პროვოცირება ძლიერი სპეცსამსახურებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, და ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო მიტინგი, რომელიც თანდათან რადიკალიზაციას განიცდის და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით სრულდება. პოლიცია არეულობას ვერ უმკლავდება, რადგან «აჯანყებული ხალხის» მხარეს მოქმედებენ უცნობი სპეცრაზმელები, ყირიმში რომ იტყვიან, «ზრდილობიანი ადამიანები». აჯანყებულები ქმნიან აღმასრულებელ სტრუქტურებს და ნიშნავენ რეფერენდუმს ავტონომიის ან სულაც გამოყოფის თაობაზე (პლუს ამას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შეიძლება დაინიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით; ეს პროცედურა რუსეთის პარლამენტმა სულ ახლახან გაამარტივა). დღის წესრიგში პრობლემურ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ჯარების შეყვანის საკითხი დგება. ამ დროს რუსეთმა და მისმა მოკავშირე სახელმწიფომ, რომელიც ზემოთ ნახსენები ეროვნული უმცირესობის დამცველად მოგვევლინება, შეიძლება წაუყენონ საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი  იმის თაობაზე, რომ «მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალა არ გამოიყენოს».

რას გააკეთებს ოფიციალური თბილისი ასეთ ვითარებაში და  რამდენი დასავლელი ჯარისკაცი დაიძვრება მის დასახმარებლად? მოლოდინი ამასთან დაკავშირებით საქართველოში საკმაოდ პესიმისტურია და, ყირიმის კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვა «რა შეუძლია საერთოდ ამ თქვენს დასავლეთს?». ნატოს ზოგიერთი გულმხურვალე მხარდამჭერიც კი უკვე მივიდა საკამაოდ უხეშ, თუმცა, ალბათ, ლოგიკურ ფორმულირებამდე: «ან სასწრაფოდ მიგვიღონ ალიანსში, ან დაახვიონ!». ყველა პასუხი მსგავს რეპლიკებზე, პრინციპში, ერთ წინადადებამდე დაიყვანება: «დაელოდეთ და ნახავთ, რა შეუძლია დასავლეთს». მაგრამ აუდიტორიის დიდი ნაწილი ლოდინით დაიღალა, რადგან ის, როგორც მინიმუმ, 2008 წლის აგვისტოდან გრძელდება და ამ ფონზე მკვეთრად იზრდება იმედგაცრუება დასავლეთით. გამორიცხული არაა, ზემოთ განხილული სცენარის ფარგლებში დამანგრეველი პროცესები საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაიწყოს, სადაც დაპირისპირება შეიძლება რელიგიურ ან პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენდეს, რის პროვოცირებაც პოსტსაბჭოთა საქართველოში, აგრეთვე, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას. ამ არეულობის დროს რუსეთი და მისი მოკავშირეები, დიდი ალბათობით, შეეცდებიან, საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი გაჭრან და იმოქმედებენ ამ სტილში მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაივიწყებს, როგორ გამოითქმის და იწერება სიტყვა «ნატო».

სწორედ ნატოში გაწევრიანების საკითხი წარმოადგენს «განხეთქილების ვაშლს», თორემ საქართველოევროკავშირის ხელშეკრულება ასოცირების თაობაზე კრემლს დიდად არ აინტერესებს, რადგან ქართული ეკონომიკის «ევროასოცირებას», უკრაინულისგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკაზე არანაირი ნეგატიური გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

«ყირიმის შემდგომ რეალობაში» რუსეთი, სავარაუდოდ, გაცილებით ხისტად იმოქმედებს, ვიდრე 2008-ში და, საერთოდ, ახლო მომავალში საერთაშორისო არენაზე ახალ რუსეთს ვიხილავთ. დაპირისპირება დასავლეთთან მისგან სრულ მობილიზებას მოითხოვს, რომელიც ბუნებრივად გამოიწვევს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ურთიერთობა ასეთ რუსეთთან მცირე მოსაზღვრე ქვეყნებისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ყურადღება მივაქციოთ ორ პერიფერიულ ეპიზოდს: რუსეთი, როგორც ჩანს, აპირებს, უარი თქვას პოლონეთიდან ღორის ხორცის შემოტანაზე და ლიტვის კლაიპედის პორტს სურსათის ტრანზიტისთვის აღარ გამოიყენებს, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ უსიამოვნო იქნება. თუ პოლონეთი შეიძლება განვიხილოთ, როგორც (თუნდაც მეორეხარისხოვანი) მოთამაშე უკრაინულ არენაზე და რუსეთის მოწინააღმდეგე, ლიტვა, მისი სისუსტიდან გამომდინარე, კრიზისის დროს პრაქტიკულად მხოლოდ მკვეთრი რიტორიკით შემოიფარგლებოდა, მაგრამ რუსეთისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა უნდა შეშინდეს და კრემლის დაკრულზე ცეკვა დაიწყოს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ წინდახედულობის გამოვლენა ნამდვილად მოგვიწევს, ისევე, როგორც იმის გააზრება, თუ რას წარმოადგენს ეს ახალი, მობილიზებული რუსეთი.

 

ახალი ეპოქა იწყება

რუსეთის დაახლოება ჩინეთთან მყისიერი არ იქნება და ამ პერიოდში დასავლეთის სანქციებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენონ (ენერგომატარებლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის შემცირება, ელექტრონიკა, მანქანათმშენებლობა, ფარმაცევტიკა და ა. შ.), მაგრამ რუსებმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მსგავსი სირთულეების დაძლევა შეუძლიათ. კაცმა რომ თქვას, გასული საუკუნის ოციან წლებში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ძველი იმპერიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი აღადგინა, რუსეთის ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ზოგი იტყვის, რომ მაშინ მოსკოვის აქტივში იყო უდიდესი სამობილიზაციო პოტენციალის მქონე წითელი იდეა, მაგრამ მსგავსი (შესაძლოა, სხვა ფერის მქონე) იდეების გაჩენა, ალბათ, არც XXI საუკუნეში უნდა გამოვრიცხოთ. «ახალი ცივი ომის» პირობებში კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, სწრაფად აღადგინოს კონტროლი ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე და (ჩინეთთან ალიანსზე დაყდნობით) ქვეყნის გარდაქმნა და მოდერნიზაცია მოახდინოს, რაც პირველ ეტაპზე რუსეთზე დასავლეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური გავლენის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. ხოლო ის, რომ რომელიმე რუს ოლიგარქს შეიძლება ანგარიშები გაუყინონ, იახტა ან საფეხბურთო კლუბი წაართვან, არც ვლადიმერ პუტინს, არც რუსეთის მოსახლეობის 99%- საერთოდ არ აღელვებს.

წაგებული არც ვაშინგტონი დარჩება, რადგან «ახალი ცივი ომი», დიდი ალბათობით, ევროპაზე მკაცრი კონტროლის აღდგენას მოუტანს მას. წააგებს მხოლოდ ევროპა, თუ ბერლინი სასწრაფოდ არ შეიმუშავებს პოლიტიკას, რომელიც თავისუფალი მანევრისა და კომფორტული ეკონომიკური გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. აგრეთვე, ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რასაც დღეს უკრაინის მაგალითზე ვხედავთ. ხოლო ორი გიგანტი, ისევე, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში, განსაკუთრებულს არაფერს დაკარგავს. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს, «ახალმა ცივმა ომმა» ორივეს შეიძლება გაცილებით დიდი ბონუსები მოუტანოს, ვიდრე დღევანდელმა «ნელთბილმა მშვიდობამ».

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დიდი ალბათობით, აიძულებს ვლადიმერ პუტინს, მისი ევრაზიული პროექტის პრეზენტაცია დააჩქაროს და იგი, მარტივად რომ ვთქვათ, აუხსნის ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს, თუ როგორ წარმოუდგენია მათი თანაცხოვრება XXI საუკუნეში და სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაწყებული კონფლიქტების მოგვარება. ხანგრძლივი პაუზა და გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და ჩვენ საბოლოოდ გავიგებთ, რა უნდა ამ კაცს საქართველოსგან და რას სთავაზობს მას. თავის ახალ წინადადებებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ მალე დასავლეთიც (ამ შემთხვევაში უფრო კორექტულია, გავყოთ ის აშშ-ად და ევროკავშირად) ჩამოაყალიბებს. ალბათ, საქართველოს ინტერესებშია, ამ პაუზის დასრულებას მკვეთრი მოძრაობების გარეშე დაელოდოს და შუალედში საგარეო პოლიტიკაში უაღრესად ფრთხილად და პრაგმატულად იმოქმედოს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here